კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იყო ყველაზე ასაკოვანი მილიარდერი „ფორბსის” 2012 წლის რეიტინგში და რა ითვლებოდა მის მთავარ გატაცებად ცხოვრებაში

შვეიცარიის ქალაქ ციურიჰში გარდაიცვალა  პლანეტის ყველაზე ასაკოვანი მილიარდერი უოლტერ ჰეფნერი, რომელსაც 102 წლის იუბილემდე სულ რაღაც ორი თვე დააკლდა. საავტომობილო ბიზნესში ჩართული მეწარმე 2012 წლის 19 ივნისს გარდაიცვალა, თუმცა, მისი სიკვდილის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. ჰეფნერის ქონება, „ფორბსის” მონაცემებით, 4,3 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენდა და მას 248-ე ადგილი ეკავა მსოფლიოს მილიარდერების რეიტინგში. ამიერიდან კი „ფორბსის” ყველაზე ასაკოვანი მილიარდერის სტატუსს 97 წლის ამერიკელი დევიდ როკფელერი „დაეპატრონა“, ხოლო უოლტერ ჰეფნერი სამუდამოდ გახდა ისტორიის ნაწილი.
უოლტერ ჰეფნერი 1910 წლის 13 სექტემბერს შვეიცარიაში დაიბადა. მისი მშობლები, ავგუსტ ვილჰელმ ჰეფნერი და ელიზა მეტა, მისიონერები იყვნენ, რომლებიც ხშირად მოგზაურობდნენ ტიბეტში. 1930 წელს ციურიჰისა და ლიონის უნივერსიტეტების დასრულების შემდეგ, უოლტერმა მუშაობა დაიწყო – ის სახლების ინდივიდუალური გამათბობლებისთვის ნახშირს ყიდდა. რამდენიმე ხანში მან მუშაობა „ჯენერალ მოტორსის” შვეიცარიის ფილიალში განაგრძო, სადაც დილერებთან ურთიერთობა ევალებოდა. 1940 წელს უოლტერი შვეიცარიის არმიის რიგებში ჩაეწერა და მეორე მსოფლიო ომის დასრულების წელს ინგლისში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც თავისი პირველი ბიზნესი წამოიწყო – შექმნა ავტომობილების სადილერო იმპორტის ფირმა, რომელიც შვეიცარიული ბანკიდან – „UBS-დან” აღებული კრედიტების ხარჯზე მუშაობდა. ინგლისში გატარებული გარკვეული პერიოდის შემდეგ ჰეფნერმა სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა, სადაც „ფოლკსვაგენის” ოფიციალური სადილერო წარმომადგენლობა გახსნა.
1957 წელს უოლტერ ჰეფნერი კომპიუტერული მოწყობილობებით დაინტერესდა და იმავე წელს, პირველმა შვეიცარიაში, IBM-ის სისტემების იმპორტი დაიწყო საქმიანი გამოყენებისთვის. 1964 წელს ჰეფნერმა კომპიუტერული მომსახურების ფირმა „აუტომეიშენ ცენტრ” გახსნა, რომელიც კომპიუტერული ბუღალტერიის, სტატისტიკური და ანგარიშსწორების პროგრამების გაყიდვაზე იყო ორიენტირებული ავტომობილების დილერებისა და საცალო მოვაჭრეებისთვის. იმავე წელს კომპანია IBM-მა საკუთარი მომსახურების ცენტრი გახსნა შვეიცარიაში, მაგრამ, იმ პერიოდში, 60-იან წლებში, ორივე კომპანიისთვის საკმარისი იყო მომხმარებელთა რაოდენობა, რაც არ ამძაფრებდა კონკურენციას. „თავდაპირველად IBM ჩვენი უმთავრესი კონკურენტი იყო და რამდენიმე წლის შემდეგ გაიხსნა კიდევ ხუთი-ექვსი მსგავსი კომპანია შვეიცარიაში, მაგრამ, ამ ფაქტმა არ შემიშალა ხელი, რომ გამეგრძელებინა ჩემი ბიზნესის განვითარება,” – ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში ჰეფნერი, რომელიც სხვათა შორის, 95 წლის ასაკამდე, დილის 9-დან საღამოს 6 საათამდე ყოველდღიურად დადიოდა სამსახურში. კონკურენციის მიუხედავად, ჰეფნერმა კიდევ სამი მომსახურების ცენტრი გახსნა შვეიცარიის სხვადასხვა ქალაქში და, ასევე, დასავლეთ ევროპის ქვეყნების ბაზარზეც გავიდა: მისი კომპანიის ფილიალები გერმანიაში, ავსტრიაში, იტალიასა და ევროპის კიდევ ოთხ ქვეყანაში გაიხსნა. 1976 წელს ჰეფნერის კომპანიამ ჩრდილოამერიკული ბაზრის ათვისება დაიწყო ქალაქ დალასში ბაზირებული კომპიუტერული მომსახურების  კომპანია  Wyly-ის აქციების საკონტროლო პაკეტის შეძენით. „ჩვენ წარმატებულები ვიყავით ევროპაში და ვიცოდით, რომ, თუ გვინდოდა კიდევ უფრო დიდი წარმატების მოპოვება, მაშინ უნდა დაგვეწყო ამერიკული ბაზრის დაპყრობა,” – ნათქვამი აქვს ჰეფნერს. ცოტა ხანში Wyly-მ სახელი გადაირქვა და გახდა Uccel, რომელიც ამერიკის სამეწარმეო სფეროს ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე გახდა კომპიუტერული მომსახურების კუთხით. 1987 წელს მოხდა ჰეფნერის კომპანიის, ამერიკაში კომპიუტერული უზრუნველყოფის მსხვილ კომპანიებთან, რასელ არტზის და ჩარლზ ვანგის „კომპიუტერ ასოსიეთისთან” გაერთიანება, რის შედეგადაც შეიქმნა დიდი კონცერნი, რომლის ყველაზე მსხვილი აქციონერი უოლტერ ჰეფნერი გახდა. ამჟამად ჰეფნერის კონცერნი,  „მაიკროსოფტისა” და „ორაკლის” შემდეგ, მესამეა მსოფლიოში კომპიუტერული პროგრამების უზრუნველყოფის სფეროში.  სხვათა შორის, ჰეფნერის იურისტი, პიტერ ვიდმერი, რომელიც უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ემსახურება ჰეფნერების ოჯახს, იხსენებდა, რომ ჰეფნერი საერთოდ ვერ ერკვეოდა კომპიუტერულ ტექნოლოგიებში და კომპიუტერის ჩართვაც კი არ იცოდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის მუდამ დაინტერესებული იყო კომპიუტერული ნოვაციებით და ყოველთვის სწორი გათვლები ჰქონდა ბიზნესის ამ სფეროს მიმართულებით. ბოლო დროს იგი ჩართული იყო ამერიკულ კორპორაცია „CA ტექნოლოჯიში”, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფით იყო დაკავებული.
უოლტერ ჰეფნერის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი მის მთავარ გატაცებას – ცხენებს უკავშირდება. 1962 წელს მან 440 აკრი მიწის ფართობზე გაშენებული ცხენსაშენი „მოიგლარი” შეიძინა ირლანდიაში, კილდერის საგრაფოში, სადაც იმ დროისთვის 180 ცხენი იმყოფებოდა. ჰეფნერის საჯინიბოს წმინდა სისხლის სადოღე ცხენებს მოგებული აქვთ მრავალი ტურნირი და ჩემპიონატი – ინგლისში, საფრანგეთში, ჩრდილოეთ ამერიკაში, იაპონიაში, ავსტრალიაში, ჰონკონგსა და აზიის სხვა ქვეყნებში. 1991 წელს „მოიგლარის” საჯინიბოს ცხენი პირველი იყო, რომელმაც ჰონკონგის პრესტიჟულ დოღში გამარჯვებას მიაღწია. „პრინციპში, საჯინიბოს შენახვა იგივე ბიზნესია, ჩვენ ვყიდულობთ და ვყიდით სუფთა სისხლის ცხენებს, რაც ჩემს ბიზნესს დამატებით შემოსავალს ჰმატებს”. სხვათა შორის უოლტერ ჰეფნერს ფულის ხარჯვა ცხენებში უფრო სიამოვნებდა, ვიდრე, მაგალითად, იახტებსა და თვითმფრინავებში, რაც მილიარდერების უმეტესობის სისუსტეა.
საჯინიბოსთან ერთად, ჰეფნერის გატაცებად ითვლებოდა მსოფლიოში განთქმულ ფერმწერთა ტილოების კოლექციონირება. მის პირად კოლექციაში ინახებოდა: კლოდ მონეს, მარკ შაგალის, ვინსენტ ვან გოგის, პოლ გოგენის, ედგარ დეგასა და რენე მარგრიტის ნამუშევრები. გარდა ამისა, ჰეფნერი ცნობილი იყო თავისი მეცენატობითაც, კერძოდ, მის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდით, რომელიც სამეცნიერო და კულტურულ სფეროებს მოიცავს. ყოველწლიურად ჰეფნერი 20-30 მილიონ ფრანკს რიცხავდა ფონდის ანგარიშზე.
მრავალმილიარდიანი ქონების მიუხედავად, უოლტერ ჰეფნერი ოჯახთან ერთად იმავე სახლში ცხოვრობდა, რომელიც მან გამილიარდერებამდე, 1948 წელს შეიძინა. „მე ვარ ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც ჩვეულებრივი მოთხოვნები აქვს”, – ასე ახასიათებდა საკუთარ თავს ჰეფნერი, რომელიც ორ შვილთან და ორ შვილიშვილთან ერთად დროის უმეტეს ნაწილს შვეიცარიაში ატარებდა. გავრცელებული ცნობის თანახმად, უოლტერ ჰეფნერი 3 ივლისს ციურიჰში დაკრძალეს.

скачать dle 11.3