კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ტრავმა მოჰყვება ზოგიერთ ადამიანს საკურორტო რომანის შემდეგ


ზაფხული და დასვენება ხშირად საკურორტო რომანთან ასოცირდება, რაც დასვენებას რომანტიკულსა და მრავალფეროვანს ხდის. თუმცა ისეთი შემთხვევებიც არის, როდესაც საკურორტო რომანებს უარყოფ-ითი შედეგებიც მოსდევს. ვის აქვს უმეტესად საკურორტო რომანები და, როდის არის ტრავმის მომტანი ის პარტნიორებისთვის, ამ და სხვა საკითხებზე, გვესაუბრება „ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის“ პრეზიდენტი სოფიო ვერულაშვილი.

რა კატეგორიის ადამიანები ცდილობენ, რომ საკურორტო რომანები ჰქონდეთ?

– ადამიანები შეიძლება დავყოთ კატეგორიებად. ერთნი დასვენებას საკურორტო რომანებს უკავშირებს, ესენი არიან: ქორწინებაში წარუმატებელი წყვილები, შინაბერები ან ბერბიჭები და თინეიჯერები, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაშიც აქვთ ამისთვის დრო. მსგავსი რომანები მათში იწვევს უფრო მძაფრ ემოციებს და მრავალფეროვნების განცდას. გარდა ამისა, ისეთები რომელთაც თავიანთი ყოველდღიური ცხოვრების დაძაბული რიტმიდან გამომდინარე, დრო არ რჩებათ რომანებისთვის. ისინი მუდმივად მუშაობენ და მხოლოდ შვებულების დროს იცლიან საპირისპირო სქესისთვის. საკურორტო რომანებს დახარბებული არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ძალიან მძიმე დღის რეჟიმით ცხოვრობენ. ასეთები არიან: ძალიან ახალგაზრდა ჩინოვნიკები, რომლებსაც სამსახურის გამო ძალიან ბევრი ასაკობრივი მოთხოვნილება აქვთ დათრგუნული. ამის გამო დასვენების დროს ეძებენ თავგადასავლებს.

– რამდენად არის შესაძლებელი საკურორტო რომანი დასვენების ერთ-ერთ ფორმად ჩაითვალოს?

– ამას ორი მხარე აქვს. ეს არის ან არ არის დასვენების ფორმა. საკურორტო რომანი დასვენების ფორმა არის მაშინ, როდესაც, როგორც ვთქვით, ადამიანს, მისი ყოველდღიურობიდან გამომდინარე, არ აქვს საშუალება, რომანი ჰქონდეს და ამას დასვენების დროს ახერხებს; მაგრამ, თუ საკურორტო რომანის დამთავრების შემდეგ ადამიანს უჩნდება რაღაც გრძნობა და ემოცია პარტნიორის მიმართ და ვეღარ ახერხებს ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდეს, ეს გარკვეულად პრობლემას შეუქმნის მას. საერთოდ, საკურორტო რომანი ჰქვია ისეთ ურთიერთობას, რომელშიც ჩართულია ემოციებიც. მხედველობაში არ მაქვს მხოლოდ სექსი. აქ მოჭარბებულია რომანტიკული ურთიერთობა, ამიტომ არის საკურორტო რომანი ლამაზი, თან კურორტზე ადამიანი დანაზოგით არის წასული და თავს ფუფუნების უფლებას აძლევს. ამ დროს ის თავისუფლად იქცევა, ანუ ასეთ დროს ადამიანი ჩარჩოებში არ ზის და იმ საკურორტო რომანის ობიექტსაც უქმნის ლამაზ გარემოს. საკურორტო რომანის დამთავრების შემდეგ კი მას უჩნდება ნოსტალგია. განსაკუთრებით ეს ემართებათ ქალბატონებს, თუმცა არა მარტო მათ, რადგან ოცდამეერთე საუკუნის მამაკაცები საკმაოდ ემოციურები არიან. თანამედროვე მამაკაცები ბევრად უფრო მგრძნობიარენი გახდნენ. ამიტომ, როდესაც მამაკაცი კურორტიდან ჩამოდის და პრობლემები ექმნება, რამდენად არის ეს მისთვის დასვენება, თავად განსაჯეთ. ასეთ დროს ძალიან უჭირთ ძველი სამუშაო გრაფიკის აღდგენა.

– რატომ ასოცირდება საკურორტო რომანი მცირეხნიან ურთიერთობასთან და რატომ აღარ მოსწონთ ხშირად იგივე პარტნიორი კურორტიდან დაბრუნებულებს?

– დასვენება, ეს არის ჩვენი ცხოვრების რიტმისგან გამორჩეული პერიოდი, რომლის დროსაც ჩვენ თავს იმის უფლებას ვაძლევთ, რასაც სხვა დროს არ ვაკეთებთ. ამგვარად, ხელოვნურად ვიქმნით უფრო მეტ დადებით ემოციებს, ვიდრე რეალურად არის – ვდუნდებით. თუმცა ამაში ცუდი არაფერია. სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის დასვენება არის მკვეთრად განსხვავებული სამუშაო რეჟიმისგან, ეს მათი სოციალური მდგომარეობიდან და რეჟიმიდანაა გამომდინარე, ამიტომ ამ დასვენების დროს ხელოვნურად კონკრეტულად შექმნილ კარგ პირობებში დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობა, ყოფით ცხოვრებაში დაბრუნების შემდეგ, კარგავს თავის ელფერს. დასვენება ძალიან კონტრასტულია ჩვეულებრივი ყოველდღიურობისგან, ამიტომაც ესეც არის საკურორტო რომანის ხანმოკლეობის ერთ-ერთი მიზეზი. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ კურორტი ტერიტორიულად და შემეცნებით დაშორებულია ადამიანის ცხოვრებისგან. თუმცა, აქვე მინდა გითხრათ, რომ საკურორტო რომანი ხანდახან გრძელდება სხვადასხვაგვარად. მაგალითად, მახსენდება ჩემი ერთი პაციენტის, ასაკოვანი მამაკაცის ისტორია, მას ნევროზთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. ის ახალგაზრდობის დროს საკმაოდ მნიშვნელოვან თანამდებობაზე მუშაობდა, დადიოდა ერთსა და იმავე კურორტზე და ხვდებოდა ერთსა და იმავე ქალბატონს. ორივეს ცალ-ცალკე ჰქონდათ ოჯახი. ერთმანეთი გაიცნეს ერთ-ერთ კურორტზე და შეუყვარდათ. ისინი ერთმანეთს მხოლოდ კურორტზე ხვდებოდნენ წლების განმავლობაში. როგორც ეს მამაკაცი ამბობდა, რაც წლები ემატებოდათ, უფრო უყვარდათ ერთმანეთი, თუმცა ბოლოს მათ სექსუალური ურთიერთობა არც ჰქონიათ. ძალიან დიდი ტრავმა იყო ამ მამაკაცისთვის აფხაზეთის დაკარგვა, რადგან იმ ქალბატონს ვეღარ შეხვდებოდა. საინტერესო ის იყო, რომ ეს ისტორია მამაკაცმა მიამბო მე, ფსიქოლოგს, მაშინ, როცა ის უკვე ხანდაზმული იყო და მას ნევროზული მდგომარეობა ჰქონდა. ასეთი მდგომარეობა მისთვის იმდენად მტკივნეული იყო, რომ ფსიქოლოგიურ დისკოფმორტს უქმნიდა. აქედან გამომდინარე, მე არ ვურჩევ ადამიანებს, რომ ისინი კურორტზე იმ განწყობით წავიდნენ, რომ იქ დაწყებული რომანი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ანუ კურორტზეც ისევე სერიოზულად უნდა აღვიქვათ ეს ურთიერთობები, როგორც ჩვეულებრივ ყოველდღიურობაში. ქართველი მამაკაცებისთვის დიდი ხნის განმავლობაში დასვენების დროს ქალებში გართობა ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმებოდა, მაგრამ ამ საუკუნეში ეს უკვე მოძველებული შეხედულებაა, რადგან მათი გადაფასება მოხდა. დღევანდელი მამაკაცი და ქალი სხვანაირი ფსიქოლოგიური პორტრეტის მქონე არიან. ნებისმიერ შემთხვევაში, ქალმაც და მამაკაცმაც უნდა აიღონ პასუხისმგებლობა. თუ ადამიანი პასუხს აგებს თავის ნებისმიერ ნაბიჯზე, ის მეტ-ნაკლებად დაცულია მოსალოდნელი ტრავმისგან. გარდა ამისა, ადამიანებმა კარგად უნდა გაიაზრონ და გააცნობიერონ, რას ელოდებიან ამა თუ იმ ურთიერთობისგან, რომ რომანს იმედგაცრუება არ მოჰყვეს რომელიმე პარტნიორის მხრიდან.

– ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, საკურორტო რომანი კარგია თუ ცუდი?

– თუ წყვილს შორის ურთიერთობები თავიდანვე გარკვეულია, თუ ურთიერთმოლოდინი ემთხვევა, საკურორტო რომანი კარგია. ყოფილა ბევრი შემთხვევა, როდესაც საკურორტო რომანი კარგი ოჯახის შექმნითაც დაგვირგვინებულა. მთავარია, როგორ გააგრძელებს წყვილი ამ ურთიერთობას. თუ ისინი გააცნობიერებენ, რომ ყოველდღიურ ყოფაში დაბრუნების შემდეგ მათ განსხვავებულად უნდა შეუწყონ ხელი ერთმანეთს, თუ ორივე პარტნიორი იქნება ორიენტირებული სიყვარულის გაგრძელებაზე, რომანი გაგრძელდება. ჩვეულებრივ ცხოვრებაში ადამიანები გარკვეული სოციალური და მორალური ვალდებულებების წინაშე დგანან და ისინი უფრო მობილიზებული უნდა იყვნენ. ანუ კურორტისგან განსხვავებით, მეტი ძალისხმევაა საჭირო, რადგან ცხოვრების რიტმი იცვლება.

– უნდა წავიდეს თუ არა ადამიანი კურორტზე იმ განწყობით, რომ აუცილებლად ექნება რომანი?

– დასასვენებლად ადამიანი უნდა წავიდეს იმ განწყობით, რომ დაისვენებს, უნდა მოდუნდეს და, თუ ბუნებრივად ამ სიტუაციაში დაიწყება რამე სასიყვარულო ისტორია, ამაში ცუდი არაფერია. ადამიანი უნდა ცხოვრობდეს აწმყოს პრინციპით, კარგად უნდა გაიაზროს, რა უნდა მას და, რაც მთავარია, შეძლოს სიტუაციისა და მოთხოვნილებების შესაბამისად მოქმედება. მაშინ იგრძნობს ის თავს კარგად.



თამუნა ახობაძე


скачать dle 11.3