კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაურჩა სასტიკ დამნაშავეებს რესტორნების მეპატრონე ქალი და როგორ მიაგნეს ყაჩაღების კვალს საბედისწერო ფეხსაცმლით

19 წლის ნიკა გვაზავას და 18 წლის მარიამ ფერაძეს  დანაშაული,  რომელიც სპონტანურად დაგეგმეს, რათა მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „ცხოვრება უფრო საინტერესო გაეხადათ”, სასამართლომ ოთხწლიან  პატიმრობად „შეუფასა“. გამოუცდელი ახალგაზრდების კრიმინალური დებიუტის მცდელობა  სისხლის სამართლის რამდენიმე მუხლით დაკვალიფიცირდა, ახალგაზრდებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს და მოინანიეს კიდეც. ისტორიამ, რომლის დეტალებიც თავად მათგან გახდა ცნობილი, თვით  მრავლის მნახველი სასამართლო კოლეგიაც კი გააოცა, ხოლო დამსწრე საზოგადოება, მათ შორის  დაზარალებულიც კი, თანაგრძნობით განაწყო, თუმცა, კანონისთვის ახალგაზრდების კრიმინალური ექსპერიმენტი მხოლოდ და მხოლოდ  კრიმინალური ფაქტი იყო, ფაქტი, რომელიც ადეკვატურ სასჯელს მოითხოვს.
ნიკა გვაზავა და მარიამ ფერაძე  მეზობლები და მეგობრები იყვნენ,  ნიკა ბავშვობაში დაობლდა, მამის გარდაცვალების შემდეგ დედა თურქეთში გადავიდა საცხოვრებლად, იქ გათხოვდა და შვილის არსებობა სულ დაავიწყდა. ნიკა კეთილი ადამიანებისა და  მეზობლების დახმარებით იზრდებოდა. როცა წამოიზარდა, გარდაცვლილი  მამის მეგობარმა მონასტერში წაიყვანა, სადაც ერთი წელიწადი დაყო, შემდეგ კი ისევ ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდა. რთული  ბავშვობა ჰქონდა მარიამ ფერაძესაც: მისი  მშობლები  კრიმინალური დანაშაულის მსხვერპლნი იყვნენ. გოგონა გაზარდა ბებიამ, რომელიც ნიკა გვაზავას მეზობლად ცხოვრობდა და თავისი შვილიშვილის ლუკმას ობოლ ბიჭსაც უყოფდა ხოლმე. ნიკა და მარიამი დღედაღამ ერთად იყვნენ. ერთხანს ბავშვები  სახლიდანაც კი გაიქცნენ და მათი მოძებნა პოლიციის  ჩარევის შემდეგ მოხერხდა – სამართალდამცველებმა დაკარგულ ბავშვებს ტყეში მიაგნეს, სადაც ისინი ორ მეგობართან ერთად კარავში ცხოვრობდნენ. მოგვიანებით ნიკა და მარიამი ექსტრემალური სპორტით დაკავდნენ, რაც, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ცხოვრების არასწორმა წესმა შეცვალა: ბავშვები ალკოჰოლს მიეძალნენ და დანაშაულიც, რომელიც მათ ჩაიდინეს, სწორედ იმ პერიოდს დაემთხვა. ერთ დღეს ნიკა და მარიამი ნიკას  სახლში დეტექტიურ სერიალს უყურებდნენ, მეგობრები კრიმინალური ისტორიის გავლენით ისე შევიდნენ ეშხში, რომ მარიამმა მეგობარს შესთავაზა: მოდი, ჩვენც რამე ჩავიდინოთ და უფრო საინტერესო ცხოვრება გვექნებაო. ნიკა მარიამს დასთანხმდა და მეგობრებმა გეგმის შედგენა დაიწყეს.  მოგვიანებით ნიკა გვაზავამ სამართალდამცველებთან განაცხადა, რომ თავიდან უამრავი „სცენარი” ჰქონდათ, რომლის მიხედვითაც სასტიკი დანაშაულის ჩადენას გეგმავდნენ. ერთ-ერთი სცენარის მიხედვით, მათ უნდოდათ, გაეტაცებინათ მეზობელი ქალი, რომელსაც  რესტორნების ბიზნესი ჰქონდა. „ამ ქალს ვერც ერთი ვერ ვიტანდით და, გადავწყვიტეთ,  ტყეში გაგვეტაცებინა, ქმრისთვის გამოსასყიდი  ფული გამოგვერთმია, ქალი კი  გვეწამებინა, მაგრამ, მერე შეგვეშინდა,“ – განაცხადა ნიკა გვაზავამ აღიარებით ჩვენებაში, რომელიც მან  დაკავების შემდეგ მისცა სამართალდამცველებს.
მეგობრების მეორე გეგმის მიხედვით,  მათი მსხვერპლი მარიამის ნათესავი მამაკაცის ოჯახი  უნდა გამხდარიყო. მამაკაცი უცხოეთში ცხოვრობდა, სახლში კი მოხუცი დედა და  14 წლის შვილი ჰყავდა დატოვებული. მარიამმა ნიკას  უთხრა: ცოტა ხნის წინ მათ სახლში ვიყავი, ძალიან ლამაზი ბინა აქვთ, მდიდრები არიან  და იმ სახლიდან ბევრ რამეს წამოვიღებთო. მარიამს ნიკას დაყოლიება არ გასჭირვებია, ნიკამ კი გოგონა დაითანხმა: სასტიკი ექსპერიმენტისგან თავი შეეკავებინათ. მოკლედ,  მეგობრები შეთანხმდნენ, რომ არავის არ მოკლავდნენ და არ აწამებდნენ. მათ დაგეგმილი ძარცვა აღარ გადადეს და გივი პეტრიაშვილის ბინაში იმავე ღამეს შევიდნენ.
წარუმატებელი „დებიუტი“
საღამოს, პეტრიაშვილების ოჯახში ორი ნიღბიანი ახალგაზრდა შევარდა: ერთი გოგონა იყო, მეორე – ვაჟი.  მათ  14 წლის ბავშვს კარი მოტყუებით გააღებინეს, სახლში შეცვივდნენ და  ფული და ძვირფასეულობა მოითხოვეს. შეშინებულმა  მოზარდმა თავდამსხმელებს განუცხადა, რომ სახლში არც ფული ჰქონდათ და არც ძვირფასი ნივთები. მაშინ ნიღბიანებმა გოგონა საძინებელში შეათრიეს, სადაც მისი ავადმყოფი ბებია ლოგინში იყო ჩაწოლილი და უთხრეს: ამ ბებრის თვალწინ გამოგჭრით  ყელსო. მარიამმა  ჩანთიდან, რომელიც ზურგზე ჰქონდა მოგდებული, რკინის პატარა ნაჭერი ამოიღო (რომელიც, მოგვიანებით გაირკვა, რომ მეზობლის ავტომობილიდან მოიპარეს) და გოგონას ყელზე მიაბჯინა. შეშინებული ბებია და შვილიშვილი იძულებულები გახდნენ, რომ დაუპატიჟებელი სტუმრებისთვის ყველა ძვირფასი ნივთი გამოეჩინათ, რაც კი სახლში ჰქონდათ.  მოგვიანებით დაზარალებულმა სამართალდამცველებთან განაცხადა, რომ თავდამსხმელებს შორის გოგონა უფრო აგრესიული იყო, ვიდრე ვაჟი, მან ორჯერ ჩაარტყა თავში რკინა ავადმყოფ მოხუცს, რომელიც შვილიშვილის დახმარებას საწოლიდან ცდილობდა. რთული სათქმელია, როგორ განვითარდებოდა კრიმინალური ისტორია პეტრიაშვილების ბინაში, რომ არა მოწმე, რომელიც ოჯახში შემთხვევით მივიდა. გამოუცდელ მძარცველებს ბინის კარი ღია დარჩენოდათ და ამანათის ჩასაბარებლად მისული მამაკაცი მათ იმ დროს დაადგათ თავზე, როდესაც ისინი პეტრიაშვილების ბინაში მოგროვილ ნივთებს ჩანთებში ალაგებდნენ. გაქცევისას  ერთ-ერთ მძარცველს ბინაში დარჩა ფეხსაცმელი, რომელიც სიჩქარისას გასძვრა ფეხიდან. სწორედ ამ ფეხსაცმელმა დააყენა გამოძიება უცნაური მძარცველების კვალზე – მძარცველების, რომლებიც  ბინაში კარიდან  შევიდნენ, ერთ-ერთი მძარცველი კი, მოულოდნელი სტუმრის გამოჩენისთანავე აივნიდან გაიქცა.       
ამონაწერი მოწმის, ტარიელ ზაალიშვილის ჩვენებიდან: „კერძო კომპანიაში ვმუშაობ, ამანათებს ვარიგებთ. ამ ოჯახს კარგად ვიცნობ, ჩვენი მუდმივი კლიენტები არიან. იტალიიდან იღებენ ხოლმე ამანათებს. ვიცი, რომ ბებია ლოგინადაა ჩავარდნილი, შვილიშვილს დამხმარე ქალი ზრდის. იმ საღამოს ისე მომიხდა, რომ პეტრიაშვილებთან გვიან მივედი, სახლის კარი ღია რომ დამხვდა, გამიკვირდა, ბინაში ისე შევედი, ვერავინ გაიგო. უცებ დავინახე  ორი ნიღბიანი ადამიანი, რომლებიც ჩანთებში რაღაცეებს ალაგებდნენ. მთელი სახლი გადმობრუნებული იყო. პატარა გოგონას შეშინებული სახე ჰქონდა, საძინებლიდან კი ბებიას  ტირილი მომესმა. რა ხდება-მეთქი, რომ ვიკითხე, ერთმა ნიღბიანმა  ხელი მკრა და კარისკენ გაიქცა, მეორე კი აივანზე გავარდა და მეორე სართულიდან გადახტა. სიჩქარეში ორივე ჩანთაც იქ დარჩათ, რომლებიც, ეტყობა, წასაღებად ჰქონდათ გამზადებული“.  
შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ბინაში მძიმე მდგომარეობაში  მყოფი მოხუცი, შეშინებული, შოკში მყოფი  გოგონა და დაბნეული მოწმე დახვდათ. სისხლის სამართლის საქმე ყაჩაღობის მუხლით აღიძრა. გამოძიებას ძალიან დაეხმარა დაზარალებული გოგონა, რომელმაც გონზე მოსვლის შემდეგ დაზარალებულის ფეხსაცმელი ამოიცნო.  გოგონას გაახსენდა, რომ ამ ინციდენტამდე რამდენიმე  დღით ადრე, სახლში ეწვიათ ნათესავი გოგონა, რომელსაც, მამის  სურვილით, ტანსაცმელი და საკვები პროდუქტი გაატანეს. „ძალიან ღარიბი გოგონა იყო. ოთახში რომ შემოვიდა, სანამ დამხმარე ქალი ჩანთას უმზადებდა, ერთმანეთს  გავესაუბრეთ.  უცებ ჩემი ყურადღება მიიქცია მისმა ძველმა ფეხსაცმელმა. მე ოთახში გავედი და, ისე, რომ გოგონა ვერც კი მიხვდა, ჩემი  ფეხსაცმელები ჩავუწყე ჩანთაში.  სწორედ მაშინ დამამახსოვრდა მისი ფეხსაცმელი, რომელიც ჩვენს სახლში დარჩა,“ – განაცხადა სამართალდამცველებთან დაზარალებულმა გოგონამ. პოლიციამ ჯერ  მარიამ  ფერაძის კვალს მიაგნო, შემდეგ კი ნიკა გვაზავა დააკავეს საკუთარ სახლში. მათ ჩადენილი დანაშაული აღიარეს – განაცხადეს, რომ ფული სულაც არ სჭირდებოდათ, ყაჩაღობა, უბრალოდ, სერიალის გავლენით გადაწყვიტეს, მაგრამ,  ალბათ, არ ჩავარდებოდნენ, მარიამს სიჩქარეში შემთხვევის ადგილზე ფეხსაცმელი რომ არ დარჩენოდა. განსხვავებული იყო  დაკავებული მარიამ ფერაძის არგუმენტი: ის გოგო ისეთი ბედნიერი იყო, როცა მის სახლში მივედი საჭმლის წამოსაღებად, ძალიან მომინდა მის ადგილზე ყოფნა და შური ასე ვიძიეო...

скачать dle 11.3