კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

რა ოცნების ასრულება არ დასცალდა მარიამ ყანდაშვილს და როგორი იყო გოგა გოლეთიანის ბოლო ათი წუთი

ამ ტრაგედიამ მთელი თბილისი შეძრა... ერთი საბედისწერო ნახტომი და... ორი ახალგაზრდის სიცოცხლე  იქ დასრულდა, სადაც ისინი საბოლოოდ შეახვედრა ბედისწერამ – 15 ივლისი ორი მეგობრის: 23 წლის გოგა გოლეთიანისა  და 25 წლის მარიამ ყანდაშვილის სიცოცხლის  ბოლო დღე  აღმოჩნდა...
რა მოხდა უნივერსიტეტის ხიდზე, საიდანაც მეგობრებმა საბედისწერო ნახტომი განახორციელეს, უბედური შემთხვევა იყო ეს თუ უსაფრთხოების ზომების დარღვევა,  გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. პირველივე ვერსია, რომელიც ახალგაზრდების გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში  გავრცელდა, ბაგირის გაწყვეტა იყო, მაგრამ, ორ დღეში გახმაურდა, რომ თოკი გაწყვეტილი არ იყო და მწყობრიდან გამოვიდა ხიდის კონსტრუქციაში დამაგრებული სამუხრუჭე აპარატი. როგორც მთამსვლელები აცხადებენ, თითოეული თოკი, რომელიც ექსტრემალური ხტომისთვის გამოიყენებოდა უნივერსიტეტის ხიდზე, 5 ტონამდე სიმძიმეს უძლებს.  ამ თოკებს ალპინისტები მთაში  იყენებენ. მას შემდეგ, რაც საქართველოში ექსტრემალური სპორტის ეს სახეობა – სიმაღლიდან თოკით ხტომა დაიწყო, უნივერსიტეტის ხიდიდან ათასობით ადამიანი გადახტა. იმ დღეს, როდესაც ეს ტრაგედია დატრიალდა, „როუფ ჯამფინგი” საქველმოქმედო ღონისძიებას ატარებდა. ამის შესახებ „ფეისბუქითაც” იყო დაანონსებული. შეგროვილი თანხით უნდა დაფინანსებულიყო იმ  ახალგაზრდა ალპინისტების სამზადისი, რომლებსაც ჭიუხების დალაშქვრა ჰქონდათ გადაწყვეტილი.
უნივერსიტეტის ხიდიდან მეგობრების ბოლო, საბედისწერო გადმოხტომამდე, 30-მდე ხტომა განხორციელდა... მომხდარზე პასუხისმგებლობა „როუფ ჯამფინგის” ხელმძღვანელმა, ექსტრემალური სპორტის ხელმძღვანელმა ირაკლი გუჯაბიძემ აიღო. სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით არის აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
უნივერსიტეტის ხიდის სიმაღლე დაახლოებით 50 მეტრია. ერთად  ჩაბმულმა  მარიამ ყანდაშვილმა და გოგა გოლეთიანმა რამდენიმე მეტრი თავისუფალი ვარდნით იფრინეს... არსებობს ბოლო, სულისშემძვრელი კადრები, რომელიც გარდაცვლილი  გოგონას მეგობარმა მობილური ტელეფონით გადაიღო ხიდიდან.  ის დღემდე შოკურ მდგომარეობაშია და მომხდარზე საუბარი უჭირს. კადრებში ჩანს, როგორ ემზადება ორი ახალგაზრდა საბედისწერო მანევრისთვის, რამდენიმე წამიც და – ყველაფერი დასრულდა...
მარიამ ყანდაშვილი დაცემისთანავე გარდაიცვალა, გოგა გოლეთიანმა კი დაცემიდან ათი წუთი იცოცხლა..  მეგობარს, რომელიც ხიდის ქვეშ ელოდა  მის გადმოხტომას, სთხოვა, წამომაყენეო. მომხდარით შეძრწუნებული მეგობარი მიხვდა, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფის განძრევა არ შეიძლებოდა. ის ხელოვნურ  სუნთქვას უტარებდა  გოგას, რომელმაც შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების სამსახურს, თავად უთხრა საკუთარი სახელი და გვარი...  
მარიამმა და გოგამ ერთმანეთი პირველ სკოლაში სწავლის დროს გაიცნეს, ისინი ცოტა ხანს პარალელურკლასელები იყვნენ. მალე  გოგა მშობლებმა სხვა სკოლაში გადაიყვანეს. მას შემდეგ ორივე ახალგაზრდის ცხოვრება თავისი გზით წავიდა: მარიამმა სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი დაამთავრა და მუშაობა დაიწყო, გოგა ბოლო ერთი წელი მუშაობდა ლატარიის კომპანიაში „პრისეილერად”, თან  რაგბისტიც იყო... მათი ცხოვრება ხელახლა და საბედისწეროდ რამდენიმე თვის წინ გადაიკვეთა: ერთმანეთი  სოციალურ ქსელში „იპოვეს”,  უფრო მეტად დამეგობრდნენ და ძალიან ბედნიერები იყვნენ. როგორც ამბობენ, გოგა იმ დღეს ხიდიდან გადმოხტომას არ აპირებდა, მაგრამ, ბოლო წუთში, როცა მარიამს გადმოხტომის შეეშინდა, მარტო არ დატოვა და თოკში მასთან ერთად ჩაება...
ხიდიდან გადახტომა მარიამს ოცნებად ჰქონდა ქცეული, გოგა უკვე ორჯერ  იყო ხიდიდან გადამხტარი და მეგობარს დაჰპირდა, რომ ოცნების ასრულებაში დაეხმარებოდა. ამის შესახებ ისინი ერთმანეთს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში” სწერდნენ, სადაც მათი „პროფილები“ ქსელის ადმინისტრაციამ გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში დაბლოკა. სოციალურ ქსელში განთავსებულ ფოტოზე, რომელზეც გოგა გოლეთიანის ნახტომი იყო აღბეჭდილი, მარიამმა გარდაცვალებამდე ოცი დღით ადრე დატოვა კომენტარები:
 „რა მაგარია და როგორ მინდა მეც...”
„წაგიყვან მერე და გადაგაგდებ, თუ არ დამავიწყდა.”   
„ააა, შენ მაქედან გადმოგაგდეს? მე მგონია, რომ ხტებიან ხოლმე.”
„ეს შენ გითხარი, გადაგაგდებ-მეთქი, თორემ, მე, თავისთავად, გადავხტი.”
„რაღაც, არა მგონია, მეც ვინმეს დახმარება დამჭირდეს ხიდიდან გადახტომაში”
„ყოჩაღი გოგო ხარ...”
იმ საბედისწერო დღეს მარიამის მშობლები კახეთში, მშობლიურ სოფელში იყვნენ წასულები, სახლში მხოლოდ მისი  უმცროსი და, ნატო  იყო, რომელსაც არ უნდოდა, რომ და ხიდიდან გადამხტარიყო. ამის  შესახებ ბოლო კადრებშიც ისმის გოგონების საუბარი. ოჯახიდან პირველი სწორედ ის მივიდა შემთხვევის ადგილზე. მარიამის შესახებ მისი მეგობრები საოცარ ისტორიებს ყვებიან: „ძალიან კარგი მეგობარი იყო, ერთგული, საყვარელი, ლამაზი.  სიცოცხლით სავსე იყო, უყვარდა თავისი პროფესია, კარგად  ცეკვავდა.  გიჟდებოდა მოგზაურობაზე, მთელი საქართველო  ჰქონდა შემოვლილი, ბოლოს სომხეთი, ლორე-ტაშირი მოიარა“.
სულის შემძვრელი ტრაგედიაა გოლეთიანების ოჯახში. გოგა ამ ოჯახის ერთადერთი შვილი იყო. ორ  თვეში  24 წლის ხდებოდა.  მეგობრები გოგას ემოციების გარეშე ვერ იხსენებენ: „ვერ წარმოიდგენთ როგორი ადამიანი იყო, სიკეთით, სიყვარულით სავსე. ლამაზი, მხიარული, ხალისიანი. საოცარი იუმორი ჰქონდა.  მის გვერდით ყოფნა  ერთი დიდი სიამოვნება იყო, ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, იმდენად კომფორტული იყო, ყველა გიჟდებოდა მასზე. არაჩვეულებრივი მეგობარი იყო, კარგი შვილი, წესიერი თანამშრომელი. განსხვავებულად კარგი სამყარო ჰქონდა, გიჟდებოდა რაგბიზე. ფიზიკურად ძლიერი იყო, ძალიან სპორტული, ბუნებით ექსტრემალი... სამსახურის შემდეგ  ან ვარჯიშზე გარბოდა, ან ეკლესიაში იყო მსახურებაზე”.
გოგაც და მარიამიც  მორწმუნეები იყვნენ. ქაშუეთის ეკლესია ორივესთვის ძვირფასი ადგილი იყო... მარიამი იქ ბავშვობიდან დაჰყავდა დედას, გოგა კი სიცოცხლის ბოლო წუთამდე სტიქაროსანი იყო. ორივე ქაშუეთის ეკლესიაში დაასვენეს, იქვე აუგეს ბოლო წესიც.  გოგას  უკანასკნელად ჩააცვეს სტიქარი.  ისინი ქაშეუთის ეკლესიიდან ერთად გამოასვენეს – ეს იყო მათი ამქვეყნად ერთად ყოფნის ბოლო წუთები...
P.S. ამ ტრაგედიას ახალგაზრდა პოეტმა ირაკლი გაფრინდაშვილმა ულამაზესი ლექსი მიუძღვნა...

скачать dle 11.3