კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ანებივრებს და ამდიდრებს საჩუქრებით თეა გუნთაიშვილის კოლექციას


ამბობენ, თუ ოჯახში სპილოს ფიგურას დადგამთ, რომელსაც ხორთუმი მაღლა ექნება აწეული და სარკმელისაკენ მიმართული, ის სახლში აუცილებლად სინათლესა და ბარაქას შემოიტანსო. თუმცა, ჩვენს რესპონდენტს, თეა გუნთაიშვილს ამის გამო არ დაუწყია სპილოს ფიგურების კოლექციის შეგროვება. უფრო მეტიც, თეას კოლექციაში ხორთუმჩამოწეულ სპილოებსაც მრავლად იხილავთ. როგორც თვითონ ამბობს, ძალიან მოსწონს და უყვარს ეს კეთილი და უწყინარი ცხოველი და მხოლოდ ამიტომ დაიწყო მისი კოლექციონერობა. დღეს სპილოს სილუეტებს იხილავთ, როგორც მისი სახლის ყველა ოთახში, ასევე იმ სამოდელო სახლის შემოსასვლელსა და დარბაზში, სადაც თეა მუშაობს და რა თქმა უნდა, მის სამუშაო კაბინეტშიც. დღეისათვის თეას კოლექციაში ორასამდე სხვადასხვა ზომის, ფორმის, დიზაინისა და ფაქტურის სპილოა თავმოყრილი.

თეა გუნთაიშვილი: პირველი სპილო მამიდაშვილმა მაჩუქა და მას შემდეგ გამიჩნდა სურვილი შემეგროვებინა სპილოების კოლექცია. ძალიან მიყვარს ეს ცხოველი. მიუხედავად იმისა, რომ, როდესაც ცოცხალ სპილოს ვხედავ, ვთქვათ ზოოპარკში, ან ეკრანზე, სულაც არ მაქვს იმის განცდა, რომ ეს ის უწყინარი და კეთილი ცხოველია, რომლის სილუეტებიც ასე მდიდრად ახლავს და ალამაზებს ჩემს ყოველდღიურობას. სახლშიც ყველა ოთახში მრავლადაა და სამსახურშიც.

– ამბობენ კარგის მომასწავებელია, როდესაც ოჯახში ამ უწყინარი და კეთილი ცხოველის ფიგურები და გამოსახულებები დომინირებსო. ამის გამო ხომ არ გახდით სპილოების კოლექციონერი?

– ამბობენ, რომ კარგია, როცა ოჯახში სპილოს ფიგურებია თავმოყრილი, ეს ბედნიერებისა და ბარაქის მომტანიაო. იმასაც დასძენენ ხოლმე, რომ ამისთვის, ოჯახში დადებულ სპილოს ფიგურას ხორთუმი აუცილებლად აწეული უნდა ჰქონდეს და სარკმლის მხარეს მიმართულიო. მე, არ მქონდა ეს განცდა, როდესაც ამ კოლექციას ვაგროვებდი. უფრო მეტიც, ჩემს კოლექციაში ძალიან ბევრ ისეთ სპილოსაც ნახავთ, რომელსაც ხორთუმი დაშვებული აქვს. თუმცა, ისიც მახსოვს, რომ ჩემს ბავშვობაში დედაჩემის კოლექციიდან ორ სპილოს ხორთუმი მოვატეხე. მაშინ არ ვიცოდი, რომ სპილო კეთილი და უწყინარი ცხოველია. წლების შემდეგ მე ის ძალიან შემიყვარდა. ჩემს სახლში სპილოს სილუეტებსა და გამოსახულებებს ნახავთ ფარდებზე, საწოლისა თუ მაგიდის გადასაფარებლებზე, სამკაულებზე, სამზარეულოში მაცივრის მისაწებებლებზე, ასევე შანდლებსა თუ ვაზებზე და ასე შემდეგ.

– ხშირად განებივრებენ საჩუქრებით?

– რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი სპილო მაქვს საჩუქრად მიღებული. მაგალითად, ეს ფაიფურის სპილო დიზაინერ თინათინ მაღალაშვილის საჩუქარია. ეს სპილოს ფორმის კულონი მეუღლემ მიყიდა. როდესაც ოჯახი შევქმენით მეუღლე ხშირად მჩუქნიდა ხოლმე სპილოებს, ხან სათამაშო მოჰქონდა, ხან რა და ხან – რა. ეს ვერცხლის კულონიც მეუღლემ მიყიდა, თავის ძეწკვთან ერთად, ჩვენი ოჯახის შექმნის დასაწყისში აღებული პირველი ხელფასით. თურმე, როდესაც კოტე (იგულისხმება თეას მეუღლე, საფეხბურთო აკადემია „ოლიმპის“ მწვრთნელი კონსტანტინე მელქაძე – ავტორი) ამ საჩუქარს არჩევდა ჩემთვის, მეგობარსაც უყიდა საჩუქარი თავისი მეუღლისთვის. სახლში მისულს კი მოუყოლია: კოტემ თეასთვის საჩუქრად, მისი ზოდიაქოს ნიშანი – სპილო იყიდა და შენი ზოდიაქოს ნიშანი რა არის დამავიწყდა, რომ მეც გამეხარებინეო. (იცინის).

უკვე ყველამ იცის, რომ ძალიან მიყვარს სპილოები და ხშირადაც მჩუქნიან. სადმე რომ შევდივარ ოჯახში, ან მაღაზიაში, თუ ნებისმიერ ადგილას, სულ მინდა დავინახო და ვთქვა: „ვაიმე, რა საყვარელია“.

– ეს ქვის სპილოც ნაჩუქარია?

– არა, ეს სპილო მე ვიყიდე. მეორე შვილი პატარა მყავდა. მისთვის რაღაც უნდა მეყიდა და მაღაზიაში ამისთვის განსაზღვრული თანხით შევედი. საბოლოოდ კი, ისე მოხდა, რომ იმ თანხით ეს სპილო შევიძინე. ვერ აგიწერთ, ჩემთვის რამდენად დიდი სიამოვნებაა ამ ნივთების მოვლა და ყურება. სამწუხაროდ, მიწისძვრის დროს რამდენიმე სპილო დამემტვრა და ძალიან დამწყდა გული. სამაგიეროდ, დღესაც აქტიურად ვამდიდრებ ჩემს კოლექციას. სულ ბოლოს, აი ეს ოქროსფერი, სვაროვსკის ქვებით მოჭედილი სპილო შევიძინე, რომელიც ძალიან მომწონს და უკვე მიყვარს კიდეც.

– ყველაზე ძველი, ანუ ყველაზე ასაკოვანი სპილო რომელია ამ კოლექციაში?

– ყველაზე ძველი ამ კოლექციაში სპილოს ფორმის ვერცხლის საკიდია, რომელიც ბებიაჩემის ნაქონია და მე მაჩუქა. მაქვს ჩემი გაკეთებული ერთი სამაჯური. მასზე ყველა ის ძველი ნივთი ჰკიდია, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია და სასიამოვნო მოგონებებს აღმიძრავს. მაგალითაც, ძველი გასაღები, ნიჟარა, გული... ეს ყველაფერი იყო ცალ-ცალკე, მე ავაწყვე, გავაერთიანე და ვაქციე სამკაულად. მას შემდეგ, ეს სამაჯური ჩემი განუყოფელი ნივთია. სახლიდან გასვლისას რომ დამრჩეს, მივბრუნდები და გავიკეთებ. თილისმებს მაინცდამაინც არ ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ... ალბათ, მაინც ვაქცევ. ფაქტია, არ შემიძლია ამ ნივთის გარეშე ყოფნა.

– ძირითადად რა და რა მასალებისგან გაკეთებული სპილოს ფიგურებია თავმოყრილი ამ კოლექციაში?

– ჩემს კოლექციაში ნახავთ ფაიფურის, ქვის, სხვადასხვა ჯიშის ხის, მარმარილოს, ვერცხლის, მინისგან... დამზადებულ სპილოებს.

ეს ხის სპილო, ხელით ნამუშევარია, რაც საკმაოდ შრომატევადი საქმეა. მე ვიცი, რასთან არის ეს დაკავშირებული. პროფესიით მხატვარი ვარ და აკადემიაში, გრაფიკის კათედრაზე შევიძინე ბზაზე მუშაობის გამოცდილება, ვისწავლე თუთიაზე კაწვრა, ოფორტი, ლინოგრავიურა... ამიტომ, მე უკეთ ვიცი ამ ნივთების ფასი. ეს ქვის სპილოც ხელითაა შექმნილი, რომელსაც პატარა სპილო ჰყავს შიგნით, ანუ სპილოში სპილო ზის. ქვაც ძალიან ძნელი დასამუშავებელია. ეს თეთრი სპილოებიც ქვისგანაა გაკეთებული. მე მათ სპილოების ოჯახი დავარქვი, ქობულეთში, დასასვენებლად ვიყავი და იქ აღმოვაჩინე, ერთ-ერთ სუვენირების მაღაზიაში. შემთხვევით არ მიყიდია 4 ცალი, ოჯახშიც 4 სული ვართ: მე, ჩემი მეუღლე და ჩვენი 2 შვილი, ანუ მშობლები და შვილები. ყველა მეგობარი დამცინოდა: ზღვაზე დასასვენებლად რომ წახვალ, სპილოებს იყიდიო... რაზეც მე არ მაქვს არანაირი რეაქცია. სადაც ვარ, ყველგან შემიძლია სპილოს შეძენა.

– დღეისათვის რამდენი ნიმუშია თავმოყრილი თქვენს კოლექციაში?

– ორასამდე სპილო იქნება კოლექციაში. მათ შორის, პირველი 12 წლის ასაკში შევიძინე.


скачать dle 11.3