კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ზებუნებრივმა ძალამ დააწყებინა მუსიკოს ლიკა აბუაშვილს ხატვა და როგორ გამოისახა მის ნახატზე იაპონიის კუნძულები მიწისძვრამდე რამდენიმე საათით ადრე

ფსიქოლოგია – მეცნიერება ადამიანის ფსიქოლოგიურ კანონზომიერებათა შესახებ. „ფსიქე” – სული და „ლოგოს” – მეცნიერება. ანუ, სულის მეცნიერება, –  ასე განმარტავდნენ მას ბერძნები და ამ ტერმინით განსაზღვრავდნენ იმას, რაც ადამიანურ საქციელს განაპირობებს... თუმცა, ამაზე არასდროს უფიქრია ჩვენს დღევანდელ სტუმარს და მით უმეტეს, წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ არსებობდა ფსიქოთერაპიული მეთოდი – არტთერაპია, რომლითაც სასურველი შედეგის მიღწევა ხელოვნების სხვადასხვა დარგის საშუალებით ხდება: ხატვით, ძერწვით, მუსიკით, თეატრალური ჩანართებით... ფაქტი კი ერთია, მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა ლიკა აბუაშვილის გამოფენა, სახელწოდებით „არტთერაპია”.  
გამოფენის გახსნისადმი მიძღვნილი საღამოც ისეთივე არაჩვეულებრივი იყო, როგორც თავად წარმოდგენილი ექსპოზიცია... უჩვეულო, რაღაც არამიწიერი პერსონაჟებისა თუ ფიგურების, რეალური მოვლენებისა თუ წინასწარმეტყველების, ფაქტებისა თუ აბსტრაქციის საოცარი სინთეზი გადმოცემული მზითა და სითბოთი აღსავსე ფერებით... და ამ ყველაფრისგან მომდინარე დადებითი აურა, რომელსაც კიდევ  უფრო ამძაფრებდა კლასიკური მუსიკა მევიოლინეთა დუეტის ცოცხალი შესრულებით... უამრავი დამთვალიერებელი, მხატვრები, მუსიკოსები, ხელოვნებათმცოდნეები, მათი შეფასებები... მათ შორის კი დადიხარ შენც, ათვალიერებ და თითოეული კომპოზიცია თავისკენ გიზიდავს. ცდილობ, ახსნა, გასაღები მოუძებნო და კიდევ უფრო იბნევი. მაგრამ, არ გშორდება განცდა იმისა, რომ რაღაც იდუმალს და იმავდროულად, ახლობელს ეხები – იმას, რაც სულში გწვდება და ზევით გეწევა. გრძნობ, რომ სამყარო უსასრულოა, კოსმიური იმპულსები გწვდება და თითქოს ასტრალში გახვედი... ასე, დაუსრულებლად შეიძლება იმ ემოციებზე საუბარი, რასაც ლიკა აბუაშვილის ტილოები იწვევს, მაგრამ, ალბათ, უმჯობესია, თავად ავტორს (რადგან მხატვარად ის თავს არ მიიჩნევს) მოვუსმინოთ.
– როგორც ვიცი, ადრე ხატვასთან შეხებაც კი არ გქონიათ, რა პროფესიის ბრძანდებით?
– იურიდიული განათლება მაქვს მიღებული და ასევე, ვარ მუსიკოსი. 23 წელია, ვმუშაობ ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში, საგარეო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელად. რაც შეეხება ხატვას, არასოდეს არაფერი დამიხატავს და არც ამის სურვილი მქონია, სულ რაღაც ორიოდ წლის წინათაც კი.
– და რა მოხდა მაშინ?
– იყო ჩემს ცხოვრებაში სტრესული მომენტი, რის გამოც ღრმა დეპრესიაში ჩავვარდი... ერთ დღესაც, სახლში, მაგიდასთან რომ ვიჯექი, მექანიკურად ავიღე ფანქარი და ფურცელზე ისტერიკულად რაღაცის ჯღაბნა დავიწყე. ხელი თავისით ხაზავდა ერთმანეთზე გადაბმულ ფიგურებს. შემდეგ ამ მკრთალი ხაზების გამკვეთრება დავიწყე და აშკარად კომპოზიცია შეიკრა, რომლის ახსნა და რაიმე კონკრეტულის დანახვა მე ნამდვილად არ შემეძლო. თუმცა, ვგრძნობდი, რომ ნახატი ჩემთვის რაღაცის თქმას ცდილობდა... ასე გაგრძელდა შემდეგ და სახლიდან თითქმის აღარ გავდიოდი, ვხატავდი და ვხატავდი დაუსრულებლად, უამრავს, ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე. ვხვდებოდი, რომ ეს შვებას მგვრიდა.
– თავიდან მხოლოდ გრაფიკული იყო თქვენი ნახატები. ფერები როდის მოვიდა?
– ჩემი დაბადების დღე იყო, სამსახურში ძალიან კარგი საღამო მომიწყვეს, არაჩვეულებრივ კონცერტს დავესწარი და სახლში ემოციურად დატვირთული, ძალიან კარგ ხასიათზე დავბრუნდი. მაშინვე ავიღე ფანქარი და დავიწყე ჩხაპნა – დღემდე ასე ვუწოდებ ჩემს ქმედებას. ფანქარს რამდენჯერმე წასტყდა წვერი და მივხვდი, რომ ეს ნიშანი იყო – უნდა შემეწყვიტა. სწორედ მაშინ გამახსენდა, რომ მეგობარმა საღებავები მაჩუქა, ავიღე და დავიწყე ფერებში ხატვა.
– და ფერებმა შეცვალა რამე ნახატის აღქმის თვალსაზრისით?
– რომ გითხრათ, ყველაფერს ვწვდები და ვიგებ-მეთქი, არ ვიქნები გულწრფელი. ერთი ის არის, რომ გრაფიკულ ნახატებს თუ თავს და ბოლოს ვერ ვუგებდი, ფერწერული ნამუშევრებისგან სხვა ემოციას ვგრძნობ. ჩემებურად ვხედავ რაღაც ფიგურებს, მოვლენებს და ვგრძნობ, რომ მისგან მოდის ინფორმაცია, რომლის გაშიფვრაც მეტ-ნაკლებად შემიძლია. ბევრჯერ ყოფილა, რომ მერე გარკვეულა, რაზე მიმანიშნებდა ესა თუ ის ნახატი.
– კონკრეტულ ფაქტებზე გვიამბეთ და იქნებ, გვითხრათ, რა დროით უსწრებდა ამგვარი შეტყობინება შემდეგში უკვე მომხდარ მოვლენებს?
– ერთ დილას, როცა ჩვეულებისამებრ, დავიწყე ჩხაპნა, სურათზე აშკარად რამდენიმე სხვადასხვა ზომის წრე გამოიკვეთა. შემდეგ გავაფერადე და სურათი გადავუღე. საერთოდ, ასე ვაკეთებ, რადგან, რასაც ნახატზე ვხედავ, იმას შემდეგ ფოტოზე სულ სხვანაირად აღვიქვამ. ამ შემთხვევაში კი, ვერაფერი დავინახე. კარგა ხანს ვატრიალე, ყველა მხრიდან ვათვალიერე და გადავდე. ორი საათის შემდეგაც, აქა-იქ გაფანტული წრიული ფერებისგან რომ ვერაფერი აღვიქვი, ხელი გადავუსვი და გადავდღაბნე. რამდენიმე საათში ვრთავ ტელევიზორს და გადმოსცემენ ინფორმაციას იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შესახებ. აჩვენეს იაპონიის კუნძულების კოსმოსიდან გადაღებული სურათი და აი, მაშინ დავინახე, რაც დამიჩხაპნია – ერთმანეთთან დაუკავშირებელი სხვადასხვა ფერის წრე აბსოლუტურად იდენტური იყო კოსმოსიდან გადაღებული ფოტოსი. ეს ყველაფერი კი, მიწისძვრამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა. საერთოდ, ამ ტილოების ყველა მხრიდან შემოტრიალება მას შემდეგ დავიწყე, რაც ასეთი ფაქტი მოხდა: როცა გაირკვა, რომ ეს ყველაფერი არტთერაპია ყოფილა, დავიწყე ფსიქოლოგთან სიარული. მან მირჩია, რადგან ხატვის საშუალებით ინფორმაცია გადმოგეცემა, ჩაიფიქრე რაიმე და შეეცადე, პასუხი სურათზე ამოიკითხოო. მაშინ ჯერ არ იყო გათამაშებული „ლოტოში“ ოთხი მილიონი და ჩავიფიქრე, რომ მომგებიანი ციფრების მინიშნება მიმეღო. მართლაც, როცა დავიწყე ჩხაპნა, ლოტოს კოჭები აშკარად გამოიკვეთა. რა ციფრების ამოკითხვაც შევძელი, იმის მიხედვით შევავსე ბილეთი. რა თქმა უნდა, არ დაემთხვა და გაბრაზებულმა ტილო მოვისროლე. რა კუთხითაც დაეცა ნახატი, სწორედ იმ მხრიდან იკითხებოდა ყველა მომგებიანი ციფრი. ამის მერე გამომივიდა ის ნახატი, რომელზეც ჩანს ადამიანის სახე შუბლზე მიდებული საჩვენებელი თითით. ანუ, იფიქრეო, – მანიშნებს. კიდევ უამრავი ფაქტის გახსენება შემიძლია. მაგალითად, ერთხელ ტილოზე გამოისახა ეკლესია, მის ზემოთ კი, ცაზე – ღვთისმშობელი. ტაძრის მხოლოდ გუმბათი და მის ქვეშ მდებარე სარკმლები ჩანდა. ქვემოთ კი მხოლოდ შტრიხები გრძელდებოდა. ჩემი ოჯახის წევრები ახალი დაბრუნებული იყვნენ გერგეთის სამებიდან და მაშინვე თქვეს – ის არის, მით უმეტეს, რომ დროდადრო ღვთისმშობლის ხატება სწორედ მის თავზე ისახებაო. მე იქ ნამყოფი არ ვიყავი და ამის შემდეგ გადავწყვიტე წასვლა და გერგეთის სამება ზუსტად იქამდე დამხვდა ხარაჩოებში ჩასმული, სადამდეც ნახატზე ისახებოდა... აი, ის სურათი დავხატე აღდგომის ღამეს, ოღონდ არ გამიცნობიერებია, რა იყო ზედ. ამ დროს ტელევიზიით უჩვენებდნენ ფილმს „ქრისტეს ვნებანი” და ზუსტად ის მომენტი იყო, როცა ქრისტე ჯვარზეა გაკრული, ღვთისმშობელი მარიამი და მარიამ მაგდალინელი კი დაჩოქილები ზურგიდან ჩანან. მე, მგონი, ახსნა არაა საჭირო, ამას თავადაც კარგად ხედავთ, ზუსტად იგივე კადრია... ეს არის ფაქტები, რაც გამახსენდა და რისი ახსნაც თავად რეალობამ დამანახვა, მაგრამ უამრავია ისეთი, რასაც ვერ ავხსნი.
– გარდა იმისა, რომ არტთერაპიის საშუალებით საკუთარი თავი იხსენით დეპრესიისგან, სხვებსაც თუ უწევთ დახმარებას? 
ქეთი ახობაძე (ხელოვნებათმცოდნე): მინდა, ამ კითხვაზე მე გაგცეთ პასუხი. ლიკა არის კონტაქტორი, რომლის საშუალებითაც კოსმოსიდან მოდის ინფორმაცია იმ კონკრეტული ადამიანებისთვის, ვინც მის გარშემო ტრიალებს. მისი ნახატებიდან უზარმაზარი ენერგია ასხივებს და ეს დაადასტურა სპეციალურმა ხელსაწყომ, რომლითაც ერეკლემ, თალეს შონიას ვაჟმა ამ გამოფენის ექსპონატები შეამოწმა. უნდა გენახათ, ზოგიერთ ტილოსთან რა დაემართა ხელსაწყოს, ისეთი ენერგეტიკული წრე შეიკრა მის ირგვლივ, რომ კინაღამ გაგვყარა იქიდან. სწორედ ეს ენერგეტიკა ახდენს ადამიანზე დადებით ზეგავლენას, ოღონდ თვითონ უნდა გაითავისოს, რომ ეს მისი მკურნალია. ამის საშუალებას კი გვაძლევს ისიც, რომ ახლა ლიკა უკვე ფერწერულ ტილოს ქმნის არა მხოლოდ თავისი ნაჩხაპნის მიხედვით, როგორც თვითონ უწოდებს ამას, არამედ სხვასაც, მისი თანდასწრებით, შეუძლია, „დაჩხაპნოს”, რომელსაც ლიკა შემდეგ ფერწერულ ტილოდ აქცევს. ამით ის ქმნის შენს ენერგეტიკულ სურათს გადატანილს ფერებში. მაგალითისთვის, აი, ამ კომპოზიციაში ნათლად ჩანს ფილტვისა და საშვილოსნოს გამოსახულება. ერთმა ქალბატონმა, სრულიად გაუცნობიერებლად, სწორედ ეს სურათი ამოირჩია და როცა ავუხსენით, რაც იკვეთებოდა ზედ, აღმოჩნდა, რომ მას საშვილოსნოსთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. ახლა ისე სწამს, რომ ეს სურათი მისი შვებაა, ერთი სული აქვს, როდის დამთავრდება გამოფენა და ტილოს სახლში წაიღებს. კიდევ იყო ასეთი შემთხვევა: ლიკასთან სახლში, მთელი ექვსი თვე ცხოვრობდა მისი მეგობარი, რომელიც დიაბეტითაა ავად და ინსულინდამოკიდებულია. ლიკასთან ცხოვრების პერიოდში მას საერთოდ არ გახსენებია ინსულინი. ჭამდა და სვამდა ყველაფერს, რაც მოესურვებოდა და თავს შესანიშნავად გრძნობდა. როგორც კი გადავიდა იქიდან და იმ ენერგეტიკულ გარემოს მოსწყდა, ყველაფერი განუახლდა. მაგრამ, მას იქ ყოფნის პერიოდში, თავისი ენერგეტიკული სურათი რომ აღმოეჩინა და მასთან ერთად განკურნების რწმენაც თან გაეყოლებინა, ალბათ, რეციდივიც აღარ იჩენდა თავს.
ლიკა აბუაშვილი: ბოლოს მინდა, ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოკლე ხანში 500-ზე მეტი ნახატი დამიგროვდა, მე პრეტენზია არ მაქვს არც მხატვრობაზე და არც იმაზე, რომ რაიმე განსაკუთრებულ უნარს ვფლობ. უბრალოდ, ვაკეთებ იმას, რაც მეკეთებინება და თუ ამით ვინმეს კეთილ სამსახურს ვუწევ, მეც კარგად ვგრძნობ თავს.

скачать dle 11.3