კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ „აიცრა“ ქეთი ფარესაშვილის შვილი სიმღერაზე და სად „გადაკარგა“ მან დირიჟორი და

ორივე  მუსიკოსია და ორივე მოგხიბლავს გულითადი ღიმილით. ქეთი ფარესაშვილის  სიმღერებს, მის მომაჯადოებელ, სულში ჩამწვდომ თბილ ხმას თბილისში ყველა იცნობს, „სამბას დედოფლადაც“ დღემდე მოიხსენებენ, თუმცა, დიდი ხანია საჯარო კონცერტებზე არ გამოჩენილა და ამის შესახებ სიცილით ყვება – მის დას, მაკას, ჩვენთან ნაკლებად იცნობენ – კლასიკური მუსიკის ქართველ მსმენელს ჯერ  არ მისცემია მისი სადირიჟორო ხელოვნების შეფასების საშუალება. ბოლო რამდენიმე წელია, მაკა ფარესაშვილი შვედეთში  ცხოვრობს და მუსიკალურ კარიერასაც იქ იქმნის, თუმცა, საქართველოსთან დაკავშირებითაც აქვს სერიოზული გეგმები – საინტერესო პროექტი, რომელშიც ქეთის ჩართვასაც აპირებს. დები იმაშიც ჰგვანან ერთმანეთს, რომ საკუთარ თავზე ლაპარაკი არ უყვართ და ჩრდილში ყოფნას ამჯობინებენ, მაგრამ, თბილისში მყოფი მაკა და ქეთი „თბილისელებმა” მაინც დავიყოლიეთ ინტერვიუზე.

– შეიძლება ითქვას, რომ ორივე და მუზას ემსახურებით. 
ქეთი: მაკა დირიჟორია, მე – მოყვარული მუსიკოსი (იცინის). მოყვარულს იმიტომ ვუწოდებ საკუთარ თავს, რომ, იმ ჟანრს, რომელსაც მე ვმღერი, საქართველოში პროფესიონალურად ვერ განიხილავ. სანამ აქ ჯაზის სკოლა არ იქნება, ვერ ვიტყვი, რომ ჯაზს პროფესიონალურად ვმღერი, თუმცა, ორივეს გვაქვს მიღებული მუსიკალური განათლება.
მაკა: მე ქეთიზე ოთხი წლით უფროსი ვარ. ორივე ბავშვობიდან ვმღერით. ჯერ მე ავმღერდი, მერე ქეთიც ამყვა. დედა იყო მუსიკოსი. კონსერვატორია ჰქონდა დამთავრებული და პირველ მუსიკალურ სკოლაში ასწავლიდა, დირიჟორობასა და მუსიკისმცოდნეობას. ეტყობა, მისგან გამოგვყვა მუსიკის სიყვარული. მე ისე მიყვარდა სიმღერა, სულ ვღიღინებდი, თუმცა, სახალხოდ ამის გაკეთების მრცხვენოდა. სამაგიეროდ,  ქეთის დაატარებდნენ ჯგუფიდან ჯგუფში და მთელი საბავშვო ბაღის „დამსახურებული” მომღერალი იყო.
ქეთი: სხვათა შორის, დედაჩემს არ უნდოდა, რომ მეც მუსიკას გავყოლოდი, ეს მთლიანად ჩემი არჩევანი იყო. ზოგჯერ ვამბობ ხოლმე, ნეტავი დედასთვის დამეჯერებინა-მეთქი (იცინის).
– რატომ, ცუდია რომ მღერი?
– რა არის, იცით? ეტყობა ღმერთმა ჩადო ჩემში ის, რომ უნდა მემღერა. ეს შიგნიდან მოდის, თავისთავად, თორემ, იყო მომენტები, როცა პროფესიის შეცვლაზეც კი ვიფიქრე. საქართველოში ძალიან რთულია, იყო მომღერალი და ამას თავისი მიზეზები აქვს.
– მაგრამ, ხალხს ძალიან უყვარხარ, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო კონცერტებზე დიდი ხანია, არ გამოჩენილხარ. ისიც კი გავიგე, ქეთი ფარესაშვილი  აღარ მღერისო.
 – როგორ არ ვმღერი, კაფე „კალაში” ყოველ შაბათს მაქვს კონცერტი და ჩემი პატარა აუდიტორია ყოველთვის მყავს. ვამბობ ხოლმე, ჩემი ხმა მე არ მეკუთვნის, ხალხის არის-მეთქი და,  როგორ შემიძლია, მათთვის არ ვიმღერო, ვისაც ეს ხმა ეკუთვნის. რაც შეეხება საჯარო გამოსვლებსა და კონცერტებს, მართლა არ ვიცი, ასე რატომ ხდება, მაგრამ,  არასდროს მქონია შემოთავაზება, რომ მემღერა (იცინის). რატომ არ ვიმღერებ  სახალხოდ, რა არის ამაში ცუდი? პირიქით, მე დიდი სურვილი მაქვს, გავცე ჩემი ემოცია ჩემი ხალხისთვის, რომლის მხრიდან სიყვარულს მუდმივად ვგრძნობ. ყველგან მცნობენ და მეუბნებიან,  ძალიან გვიყვარხარო. ასე რომ, მცდარი ინფორმაციაა, თუ ვინმე ფიქრობს, რომ მე საჯაროდ და სახალხოდ სიმღერას ვერიდები. იყო ხანმოკლე პერიოდი, როცა ბავშვი პატარა მყავდა და ჩემი შვილის გვერდით ყოფნა იყო ჩემთვის პრიორიტეტი, მაგრამ, ახლა ისევ სიმღერას ვეკუთვნი. ვიმღერებ ყველგან, ყოველთვის და ყველასთვის. მაგრამ, არსად არავინ მეძახის.
– მე ვიცი, რომ მაკა პროფესორია. 
მაკა:  თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია  მაქვს დამთავრებული, თეორიული და საგუნდო-სადირიჟორო განხრით. შვედეთში კი დავამთავრე  გიოტებურგის მუსიკალური აკადემიის მაგისტრატურა. ამიტომ, ქეთის მუსიკალურ მონაცემებს, როგორც პროფესიონალი, ისე ვაფასებ და ვამბობ, რომ საოცარი ხმის ტემბრი აქვს, ძალიან იშვიათი. თანაც, ბუნებრივად მოსდის ეს იმპროვიზაციები.
– როგორც ვატყობ, ძალიან შეხმატკბილებული დები ხართ.
– ეს მაშინ, როცა საქმე ჩვენს პროფესიებს ეხება, ისე კი საკმაოდ ხშირად ვკამათობთ და ერთმანეთს საერთოდ არ ვგავართ.  გარეგნულადაც განსხვავებულები ვართ და ხასიათიც სხვადასხვანაირი გვაქვს. მე რომანტიკოსი ვარ, ქეთი უფრო სერიოზულია და ცხოვრებასაც გაცილებით რეალურ ფერებში აღიქვამს (იცინის). მე ექსტრემალი ვარ, მიყვარს კარვით ხეტიალი. ქეთი კი ძალიან კარგად ისვენებს სახლში,  წიგნებთან და საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენილი.
ქეთი: მაკამ ჩემზე გაცილებით უკეთესად იცის, რა ხდება ქართულ პოლიტიკაში და საქართველოში საერთოდ. მე ძალიან შორს ვარ ამ ყველაფრისგან. ეს კი, როცა შვედეთშია, მხოლოდ ქართულ არხებს უყურებს, ყველაფრის საქმის კურსშია. მერე მიყვება ხოლმე.
– არ გაუჭირდა მაკას შვედეთში გზის გაკვლევა?
მაკა: ადვილი არაფერია, მაგრამ, იქ ნიჭს ძალიან აფასებენ და, როცა მათი ენაც იცი, უკვე პატივისცემით გიყურებენ, გეხმარებიან და არავინ ცდილობს, ჩაგძიროს – ასეთი რაღაც იქ საერთოდ არ არსებობს.  მეუბნებიან ხოლმე, ძალიან ნიჭიერი და დინამიური დირიჟორი ხარო. მიყვარს ჩემი საქმე და ბევრი გეგმა მაქვს.  მინდა, საქართველოშიც გავაკეთო საინტერესო პროექტი. ვესაუბრე ჯან ლუკა მარჩიანოს და ვუთხარი, რისი გაკეთებაც მინდა. ჩემი გუნდი, რომელსაც იქ ვდირიჟორობ, აქ მინდა ჩამოვიყვანო და ქეთისთან ერთად კონცერტი მოვაწყო. ჯან ლუკა მარჩიანომაც გამოთქვა მონაწილეობის სურვილი. ძალიან უბრალო და კარგი ადამიანია, უნიჭიერესი დირიჟორი.
– ქეთი, მაკა არ ცდილობს შენს „ევროპეიზაციას”?
ქეთი: მე ისედაც მივილტვი ევროპისკენ (იცინის). რატომაც არა, სიამოვნებით წავალ და გავიზრდები პროფესიონალურად. „სამბას დედოფალს“ კი მეძახიან, მაგრამ, ცოტამ თუ იცის, რომ „სამბა“ ჯაზის ერთ-ერთი მიმართულებაა. ალბათ, ამიტომაც არ მიწვევენ ჯაზ-ფესტივალებზე. მეთვრამეტე წელია, ვმღერი და ვერაფრით ვერ დამაკავშირეს ჯაზთან. რა ვქნა, უკვე შევეგუე ამას. არადა, „სამბამ“ გაამდიდრა ჯაზი რიტმულად. რა გავაკეთო, არ ვიცი. მიუხედავად ამისა, ხალხს მაინც ძალიან ვუყვარვარ. პატრული თუ მაჩერებს, არ მაჯარიმებს – ოღონდ თქვენ გამოჩნდითო, ტაქსის მძღოლები კი ფულს არ მახდევინებენ ხოლმე.
 – მაკა ხშირად გაძლევს შენიშვნებს, როგორც უფროსი და?
 – პირიქით, იქით ვარიგებ ჭკუას (იცინის). ბავშვობაში, „ჭკუის კოლოფს“ მეძახდნენ. მაკა შვედეთში სპორტითაც სერიოზულად არის დაკავებული: კრივზე დადის, ვარჯიშობს, დარბის. აქ რომ ჩამოდის, ცდილობს, მეც ამიყოლიოს – მეუბნება, ეს კარგიაო. მჯერა რომ კარგია, მაგრამ, ვერ ვახერხებ ვარჯიშს. შეიძლება, ცოტა მეზარება კიდეც.
– ორივეს თითო ვაჟი გყავთ, მაკას შვილი  შენსაზე გაცილებით უფროსია – სტუდენტია და მუშაობს.
– ჩემი შვილი წელს შედის სკოლაში. დეიდაშვილებს შორის ასაკობრივი სხვაობა დიდია, თუმცა, ჩხუბს მაინც ახერხებენ, ძირითადად, კომპიუტერის გამო – ვერ იყოფენ. სულ ვამბობ, ჩემს შვილს მუსიკა შევაძულე-მეთქი. დავაკომპლექსე. საბავშვო ბაღის მასწავლებელმა მითხრა, თქვენი შვილი მუსიკაზე „აცრილიაო”, არადა, სმენა აქვს. იმდენად ეჭვიანობს ჩემზე, რომ პროტესტი გამოუცხადა სიმღერას. პრინციპში, არც მაქვს დიდი სურვილი, რომ პროფესიად მუსიკა აირჩიოს. გამიხარდება,  თუ მამამისივით ექიმი იქნება ან ფიზიკით დაინტერესდება. მე ფიზიკა ძალიან მაინტერესებს. ბოლო დროს აღმოვაჩინე, რომ ეს არის დარგი, რომელიც, შესაძლოა, ყოფილიყო ჩემი პროფესია და სერიოზულ წარმატებასაც მივაღწევდი, მუსიკა კი  ჰობი მექნებოდა.
მაკა: ხომ გითხრათ, ჭკვიანი ვარო და ასეა. მე ყველაფერს ვუყვები.  ისედაც, ერთმანეთის შესახებ ყველაფერი ვიცით.
ქეთი:  მე ზოგადად არ მიყვარს ჩემს პირად ცხოვრებასა და გრძნობებზე საჯაროდ ლაპარაკი. როცა გავთხოვდი, მეუბნებოდნენ, როგორ გამოგვაპარე ეს ამბავიო, მაგრამ, მიმაჩნია, რომ, როცა ბედნიერი ხარ, ამის შესახებ არ უნდა ილაპარაკო. როგორც კი იტყვი, რა კარგად ვარ, რა ბედნიერი ვარო, მაშინვე უკუღმა შეგიტრიალდება ყველაფერი.
მაკა: ამაში აბსოლუტურად ვეთანხმები ქეთის და ამიტომ ჩემს პირადულზე არ ვილაპარაკებ (იცინის).

скачать dle 11.3