კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის ქალის შურისძიება კაცისაზე უფრო ვერაგული და რატომ არ შეიძლება მეგობრის ცოლთან ფლირტი


ამბობენ, რომ ყველაფერი სიტუაციაზეა დამოკიდებული და საერთოდაც, გარემოება ქმნის შეგნებას. ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე. არავინ იცის, როდის, რა სიურპრიზს უნდა ელოდეს მისგან. მოგებულია ის, ვინც არ ჰყვება ემოციას. მშვიდად, საღად აფასებს მოვლენებს და არასოდეს იღებს სპონტანურ გადაწყვეტილებას. შურისძიებაც მძაფრი ემოციის პირმშოა. როცა ძალიან გატკენენ, რთულია, გადაწყვეტილება „ცივი„ გონებით მიიღო. თუმცა, ალბათ, არსებობს აკრძალული ხერხები, რომლებიც არ უნდა გამოიყენო, რომ შენს „სამართლიან“ შურისძიებას, უდანაშაულო ადამიანი არ ემსხვერპლოს.


ზურა (32 წლის): მე არ ვარ ისეთ ასაკში, რომ ყველაფერი, რაც შემემთხვა გამოუცდელობას დავაბრალო. ვფიქრობ, სიყვარულმა დამაბრმავა. რა სასაცილოდ ჟღერს, არა?! თვრამეტი წლის ბიჭი არ იტყვის, სიყვარულმა დამაბრმავაო. მაგრამ იმას, რაც მე დამემართა, სხვა სახელს ვერ ვუძებნი. თავის გამართლებაც არაფერ შუაშია. საამისო არაფერი დამიშავებია. მაგრამ შეცდომები დავუშვი, თანაც სერიოზული შეცდომები. ჩემი ყველაზე მთავარი შეცდომა კი ის არის, რომ საკუთარ თავს ამ სიყვარულის უფლება მივეცი. ბაბუაჩემი იტყოდა ხოლმე, – მეგობრის ოჯახში პატიოსანი კაცი ძაღლს არ მოეფერება სხვანაირადო. მე ლილიკოს იქამდეც ვიცნობდი, სანამ ჩემი მეგობრის ცოლი გახდებოდა. სამივე ვმეგობრობდით და შოკი იყო ჩემთვის, როცა უცებ გავიგე, რომ ლილიკო კახას გაჰყვა ცოლად. მათი სიყვარული აბსოლუტურად მოულოდნელი გამოდგა ჩემთვის.

– რატომ?

– იმიტომ, რომ ლილიკო ორივეს ერთნაირად გვექცეოდა. მე არ შემიმჩნევია მისთვის, რომ კახა უყვარდა. როდის მოასწრეს ერთმანეთს სიყვარულში გამოტყდომოდნენ, ვერაფრით მივმხვდარვარ. თქვენ, ალბათ, მეტყვით, რომ ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა და რომ მე, ნებისმიერ შემთხვევაში, მათი გადაწყვეტილებისთვის პატივი უნდა მეცა. გეთანხმებით. როცა ორი ადამიანი ერთად ცხოვრებას გადაწყვეტს, იქ მესამე ზედმეტია. ვიყავი კიდეც ზედმეტი. მე ეს სრულიად გავაცნობიერე, მაგრამ მათთან ურთიერთობაზე უარი არ მითქვამს.

– იმიტომ რომ, თქვენს სიყვარულთან ახლოს ყოფილიყავით?

– შეიძლება. თუმცა, მარტო ამიტომ არა. ჩვენ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვმეგობრობდით. თითქმის სულ ერთად ვიყავით. კახა ჩემს საუკეთესო მეგობრად მიმაჩნდა. არ არის ადვილი, ხელის ერთი მოსმით ყველაფერზე უარი თქვა. ისინი დაქორწინდნენ, მე მარტო დავრჩი. მაგრამ ამის გამო არ დავბოღმილვარ და გულში ცუდი არაფერი ჩამიდევს.

– ჩვეულებრივად გრძნობდით მათ გვერდით თავს? კომფორტულად?

– არა. კომფორტულად როგორ ვიქნებოდი. ლილიკო ძალიან მიყვარდა და იმის ყურება, როგორ ეხუტებოდა და ეფერებოდა ქმარს, ნამდვილი ტანჯვა იყო ჩემთვის, მაგრამ ის უფრო გამტანჯავდა, საერთოდ რომ არ მენახა. პასუხისმგებლობის გრძნობაც მქონდა მის მიმართ. მინდა, სწორად გამიგოთ. როცა კაცს ქალი სერიოზულად უყვარს, მასზე ზრუნვის მოთხოვნილება უჩნდება.

– ამით იმისი თქმა გინდათ, რომ ქმარი მასზე არ ზრუნავდა?

– რა არის, იცით, ცოტა უხერხულია, როცა ერთი კაცი მეორეზე ჭორაობს. მე ჩემი შეხედულებები მაქვს ქალისა და კაცის ურთიერთობაზე. სხვანაირად წარმომიდგენია ოჯახი. ვფიქრობდი, ლილიკო ჩემი ცოლი რომ იყოს, სხვა ქალისკენ აღარასოდეს გავიხედავ-მეთქი. ცოლი არ იყო და მაინც ვერ ვიხედებოდი სხვებისკენ. სულ გვერდით რომ მყოლოდა, უბედნიერესი კაცი ვიქნებოდი.

– როცა ქალი მიუწვდომელია, ყველა კაცი ასე ფიქრობს.

– არა, არა. ვერ დაგეთანხმებით. თქვენ იმას მეუბნებით, რომ მამაკაცისთვის ქალი მანამდეა ფასეული, სანამ ხელში ჩაიგდებს?! რა სისულელეა. შეიძლება, სხვა მამაკაცები მართლაც ასე ფიქრობენ, მაგრამ მე მათ რიცხვს არ მივეკუთვნები. თუ გიყვარს, შენიც გიყვარს და იქამდეც, სანამ შენი გახდება. ლილიკო რომ ჩემი ცოლი ყოფილიყო, ისე ნამდვილად არ მოვექცეოდი, როგორც კახა ექცეოდა.

– როგორ ექცეოდა – სცემდა, ეჩხუბებოდა, სახლიდან გარეთ არ უშვებდა?..

– ცუდად მოქცევა მარტო ცემა და ჩხუბია? ეგ არის უკიდურესი სისასტიკე და კაცი, რომელიც ცოლს ასე ექცევა, არ არის ნორმალური. იმას სხვა პრობლემები აქვს და მკურნალობა სჭირდება. ამაზე არ არის ლაპარაკი. კახასთვის ოჯახი არ აღმოჩნდა ის, რაც იქნებოდა, მაგალითად, ჩემთვის. მერე რა, რომ ცოლი მყავს. ამის გამო გართობა-სიამოვნებაზე უარი რატომ უნდა ვთქვაო. მართლა არაფერს იკლებდა. ცოლი არაფერში უშლიდა ხელს – ქეიფი, დროსტარება, ბარები და ღამის კლუბები... ლილიკო კი იჯდა სახლში და ელოდებოდა ქმარს. მე რამდენჯერმე ვცადე, კახასთვის მიმენიშნებინა, რომ არ იქცეოდა სწორად. მაგრამ მაშინვე მიმახვედრა, ეს შენი საქმე არ არისო.

– ღალატობდა ცოლს?

– თავიდან არ მქონდა ამის დამადასტურებელი საბუთი. გართობა გართობაა, მაგრამ ღალატი კიდევ სხვა რამეა. ფაქტზე ნამდვილად არ წამისწრია. ზედ არ წავდგომივარ. მაგრამ მეც კაცი ვარ და არ შემეშლება იმის გამოცნობა, როგორ უყურებს კაცი ქალს. ლილიკო, ბუნებრივია, ვერაფერს ხედავდა. სახლში იყო და რა უნდა დაენახა. კახამაც აიწყვიტა...

– თქვენ იცოდით, როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან თქვენს მეგობარს და მის ცოლს?

– ანუ, ჩხუბობდნენ თუ არა? მგონი, რომ კი. რომელ ქალს მოეწონება, ქმარი გამთენიისას რომ მიდის სახლში. მე რამდენჯერმე ვუთხარი კახას, ლილიკო ცოდოა, სახლში რომ გამოგიკეტია და შენ ერთობი, ისიც წამოიყვანე-მეთქი.

– რა გიპასუხათ?

– ლილიკოს არ უყვარს ხმაურიანი წვეულებები და ბევრი ხალხი. თავისთვის, მშვიდად ყოფნა უყვარს საღამოობით. მე კი არ შემიძლია, სულ ტელევიზორის წინ ვიჯდე საშინაო ჩუსტებით. ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ ამისთვისო.

– როგორც მივხვდი, გასართობად ერთად დადიოდით.

– ხომ გითხარით, რომ მეგობარი იყო ჩემი. თანაც მე, მისგან განსხვავებით, ცოლი არ მყავს და თუ სადმე, ვინმესთან გავერთობი, სინდისი არ შემაწუხებს. მაგრამ, დამიჯერებთ, რომ ვერ ვაკეთებდი ამას. სულ ლილიკოზე ვფიქრობდი და სხვა ქალებთან არაფერი გამომდიოდა, აღარ მქონდა მათთან ურთიერთობის სურვილი.

– არ გიფიქრიათ იმაზე, რომ თქვენ არ გქონდათ ამ სიყვარულის უფლება?

– როგორ არა. იმიტომაც ვიყავი ჩუმად და ვცდილობდი ჩემი სიყვარულის დამალვას. ლილიკოს რომ არ შეემჩნია, მაგრამ ქალები უთქმელადაც ყველაფერს გრძნობენ და ხვდებიან. მე არა ვარ ბედნიერი ამ სიყვარულით. პირიქით, თუ რამე ცუდი მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ყველაფერი ამ სიყვარულის ბრალია. შეცდომა შეცდომაზე დავუშვი. შეიძლება, ეს იმიტომ დამემართა, რომ ქალებს ძალიან ცუდად ვიცნობდი. ლილიკო იყო ერთადერთი ქალი, რომელზეც მე სერიოზულად ვფიქრობდი. ქალთან არ ვყოფილვარ-მეთქი, ამას არ ვამბობ, მაგრამ მარტო ფიზიკური სიახლოვით ქალს ვერ გაიცნობ. წარმოდგენა არ მქონდა ქალურ შურისძიებაზე. ვერაფრით ვიფიქრებდი, ასეთი საშიში თუ იქნებოდა. ცოლ-ქმარს შორის ატეხილ ომში ერთადერთი მსხვერპლი მე აღმოვჩნდი. გათხოვილი ქალის სიყვარული არ შეიძლება, სათოფეზე არ უნდა გაეკაროს ჭკვიანი კაცი. მე კიდევ იმაში დავრწმუნდი, რომ ქალმა მეგობრობა არ იცის. მით უმეტეს, როცა შურისძიება აქვს ჩაფიქრებული.

– შურისძიება ვისზე?

– საკუთარ ქმარზე. ჩემი ბრალიც არის. ლილიკოს ვერ დავადანაშაულებ. თუმცა, მისი საქციელი აბსოლუტურად გაუგებარია ჩემთვის. არაფერში არ ჯდება. რომ ვფიქრობ, რა გააკეთა, შოკში ვვარდები.

– მაინც, რა მოხდა?

– მოხდა ის, რომ ქალმა გამასულელა და შურისძიების იარაღად გამომიყენა. ვერ მიპატიებია საკუთარი თავისთვის, საერთოდ რატომ ჩავერიე მათ ურთიერთობაში. საერთოდ არ უნდა დავინტერესებულიყავი მოტყუებული ივლიდა ლილიკო თუ ქმრისგან განებივრებული. სულ არ უნდა ამომეღო ხმა.

– ანუ, იმის თქმა გინდათ, რომ კაცმა კაცს საიდუმლო ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შეუნახოს?

– მიმაჩნია, რომ კი, უნდა შეუნახოს. მე რომ ხმა არ ამომეღო, არ მეთქვა, რაც ვნახე, ამ შარში არ გავეხვეოდი. მაგრამ, ქვისა არ ვიყავი და ლილიკოს ცრემლებს ვერ გავუძელი. თან არაფერი მომიგონია, ყველაფერი ჩემ თვალწინ მოხდა.

– თქვენ თვალწინ უღალატა ცოლს?

– შეიძლება ითქვას, რომ კი. ჩემ თვალწინ ეხვეოდა და კოცნიდა სხვა ქალს. ისე ცეკვავდა მასთან, რომ ნერვები მომეშალა. ეფერებოდა და ეხუტებოდა. საერთოდ არ მორიდებია ჩემი.

– სავარაუდოდ, დარწმუნებული იყო, რომ მის ცოლს არაფერს ეტყოდით.

– საქმეც ეგაა. დარწმუნებული იყო. სჯეროდა, რომ ლილიკო ჩემგან ვერაფერს გაიგებდა. თან იმ დღეს მასთან ვიყავი სახლში. წესით, სამივე უნდა ვყოფილიყავით ამ წვეულებაზე, მაგრამ ლილიკო თავს შეუძლოდ გრძნობდა და წამოსვლაზე უარი თქვა. კახას ვუთხარი, იქნებ საერთოდ აღარ წავიდეთ ამ დაბადების დღეზე. მეც ცოტა მეზარება-მეთქი. ჩვენი თანამშრომლის შვილის დაბადების დღე იყო და რესტორანში უხდიდა დიდი ზარ-ზეიმით. არ იყო ისეთი „სასტავი„, რომ აუცილებელი ყოფილიყო ჩვენი იქ ყოფნა. პირადად მე, ლილიკოსთან დარჩენა და მასთან ერთად ტელევიზორის ყურება მერჩივნა, ისე საყვარლად იყო მოკუნტული სავარძელში. არ მესმის, ან კახა როგორ ტოვებდა მარტოს. რატომ არ გაუჩნდა მასზე ზრუნვის, მოფერების, ჩახუტების სურვილი. პირიქით, ძალიან უკმაყოფილო იყო, რომ ლილიკო არ მოდიოდა. თქვა, ჯიბრით მექცევა ასეო.

– თქვენც სცადეთ, ცოლ-ქმარს შორის დაძაბული სიტუაცია თქვენ სასარგებლოდ გამოგეყენებინათ.

– არა. ნუ ფიქრობთ ასე. მე არაფერი დამიგეგმავს და ინტრიგები არ დამიხლართავს. უბრალოდ, როცა ლილიკომ ტირილით დამირეკა, სიმართლე მითხარი, გუშინ ჩემს ქმარს ვინმესთან არშიყი ხომ არ დაუწყიაო, აღარ დავუმალე ის, ვუთხარი რაც ვნახე.

– უთხარით, სხვა ქალს ეხუტებოდაო?

– მთლად ასე არ მითქვამს, მაგრამ მივახვედრე, რომ არ მოიქცა ისე, როგორც ცოლიან კაცს შეშვენის. „ეგ იდიოტი, მაგას ვუჩვენებ სეირს. მე კი მომატყუა, რომ ძალიან დათვრა და რომ არ გავბრაზებულიყავი, ღამით შენთან დარჩა„. მივხვდი, რომ კახამ გამომიყენა. ალბათ, იმ გოგოსთან ერთად იყო და ცოლს ისე უთხრა, ზურასთან დავრჩიო, რომ არც გამაფრთხილა.

– იმიტომ, რომ დარწმუნებული იყო თქვენს ერთგულებაში.

– ვინმეს ერთგულებაში რომ დარწმუნებული იყო, ჯერ ერთგულების ფასი უნდა იცოდე. მე არ განვიკითხავ ჩემს ყოფილ მეგობარს. ყოფილს, იმიტომ ვამბობ, რომ ზუსტად ვიცი, მათთან ჩემი ურთიერთობა დამთავრდა. იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მოხდა, ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. ლილიკოსთან ლაპარაკის შემდეგ, უკვე გვიან, კახა მომადგა სახლში. ცოლმა მიმატოვაო. თავისი ტანსაცმელი ჩაალაგა და დედამისთან წავიდაო. ეტყობა, იეჭვიანა. ხომ იცი, ამ ქალაქში ხალხს როგორი გრძელი ენები აქვთ. ალბათ, იმ დაბადების დღეზე იყო ვიღაც ისეთი, ვინც დაურეკა და უთხრა, ღამე ვისთანაც გავატარე. ახლა შენი იმედი მაქვს, როგორმე უნდა დაარწმუნო, რომ შენთან ერთად ვიყავიო. ამას ვერ გავაკეთებ-მეთქი. რატომო? იმიტომ რომ, ვერ ვიტან ტყუილს და ლილიკოს ვერ მოვატყუებ-მეთქი. კახა გაბრაზდა. აბა, ძმაკაცი რისთვის მინდაო. მე შენ გაგაფრთხილე, რომ კარგად არ იქცეოდი და შენი „გართობები„ ცუდად დამთავრდებოდა-მეთქი. რა უნდა, გელაპარაკოო, მითხრა და კარი გაიჯახუნა. ერთი საათიც არ იყო გასული, რომ ლილიკომ დამირეკა. მადლობელი ვარ შენი, რომ არ მომატყუე. ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს და შეიძლება, მოვიდეო?

– არ მითხრათ, რომ არ გაგახარათ მისმა სიტყვებმა.

– ეს ჩემი პრობლემაა. გამეხარდა თუ არ გამეხარდა, მათთვის ოჯახი მე არ დამინგრევია.

– მაგრამ თქვენ არ შეუნახეთ მეგობარს საიდუმლო.

– მე ტყუილი არ ვთქვი, ანუ ტყუილი უნდა მეთქვა და ისე გადამერჩინა მათი ურთიერთობა? მაშინ საკუთარ თავთან მართალი არ ვიქნებოდი.

– ახლა ხართ საკუთარ თავთან მართალი?

– ვიცი, რასაც ფიქრობთ ჩემზე, რომ მე ვუღალატე მეგობარს, საკუთარ თავს მისი ცოლის შეყვარების უფლება მივეცი. მაგრამ, მე ლილიკო მანამდეც მიყვარდა, სანამ კახას ცოლი გახდებოდა. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ვერ გავუძელი იმის ყურებას, როგორ ატყუებდნენ ჩემს საყვარელ ქალს. პრობლემა ეს არ არის. პრობლემა ის არის, რაც ლილიკომ გააკეთა. მოვიდა ჩემთან და მითხრა, ჩემი და კახას ურთიერთობა დასრულდა. მე მას ღალატს ვერ ვაპატიებ. ვიცი, რომ გიყვარვარ. მოდი, ვცადოთ, იქნებ გამოგვივიდეს ერთად ყოფნაო. წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა ამ სიტყვების მოსმენისას. მეგონა, გული გამიჩერდა. იცი, რას ამბობ-მეთქი. ვიციო და მომეხვია. მაინტერესებს, რომელი კაცი გაუძლებდა ასეთ ცდუნებას. მუხლები მომეკვეთა. ლილიკო ისეთი გულწრფელი ჩანდა, ვიფიქრე, მორჩა, ამის შემდეგ სულ ერთად ვიქნებით-მეთქი. უკვე იმაზე ვფიქრობდი, რას ვეტყოდი კახას, რომ უცებ, სახლში ვიღაც შემომივარდა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ეს კახა იყო. სიტყვა არ მათქმევინა, ისე დამარტყა. შე ნაძირალაო. ეს ის არ არის, რასაც შენ ფიქრობ-მეთქი. ამ დროს ლილიკომ ისეთი რაღაც თქვა, შოკში ჩავვარდი. კახას წინ დაუდგა და უთხრა: აბა, რა გეგონა, რომ მღალატობდი. ნებისმიერ დროს შემიძლია, რქები დაგადგა და შენს საუკეთესო ძმაკაცს დავუწვეო. ლამის გავაფრინე. ვიფიქრე, კახა ახლა, ალბათ, ლილიკოს სცემს-მეთქი და მოვემზადე მის დასაცავად, რომ წარმოუდგენელი რაღაც მოხდა. კახა ლილიკოსთან მივიდა და ლამის ტირილით სთხოვდა პატიებას. გეფიცები, აღარასოდეს შევხედავ სხვა ქალს, ოღონდ, ამასთან არ დარჩე. წამოდი, შევრიგდეთ და დავივიწყოთ, რაც მოხდაო.

– შერიგდნენ?

– გიკვირთ? შერიგდნენ. ლილიკომ დამირეკა და მითხრა, შენთან კარგად არ გამომივიდა, მაგრამ ჩემი ოჯახის შენარჩუნებისთვის, ეს უნდა გამეკეთებინაო. ომში ყოველთვის არის მსხვერპლი. ჩემი და ჩემი ქმრის ომში მსხვერპლი შენ აღმოჩნდიო. წარმოდგენა არ მაქვს, როდის და როგორ გააფრთხილა თავისი ქმარი, რომ ჩემთან იქნებოდა. პრინციპში, არც მაინტერესებს. მთავარი ის არის, რომ გამომიყენა. ჩემი სიყვარული აბუჩად აიგდო. თან სცოდნია, რომ მიყვარდა. ეს კიდევ უფრო მტკენს გულს.

– მან თავისი ოჯახი გადაარჩინა, გამართლება აქვს.

– არ ვიცი. შეიძლება, თქვენ მართალი ხართ, მაგრამ მე ამას ვერასდროს ვაპატიებ. გამორიცხულია. მან მე რწმენა დამაკარგვინა, უკვე ეჭვი მეპარება, შევძლებ კი, როდისმე ვინმეს ისევ შეყვარებას?!


скачать dle 11.3