კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დამღუპველი გაუგებრობა

ჯეკი, ბაკი და ვილიამი ათი წლის განმავლობაში ადამიანების გატაცებით შოულობდნენ ფულს და ეს საქმე შესანიშნავად გამოსდიოდათ, ერთხელაც არ მომხდარა რამე გაუთვალისწინებელი და საკმაო კაპიტალიც დააგროვეს. „დამსახურებულ შვებულებაში“ გასვლის დრო იყო, მაგრამ, რადგან ამ სფეროში წარმატებულ სამეულს მიმბაძველები გამოუჩნდნენ, მაგალითად, ვინმე ბარონი, წარსულში წვრილი ბაცაცა – ვილიამმა „ბიზნესიდან“ ტრიუმფალური წასვლა დაგეგმა.
– ვინ უნდა გავიტაცოთ, ვილი? – მოუთმენლობა გამოიჩინა ბაკმა, – ვფიქრობდი, რომ ამ საქმეს უკვე შევეშვით.
– არა, ასე არ გამოვა. ისე უნდა წავიდეთ, რომ ჩვენზე ძალიან დიდხანს ილაპარაკონ... ყველაზე მდიდარი ადამიანი – მილიარდერი ჯოშ გრიგენი.
ჯეკს თვალები გაუფართოვდა:
– ვერ შევძლებთ. იცი, როგორი დაცვა ჰყავს? და, ჯავშნიანი მანქანაც. „ნავთობის მეფე“ კარგად ზრუნავს საკუთარი თავის უსაფრთხოებაზე.
– ნუ ართულებ, – გაიღიმა ვილიამმა, – სრულიად ნორმალური ობიექტია მოსატაცებლად, თანაც, ბევრად უსაფრთხო, იმიტომ, რომ ხუთი მილიონი, რომელსაც მოვთხოვთ, მისთვის ფულიც არ არის, წამში გადაგვიხდის. მერე კი, შეგვიძლია, მშვიდად გავიდეთ შვებულებაში.
– კარგი, როგორ გავაკეთებთ ამას? – ამოიოხრა ბაკმა. გეგმა გაქვს?
– რა თქმა უნდა, – ვილიამი მშვენიერ გუნებაზე იყო, – უკვე ყველაფერი მოვიფიქრე. ეს იქნება ყველაზე თამამი გატაცება. ორი კვირის შემდეგ ლონგ-აილენდზე კოსტიუმირებული მასკარადი გაიმართება. ჩვენს მილიარდერს ძალიან უყვარს ასეთი თავყრილობები და აუცილებლად დაესწრება. ჩვენ მხოლოდ ყალბი მოსაწვევები უნდა დავბეჭდოთ და შესაფერისი კოსტიუმები მოვამზადოთ. დანარჩენი კი მე მომანდეთ. პრინციპში, კოსტიუმებსაც პირადად მე შევარჩევ.
ჯეკმა და ბაკმა მოსაწვევები შესაშური სიზუსტით დაამზადეს, ვილიამმა კოსტიუმები მოამარაგა. ბაკი გამოქვაბულის ადამიანივით გამოაწყო და  კაუჩუკის დიდი, ქვის მსგავსი ჩაქუჩით შეაიარაღა; ჯეკს ლორდ ბაირონივით მაქმანებიანი პერანგი და ხავერდის კამზოლ-პანტალონები მოარგო. თავად კი, ამერიკის ერთ-ერთ პრეზიდენტს დაემსგავსა...
იმ თბილ, ჩახუთულ საღამოს ლონგ-აილენდზე უამრავი ხალხი შეგროვდა. ძველი სასახლის დიდი დარბაზები ერთიანად იყო გადაჭედილი. შოუ-ბიზნესის ნაღები საზოგადოება, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და ცნობილი სპორტსმენები... ჯოშ გრიგენი, ტანდაბალი, ჭაღარა, შესუქებული მამაკაცი მოსეს განასახიერებდა, საკმაოდ სასაცილოდ გამოიყურებოდა, მაგრამ, ვილიამს ეს ნაკლებად აინტერესებდა. ვილიამმა იმდენი მოახერხა, რომ ალაფურშეტის მაგიდასთან თავისი მსხვერპლის გვერდით აღმოჩნდა და ფართოდ გაუღიმა:
– კარგი კოსტიუმი შეგირჩევიათ, ბატონო გრიგენ.
– მიცანით?
– ელემენტარულად.
– და... თქვენ ვინ ბრძანდებით?
– ამერიკის პრეზიდენტი... – საუბარი კარგად აეწყო. ასე ხდება ხოლმე, როცა საქმეში კარგი სასმელი ერთვება. ვილიამს არ გასჭირვებია ლაპარაკ-ლაპარაკით, მილიარდერის აივანზე გატყუება. უთხრა, სამოქალაქო შრომითი ორგანიზაციების წარმომადგენელი ვარო და ერთი-ორჯერ კარგადაც იხუმრა... მერე პირველყოფილი ადამიანი – ბაკიც  გამოჩნდა, „შეუფერებელ“ მომენტში წაიბორძიკა და თავისი ჩაქუჩი მძიმედ  მოახვედრა თავში „მოსეს“... ეს დარტყმა საკმარისი აღმოჩნდა, რომ მილიარდერს გონი დაეკარგა. „ბაირონმა“ – ჯეკმა, საგანგებოდ მომზადებული ჩანთიდან დათვის კოსტიუმი ამოათრია. ბატონი „მოსე“ სწრაფად შეტენეს შიგ, კარგად „შეფუთეს“ და გამოქვაბულის კაცმა სწრაფად მოიგდო ნადავლი მხარზე... ამ ორი პერსონაჟის გამოჩენამ საზოგადოებისა და დაცვის საერთო მხიარულება გამოიწვია. სულ სიცილ-ხარხარით გააცილეს. ვილიამის გეგმა აშკარად მუშაობდა...
ნახევარი საათის შემდეგ ჯეკი ქალაქიდან გავიდა და უდაბურ ადგილზე გაჩერდა. პატარა ხის სახლი ვილიამმა წინასწარ შეიგულა და ერთი კვირით ადრე ხუთი დღით იქირავა. დარწმუნებული იყო, რომ გამოსასყიდის მისაღებად მეტი დრო არ დასჭირდებოდა. წინასწარ ზეიმობდა გამარჯვებას.
მილიარდერი გონზე ნელ-ნელა მოვიდა. თვალები გაახილა... დახუჭა... გაოგნებული სახე ჰქონდა. აშკარად ვერ მიხვდა, სად აღმოჩნდა. ლაპარაკის უნარიც მაშინვე არ დაჰბრუნებია. გაშტერებული უყურებდა ჯეკის, ბაკისა და ვილიამის საკარნავალო კოსტიუმებს. მისი პირველი სიტყვები იყო, ვინ ხართ და ახლავე გამიშვითო. რადგან პასუხი ვერ მიიღო, უფრო ლოგიკური შეკითხვა დასვა:
– სად ვარ? დროის მანქანამ წარსულში გადამიყვანა, თუ სიზმარში ვარ? იქნებ, ეს ფსიქიატრიული კლინიკაა?
– ყველაფერი გაცილებით მარტივად არის, ძვირფასო მისტერ, ჩათვალეთ, რომ ჩვენი სტუმარი ბრძანდები. თუმცა, აქ გატარებული საათები უფრო ძვირი დაგიჯდებათ, ვიდრე რომელიმე ფეშენებელურ სასტუმროში. დამშვიდდით, არ ინერვიულოთ. თქვენზეა დამოკიდებული, რამდენ ხანს იქნებით აქ.
– ჩემზე? რას გულისხმობთ?
– იმას, რომ მაშინვე გაგიშვებთ, როგორც კი ხუთ მილიონ დოლარს გადაგვიხდით. ისტორიაში ადგილი გარანტირებული გაქვთ. მერე მადლობასაც კი გვეტყვით.
– რაო?.. ეს ამბავი არ გაგივათ! თქვენ მე ვინ გგონივართ?! – აღშფოთდა მილიარდერი.
მილიარდერი კიდევ ვერ იჯერებდა, რომ არ ეხუმრებოდნენ.
– თქვენ ეს არ გაგივათ! რა გამოსასყიდი?! გირჩევთ, ახლავე გამიშვათ!.. – გრიგენმა ჯერ ტელეფონი მოითხოვა, მერე სამივეს ციხეში ჩასმით დაემუქრა, ბოლოს კი ლანძღვაზე გადავიდა. ვილიამი გულხელდაკრეფილი მშვიდად უსმენდა, მერე ისევე მშვიდად აუხსნა:
– არაფერი გამოგივათ. უმჯობესია, თქვათ, ვისთან დავიწყოთ მოლაპარაკებები გამოსასყიდის თაობაზე. არ გირჩევთ, იყვიროთ, აქ მაინც ვერავინ მოგაგნებთ. სარდაფში მშვენიერი საწამებელი ოთახი გვაქვს მოწყობილი ჯიუტებისთვის. ასე რომ, მისტერ, თქვენ კეთილგონიერი ადამიანი ბრძანდებით და ყველაფერს სწორად გააკეთებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანის ნატურის ისეთ საშინელ მხარეებს გაიცნობთ, რომელთა შესახებაც წარმოდგენა არ გაქვთ. აბა, ვის დავუკავშირდეთ გამოსასყიდის თაობაზე?
– ჩემს ცოლს. მისის ჰილდეგარდ გრიგენს. მისი ტელეფონის ნომერს მოგცემთ, – მილიარდერმა უხალისოდ დაწერა პატარა ფურცელზე ტელეფონის ნომერი, – ჰილდეგარდი ერთადერთია, ვინც შეძლებს, უპრობლემოდ მოაგროვოს ხუთი მილიონი. ჩემი სეიფების გასაღებების ასლები აქვს.
– მთავარია, ისტერიკიანი არ იყოს, პოლიციაში არ გაიქცეს და სკანდალი არ მოაწყოს.
– მაგის ნუ შეგეშინდებათ, მშვიდია და ცივსისხლიანი, როგორც თევზი. თუ დარწმუნდება, რომ ჩემი სიცოცხლე საფრთხეშია, თქვენს ყველა მითითებას შეასრულებს.
ვილიამმა ტელეფონის ნომერი აიღო და ქალაქში გაემგზავრა. ათცენტიან მონეტას, რომელიც აპარატში ჩაუშვა, მისთვის ხუთი მილიონი უნდა მოეტანა. თუმცა... ზარი გადიოდა, მაგრამ ტელეფონს არავინ პასუხობდა. გაბრაზებული ვილიამი ქოხში დაბრუნდა:
– ეს რა ნომერი მომეცით? არავინ პასუხობს!
– ჩემი ცოლის პირადი ნომერია. უბრალოდ, ძალიან დაკავებულია. ენერგიული ქალია, ბევრი საქმე აქვს, უნდა რეკოთ და გიპასუხებთ.
– რაღაცას გვატყუებ. ნუთუ ცოლი არ უნდა შეაშფოთოს იმ ფაქტმა, რომ ქმარი წვეულებიდან სახლში არ დაბრუნდა?
მილიარდერმა თავი გააქნია:
– ჩემი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, ასეთი რამ საკმაოდ ხშირად ხდება. დღე და ღამე ვმუშაობ, სულ სადღაც მიწევს გაფრენ-გამოფრენა... მისტერ გამტაცებელო, მე სახლში იშვიათად ვათევ ღამეს...
ორი დღე გავიდა, მაგრამ ვილიამმა გრიგენის ცოლთან დაკავშირება ვერ შეძლო – ტელეფონს არავინ პასუხობდა. სიმშვიდედაკარგულმა იმ დილით ჯეკი გაიხმო და უთხრა:
– მორჩა, დღესაც თუ ვერ დავუკავშირდი იმ კახპას, ჩვენი საქმე წასულია. ამ იდიოტის გაშვება მოგვიწევს. საღამომდეც კი ვეღარ დავიცდით. ხომ წარმოგიდგენია, რა ამბავს ატეხს პოლიცია, თუ მისი გაუჩინარება უკვე შესამჩნევი გახდება. უოლსტრიტი და დიდი ჩინეთის კედელი ერთდროულად დაემხობა. კერძო დეტექტივები ნიუ-ჯერსიში ერთ კუთხესაც არ დატოვებენ გაუჩხრეკავს...
ათცენტიანი კვლავ უშედეგოდ ჩაუშვა აპარატში... ვილიამს სუნთქვაც კი შეეკრა, მაგრამ, ტელეფონი ისევ უიმედოდ დუმდა...
მისტერ გრიგენს გაუკვირდა, როცა  გამტაცებლებმა სახლში წასვლის ნება მისცეს.
– უკვე მიიღეთ ხუთი მილიონი დოლარი? – ჰკითხა ვილიამს.
– არა. აქედან მოშორდით! ნეტავი, არც არასდროს მენახეთ!
... ჯეკ გრიგენი პოლიციაში არ წასულა – ის საქმის კაცი იყო და პრობლემებს არ ეძებდა. ვილიამი და მისი მეგობრები იმით ინუგეშებდნენ თავს, რომ მათი კრახის შესახებ არავის არაფერი გაუგია. მილიარდერის გატაცების ამბავი საიდუმლოდ დარჩა.
რამდენიმე კვირის შემდეგ ვილიამი დარდის გასაქარვებლად ლუდს სვამდა ბარში, რომელშიც ხშირად იკრიბებოდნენ მისი პროფესიის ადამიანები. უცებ ბარონი დაინახა და არ ესიამოვნა, მაგრამ, მაინც გაუღიმა და ხელი დაუქნია. ბარონიც, თითქოს ამას ელოდა, მისკენ გაემართა და გვერდით მიუჯდა:
– შენი ნახვა მინდოდა. როგორი მართალი იყავი, როცა მირჩევდი, რომ ადამიანებით გატაცებისთვის ხელი არ უნდა მომეკიდა. არ დაგიჯერე და ერთი მაგარი საქმე წამოვიწყე. ეტყობა, კარგად არ შევისწავლე შენი „შემოქმედებითი მემკვიდრეობა“, რადგან, ჩავფლავდით. მილიარდერ გრიგენის ცოლი მოვიტაცეთ, მაგრამ, გამოსასყიდი ვერაფრით მივიღეთ და გავუშვით. წარმოგიდგენია? გამოსასყიდი ვერ მივიღეთ – მისი სულელი ქმარი ვერსად ვიპოვეთ, სამი დღის განმავლობაში ტელეფონს არ უპასუხა.
ვილიამმა ამოიოხრა:
– ეგ როდის იყო?!
– ზუსტად სამი კვირის წინ...
ვილიამმა ისევ ამოიოხრა...
თარგმნა
ნინო წულუკიძემ

скачать dle 11.3