კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაიბრუნა კუთვნილი ამილახვრების სასახლე ნუცა კუხიანიძის მამის ოჯახმა

მის ცხოვრებაში ყველაფერი სპონტანურად განვითარდა. ერთი მიზანი ჰქონდა და თავისდაუნებურად სულ სხვა სამყაროში მოხვდა. როდესაც „გუგლს” ერეკლე კუხიანიძის შესახებ ეკითხები, მსოფლიო კინოს „დატა-ბაზასა“ და მის მიერ შესრულებულ როლებს „აგდებს”. მაგრამ, ეს ყველაფერი არ არის, ის ოპერის თეატრშიც მღეროდა, თუმცა, საბოლოოდ, მთელი თავისი ცხოვრება ამილახვრების საგვარეულო შატოს ოჯახისთვის დაბრუნებას შეალია.

– მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც ერთხელ მოხვდებიან კამერის წინ და მერე შეუძლიათ, ამ ყველაფერზე უარი თქვან.
– თან, ძალიან წყნარად. საერთოდ, კამერის წინ ჩემი მოხვედრაც ძალიან უცნაურად და დაუგეგმავად მოხდა. უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც ბატონი პავლე ჩარკვიანი ოპერატორთან ერთად მეორეხარისხოვან როლზე ტიპაჟის ასარჩევად მოვიდა. მოვიდა, დავილაპარაკეთ და მითხრა, იქნებ სტუდიაში მოხვიდეო. ბევრი ვიარე სინჯებზე, სადაც ვთამაშობდი სხვა მსახიობებთან, რომელთა შორისაც მთავარი როლის შემსრულებელს ეძებდნენ... და, სრულიად მოულოდნელად, მთავარ როლზე დამამტკიცეს (იცინის). დღემდე არ ვიცი, რამ მიიზიდა პავლეს ყურადღება. სხვათა შორის, ანალოგიური რაღაც მოხდა მოსკოვში, ოპერის თეატრში, სადაც მეორე როლისთვის ვიყავი მზად და უცებ მთავარი პარტიის შესასრულებლად გადამანაწილეს პრემიერის წინ. როგორც ჩანს, ამას მაინც განაპირობებდა ის, რომ არც დიდი ამბიციები მქონია არასდროს და არც კომპლექსები მაწუხებდა, ბუნებრივად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ვთამაშობდი. ეს მთავარი როლი ჩემთვის არ იყო რაღაც საოცრება.
– როგორ არ „მოიწამლეთ“ ამ ყველაფრით?
– ვერ გეტყვით. არადა, ამას სხვა ფილმებიც მოჰყვა. ზედიზედ სამი წელი მიღებდნენ. ამის პარალელურად, დავიწყე სიმღერა. ისე, სუფრაზე ვმღეროდი ხოლმე ჩემთვის რაღაცეებს, როგორც ძალიან ბევრ ქართულ ოჯახში. ჩემი მეგობრის დედა მუსიკალურ ტექნიკუმში მუშაობდა და მითხრა, ისეთი ხმა გაქვს, აუცილებლად მოდი მოსმენაზეო. მარტივად რომ ვთქვა, „ამაგდო”...
– როგორც ჩანს, თქვენი მშობლები არ აქცევდნენ ამ თქვენ შემოქმედებით „ნიჭებს” ყურადღებას, აბა რა გინდოდათ ისტორიულზე?
– ალბათ, მათთვის წარმოუდგენელი იყო ჩემი ამ გზით წასვლა, რადგან, არანაირად არ იყვნენ დაკავშირებული არც კინოსთან და არც საოპერო ხელოვნებასთან. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩოგბურთს ვთამაშობდი, ვგიჟდებოდი ამ სპორტზე. პლეხანოვზე იყო კორტები – ერთ-ერთი პირველი თბილისში, რომელსაც ჩემი სახლის ფანჯრები პირდაპირ გადაჰყურებდა. დავიწყე თამაში. იყო ასეთი მოთამაშე – ვოვა პერეგუდოვი,  რომელიც ტიპური პლეხანოველი ბიჭი იყო, მაგრამ საოცარი ელეგანტურობით თამაშობდა ჩოგბურთს, ძალიან ლამაზად. სწორედ ის გახდა ამ კორტების დირექტორი. მოკლედ, ის ჩემი თაობისთვის ისეთ ავტორიტეტად იქცა, რომ მისი ხათრით ვთამაშობდით ჩოგბურთს. ისე მოვუმატე და იმდენად გადავეშვი ჩოგბურთში, რომ ფიზკულტურის ინსტიტუტშიც კი მინდოდა ჩამებარებინა (იცინის). მერე გადამარწმუნეს და მითხრეს, რომ იქ ძალიან ბევრი ფიზიკური დატვირთვა მომიწევდა და ეს ჩემს საჩოგბურთო კარიერას პირიქით, ხელს შეუშლიდა. მერე კი რაღაცეები მოხდა, რის გამოც ჩოგბურთს თავი დავანებე.
– ჩოგბურთსა და კინოზე უარი თქვით და წახვედით ოპერაში?
– ასე გამოვიდა. უნივერსიტეტი დავამთავრე თუ არა, ჩავაბარე მუსიკალურ ტექნიკუმში. გადაღებებს ძალიან დიდი დრო, ჯანმრთელობა სჭირდებოდა, მთლიანად უნდა მიგეძღვნა თავი ამისთვის. შეიძლება, ერთხელ, ორჯერ გადაიღო, მაგრამ, თუ პროფესიულად  არ მიუდექი ამ საქმეს, უკვე შაბლონი იქნება. ამდენ გარდასახვას ვერ შევძლებდი, ბუნებრივად, როგორიც ვიყავი ისე ვთამაშობდი – ამ მომენტს ვგრძნობდი. იყო რამდენიმე შემოთავაზება, მაგრამ, თავაზიანი უარი ვთქვი და მერე უკვე კატეგორიულად გამოვაცხადე: აღარ მითხრათ, აღარ მინდა გადაღება-მეთქი. არადა, ხომ იცით, როგორ ხდება – მოდაში შემოდის რაღაც და მერე ყველა ერთად აიტაცებს ხოლმე. მაშინ ალბათ, ვერ ვგრძნობდი, რამხელა რაღაცაზე ვამბობდი უარს. თავის დროზე მაინც დავერიგებინე ვიღაცას. მოკლედ, ავტომატურად გადავერთე სიმღერაზე. 
– ამ მიმართულებით როგორ აეწყო საქმე?
– საკმაოდ რთულად. რთული პროფესიაა. მაინც ყველაფერი გამართლებაზეა. ან უნდა იყო ვარსკვლავი, რაც ნამდვილად არ ვყოფილვარ, ან, იმ მონაცემებით, რომელიც მე მქონდა, საჭირო დროს საჭირო ადგილას უნდა აღმოვჩენილიყავი. მოხდა ისე, რომ მოსკოვში წავედი, ერთ პედაგოგთან ვიარე, ვიმეცადინე და შემდეგ მოვხვდი „გელიკონ ოპერაში“, რომელიც მაშინ ქუხდა. მოდაში ახალი შემოსული იყო დიმა ბერტმანი და ასეთი სახელები. „გელიკონ ოპერა“ მოსკოვური ბომონდის საყვარელი ადგილი იყო. მოკლედ, მომისმინეს და მიმიღეს, როგორც მერე ინტერვიუში თქვა, მეორე როლების შესასრულებლად.
– მეორე როლები კარგად გაქვთ დაცდილი?
– მეორე როლი „აიდაში” ვიმღერე  – ფარაონის პარტია და შემდეგ მორიგი მოულოდნელობა მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ბერტმანმა ოპერის თეატრში იტალიელები მოიწვია ენრიკე მაცოლას ხელმძღვანელობით. რეჟისორი, სცენოგრაფი, დირიჟორი ჩამოვიდნენ, რომლებმაც როსინის ოპერები დროთა განმავლობაში შეძენილი უსუფთაოებებისგან გაასუფთავეს და მაცოლამ ისე შეასრულა. ძალიან ლამაზი იყო. მათ მოსკოვის მომღერლებს შორის  ღია კონკურსი ჩაატარეს, აგვირჩიეს რამდენიმე ადამიანი და პირველ ნომრად გადიოდა ოპერის თეატრის წამყვანი ბანი. ერთი თვე გვქონდა რეპეტიციები. ვცდილობდი, არავის მოვხვედროდი თვალში, ჩემთვის მემუშავა, რადგან, ზედმეტი აქტიურობა ყოველთვის ორაზროვნად შეიძლება იქნეს გაგებული. მოკლედ, პრემიერაზე მას უნდა ემღერა, მეორე დღეს კი – მე. გავიარეთ გენერალური რეპეტიცია, წამოვედი სახლში. ძალიან შორს ვცხოვრობდი, საათ-ნახევარი მჭირდებოდა სახლამდე და ასე დაგრიმული მივდიოდი ხოლმე (იცინის). მივედი სახლში და მითხრეს, თეატრიდან დარეკეს, ხვალ მღერიო. გავგიჟდი, გადავრეკე თეატრში და გავარკვიე, რომ ამ კაცს მოუთხოვია, სწორედ მე ვყოფილიყავი პრემიერაზე. როდესაც კოლეგები შეჰკამათებიან, ასულა ეს ენრიკე, თავისი ხელით გადაუშლია პირველი ნომრის გვარი და ფლომასტრით აფიშაზე ჩემი სახელი და გვარი დაუწერია. ერთი თვის კვალობაზე ძალიან დიდი ნახტომი გამომივიდა. ვიმღერე და უცებ ძალიან პოპულარული გავხდი. მაგრამ, მერე ძალიან სასაცილო ამბავი მოხდა, რამაც რაღაცეები შეცვალა: ჩვენს თეატრში ჩამოვიდა ძალიან ცნობილი ფრანგი რეჟისორი. ეს ბიჭი არატრადიციული ორიენტაციის იყო, რასაც არც მალავდა, უბრალოდ, ვერაფრით წარმოვიდგინე, რომ მისი ყურადღება ჩემ მიმართ რაღაც სხვას გულისხმობდა (იცინის). თარჯიმანი მოვიდა ჩემთან, რომელმაც მითხრა, აღფრთოვანებულია თქვენითო და, გადავწყვიტე, რომ სიმღერაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ, როგორც მერე აღმოჩნდა, სულ სხვა მოლოდინი ჰქონია, რომელიც ვერ გავამართლე (იცინის). ეტყობა, ამან გააბრაზა და საერთოდ არ გამიშვა პრემიერაზე, „იოლანდას” დგამდა – თავისებურად, მაგრამ, ძალიან საინტერესოდ. მოკლედ, დაიწყო წვრილმანების ძებნა და ბოლოს უკვე აღარაფერი მოსწონდა. ამაზე მეც მეცინებოდა და სხვებსაც, თუმცა, ამას არ ვაბრალებ საოპერო ხელოვნებისგან ჩამოშორებას. ისე რომ მემღერა, როგორც საჭიროა, ვერავინ დამჩაგრავდა. ზღაპარია ეს, არ არსებობს, რაც არ უნდა ებრძოლო ნიჭიერებას, მას ვერ დამალავ. კიდევ ვიმეორებ: არ ვიყავი ვარსკვლავი და ამას სულ ვგრძნობდი; ჩემთვისაც კი არ იყო საკმარისი ის, რასაც ვაკეთებდი. შეიძლებოდა, მემღერა, სულ მქონოდა საქმე, მაგრამ, რეალურად ვიცოდი, რომ ამაში გამართლება მეტი იქნებოდა, ვიდრე – ნიჭი.
– ამას სხვებიც ხვდებიან, მაგრამ, ამბიცია უკან დახევის საშუალებას არ აძლევთ ხოლმე. ესე იგი, როგორც კინოზე, ისე სიმღერაზეც უარი თვითონ თქვით.
– დიახ და, პარალელურად დავიწყე ჭალის ამბების სერიოზულად მიხედვა.
– იქნებ, ამაზე უფრო ვრცლად მომიყვეთ.
– ბავშვობიდან მესმოდა, რომ ჩემი დიდედის, ანუ, დედაჩემის დედის წინაპრები, ამილახვრები იყვნენ. ამაზე ხშირად არ საუბრობდნენ – ოცდაჩვიდმეტი წლის შიში ჰქონდათ გამოყოლილი და მიუხედავად იმისა, რომ საშიში აღარაფერი იყო, დიდედაჩემი ამის აფიშირებას მაინც გაურბოდა. მოკლედ, მისი დედა ამილახვარი იყო. გვიყვებოდა ხოლმე სახლზე, სადაც გაიზარდა; რომ იქ ძალიან დიდი ოთახები იყო, სასახლეს ჰგავდა ყველაფერი. თვითონ იყო ჩოლოყაშვილი, იმ ცნობილი მევენახის, სოლომონ ჩოლოყაშვილის შვილი, რომელმაც მევენახეობის ინსტიტუტი დააარსა საქართველოში, ცნობილი მეცნიერი იყო. დიდედას პაპა გახლდათ ცნობილი გენერალი ივანე ამილახვარი, რომელიც 1905 წელს გარდაიცვალა. უმცირესი ჩინიდან დაიწყო და ბოლოს მთელი ბატალიონი ჩაიბარა, სერიოზული მებრძოლი იყო. ჩეჩნეთში დიდი აჯანყება ყოფილა და რუსეთი მის სისხლში ჩახშობას აპირებდა. ივანემ მოახერხა, ჩავიდა და, მხოლოდ მოლაპარაკებით, სიტყვით დააწყნარა სიტუაცია. ჩეჩენმა ერმა ძალიან დიდი მადლიერება გამოხატა მის მიმართ, როდესაც გარდაიცვალა. სწორედ ეს ივანე ამილახვარი იყო დიდედას პაპის ძმა. დიდედას პაპა ადრე გარდაიცვალა და ამიტომ დიდედას დედა პრაქტიკულად ივანეს სახლში გაიზარდა. მოკლედ, ამ სახლზეა საუბარი, რომელიც სახლი კი არა, უფრო შატოა. რევოლუციის დროს შატოდან ყველა გამოყარეს და მისი სარდაფი, ფაქტობრივად, საკნებად გამოიყენეს. 1924 წელს იქიდან გაჰყავდათ პატიმრები დასახვრეტად. ამიტომაც, დიდედას ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა ამ სახლის მიმართ. დიდედას პაპის ძმის შვილები საფრანგეთში წავიდნენ და შემდეგ მათ კვალს ვეღარ მივაგენით.

скачать dle 11.3