კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აფორმებენ ქართველი მამები თავიანთ ქონებას სხვის სახელზე, რომ შვილებს არც ალიმენტი გადაუხადონ და არც კუთვნილი ქონება გაუყონ

ჩვენს ქვეყანაში ოჯახური ძალადობა, სამწუხაროდ, ისეთივე პრობლემაა, როგორც, ზოგადად, ადამიანის უფლებები, იმ განსხვავებით, რომ მსხვერპლი ოჯახურ ძალადობაზე ხმამაღლა საუბარს, როგორც წესი, ერიდება, რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, ოჯახის შენარჩუნების მოტივით. მეორე მხრივ, მაინცდამაინც ვერც ამ მიმართულებით დახვეწილი კანონმდებლობითა და ვერც სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების მოქნილი მექანიზმებით მოვიწონებთ თავს. შესაძლოა, ამ მიზეზთა გამო, გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი იხილავს საქმეს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. საქმე განსახილველად „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ გაგზავნა და ოჯახური ძალადობის ეს კონკრეტული ფაქტი მართლაც შემზარავია. დეტალებს ორგანიზაციის გამგეობის წევრი, „სტრატეგიული სამართალწარმოება საქართველოში“ პროექტის ადვოკატი ელენა ფილიევა განგვიმარტავს.

– აღნიშნული საქმე ეხება ოჯახური ძალადობის საკითხს საქართველოში. ეს პირველი საქმეა, რომელიც გაეგზავნა გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტს და იქიდან საქმის მასალები უკვე გადმოეგზავნა ჩვენს სახელმწიფოს განსახილველად და მოსამზადებლად. ახლა მიმდინარეობს მიმოწერა ჩვენ, გაეროსა და სახელმწიფოს შორის. საქართველოს ხელისუფლებას დაევალა თავისი პოზიციის წარდგენა, თუმცა, მთავრობამ გადაწყვიტა, მეგობრული მოლაპარაკება წარმართულიყო ჩვენ შორის. შევეცადეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მივაღწიეთ შედეგს, რადგან, პირობებით არ ვიყავით კმაყოფილი.
– კონკრეტულად რას ეხება ეს საქმე და გამოდგება თუ არა ის განზოგადებისთვის: რა გავლენას მოახდენს მსგავსი  პრობლემების მოგვარებაზე ჩვენს ქვეყანაში?
– როგორც გითხარით, საქმე ეხება ოჯახურ ძალადობას, როდესაც ადამიანმა ვერ მიიღო სახელმწიფოსგან დახმარება. პრობლემა ის არის, რომ უნდა გაძლიერდეს სახელმწიფო მექანიზმები ქალების დასაცავად. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას ოჯახში მამის მხრიდან ბავშვების მიმართ.
–  ღვიძლი შვილები არიან?
–  საქმე გაუპატიურებამდე არ მისულა, მაგრამ, მსგავსი ქმედებები ხდებოდა. ამჟამად ვაჟი 22 წლისაა, გოგონა –  21-ის. ორივეს მიმართ იყო მამა შემჩნეული სექსუალურ ძალადობაში, როდესაც გოგონა 5 წლის იყო, ვაჟი –  6-ის.
– შემდეგ შეწყდა?
– ეს გრძელდებოდა რამდენიმე წლის განმავლობაში. დედა შეეცადა ჩივილს პროკურატურასა და პოლიციაში, მაგრამ, სამწუხაროდ, უშედეგოდ. საქმე აღიძრა, თუმცა, ამას არ მოჰყვა შესაბამისი რეაქცია. თავიდან არავინ ყურადღებას არ აქცევდა, შემდეგ განიხილეს საქმე, დაიკითხნენ მეზობლები, ოჯახის მამის თანამშრომლები, ახლობლები, მაგრამ, ამ დაკითხვების დროს არაფერი დაფიქსირებულა. აღნიშნული პიროვნება ხასიათდებოდა როგორც სანიმუშო მამა, სანიმუშო თანამშრომელი, თუმცა, ეს არანაირ კავშირში არ იყო იმ ქმედებებთან, რასაც დედა აბრალებდა მას.
– რატომ არ გაეყარა? კანონი თუ უმოქმედო იყო, თვითონ მოეშორებინა ბავშვები მოძალადისგან.
– ბოლოს გაეყარა. საქართველო ტრადიციული საზოგადოებაა და ქალს უჭირდა ოჯახის დანგრევა.
– სად ხდებოდა ეს –  რაიონში თუ თბილისში?
– თბილისში. სამწუხაროდ, სანამ გადადგა ნაბიჯი, რომ ოჯახი დაენგრია, დიდი დრო გავიდა.
– მხოლოდ დედა სდებდა ბრალს მამას?
– დიახ. ცემის ფაქტებიც იყო: ოჯახის მამა ცოლსაც სცემდა და შვილებსაც, მაგრამ, ეს ქალბატონი ამის გამო ნაკლებად ჩიოდა, თუმცა, საქმის მასალებშიც არის ეს ფაქტები. ოჯახური ძალადობა მოიცავს ოთხ კრიტერიუმს: სექსუალურს, ფიზიკურს, ეკონომიკურსა და ფსიქოლოგიურს. ეს საქმე ოთხივე კრიტერიუმს აკმაყოფილებს. როგორც აღმოჩნდა, თავად ეს ქალიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლია –  ის ცოლად იმიტომ გაჰყვა იმ ადამიანს, რომ მან თავის დროზე გააუპატიურა. ის ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლიც იყო, რადგან არ მუშაობდა და თავის რჩენის საშუალება არ ჰქონდა.
– დედ-მამა ან ნათესავი არ ჰყავდა?
– დედა ჰყავდა და ისიც მათთან ცხოვრობდა. ქალიშვილის ოჯახში საცხოვრებლად ქმრის გარდაცვალების შემდეგ გადავიდა და ეხმარებოდა შვილების გაზრდაში. ისიც აღნიშნავდა თავის ჩვენებებში, რომ ძალადობას ჰქონდა ადგილი.
– თქვენ როგორ მოგმართათ?
– ჩვენთან თვითონ მოვიდა. უბრალოდ, აინტერესებდა, თუ ვინმე დაუჯერებდა, საკუთარ თავში დარწმუნება უნდოდა, რადგან, ყველა გიჟს უწოდებდა.
– თქვენ შეხვდით იმ ადამიანს, ვისაც ძალადობაში სდებენ ბრალს?
– არა, მისი სურათი მაქვს ნანახი. ჩვეულებრივი ადამიანია, მაგრამ, როგორც წესი, ოჯახში მოძალადეებს გარეგნულად ვერ გამოარჩევთ. პირიქით, ისინი, შეიძლება, სანიმუშო ადამიანებიც იყვნენ ერთი შეხედვით.
– ფაქტია, თქვენ დაუჯერეთ ამ ქალბატონს. პირდაპირ გაეროს შესაბამის კომიტეტს რატომ მიმართეთ, საქართველოში შეუძლებელი იყო საკითხის მოგვარება?
– გაეროს გადაწყვეტილებას სარეკომენდაციო ძალა გააჩნია და, თუ ის მიიჩნევს, რომ დარღვევები ხდებოდა, ამას, სამწუხაროდ, სავალდებულო ძალა არ ექნება, მაგრამ, ქვეყნის შიგნით ამ საქმის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა, რადგან, ამ ქალმა არაერთხელ მიმართა პოლიციას, მაგრამ საქმის არსებითად განხილვა ვერ მოხერხდა.
– განიხილავს გაერო ამ საქმეს და, ვთქვათ, დაადგენს, რომ ნამდვილად ასე იყო; გარდა მორალური კმაყოფილებისა, რაზე შეიძლება, იყოს საუბარი: მორალური ზიანის ანაზღაურებაზე სახელმწიფოს მხრიდან თუ რა მოხდება შემდეგ?
– იმ შემთხვევაში, თუ გაერო ჩათვლის, რომ ამ ქალისა და მისი შვილების უფლებები დაირღვა, გამოიტანს გადაწყვეტილებას ზოგად ნორმებზე. ანუ, ამ ქალბატონს ან უნდა გადაუხადონ კომპენსაცია, ან უნდა გატარდეს კონკრეტული ქმედებები, შესაძლებელია, ხელახალი ძიება დაიწყოს. ზოგადად, გაეროს კომიტეტის მიზანია, ჩვენი კანონმდებლობის ხარვეზების დახვეწა და პრაქტიკის ხარვეზების გამოვლენა. გლობალური თვალსაზრისით, ჩვენც გვაინტერესებს ჩვენი კანონმდებლობისა და პრაქტიკის გაუმჯობესება.
– სახელმწიფო რას გთავაზობდათ მეგობრულ მოლაპარაკებად და რა იყო მიუღებელი თქვენთვის?
– შემოგვთავაზა საქმის ხელახლა განხილვა, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ დიდი დროა გასული, მტკიცება საკმაოდ რთული იქნება. ამას უნდა მოჰყვეს დაკითხვები, რაც, ასევე, საკმაოდ მტკივნეული იქნება, მით უმეტეს, არავინ იცის, აღმოჩნდება თუ არა ეს შედეგიანი.
– რატომ წაიღეთ მაინცდამაინც ეს საქმე? არავის მოუმართავს აქამდე თქვენთვის თუ ამ საქმეში უბრალოდ ოჯახური ძალადობის ყველა კრიტერიუმია წარმოდგენილი?
– ოჯახური ძალადობის საკმაოდ ბევრი ფაქტი და მსხვერპლია, მაგრამ, მათ არ უნდათ საქმის ბოლომდე მიყვანა. მოვა, დაელაპარაკები, შეიძლება, მისი უფლებებიც დაიცვა, მაგრამ, რაღაც მომენტში გადაიფიქრებენ ხოლმე. ზოგს ეშინია გახმაურების, ურჩევნია, რომ ოჯახში დარჩეს. რაღაც ზომებს მიიღებს, მაგრამ, არ გაახმაურებს.
– იმ ადამიანს, თუკი შეიძლება, რომ მას ადამიანი ეწოდოს, სხვა ოჯახი თუ ჰყავს ან თუ აქვს კონტაქტი შვილებთან?
– რამდენადაც ვიცი, ოჯახი არ ჰყავს და არც კონტაქტი აქვს შვილებთან, თუმცა, ამჟამად მათ შორის ქონებრივი დავაა.
– უარზეა, რომ შვილებს ქონება გაუყოს?
– დიახ, უარზეა, არც დაკისრებული ალიმენტის გადახდა უნდა.
– ძალიან საინტერესო ოფიციალური სტატისტიკა არსებობს: ჩვენთან მამების არცთუ მცირე ნაწილი უარს აცხადებს შვილებისთვის ალიმენტის გადახდაზე.
– ალიმენტის გადახდისთვის თავის არიდებას სისხლის სამართლის კოდექსი არეგულირებს, მაგრამ, ეს მუხლი, როგორც წესი, არ გამოიყენება, ყოველ შემთხვევაში, მე არ მახსოვს ასეთი შემთხვევა. საქმე ზოგჯერ არის სააღმსრულებლო ბიუროში და აღმასრულებელს ურჩევნია, დააყადაღოს ქონება და ეს თანხა ერთბაშად ამოიღოს. მაგრამ, ზოგიერთ შემთხვევაში, მამას არც თანხა აქვს და არც ქონება –  თავის სახელზე.
– ყოფილა შემთხვევები, რომ მამას თავისი ქონება სხვის სახელზე გადაუფორმებია, რომ შვილებისთვის არ გაეყო?
– ვიცი, რომ არის ასეთი შემთხვევები. რატომღაც, ფიქრობენ, რომ ქალს უხდიან და არა თავიანთ შვილს.
– სპეციფიკურად ჩვენი რეალობისთვისაა ეს სიმახინჯე დამახასიათებელი თუ ზოგადი მოვლენაა, რომ მამების ნაწილი მშობლობაში მოიკოჭლებს?
– ეს ყველა ქვეყანას ახასიათებს. მაგალითად, ყოფილი საბჭოეთის ქვეყნებშიც ანალოგიური ვითარებაა. ეს პრობლემა არის უცხოეთშიც. მაგალითად, დასავლეთში არის ბავშვის რამდენიმე კატეგორია: აღიარებული, ქორწინების გარეშე გაჩენილი და მამის გარეშე დარჩენილი. წყვილები ხშირად წლობით ცხოვრობენ ერთად, იბადება ბავშვი, რომელსაც მამა აღიარებს ან არ აღიარებს, მაგრამ, უვლის.
– ჩვენთან?
– ჩვენთან არის შემთხვევები, როდესაც წყვილი ერთად ცხოვრობს, მაგრამ, ბავშვი დედის გვარზეა გაფორმებული.
– საოცარი ამბავი მიამბეს: მამა გვარს აძლევდა მხოლოდ ვაჟებს, გოგონები კი დედის გვარზე იყვნენ.
– ჩვენთან მარტოხელა დედად ითვლება ის ქალი, რომელმაც ბავშვი გააჩინა მამის გარეშე და თავის გვარზე ჰყავს, მაგრამ, ეს მარტოხელა დედის კლასიკური გაგებაა. ჩვენთან ბევრი ქალია მიტოვებული: მართალია, ბავშვი მამის გვარზეა, მაგრამ, დედა, ფაქტობრივად, მარტოხელაა, თუმცა, მარტოხელა დედის სტატუსი არ აქვს და ვერ იღებს სახელმწიფო დახმარებას.
– თქვენი აზრით, ოჯახური ძალადობის პრობლემის აღმოსაფხვრელად რა უნდა გაკეთდეს, რომ არავინ არავის არ აცემინოს თავი?
– ძალადობა, ალბათ, ადამიანის ბუნებაშია, ამიტომ არსებობს ამის ამკრძალავი მექანიზმები, კანონმდებლობის ჩათვლით. სისხლის სამართლის კოდექსი იმისთვის არსებობს, ადამიანს შიში ჰქონდეს, რომ გარკვეული ქმედებების გამო დაისჯება.
– ქუჩაში ვინმე რომ ვცემო, ხომ დამსჯიან? რატომ არ იჭერენ ოჯახში მოძალადეებს?
– იჭერენ, უბრალოდ, უმეტესად ასეთი მიდგომაა: ოჯახი უნდა შენარჩუნდეს. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, ვინმეს ქუჩაში სცემენ თუ სახლში? ზოგი ქალი იქამდეც მისულა, რომ მოუკლავს თავისი მოძალადე ქმარი. ჩემთვის ცნობილია შვიდი შემთხვევა, როდესაც ქალმა მოკლა ქმარი, რომელიც მასზე ძალადობდა.
– ოჯახის სხვა წევრებს შორის ძალადობის სტატისტიკა როგორია?
– ძალადობის ფაქტებია მშობლების მხრიდან შვილების მიმართ და შვილების მხრიდან ხანდაზმული მშობლების მიმართ. სტატისტიკის მიხედვით კი, გენდერული ძალადობის ფაქტებია უფრო ხშირი და დაახლოებით თანაბარი რაოდენობითაა ძალადობის დანარჩენი ფაქტები.
– მამაკაცები თუ ხდებიან ქალების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი?
– დიახ, არის ასეთი შემთხვევები და ოფიციალური სტატისტიკაც არსებობს, თუმცა, კაცები ნაკლებად ჩივიან. ზოგიერთ შემთხვევაში, ჯერ კაცი ძალადობს და შემდეგ ქალი ძალადობს, როგორც მეორადი მოძალადე. ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდი სახალხო დამცველის აპარატში გაეროს ქალთა ფონდის მუშაკად და განვიხილე ერთი მამაკაცის განცხადება, რომელიც თავის ცოლს უჩიოდა. შემდეგ სოციალური მუშაკების მიერ დადგინდა, რომ ქმარი ცილს სწამებდა ცოლს, რადგან ქალი ოჯახიდან წავიდა და გაბრაზებული კაცი ცდილობდა, მისთვის სიცოცხლე გაემწარებინა. არ ვიცით, ოჯახში რა ხდებოდა, მაგრამ, ცოლის მხრიდან ძალადობის ფაქტები არ გამოიკვეთა.
– რას ჩიოდა, მცემსო?
– არა, ამბობდა, ეკონომიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდაო. არის შემთხვევები, როდესაც კაცები რეკავენ პოლიციაში და პატრულს იძახებენ –  ჩემი ცოლი ძალადობსო.
– და, პატრული როგორ იქცევა ამ დროს?
– პატრულს აქვს მითითება, მოაგვაროს კონფლიქტი. შემდეგ ოქმი უნდა შედგეს და ორდერი გამოიწეროს, რომელიც სასამართლოში დამტკიცებას საჭიროებს. თუ გამოძახება მეორედ ან მესამედ ხდება, ცხელი კვალია, ჩანს ცემის ან ჩხუბის  ფაქტი, ხდება კონტროლზე აყვანა.
– დავუშვათ, ამიყვანეს კონტროლზე, როგორც ოჯახში მოჩხუბარი ან მოძალადე, ეს რაში შემიშლის ხელს შემდგომ?
– თუ ოქმი დაიწერა, ის გადაეცემა უბნის მუშაკს, რომელიც მივა ოჯახში და ჩაატარებს კონსულტაციას. თუ ორდერი გამოიწერა, ის სასამართლოს უნდა წარედგინოს და დამტკიცდეს ძალადობის ფაქტი. თუ პატრულის მუშაკი დაამტკიცებს, რომ ადგილი ჰქონდა ძალადობას, მოსამართლე დაადგენს გრაფიკს, რამდენი მეტრის მანძილზე არ უნდა მიუახლოვდეს მოძალადე; ბავშვების მოვლის საკითხს და ასე შემდეგ. შემდგომ, შეიძლება, გაგრძელდეს ეს ღონისძიებები, მაგრამ, ამ ორდერების მონიტორინგი რთული საკითხია, ვინაიდან ოჯახში ამის გაკონტროლება ძნელია.

скачать dle 11.3