კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ რთავდა საკავშირო ცეკა საქართველოს დიდი ჰესების აშენების უფლებას და რატომ შეაჩერა მოსკოვმა სვანეთში დიდი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა

მართალია, ჯერჯერობით ელექტროენერგიის გაიაფებას პირი არ უჩანს (თუმცა შეწონილი ტარიფის თვითღირებულება, დღგ-ის გარეშე, 4,5-თეთრია), მაგრამ, სამაგიეროდ, კასკადური ტიპის მრავალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება. ერთ-ერთმა, დარიალჰესმა, თერგი უნდა დაამშვენოს. უფრო ზუსტად, დააგუბოს და მისგან 10-პროცენტიღა დატოვოს, რასაც ქართველი გარემოს დამცველები ეწინააღმდეგებიან: ჯერ ერთი, ეკოსისტემა დაირღვევა და, რაც მთავარია, შესაძლოა, ეკოკატასტროფებიც განვითარდესო. მეორე მხრივ, საქართველოს მდინარეები იაფი ელექტროენერგიის უშრეტი წყაროა და, სავარაუდოდ, ხელისუფლება ამის შემოსავლის წყაროდ ქცევას გეგმავს. თუმცა ითქვა, რომ ახალი, კასკადური ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელენერგიის თვითღირებულება გაცილებით მაღალი იქნება და შესაძლოა, შიდა ტარიფი არათუ შეამციროს, პირიქით, გააძვიროს. ამას გარდა, ექსპერტები იმასაც უჩივიან, რომ თავის ჰიდრორესურსებს ქვეყანა ექსპორტისას საკმაოდ დაბალ ფასად ჰყიდის.
რა ოდენობის ჰიდრორესურსის პოტენციალი აქვს საქართველოს, რამდენი ელენერგია დასჭირდება წარმოების ამუშავებისა და ტურიზმის სექტორის სრულფასოვნად დატვირთვის შემთხვევაში და, რაც მთავარია, არის თუ არა კასკადური ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობით შექმნილი რისკი იმ მოგების საპირწონე, რაც შესაძლოა, ქვეყანამ ჰიდროსექტორის განვითარებით მიიღოს. თემაზე თენგიზ სიგუა გვესაუბრება.
– ამბობენ, რომ დღეს დიდი ჰიდროელექტროსადგურები იმ გეგმების მიხედვით შენდება, რომლებიც საბჭოთა დროს იგეგმებოდა, მათ შორის, თერგზეც. ადასტურებთ?
– ყველაზე დიდი პროექტი საბჭოთა დროს იყო სვანეთის ჰესი. ამ საკითხში გარკვეული ვარ, რადგან მაშინ საკავშირო ცენტრალურმა კომიტეტმა შეკითხვა გამოუგზავნა მეცნიერებათა აკადემიას.
– რომელი წელი იყო?
– 1987 წელი. მეცნიერებათა აკადემიამ შექმნა კომისია და მეც ვიყავი იმ კომისიის წევრი. ჩვენ მაშინ უარყოფითი დასკვნა დავდეთ. რასაკვირველია, საქართველოში უნდა განვითარდეს ჰიდროენერგეტიკა, იმიტომ რომ ღმერთმა მოგვცა კავკასიონი და უზარმაზარი წყალნაკადები, მდინარეებს ვგულისხმობ. გათვლილია ყველაფერი და საქართველოს თეორიულად შეუძლია, რომ ჩვენი მდინარეების ხარჯზე ყოველწლიურად 100 მილიარდი კილოვატსაათი გამოიმუშაოს. დღეს არსებულ პირობებში კი, რეალურად შესაძლებელია 60-70 მილიარდის გამომუშავება, მაგრამ რამდენს ვიმუშავებთ? შვიდ მილიარდს, ანუ 10-პროცენტს იმ ჰიდრორესურსების, რაც გვაქვს. ამიტომ, ბუნებრივია, ჰიდროენერგეტიკა საქართველოში უნდა განვითარდეს.
– უარყოფითი დასკვნა რატომ დაწერეთ?
– იმიტომ რომ მოსკოვი უარს გვეუბნებოდა. გვთავაზობდა, ჩვენ გვაქვს იაფი ნავთობი, ააშენეთ თბოსადგურებიო და ასეც ხდებოდა. იყო დრო, როდესაც ერთ კილოგრამ მანდარინს 2 მანეთად და 10 კაპიკად ვყიდდით, ტონა ნავთობს კი ვყიდულობდით 330 მანეთად, ესე იგი, 15 კილოგრამი მანდარინის ფასად. დღეს ტონა მანდარინი რომ გაყიდო, ტონა ნავთობს მაინც ვერ იყიდი.
– არც გვაქვს ამდენი მანდარინი.
– ერთი სიტყვით, საბჭოთა კავშირმა მთლიანად შეაფერხა ჰიდროენერგეტიკის განვითარება.
– ცეკას პოზიცია გასაგებია, მაგრამ თქვენი, მეცნიერებათა აკადემიის უარი რით იყო განპირობებული?
– ორი მიზეზით: პირველი, წყლით უნდა დაფარულიყო რამდენიმე სოფელი და, როგორც იმ კომისიის წევრი ისტორიკოსები ამტკიცებდნენ, არქეოლოგიური სიმდიდრე იფარებოდა; მეორე, როდესაც ნორმალურ ქვეყნებში ჰიდროელექტროსადგური შენდებოდა, მასზე დახარჯული თანხის, სულ მცირე, 22-25 პროცენტი ბუნების დაცვით სამუშაოებზე მიდიოდა. საბჭოთა კავშირში კი სასაცილო იყო ეს ნორმა –  3-5 პროცენტი. ამიტომ ჩვენ დავწერეთ, რომ, თუ მაინც გადაწყდება მშენებლობა, აუცილებლად 20-პროცენტამდე უნდა გაიზარდოს ბუნების დაცვითი სამუშაოების დაფინანსებაო.
– რა სამუშაოები იგულისხმება ხოლმე ამ შემთხვევაში? მეწყრებს ვერ აიცილებ თავიდან, ვერც დატბორვას? აბა, რას აიცილებ?
– ამის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ორ ქვეყანას: ავსტრიასა და შვეიცარიას, ამიტომ 1992 წელს მოვიწვიე ავსტრიელი და შვეიცარიელი სპეციალისტები. ერთი კვირის განმავლობაში მოიარეს ის რეგიონები, სადაც უნდა აშენებულიყო ჰიდროელექტროსადგურები და ჩამოწერეს რეკომენდაციები. გარდა ბუნების დაცვითი სამუშაოებისა, ასეთ დროს მოსახლეობაზეც უნდა იფიქრო.  შვეიცარიელებმა თქვეს, როდესაც მთიან რეგიონში გადავწყვიტეთ დიდი ჰიდროელექტროსადგურის აშენება, ადგილობრივმა მოსახლეობამ ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია, მაგრამ შემდეგ, როდესაც ავუშენეთ კულტურის სახლი, მუსიკალური სკოლა, გავუყვანეთ კარგი გზები და სხვა უამრავი რამ გავუკეთეთ, დიდი სიამოვნებით თვითონაც ჩაებნენ ამ სამუშაოებშიო.
რაც შეეხება ზედმეტ პანიკას, რომ დიდი ჰიდროელექტროსადგურები შეცვლის კლიმატს: მათ თქვეს, თქვენ ისე ახლოს ხართ ზღვასთან, წყალსაცავის ჰავას არ შეცვლისო, მაგრამ მთავარი მაინც ადგილობრივი ბუნების დაცვითი სამუშაოებია.
– სოფლები თუ დაიტბორა, მუსიკალური სკოლა სად უნდა ააშენო?
– ამიტომაც იყო ჩვენი უარის მთავარი მიზეზი სოფლების დატბორვის საფრთხე. შესაძლებელია, ისეთი სოფელი დაიტბოროს, რომელიც ახალი შექმნილია და არქეოლოგიურ ღირებულებას არ წარმოადგენს, მაგრამ ჩვენი სიმდიდრის ჩამარხვა დაუშვებელია.
– სვანეთში ისევ იმ ძველი პროექტის მიხედვით უნდა აშენდეს ჰიდროელექტროსადგური?
– სამუშაოების მეხუთედი უკვე შესრულებულია. „მწვანეებს“ აბრალებდნენ, რომ ვითომ მათი გამოსვლების გამო შეწყდა ეს მშენებლობა, მაგრამ ეს ტყუილია. საქმე ის არის, რომ საბჭოთა კავშირი უკვე დაშლის პირას იყო, მოსკოვი ამას გრძნობდა და ამ მიზეზით შეწყვიტეს მშენებლობა. თან მხოლოდ ჩვენთან კი არა, ყველა მოკავშირე რესპუბლიკაში შეწყდა დიდი მშენებლობები, რომლებიც საკავშირო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. უბრალოდ ფულს აღარ ხარჯავდნენ.
– თერგზე ასაშენებელ ჰიდროელექტროსადგურზე თუ იყო პროექტი?
– თერგზე პროექტის შესახებ არ მსმენია. არც გახმაურებულა და არც ცეკას მოუთხოვია მეცნიერებათა აკადემიის დასკვნა.
როდესაც დღეს ტურიზმის განვითარებაზე ვლაპარაკობთ, იცით, ტურიზმს რამდენი ენერგია სჭირდება?! ავიღოთ კუნძული მალიორკა, ტურისტული მექა, სადაც ყოველ 25 წამში ჯდება და აფრინდება თვითმფრინავი. დავინტერესდი და აღმოჩნდა, რომ იქ თითო ტურისტზე 1 000-კილოვატამდე ელექტროენერგია იხარჯება. ტურისტს უნდა ცივი წყალი, ცხელი წყალი, სათამაშო აპარატები, კონდიცირება და მთელი თანამედროვე ტექნიკა, რაც არსებობს, ეს ყველაფერი კი ელექტროენერგიაა. საბჭოთა დროს საქართველოში ვინ ჩამოდიოდა დასასვენებლად? საბჭოთა რესპუბლიკების წარმომადგენლები და აღმოსავლეთ ევროპელები, ძირითადად, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან. შედარებისთვის: თუ მალიორკაზე თითო ტურისტზე 1 000 კილოვატსაათი ელექტროენერგია იხარჯება, ჩვენთან 80 კილოვატი იხარჯებოდა.
– დღეს?
– შეიძლება, 100 კილოვატი. ელექტოენერგიით რომ დავაკმაყოფილოთ თანამედროვე ტურისტული ინდუსტრია, ჩემი გაანგარიშებით, 2-2,5 მილიარდი კილოვატსაათი მხოლოდ ტურისტულ სფეროს უნდა მივცეთ. ტურიზმის ინდუსტრიას ენერგეტიკაზე დიდი მოთხოვნა აქვს.
– როდესაც ეკოტურიზმზეა ლაპარაკი?
– ეს იაფფასიანი ტურიზმია, ამიტომაც ვასხვავებ. არის ტურისტი, რომელიც დღეში 5-10 დოლარს გიტოვებს, იმიტომ რომ ის წავა და ტყეში, ბუნგალოში იცხოვრებს. მაგრამ, თუ ჩვენ ვაპირებთ ძვირად ღირებული ტურიზმის განვითარებას, რასაც ჩვენი პრეზიდენტი ამბობს, მაშინ ტურისტმა დღეში 100-150 დოლარი მაინც უნდა დაგიტოვოს და, თუ ასეთი ტურიზმი გინდა, გჭირდება: ჯერ ერთი, ელექტროენერგია; მეორე მომზადებული კადრები, რომლებიც დღეს არ გვყავს. კი ბატონო, ბუნგალოს ტურისტს მოემსახურები: ნავზე დასვამ, ჩანჩქერთან მიიყვან, მაგრამ, თუ ჩვენ ძვირად ღირებული ტურიზმი გვინდა, ძალიან გაწვრთნილი პერსონალი გვჭირდება და მესამე ფაქტორია კვება. ჩვენ დღეს საკვები პროდუქტის 80 პროცენტი თურქეთიდან შემოგვაქვს. ესე იგი, ტურისტს რომ აჭმევ, იმ ფულით თურქეთს ამდიდრებ. ამიტომ სოფელი უნდა განვითარდეს, რომ ის ფული შენ დაგრჩეს და შენი ქვეყანა განავითარო. აი, ეს სამი საკითხი: ენერგეტიკა, მომსახურება და კვება უნდა გადაწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ტურიზმს თუ განავითარებ, ფული სხვაგან წავა.
– გარდა ტურიზმის განვითარებისა, წარმოება თუ ამუშავდა, მასაც ხომ უნდა ელექტროენერგია? გვაქვს პოტენციალი, რომ დავიკმაყოფილოთ სრულად მოთხოვნა?
– საქართველოში მთელი საბჭოთა კავშირის არსებობის განმავლობაში ელექტროენერგიის ძირითადი მომხმარებელი იყო მრეწველობა. 60-65-პროცენტს მოიხმარდა. დანარჩენი მოდიოდა სოფლის მეურნეობასა და რკინიგზაზე. მოსახლეობა მოიხმარდა 12 პროცენტს. დღეს კი მთლიანად მოსახლეობა მოიხმარს, იმიტომ რომ წარმოება არ მუშაობს, სოფელი რა დონეზეა, კარგად მოგეხსენებათ და ტრაბახობენ, ქუჩები განათებულიაო. მრეწველობას მიაქვს ელექტროენერგიის ძირითადი ნაწილი და, თუ ის არ იქნა, რა თქმა უნდა, ყველაფერი განათებული იქნება. დიდი წარმოებებიდან დღეს სუნთქავს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა და რუსთავის აზოტი.  თუ სოფლის მეურნეობა მაღალ დონეზე განვითარდა, მასაც დასჭირდება ელექტროენერგია.
– მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ ახალი კასკადური ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია გაცილებით ძვირი იქნება დღეს არსებულზე?
– მსოფლიოში ყველაფერი ძვირდება, სამშენებლო მასალების ფასი 30 წლის წინანდელს რომ შეადაროთ, ძალიან გაზრდილია.
– მაგრამ ძველი ჰესების განახლებაზეც ხომ იხარჯება თანხა?
– როდესაც ენგურჰესი აშენდა, თავიდან ძალიან ძვირი იყო მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის თვითღირებულება, რადგან უნდა ამოეღო ის თანხა, რაც მშენებლობაზე დაიხარჯა, მაგრამ დღეს ძალიან იაფია. 10-12 წელიწადში დიდი ჰიდროელექტროსადგურები თავიანთ მშენებლობაზე დახარჯულ თანხას ასე თუ ისე ფარავენ და შემდეგ უკვე ელექტროენერგია ძალიან იაფდება. თბოენერგია გაცილებით ძვირია.
– თუმცა შეწონილი ტარიფი 4,5 თეთრია.
– ჩვენთან ელექტროენერგია ამდენი არ უნდა ღირდეს ან საქართველო წყალს მიაქვს და შეიძლება, ასე ძვირი ღირდეს წყალი?!
საბჭოთა კავშირის დროს ელექტროენერგიის ყველაზე მეტი მოხმარება იყო 1988 წელს. საქართველომ მოიხმარა 18,5 მილიარდი კილოვატსაათი ელექტროენერგია წელიწადში, საიდანაც ჩვენ მიერ გამომუშავებული იყო 15,5 მილიარდი.
– თბოც იყო და ჰიდროც ჩვენ მიერ გამომუშავებულში?
– დიახ, ჯამურ მაჩვენებელს გეუბნებით. დღეს ჩვენ ახლოსაც ვერ მივსულვართ იმ დონესთან. ახლა გამომუშავებაა 11-12  მილიარდი.
– მაგრამ ამ მაჩვენებელშიც თბორესურსი 30 პროცენტია, დანარჩენი ჰიდროა?
– დიახ, 70 პროცენტი ჰიდროენერგიაა. ჰიდროენერგია აუცილებლად უნდა განავითარო, ოღონდ ისე არა, რომ ბუნება აზარალო და ისტორია მოსპო. თერგის პროექტს არ ვიცნობ და ვერაფერს გეტყვით. თუმცა, როდესაც ძალიან უჭირს ქვეყანას, სხვა გამოსავალი არ აქვს და იღუპება, შეიძლება, წახვიდე ამ ნაბიჯზე და ბუნებაზე ხელი ჩაიქნიო, მაგრამ საქართველოში იმდენი მდინარე გვაქვს, რომ უამრავი საშუალო და მცირე ჰესის აშენებაა შესაძლებელი.
– საშუალო და მცირე ჰესებზე აქცენტი რატომ არ არის? მათ მიერ გამომუშავებული ენერგია ვითომ არ გაიყიდება?
– დიდი ჰესი უფრო მომგებიანია, მაგრამ მხოლოდ მოგებაზე ხომ არ უნდა ვიფიქროთ?! ჩვენ ისტორიული ქვეყანა ვართ და ისტორიის ნაკვალევის წაშლა და მისთვის წყლის დასხმა არ შეიძლება. ჩვენ ხომ არ ვართ ახლად შექმნილი სახელმწიფო, როგორიცაა აბუდაბი ან ემირატები. მათ ისტორია არ აქვთ, ამიტომ, რასაც უნდა დაასხან წყალი, ამით ისტორიას ვერ წაშლიან.
– მცირე და საშუალო ჰესები არ აზიანებს ეკოლოგიას?
– მინიმალურია დაზიანება. საშიშია დიდი ჰესები. თუმცა ბუნებას ბარის ერთი დაკვრაც აზიანებს, მაგრამ მაშინ ცივილიზაცია არ უნდა განვითარდეს, ამიტომ რაღაც დანაკარგზე კაცობრიობა მიდის, მაგრამ ეს დანაკარგი ზომიერი უნდა იყოს.
– თურქეთია ერთადერთი, ვისაც შეიძლება, მივყიდოთ ელექტროენერგია ზამთარში?
–  ჩრდილოეთ კავკასიაც ითხოვს ხოლმე ელექტროენერგიას ზამთრობით. თუმცა იყო დრო, როდესაც ზამთრობით აჭარა მთლიანად თურქეთის ელექტროენერგიაზე იყო დამოკიდებული. სანაცვლოდ კი ზაფხულში ვაწვდიდით.
ჩემი გაანგარიშებით, უახლოს პერიოდში საქართველოში, მეტ-ნაკლებად რომ დაკმაყოფილდეს ყველა მოთხოვნილება, მათ შორის, გაზრდილი ტურისტული მოთხოვნილება, ელექტროენერგიის გამომუშავება 12-მილიარდიდან უნდა ავიდეს 18-20-მილიარდამდე. ამის რეალური შესაძლებლობა არსებობს.
– მაგრამ ფასი მოიმატებს, როდესაც ქსელში დიდი ჰესები ჩაერთვება?
– პირველ პერიოდში მოიმატებს, მაგრამ, როდესაც ჩადებულ თანხას ამოიღებენ, დაიკლებს. თბოელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია დამოკიდებულია ნავთობპროდუქტების ფასზე, აქ კი წყალია მხოლოდ. თუ მშენებლობა ერთი მილიარდი დაგიჯდა, 7-8 წლის შემდეგ თანხა თითქმის ამოღებულია და ამიტომ თვითღირებულებაში ეს თანხა აღარ იდება და გიიაფებს პროდუქტს. ჰიდროენერგეტიკა უნდა განვავითაროთ, მაგრამ ჭკუით.
– რამდენი ელექტროენერგია შეიძლება, გავყიდოთ?
– რაც უნდა განვითარდეს საქართველოში სოფლის მეურნეობა თუ ტურიზმი, წელიწადში 25 მილიარდ კილოვატსაათზე მეტს ვერ დავხარჯავთ. ანუ ჩვენი ჰიდრორესურსების პოტენციალი 50-პროცენტითაც რომ განვავითაროთ, 10 მილიარდ კილოვატსაათ ელექტროენერგიას მაინც გავყიდით.

скачать dle 11.3