კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენ კატეგორიად ჰყავდა დაყოფილი კამბოჯის მოსახლეობა დიქტატორ პოლ პოტს და რამდენი მილიონი ადამიანი შეეწირა მის სისხლიან რეჟიმს

„წითელი კხმერების” რეჟიმი  იმდენად შემაძრწუნებელი და სისხლიანი იყო, რომ დეტალების გახსენება ამ რეჟიმს გადარჩენილი ადამიანებისთვის  დღემდე შოკის მომგვრელია. „წითელი კხმერების” ლიდერის, კამბოჯის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პოლ პოტის სამწელიწადნახევრიანმა დიქტატორულმა რეჟიმმა 3 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და  მსოფლიო ისტორიაში მან ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ფურცელი ჩაწერა. მსოფლიო დიქტატორებს შორის პოლ პოტი განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა და მისი სახელი მსოფლიოს ყველა დროის ათ ყველაზე საშინელ მმართველს შორის არის მოხსენიებული. „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ „წითელი კხმერების” ლიდერის, პოლ პოტის შესახებ გავრცელებულ საინტერესო ფაქტებს.
* სალოტ სარი (პოლ პოტის ნამდვილი სახელი და გვარი) 1925 წელს (სხვა მონაცემებით – 1927-28 წლებში)  დაიბადა სოფელ პრეკსბაუვში, ღარიბი ჩინელი გლეხის ოჯახში. 9 წლის ასაკში სალოტი პნომპენში გადავიდა ნათესავებთან საცხოვრებლად, მანამდე კი მან გარკვეული პერიოდი გაატარა ვატ ბოტუმ ვადეის ბუდისტურ მონასტერში, სადაც ბუდიზმის საფუძვლები და კხმერული ენა შეისწავლა. შემდგომში მან პნომპენის ტექნიკურ სკოლაში განაგრძო სწავლა, საიდანაც სახელმწიფო სტიპენდიით საფრანგეთში გაემგზავრა სასწავლებლად.
* საფრანგეთში ჩასული სალოტ სარი პარიზში დასახლდა, სადაც რადიოელექტრიკოსის სპეციალობის შესწავლა დაიწყო სორბონის უნივერსიტეტში. იმ პერიოდში სალოტ სარი ფრანგული პოეზიის დიდი მოტრფიალე და სწავლის წყურვილით შეპყრობილი სტუდენტი იყო. 50-იან წლებში გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ის იუგოსლავიაში ცხოვრობდა, ზაგრებში. სწორედ იუგოსლავიიდან ჩამოსვლის შემდგომ გაიტაცა სალოტ სარი კომუნისტურმა იდეებმა. მან  მარქსისტულ წრეზე დაიწყო სიარული და კარლ მარქსის „კაპიტალის” განხილვებს ესწრებოდა თანამემამულე სტუდენტებთან ერთად. 1952 წელს სალოტ სარი საფრანგეთის კომუნისტური პარტიის წევრი გახდა და იმავე წელს იგი უნივერსიტეტიდან გარიცხეს სწავლის მიმართ გულგრილობისა და ხშირი გაცდენების გამო. 1952 წლის 15 დეკემბერს სალოტ სარიმ დატოვა საფრანგეთი და სამშობლოში დაბრუნდა.
* სალოტ სარიმ ფსევდონიმი, პოლ პოტი, რომლითაც მას მთელი მსოფლიო იცნობს, ჯერ კიდევ საფრანგეთში ცხოვრების პერიოდში დაირქვა. „პოლ პოტი“ ფრანგული სიტყვების Politique Potentielle-ს შემოკლებული ვარიანტია და „შესაძლებელ პოლიტიკას” ნიშნავს. ამ ფსევდონიმით სალოტ სარი 50-იან წლებში უკვე ცნობილი იყო ვიწრო წრეში, ხოლო ოფიციალურად სახელი 1976 წელს გადაირქვა.
* 1963 წელს პოლ პოტი სათავეში ჩაუდგა კამბოჯის კომუნისტურ პარტიას, რომელიც ნელ-ნელა იკრებდა ძალას და 70-იანი წლების დასაწყისისთვის კამბოჯის ყველაზე მრავალრიცხოვანი მხარდამჭერების მქონე პარტიად ჩამოყალიბდა. პოლ პოტის პარტიის ბირთვზე ჩამოყალიბდა „წითელი კხმერების” დაჯგუფებები, რომლებშიც ძირითადად გაუნათლებელი ახალგაზრდები და მეფის მმართველობით უკმაყოფილო გლეხები წევრიანდებოდნენ. 1975 წლის 17 აპრილს, სამოქალაქო ომში გამარჯვების შემდგომ, პოლ პოტმა და „წითელმა კხმერებმა” სახელმწიფოს მართვის სადავეები ჩაიგდეს ხელში და სწორედ ამ დღეს დამყარდა პოლ პოტის სისხლიანი რეჟიმი.
* პოლ პოტის იდეების საფუძველზე, კამბოჯაში დამყარდა სპეციფიკური კომუნისტური რეჟიმი: აიკრძალა ფული, უცო ენები და უცხო ენებზე გამოცემული წიგნები. გენოციდი ხორციელდებოდა სოციალური, რელიგიური და ნაციონალური ხაზით. სიკვდილით დაისაჯნენ მორწმუნეები – ქრისტიანები, მუსლიმანები, ბუდისტები. ფაქტობრივად, მთლიანად განადგურდა ნაციონალური უმცირესობა. დახვრეტა მიუსაჯეს ექიმებს, პედაგოგებს, მღვდლებს, ინვალიდებს, ინტელიგენციასა და წერა-კითხვის მცოდნეებს. სათვალის ტარება სიკვდილით ისჯებოდა, რადგან, სათვალის მქონეს კითხვა შეეძლო. აკრძალული იყო სიყვარული, ხოლო ახალგაზრდებს დაძალების წესით აქორწინებდნენ. „წითელმა კხმერებმა” დაანგრიეს ყველა ბიბლიოთეკა და ტაძარი, ასევე, განადგურდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. შეიქმნა ეგრეთ წოდებული  „სოფლის კომუნა“, რომელიც აკონტროლებდა მოსავლის აღებას სოფლებში; მათი ნებართვის გარეშე ხიდან ბანანის მოწყვეტაც კი სიკვდილით ისჯებოდა. ქვეყანაში შემოღებულ იქნა ახალი სპეციფიკური ლექსიკა, ლიტერატურული სიტყვების ხმარება კი (მაგალითად, „დედა”, „მამა”) – აიკრძალა; ასევე, აკრძალული იყო ზრდილობიან ფორმაში ადამიანისადმი პატივისცემის გამოხატვა. ქვეყნის სახელწოდება შეიცვალა და კამბოჯა გახდა „დემოკრატიული კამპუჩია”, რომელსაც გაწყვეტილი ჰქონდა კავშირი დანარჩენ მსოფლიოსთან და მხოლოდ სამ ქვეყანასთან ჰქონდა დიპლომატიური ურთიერთობა (ჩინეთი, ალბანეთი და ჩრდილოეთ კორეა). ქვეყნის მმართველების სახელები და ფოტოები სახელმწიფო საიუდუმლოებად იყო გამოცხადებული და რიგითმა კამბოჯელმა არც კი იცოდა, თუ ვინ იყო მისი მმართველი. თავად პოლ პოტი კი, კონსპირაციის მიზნით, ყველა დოკუმენტს „ამხანაგი 87-ის“ სახელით აწერდა.
* „წითელი კხმერების” ძირითადი დამრტყმელი ძალა ახალგაზრდები – 12-16 წლის ბავშვები იყვნენ. მათ ასმევდნენ სისხლში გარეულ ალკოჰოლს, რომელიც ფსიქიკაზე მოქმედებდა და ისინი ადვილად სამართავი ზომბირებული მკვლელები ხდებოდნენ. „წითელი კხმერების” სადამსჯელო რაზმები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ და პოლ პოტის პირადი გვარდიის სახელით სარგებლობდნენ.
* 1978 წელს საბჭოთა კავშირში გამოცემულ საბავშვო ენციკლოპედიაში – „საზღვარგარეთის ქვეყნები”, დემოკრატიული კამპუჩია აღნიშნული იყო, როგორც სოციალისტური ორიენტაციის მქონე განვითარებული სახელმწიფო.
* თავისი მმართველობის პერიოდში, პოლ პოტმა, პირადი განკარგულების საფუძველზე, გაანადგურა კამბოჯის მოსახლეობის 50 პროცენტი: 3 მილიონი ადამიანი დახვრიტეს ან წამებით მოკლეს, დანარჩენები კი საკონცენტრაციო ბანაკებში გარდაიცვალნენ. მთლიანად განადგურდა კამბოჯის კულტურული, სოციალური, პოლიტიკური და სულიერი ცხოვრება. ცოცხლად დარჩენილი მოსახლეობა კი, პოლ პოტის იდეების საფუძველზე, სამ კატეგორიად დაიყო: პირველი ანუ „ძირითადი ხალხი” – რაიონებში მცხოვრები მოქალაქეები; მეორე, ანუ „ახალი ხალხი“ ან „17 აპრილის ხალხი” ქალაქისა და სოფლის მცხოვრებნი, რომლებიც იზიარებდნენ წინა მმართველობის იდეებს და მათი აზროვნების შეცვლა პოლ პოტის მთავარი საზრუნავი იყო და, ბოლოს, მესამე კატეგორია, სადაც ინტელიგენციის წევრები, წინა რეჟიმის მომხრეები და მათი ოჯახის წევრები შედიოდნენ. მესამე კატეგორიის ხალხი პოლ პოტმა მთლიანად გაანადგურა.
* არსებობს მოსაზრება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პოლ პოტის რეჟიმს იარაღით ამარაგებდა. იმის მიუხედავად, რომ დემოკრატიული კამპუჩია სრულიად იზოლირებული იყო დანარჩენი მსოფლიოსგან, ამერიკელ სენატორებს მაინც ჰქონდათ ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენის შესახებ და, დემოკრატ სენატორს, ჯორჯ მაკგოვერნს, რომელიც ვიეტნამში ინტერვენციის წინააღმდეგ გამოდიოდა, კამბოჯაში ამერიკის ჯარების შეყვანის იდეას იზიარებდა, რათა შეჩერებულიყო გენოციდი. მაკგოვერნის ეს აზრი სენატმა არ განიხილა.
* თავის პირად მტრებად პოლ პოტს საბჭოთა კავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და ვიეტნამი მიაჩნდა. განსაკუთრებით კი, საბჭოთა კავშირის მიმართ ჰქონდა სიძულვილი. ის ამბობდა კიდეც, რომ, თუკი საბჭოთა კავშირი თავს დაესხმებოდა დემოკრატიულ  კამპუჩიას, ეს ომი ას წელს გაგრძელდებოდა.
* პოლ პოტის სისხლიანი რეჟიმი 1979 წლის იანვარში დასრულდა, როდესაც ვიეტნამის სახალხო არმიამ „წითელი კხმერების” მმართველობას დაუსვა წერტილი. პნომპენიდან  პოლ პოტი თეთრი დაჯავშნილი „მერსედესით” გაიქცა ჩინეთში, სადაც მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს.
* მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცივსისხლიანი  ტირანი, პოლ პოტი, 1998 წელს კამბოჯისა და ტაილანდის საზღვარზე, ჯუნგლებში, პირველადი ვერსიით, გულის შეტევით გარდაიცვალა. გვამის გაკვეთის შემდეგ კი, მისი სიკვდილის მიზეზად მოწამვლა დასახელდა. პოლ პოტის ცხედარი ძველ საბურავებზე დაასვენეს და დაწვეს. ის სიცოცხლის ბოლო წუთამდე ფიქრობდა ძალაუფლების დაბრუნებაზე და ბოლოს მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ არაფერს ნანობდა.
* პოლ პოტი ძალზედ განსხვავდებოდა მსოფლიოს სხვა დიქტატორებისგან: მას არ ჰყავდა პირადი ავტომობილი, არ ჰქონდა სასახლე, ბინა, არც საყვარლების ჰარემი და არც ანგარიშები შვეიცარიულ ბანკებში. სიკვდილის შემდეგ პოლ პოტმა თავის მეუღლეს დაუტოვა: ძველი სპორტული კოსტიუმი, ბამბუკის ჯოხი, რომლითაც ის გადაადგილდებოდა, ბამბუკის მარაო და ძველი ხის ყუთი. ყველა ეს ნივთი პოლ პოტის ცხედართან ერთად ცეცხლში დაიწვა.

скачать dle 11.3