კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ბაბულაშვილი
ფუძით ბაბულა (ბაბულია) დაფიქსირებულია გვარები: ბაბულაიძე, ბაბულიძე, ბაბულაშვილი, ბაბულაძე, ბაბულეიშვილი, ბაბულიანი.
ქაისხევის (ქისისხევი) მკვიდრნი იყვნენ ბაბულაშვილები, რომლებიც დღეს, ძირითადად დუშეთის მახლობლად, სოფელ შალიკიანთკარში ცხოვრობენ. ქაისხევშიც მათი სოფელი შალიკიანთკარის სახელს ატარებდა. ბაბულაშვილების წინაპარი ქაისხევში ქართლიდან გადმოსახლებულა. ეთნოგრაფიული მონაცემებით, ქართლელი გიგაური ზედსიძედ მოსულა, დაქორწინებულა ვინმე ბაბულაზე და მათ შვილებს დაუდევთ საფუძველი ბაბულაშვილების გვარისთვის.
ქაისხევიდან დუშეთის მახლობლად გადასახლება 1936-1937 წლებში მოხდა. ასე გაიარა აღნიშნულმა გვარმა მთიდან მთისწინეთსა და მთისწინეთიდან ბარში გადასახლების გზა.
ქაისხევში ბაბულაშვილების სალოცავი იყო წმიდა კვირიკე.
1781 წელს ქაისხევში მკვიდრობდნენ: „ბოგანო ბაბულაშვილი, პატარკაცი“.
1873 წლის კამერული აღწერის მასალებში ბაბულაშვილები (ხუთი ოჯახი) ქაისხევის სოფელ აზაურთკარის მცხოვრებლად არიან დასახელებულნი.
საქართველოში 79 ბაბულაშვილი ცხოვრობს: დუშეთში – 47, მცხეთაში – 11, ზესტაფონში – 7. არიან სხვაგანაც.
შიუკაშვილი
შიუკაშვილი ქართული მთიულური გვარია. გვარის ძირ-ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელიდან – შიოდან წარმოქმნილი მოფერებითი სახელი შიუ.
ქსანზე, ხეობის სათავეში, ყოფილა ადგილი, რომელსაც ადრე რქმევია უკანუბანი, ახლა მას შიუკაანთს ეძახიან. ეს შიუკაანი, რომლებიც შიუკაშვილებად იწერებიან, დავითურებთან სახლიკაცობენ. ისინი დავითურების სალოცავში – ადგილის დედაში გადადიოდნენ. შიუკაანთ გარდა აქ მოდიან სხვა სოფლებიდანაც: ბაშარნიდან, მახიარეთიდან მაჭარეანიდან, თან კურატებიც მოჰყავდათ.
ასე რომ, შიუკაშვილები და დავითურები ერთი გვარისანი არიან. მთხრობელმა აღნიშნა: „შიუკაანი კი ჩვენებია და დანარჩენებს რა წილი ჰქონდათ ჩვენს ხატში, არ ვიცი“.
შიუკაშვილთა ნაწილი რუსებმა შიუკაევებად ჩაწერეს. ამიტომ, ისინი ბევრს უკვე გადამთიელები ჰგონია, რაც არასწორია.
საქართველოში 1 742 შიუკაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 455, თელავში – 448, გორში – 272. ცხოვრობენ სხვაგანაც.
ქუჩულორია
ვარაუდით, რთულფუძიანი გვარია. ქუჩულორი, ორი კომპონენტისგან, საკუთარი სახელებით – ქუჩუ და ლორი – შედგება.
ქუჩულორია იშვიათად გვხვდება ქუჩულიას ფორმითაც.
საქუჩლორიო უბანია ფოცხოში. ნაქუჩოლორი კი ტყე – ბეთლემში, კერძოდ, ლებარკალაოეში. ნაქუჩულუ ბუჩქნარია ლეთორდეში (მუხური).
წალენჯიხასა და მის ახლომახლო სოფლებში მცხოვრები ქუჩულორიები მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეების მიჯნაზე საუფლისწულო აზნაურები ყოფილან.
მეორე ვარიანტით: გოქუჩულუა მცენარის აყვავებას ნიშნავს, ზმნის მიმღეობა – ქუჩულორი, ანუ „აყვავებული“, „აღმოცენებული“– მიჩნეულია მეტსახელად.
მეოცე საუკუნის დამდეგს, უშაფათსა და წალენჯიხაში მოსახლე ქუჩულორიების ერთი ნაწილი აზნაურის წოდების იყო.
საქართველოში 168 ქუჩულორია ცხოვრობს: წალენჯიხაში – 51, თბილისში – 37, ზუგდიდში – 31. ცხოვრობენ სხვაგანაც.
შამილიშვილი
ჩრდილოკავკასიის ხალხების გამოჩენილმა წინამძღოლმა, შამილმა, რომელიც წინ აღუდგა რუსეთის კოლონიურ პოლიტიკას და საყოველთაო შეიარაღებული ბრძოლა გააჩაღა, კიდევ უფრო გააღრმავა ხალხის სურვილი, რომ შვილებისთვის სახელად შამილი დაერქმიათ. შამილი უფრო ფართოდაა გავრცელებული აჭარაში. გაჩნდა გვარი შამილაძე და შამილიშვილი.
ზოგი გორგაძე შამილაძედ ჩაწერილა; ისეც მომხდარა, რომ არაბული სახელი შამლუ შამილაძედ გადაკეთებულა.
იოსებ ბექირიშვილის მიხედვით, შამილი დაღესტნიდან მომდინარეობს, რომელიც მიღებულია ძველებრაულ სამოელ-სამოილიდან, ისე, როგორც ქართული გვარი სამველიძე, რაც ღმერთის მიერ შესმენილს ნიშნავს.
საქართველოში 315 შამილიშვილი ცხოვრობს: ქობულეთში – 267, ბათუმში – 32, თბილისში – 3. არიან სხვაგანაც.
მარიამული
მარიამული და მარინდაშვილი ერთი და იგივე გვარია. მარიამი ძველებრაული სახელია და მოეპოვება რამდენიმე განმარტება: „შეუპოვარი“, „დაუმორჩილებელი“, „უარმყოფელი“, „მწარე“, „ქალბატონი“, „საყვარელი უფლისა“. ყველაზე სავარაუდოდ კი, ითვლება პირველი მნიშვნელობა.
„მარიამული დემეტრე იყო მოწმე გიორგი ზანდარაშვილის მიერ დიღმის წმიდა გიორგის ეკლესიისთვის მიცემული მამულისა და კულუხის შეწირულობის წიგნისა“ (1606-1615 წლები).
„მარიამული ესტატე, იგივე მარინდაშვილი ესტატე, მოწმე იყო დათუნასი მიწის ნასყიდობის წიგნში“ (1669 წელი).
მარინდაშვილი (იგივე მარიამული) თანდილა კი მოიხსენიება 1656 წელს.
საქართველოში 102 მარიამული ცხოვრობს: მცხეთაში – 78, თბილისში – 24.  არიან სხვაგანაც.
ხოხობაშვილი
ხოხობაშვილებს მიაჩნიათ, რომ მათი გვარი თბილისის დაარსებასთან და თბილ წყლებში ჩავარდნილ ხოხობთანაა დაკავშირებული.
ხოხობაშვილების სამშობლოა მატანი, ახმეტის რაიონი. მომდინარეობს საკუთარი სახელიდან – ხოხობა. ამავე ძირისაა გვარი ხოხობაია.
საქართველოში 651 ხოხობაშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 500, თბილისში – 79, თელავში – 18. არიან სხვაგანაც.
იაგანაშვილი
გვარის ფუძედ გამოყენებულია მამაკაცის საკუთარი სახელი იაგანი.
„იაგანაშვილი დავითა, ქალაქში მცხოვრები, დიღომში ნასყიდი ვენახით შაყუბათ ბარათაშვილმა საკანონოდ შესწირა სვეტიცხოველს” (1493 წელი).
„იაგანაშვილი თევდორე, სამშვილდეს მცხოვრები, ჰამზა იაგანაშვილთან ერთად როსტომ მეფემ უწყალობა მოლარეთუხუცესს შიოშ ხმალაძეს” (1643 წელი).
იაგანაშვილებს უცხოვრიათ ქვემო ქართლში და შემდეგ გადასულან კახეთში.
საქართველოში 252 იაგანაშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 183, თბილისში – 38, რუსთავში – 19. არიან სხვაგანაც.
ტაბეშაძე
გვარის ფუძედ წინაპრებს გამოუყენებიათ საკუთარი სახელი ტაბი, ტაბა. ტაბეშაძე ორსუფიქსიანი გვარია: შა+ძე. ტაბა-ზე, დაშენებული ქართული გვარია ტაბაშაძე. ტაბარუკი სოფელია გარდაბნის რაიონში და, აქედანაა, ასევე გვარი ტაბა-რუკაშვილი.
ტაბა ფუძედაა სახელსა და გვარებში: ტაბატაძე (ტაბატა), ტაბაღუა (ტაბაღი). ტაბახი უძველესი ეთნონიმია ძველი აღმოსავლეთის მოსახლეობიდან, ამავე ძირისაა ტაბახია, ტაბაშიძე.
ტაბეშიძე, შესაძლებელია, ლაზური გაფორმების გენეტიკური სახელი იყოს (გვარის ფუნქციით).
ტაბეშაძე იმერეთში წარმოშობილი, იმერული გვარია.
საქართველოში 236 ტაბეშაძე ცხოვრობს:  ბაღდათში – 164, ქუთაისში – 24, თბილისში – 16. არიან სხვაგანაც.
სვინატაშვილი
ისტორიულ საბუთებში გვარი გვხვდება ორი ფორმით, კერძოდ, სვინატაშვილი და სინატიშვილი. უფრო ადრინდელია სვინატაშვილი. დამოწმებულია იმერეთის ეპარქიის საეკლესიო-მეტრიკულ წიგნში, 1821 წლის ჩანაწერში, შესაძლოა, იყოს უფრო ადრეც.
ფუძე სვინა ქართული სიტყვაა და „შვილის მომნათლავსა“ და „ნეფის მეჯვარეს“ ნიშნავს.
ფუძით სვინ, სვინა, გვხვდება გვარი სვინტრაძე.
ფორმით სინატა დღევანდელი სინატაშვილების გვარია, რომელიც ძირითადად მოიხსენიება სოფელ რიონში. არიან მაცხოვრისა და ფერისცვალების ეკლესიებში მონათლულები, როგორც ქართველი მართლმადიდებლები.
იმერეთის ეპარქიის საეკლესიო მეტრიკულ წიგნში, 1821 წელს ასეთი ჩანაწერი გვხვდება: „სოფელს რიონს მცხოვრებმა სვიმონ სვინატაშვილმა, მეორითა ქორწინებითა, იქორწინა დარეჯანთან, გვირგვინი უკურთხა მღვდელმა იესე ჩხიკუაძემ (ჩხიკვაძე)“. საეკლესიო ჩანაწერებში, 1882 წელს, ასევე, დაფიქსირებულია: „გლეხმა სიმონ პეტრეს ძე სინატაშვილმა, მართლმადიდებელი სარწმუნოების აღსარებისა, პირველის ქორწინებით ცოლად შეირთო იქვე მცხოვრები გლეხის, ანტონ მანჩალაძის (დღევანდელი მაჩალაძის) ასული ირინა, მართლმადიდებლის სარწმუნოების აღსარების, პირველის ქორწინებითა. მღვდელი მორჩაძე, პროჩეტნიკი მარკოზი“.
საქართველოში 456 სვინატაშვილი ცხოვრობს: ქუთაისში – 266, წყალტუბოში – 154, თბილისში – 36.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

скачать dle 11.3