კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დახეული კაბა – პოლიტიკური ძალადობის სიმბოლო თუ ეროტიკულ-პორნოგრაფიული ელემენტი მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებაში

75 წელიწადი გავიდა ავად სახსენებელი 1937 წლის შემდეგ – საუკუნის სამი მეოთხედი იმ საბედისწერო წლიდან, როდესაც ჩვენი ქვეყნის ათასობით მოქალაქე ან დახვრიტეს, ან დიდი ხნით გამოკეტეს ციხეებსა და კოლონია-ბანაკებში...
დიდი ქართველი მწერლის, მიხეილ ჯავახიშვილის მიმართ განხორციელებული რეპრესიის შესახებ ჩვენი რესპონდენტი, ფსიქოლოგი გელა გარაყანიძე ისაუბრებს.

– ბატონო გელა, მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების მკვლევარნი ერთხმად აღნიშნავენ, რომ ის უსამართლოდ, უდანაშაულოდ დასაჯეს. პირადად თქვენ კი, განსხვავებული აზრი გაქვთ და ამ მოსაზრებას არ ეთანხმებით. რის საფუძველზე მიგაჩნიათ, რომ ჯავახიშვილს დანაშაული მიუძღოდა?
– ქართველი ერის წინაშე მწერალი უდანაშაულოა – თავისი მამულიშვილური ვალი მან პირნათლად მოიხადა! რაც შეეხება საბჭოთა ხელისუფლებას, საბჭოთა ხალხს – აქ ვითარება სხვაგვარია...
საბჭოთა მთავრობის მიმართ დანაშაულის ჩაუდენლად, ანუ, უდანაშაულოდ, ძალიან ბევრი დახვრიტეს და მათ ჩამოთვლას, გასაგები მიზეზების გამო, არ შევუდგები. ამჯერად მხოლოდ ერთი პიროვნების ვინაობას გაგიმხელთ – ფრიდონ საბას ძე ჯავახიშვილი, მიხეილის ღვიძლი ძმა! იგი მართლაცდა უდანაშაულოა! მისი დანაშაული მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რომ მწერლის ძმა გახლდათ! პოლიტიკაში ჩაურეველსა და მხოლოდ ოჯახზე გადაგებულს, ექვსი შვილის მამას, აბსოლუტურად არავითარი სხვა დანაშაული არ მიუძღოდა! და, სულაც არ იყო ბედის ირონია, რომ იგი თავის ძმაზე ადრე დაიჭირეს. უბრალოდ, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ თვალნათლივ ადასტურებს ჩემს თვალსაზრისს, რომ ბოლშევიკებს წინასწარვე ჰქონდათ დადგენილი მიხეილის ბრალეულობა...
– მაგრამ, მიხეილი ხომ დიდი მწერალი გახლდათ, ცაკის (ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის) წევრი, შრომის წითელი დროშის ორდენოსანი, ქართველ საბჭოთა მწერალთა კავშირის პროზის სექციის თავმჯდომარე, მწერალთა კავშირის ლიტფონდის თავმჯდომარე, უამრავი რეგალიითა და საზოგადოებრივი საქმიანობით დატვირთული... როგორ უთავსდებოდა მისი „კრიმინალობა“ ამ ყოველივეს?!
– ბევრ კრიტიკოსს მიაჩნდა, რომ მიხეილი ქართული საბჭოთა პროზის ერთ-ერთი მამამთავარია. არამც და არამც... მე განსხვავებული აზრი მაქვს – იგი ქართული ანტისაბჭოთა პროზის მამამთავარი უფროა! მასზე სრულად, სისავსით ბოლშევიზმი არავის უმხელია!
რეალურად, მიხეილი ორი მიზეზის გამო დახვრიტეს: 1. ანტისაბჭოთა ნაწარმოებების გამო. 2. 1921-1923 წლებში ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში და დამკომში (დამოუკიდებლობის კომიტეტში) გაწეული მუშაობის გამო.
საბრალდებო დასკვნაში მის შემოქმედებას არ შეხებიან. ამ საკითხის განხილვა ბესო ჟღენტსა და ბესოსნაირებს დაავალეს, რომლებმაც პირნათლად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას – იხილეთ „ლიტერატურული საქართველოს” შესაბამისი წლის მეცხრამეტე ნომერში მოთავსებული სტატია – „მოღალატური სიტყვა და საქმე”.
მიხეილის საბრალდებო დასკვნაში ვკითხულობთ: „...ბრალდებული მ.ს. ჯავახიშვილი იყო კონტრრევოლუციური, ფაშისტური, ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური და ჯაშუშური ორგანიზაციის ხელმძღვანელი და შედიოდა ინტერპარტიული კომიტეტის შემადგენლობაში”...
ბუნებრივია, მიხეილის მიერ 1921-1923 წლებში გაწეული პოლიტიკური საქმიანობაც დამახინჯებულად და არამართებულად იყო გაანალიზებული და მოწოდებული...
– აკი ეპატია ის დანაშაული მწერალს?! გამოდის, რომ კი არ ეპატია, 1923 წლიდან 1937 წლამდე გადაუვადეს...
– თუ შეიძლება, ერთი ისეთი კონკრეტული არგუმენტი მაინც დაასახელეთ, რომელიც თვალსაჩინოდ დაადასტურებდა თქვენი პოზიციის მართებულობას.
– ვინც მართლა უდანაშაულო იყო, დაპატიმრებისას გაკვირვებულნი იყვნენ ხოლმე შუაღამისას მილიციელთა სტუმრობით. მათი უმრავლესობის, მოარული ფრაზა ასეთი იყო: „აქ რაღაც გაუგებრობაა, მე მალე დავბრუნდები”...
– მოდი, გავიხსენოთ როგორ დააპატიმრეს ცოცხალი კლასიკოსი: ქვიშხეთში, 14 აგვისტოს, გამთენიისას, მძინარე მიხეილს თავზე ჩეკისტი დაადგა და ვინაობა ჰკითხა... მწერლის ქალიშვილი ქეთევანი ამ მომენტს ასე იხსენებს: „რაღაც ძალამ საწოლიდან წამომაგდო და, შეშინებული, გაოგნებული და ნამძინარევი, პერანგის ამარა, ფეხშიშველი, მამას ოთახში გიჟივით შევიჭერი... ასეთი უეცარი ელდის ატანა ადვილი საქმე ხომ არ იყო... იმ დროს დედამაც ჩაიცვა და შეშინებული ჩვენთან შემოიჭრა. ის მაშინვე მიხვდა, რომ ბერიამ მამაზე შური იძია და უთხრა მამას: „მე ხომ გეუბნებოდი, არაფერს არ გაპატიებს-მეთქი“. მამამ არა უპასუხა რა, მაგრამ, გულში უთუოდ ენიშნა დედას სიტყვები”...
როგორც ვხედავთ, მიხეილისთვის დაპატიმრება არც „გაუგებრობა” იყო და არც მოულოდნელობა. როგორც იტყვიან ხოლმე, იგი „ჩემოდანზე იჯდა” და ისე ელოდა გოგლიძეებსა და ქობულოვებს, კრიმიანებსა და ბაბალოვებს...
მან ჯერ კიდევ 1927 წელს იწინასწარმეტყველა საკუთარი აღსასრული.
– ალბათ, მხედველობაში გაქვთ მიხეილის ლექსი, რომელიც მან დაწერა თავისი დაბადების დღის მეორე დღეს – 1927 წლის 21 ნოემბერს, ხომ ასეა?
– ლექსში გვხვდება ასეთი სტრიქონები: „უცებ ჩამიწყდა ბეწვისა ხიდი”... „ღმერთო, მიშველე, ჯერ ნუ გამწირავ”... „მე ჯერ არ მითქვამს ჩემი სათქმელი”... ამ სიტყვების დაწერიდან, ლამის ათი წელი კიდევ იცოცხლა. მიხეილი ბოლშევიკებს კარგად იცნობდა, იცოდა, ისინი გულუხვობას არ გამოიჩენდნენ... ჩემი აზრით, „ჯაყოს ხიზნებითა” და „არსენა მარაბდელით” გადმოსცა მან თავისი სათქმელი...
– ალბათ, ძალზე ბევრი ჩანაფიქრი დარჩა განუხორციელებელი...
– ძალზე ბევრი... მხოლოდ ორ მათგანზე შევჩერდები. მიხეილს სურდა, როგორც თვითონ დაარქმევდა – „ისტორიული რომანების” დაწერა გიორგი სააკაძეზე და შამილზე...
რატომღაც, მგონია, რომ შამილს სამი კუთხით წარმოაჩენდა: უპირველესად, როგორც თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის შეუპოვარ მებრძოლს; შემდეგ – როგორც ფიზიკური და სულიერი ვაჟკაცობის ეტალონს და, ბოლოს, როგორც ალექსანდრე ბატონიშვილის უკანონო ვაჟს, ქართული გენის მატარებელს... საერთოდ, უკანონო შვილების თემა, მისი, როგორც მწერლის, „სუსტი წერტილი” გახლდათ...
რაც შეეხება დიდ მოურავს, მისი პიროვნებით დაინტერესების ფაქტს უბის წიგნაკში არსებული ჩანაწერებიდანაც ვიგებთ და „ჯაყოს ხიზნების” ერთი ეპიზოდის გაშიფვრასაც მსგავს მოსაზრებამდე მივყავართ. კერძოდ, როცა თეიმურაზი თავისი სახლის ჭერის თავზე აღმოაჩენს ძველი გუჯრებითა და წიგნებით სავსე სამ ყუთს და მათ გულმოდგინედ შესწავლას შეუდგება, მას ჰგონია, რომ „საქართველოს ისტორიის მეჩვიდმეტე საუკუნე გადმოატრიალა”...
მეჩვიდმეტე საუკუნეში „საქართველოს” ნაცვლად არსებობდა ქართლი, კახეთი, იმერეთი... რადგან იმ გუჯრებში ამილახორები, ერისთავები, მაჩაბლები, ამირეჯიბებია ნახსენები, აშკარაა, ქართლის სამეფოა სავარაუდებელი. ისიც აშკარა მგონია, რომ, როცა მეჩვიდმეტე საუკუნის ქართლის „ბუნდოვან ამბებს” ეხებიან, თავისთავად წამოტივტივდება დიდი მოურავის სახელი... იქვე ნახსენები „მოხუცი მწიგნობარი” კი, ექვთიმე თაყაიშვილი უნდა იყოს...
საერთოდ, ჯავახიშვილებს საკმაოდ რთული, ჩახლართული ურთიერთობები ჰქონდათ ქართლის მოურავთან, მიხეილის ნატურის კაცი კი ამ თემისადმი გულგრილი ვერ დარჩებოდა... ძალიან შორიდან ვუვლი სათქმელს... თვითონ მოურავის პიროვნება ისედაც აღძრავდა ინტერესს ყოველ თავმოყვარე, „ქართლის პატრიოტ” რომანისტში. გამორიცხული არ არის, რომ ავტორს ჯაყო ჯივაშვილის პროტოტიპში მოაზრებული პერსონა, ამჯერად გიორგი სააკაძისათვის „ჩაეპროტოტიპებინა”!
– ერთი წუთით სასწაულის რომ ვირწმუნოთ და დავუშვათ, რომ მიხეილი 1937 წელს ცოცხალი გადარჩენოდა, ნამდვილად დაწერდა ამ ორ რომანს?
– მწერალმა ჯივაშვილის პროტოტიპს ზურაბ გურგენიძით („ქალის ტვირთი”) მოუნდომა გადაფარვა... ეს ძალზე რისკიანი სვლა იყო...
მოურავზე რომანის დაწერა ანა ანტონოვსკაიამ დაასწრო – თბილისში დაბადებულ-გაზრდილმა კოლეგამ. მიხეილმა გულწრფელად მიულოცა წარმატება თანამოკალმეს.
შამილიც „ორჭოფული” თემა გახლდათ. „შამილს სხვანაირად უცქერიან, როგორც აღმოსავლეთის ჯაშუშს და, ბევრი რამ ჯერ კიდევ გამოსარკვევია”, – უთხრა მიხეილს ხარკოვში მცხოვრებმა ცნობილმა მწერალმა და მთარგმნელმა გიორგი ნამორაძემ. მიხეილი დაეთანხმა...
– დასასრულს, იქნებ მიხეილ ჯავახიშვილის ანტისაბჭოურობის დამამტკიცებელი ორიოდე ნიმუში შემოგეთავაზებინათ ჩვენი მკითხველისთვის.
– უბის წიგნაკში არსებულ ჩანაწერებს მოგაწვდით: ტემა (ასეთი ფორმით ხმარობდა მწერალი ამ სიტყვას): „დახეული კაბა. ქალი აკერებს დახეულ კაბას, რომელიც დაუხიეს ბრძოლაში, როცა მას პატივს ხდიდნენ. „სიმბოლო.”
კაბის დახევაში მხოლოდ ეროტიკულ-პორნოგრაფიული ელემენტი რომ მოიაზრებოდეს, მწერალი აღარ მიაწერდა სიტყვას – „სიმბოლო”.
ტემა: დიმ. თავდადებული და კომი. „ჩემი თავი გამიწირავს, ოღონდ ერი გადარჩეს”. „ოღონდ მე გადავრჩე, თუნდ ერი მოსპობილა“.
„კომი” – კომუნისტის შემოკლებული ფორმაა...

скачать dle 11.3