კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მისცა ბაკურ კვეზერელმა მეუღლეს გამოსაცდელი ვადა და რა აუკრძალა მას ახალ სახლში


სოფლის მეურნეობის მინისტრს, ბაკურ კვეზერელს, მეუღლის არჩევანში ნამდვილად გაუმართლა. მისი მეორე ნახევარი, მშვენიერი გარეგნობითა და არაჩვეულებრივი ადამიანური თვისებებით გამორჩეული ნათია ვერულაშვილია. ის ჩინოვნიკის მეუღლის არცთუ იოლ როლს თავს მშვენივრად ართმევს. ახალგაზრდა ცოლ-ქმარს წლისა და სამი თვის შვილი, ლიზა ჰყავთ, მაგრამ მათი ცხოვრება შეყვარებულთათვის აუცილებელი რომანტიკითა და სიურპრიზებით არის სავსე. მართალია, ნათია ბაკურს ხანდახან „საჩივრების წიგნსაც“ უვსებს, მაგრამ ეს ვერც მათ დიდ სიყვარულს არღვევს და ვერც ოჯახურ იდილიას...



– ნათია, როგორ შეიქმნა თქვენი ოჯახი, როგორია თქვენი სიყვარულის ისტორია?

– ჩვენი სიყვარულის ისტორია ცოტა დროში არეული და არაორდინალურია, მაგრამ ჩემთვის ძალიან ძვირფასი და ლამაზია. როცა ბაკური გავიცანი, კანცელარიაში მუშაობდა, თუმცა მერე გავარკვიეთ, რომ ჩვენ მთელი ცხოვრება ერთ გარემოში გვიწევდა ყოფნა – ვსწავლობდით ერთ სკოლაში, გვყავდა საერთო სამეგობრო წრე, თუმცა ერთმანეთს არ შევხვედრივართ. კანცელარიაში ჩემი მისვლაც ერთგვარი ბედისწერა იყო. იმ პერიოდში მე ვმუშაობდი ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში, ძალიან ბედნიერი ვიყავი ჩემი სამსახურით და მის შეცვლაზე საერთოდ არ ვფიქრობდი. მით უმეტეს, არ მაინტერესებდა სახელმწიფო სამსახური. სწორედ მაშინ ავიკვიატე, რომ ამერიკაში გამევლო მაგისტრატურა. ყველაზე კარგი ვარიანტი იყო, მონაწილეობა მიმეღო „მასკის” პროგრამაში. ამისთვის საჭირო გახდა, სახელმწიფო სამსახურში დამეწყო მუშაობა. ჩემდა საბედნიეროდ, რეფორმების კოორდინაციის სამინისტროში გამოცხადდა ვაკანსია. მხოლოდ იმიტომ ვცადე იქ ბედი, რომ „მასკი“ მომეგო. მუშაობა დავიწყე კახა ბენდუქიძესთან. ასე ჩემი ფეხით მივედი ბაკურიმდე (იცინის).

– ერთ სამსახურში მუშაობდით?

– არა, მაგრამ ჩვენი სამუშაო ოთახები იყო ერთ სართულზე. მახსოვს, როცა პირველად ვნახე ბაკური, მან ჩემზე უცნაური ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. მე ძალიან კომუნიკაბელური ვარ, მაგრამ თავიდან ბაკურთან ურთიერთობა გამიჭირდა. ბაკურს ძალიან სერიოზული იმიჯი ჰქონდა და თავი შორს ეჭირა ჩვენი ხმაურისგან. როგორც იქნა, დავუახლოვდით ერთმანეთს და მალე ისე დავმეგობრდით, უერთმანეთოდ ვერ ვძლებდით. დილით, ლიფტიდან რომ გამოვიდოდი, მაშინვე ბაკურის ოთახის კარს შევხსნიდი ხოლმე და ვეტყოდი: ბაკურ წავედით საუზმეზე, მერე სადილი მოჰყვებოდა ამას, საღამოს – ვახშამი. მოკლედ სულ ერთად დავდიოდით, მშობლები დამცინოდნენ: ბაკურის პირადი მძღოლი ხარო, რადგან ყველგან მე დამყავდა, ესპანურის მასწავლებელთანაც კი. (იცინის) ჩვენ ვიყავით უახლოესი მეგობრები. ჩვენ შორის, ფლირტის ნატამალი არ არსებობდა.

– როდის მიხვდით, რომ ერთმანეთის მიმართ მარტო მეგობრობა არ გაკავშირებდათ და როგორ გამოუტყდით ერთმანეთს სიყვარულში?

– ერთ დღეს გავიგე, რომ „მასკის” პროგრამაში გავიმარჯვე და ამერიკაში მივდივარ. ბაკური უკვე სოფლის მეურნეობის სამინისტროში იყო გადასული, მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. ამის მიუხედავად, ერთმანეთს მაინც ხშირად ვხვდებოდით ხოლმე. მე მგონი, მაშინ უკვე ვხვდებოდით, რომ ჩვენ მარტო მეგობრობა არ გვაკავშირებდა, რადგან სამინისტროში გადასვლის შემდეგ, ძალიან დამაკლდა. ერთ დღეს მივაკითხე სამინისტროში, მანქანაში ველოდებოდი და ნინო ქათამაძის „იებს” ვუსმენდი. უცებ ბაკური გამოჩნდა კიბეებზე და ზუსტად იმ წუთებში მივხვდი, რომ რაღაც მქონდა შემოპარული, სხვათა შორის, ამის შესახებ, მოგვიანებით, ნინო ქათამაძეს ვუთხარი კიდეც: თქვენს სიმღერაზე მივხვდი, რომ მიყვარდა-მეთქი (იცინის). ცოტა ხანს ვაკვირდებოდი საკუთარ თავს და როცა დავრწმუნდი ჩემს გრძნობებში, იმდენად ახლო მეგობრები ვიყავით, რომ თვითონ ბაკურს მივწერე: მგონი რაღაც ხდება, მოდი შევხვდეთ და გავარკვიოთ-მეთქი. ამ მესიჯს მოჰყვა ბაკურის მესიჯი: მე დიდი ხანია მიყვარხარო. (იცინის).

– თქვენ მერე საკმაოდ დიდი ხნით დაშორდით ერთმანეთს, ამან არ იმოქმედა თქვენს ურთიერთობაზე?

– მე წავედი ამერიკაში, მაგრამ თბილისში ჩამოვდიოდი ძალიან ხშირად. ჩემს მშობლებს ეგონათ, მათ გამო ჩამოვდიოდი თბილისში, თუმცა სინამდვილეში, აქ ბაკურის მონატრებას ჩამოვყავდი. ერთმანეთის და სიყვარულის შესანარჩუნებლად, ეს აუცილებელი იყო. თვითონაც მოახერხა რამდენჯერმე ჩემთან ჩამოსვლა. გვქონდა ერთი ყველაზე ტკბილი ზაფხული, როცა თვითონაც ჩამოვიდა ნიუ-იორკში და მერე მეც ჩამოვედი თბილისში. ვიყენებდით კომუნიკაციის ყველა საშუალებას: სკაიპს, ტექსტ-მესიჯებს, იმეილს, ჩეთს, ვრეკავდით მიწიდან, თვითმფრინავიდან, დავიპყარით მთელი ტექნიკური სამყარო. (იცინის). იმის მიუხედავად, რომ ოკეანე გვაშორებდა, ერთმანეთის ყველაფერი ვიცოდით. ამერიკიდან ვურეკავდი ხოლმე და ვეკითხებოდი ყველაფერს. ეკონომიკურ საკითხებზე მუშაობა ჩემთვის იყო ჩინური და დახვრეტის ტოლფასი, ბაკური კი მხსნელად მევლინებოდა. მას, გარდა ტექნიკური თემებისა, პასუხი ჰქონდა ყველა თემაზე, სტომატოლოგიაზე, ასტრონომიაზე, მიწათმოქმედებაზე ჩემი ცნობათა ბიუროა. (იცინის) ერთხელ მე და ჩემი ორი კლასელი წავედით კვლევაზე. როცა კვლევას მოვრჩით და მანქანაში ჩავჯექით, მანქანა არ დაიქოქა. ძალიან ცუდ უბანში ვიყავით. კინოში რომ გინახავთ – საშიში გამომეტყველების კაცები ხელს ითბობენ ცეცხლზე, დაახლოებით ეს ხდებოდა ჩვენ ირგვლივ. ძალიან შეგვეშინდა სამივეს, რადგან ეს კაცები ჩვენსკენ წამოვიდნენ. ჩემმა მეგობრებმა იცოდნენ, ყველაფერზე ბაკურს რომ ვურეკავდი ხოლმე და განწირულებმა იკივლეს: „ქოლ“ ბაკურ, „ქოლ“... მე ვუთხარი: ბაკური რას გვიშველის აქ, მანქანა არ იქოქება-მეთქი, თუმცა მაინც დავურეკე. ბაკურმა მითხრა: რა მოგივიდა, „რული დაქაჩე“ და აუცილებლად დაიქოქებაო. ასე გადავრჩით, მე და ჩემი ავღანელი მეგობრები. მათ ეს ამბავი ჯგუფელებს უამბეს, რომელიც სხვადასხვა ეროვნების ადამიანებით იყო დაკომპლექტებული. მას შემდეგ ბაკური მათთვის „ღმერთი” გახდა. ბაკუუური, დიდი ბაკუუური, ასე მოიხსენიებდნენ ხოლმე (იცინის).

იმ პერიოდში ბაკურს ძალიან ბევრი საქმე ჰქონდა, არანორმალური რეჟიმით ცხოვრობდა. მისი ასეთი დატვირთული გრაფიკის გამო, „მძულდა” მთავრობაც, მინისტრიც (იცინის). განსაკუთრებით მძიმე იყო რთველის პერიოდი. ერთხელ ვურეკავ ბაკურს და მობილური ტელეფონი გამორთული აქვს. ძალიან შევშინდი, რადგან ძალიან ყურადღებიანია და უპასუხისმგებლოდ არასდროს იქცევა, გამორიცხულია, არ ვიცოდე, სად არის. ხან – ვის დავურეკე, ხან – ვის, მაგრამ ვერ ვიპოვე. მეგობრებს დავურეკე თბილისში: იქნებ დამეხმაროთ და ბაკური მაპოვნინოთ-მეთქი. ბოლოს შევედი სამინისტროს ვებ-საიტზე და დავრეკე სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ცხელ ხაზზე“. ხომ არ ვეტყოდი, მინისტრის შეყვარებული ვარ და ბაკური მომიძებნეთ-მეთქი, ვუთხარი: ამერიკიდან გირეკავთ, ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციიდან – ჩვენი დელეგაცია არის თქვენთან ჩამოსული და პრობლემა აქვთ, ბაკურ კვეზერელს ვერ უკავშირდებიან და სასწრაფოდ უნდა მოგვიძებნოთ-მეთქი. ბოლოს დავრეკე, რთველის „ცხელ ხაზზე“ და ასე ვიპოვე ბაკური, პირადი მიზნებისთვის სამინისტროს ცხელი ხაზიც კი გამომადგა (იცინის). ახალი წასული ვიყავი ამერიკაში და ბაკურს ვუთხარი: რა გახდა ეს შენი სამსახური, მოდი ორი კვირით ბინას ვიქირავებ და როგორმე ჩამოდი-მეთქი. როგორც იქნა, დავითანხმე. ბინა მოვძებნე და კონტრაქტს ხელი უნდა მოვაწერო, რომ რაღაც ტექნიკურმა პრობლემებმა შემაფერხა. ბაკურს ბილეთი აღებული აქვს, ბარგი ჩალაგებული, დაადგა აეროპორტის გზას და მოულოდნელად უთხრეს: დელეგაცია ჩამოვიდაო. მათ ხომ ვერ დატოვებდა?! აეროპორტიდან მიაბრუნეს სამსახურში, მას შემდეგ, მივხვდი, რომ მისი სამსახურის გადამკიდეს ბევრის იმედი არ უნდა მქონოდა. სულ ვეუბნებოდი: თვითმფრინავი რომ აფრინდება, მაშინ მითხარი, რომ მოდიხარ. ვიზა, ბილეთი და ჩალაგებული ბარგი, ჩემზე აღარ მოქმედებს-მეთქი. (იცინის).

– ოჯახურმა თანაცხოვრებამ თქვენი ურთიერთობა არ შეცვალა? მინისტრის მეუღლეობა იოლი არ უნდა იყოს.

– მე ჩემი პიროვნული დამოუკიდებლობა არ დამიკარგავს, იმის მიუხედავად, რომ ხშირად მანიკიურის ფერსაც კი ვეკითხები. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მას ვასიამოვნო. ვერ ვგრძნობ, რომ შეყვარებულები აღარ ვართ. ამას წინათ მითხრა: ისევ ჩემი შეყვარებული მგონიხარ და აქამდე მგონი გატყუებდი, ქმრის როლი გავითავისეო (იცინის). ამაში მგონი, ცუდი არაფერია. მე არ მიგრძვნია ქართული ოჯახის თანმდევი „სიმძიმეები,” ბაკური არაა ისეთი ადამიანი, რომელსაც თანამდებობა შეცვლის. ბაზარში რომ ბაკური არ წავა, ზუსტად ვიცი და ამისგან პრობლემას არ ვქმნი. ყოფით საკითხებს, რაც არ უნდა ველაპარაკო, „ისხლიტავს”, ამ ყველაფერს მე ვაგვარებ. ყოფიერება ნულზე გვაქვს დაყვანილი და აქცენტი ემოციურზე გადაგვაქვს. სიყვარულის შესანარჩუნებლად ეს აუცილებელია, სხვანაირად არ გამოვა. ძველი დრო რომ არ დაგვავიწყდეს, „პროსპეროში” ვჯდებით ხოლმე (იცინის). ბაკური ხუმრობს: გამოსაცდელი ვადით ხარ ჩემი ცოლი, კარგად დაგაკვირდები და მერე ვიფიქრებ ხელის მოწერაზეო... მეც ძალიან აქტიურად ვმუშაობ, რომ ჩემი ფუნქცია არ დავკარგო. 17 წლიდან ვმუშაობ, ორი მაგისტრატურა მაქვს დამთავრებული და მეც ჩემი ამბიციები მაქვს. ახლა მუშაობა რომ დავიწყე, ბავშვი სამთვე-ნახევრის მყავდა. ბაკური როგორმე შეძლებდა, ორივე შევენახეთ, მაგრამ მე მაინც დავიწყე მუშაობა. ეკონომიკური კრიზისის გამო, როცა საერთაშორისო ორგანიზაციებმა დახურვა დაიწყო და უამრავი პროფესიონალი დარჩა უმუშევარი, ძალიან შემეშინდა და სასწრაფოდ დავიწყე სამსახურის ძებნა. ბაკური საერთოდ არ ჩარეულა ჩემს საქმეში. თითქმის არავის ვეუბნები, რომ მისი ცოლი ვარ. ვინმემ რომ ჩემზე თქვას: ეს კვეზერელის ცოლია და იმიტომ და ამიტომო, თავს მოვიკლავ (იცინის). მე ვერ ვგრძნობ, რომ ჩემი ქმარი მინისტრია. ძალიან იშვიათად დავყვები ოფიციალურ შეხვედრებზე. ბოლო ორი წლის განმავლობაში სულ ხუთ ღონისძიებაზე ვართ ერთად ნამყოფი. მისი სამსახურებრივი სამყარო ჩემთვის დაკეტილია და ეს აბსოლუტურად არ მაწუხებს. სამსახურში მხოლოდ ერთხელ მიმიყვანა, რადგან ძალიან მაინტერესებდა და ვთხოვდი, მისი სამუშაო კაბინეტი ეჩვენებინა.

– საერთოდ არ წუწუნებ, როცა მეუღლე ვერ იცლის და გინდათ რომ თქვენს გვერდით იყოს?

– არ ვწუწუნებ, ჩვენმა სიყვარულმა, ჩემი ამერიკაში ყოფნის დროს, ისეთ გამოცდებს გაუძლო, რომ ახლა ჩვენს ურთიერთობას ვერაფერი გააფუჭებს. როცა პრობლემები გროვდება, ერთად ვჯდებით და ვლაპარაკობთ, იმაზე რაც გვაწუხებს. რამე რომ არ დამავიწყდეს, სია მაქვს ხოლმე გამზადებული, „საჩივრის წიგნს „ვუვსებ” (იცინის). როგორც ყველა კაცს, მნიშვნელოვანი თარიღები ავიწყდება ხოლმე. თავიდან ამაზე ძალიან მოვიწყინე, მერე ნელ-ნელა დავიწყე „დატრენინგება”, მაცივარზე მაგნიტით ვუკრავდი ხოლმე უამრავ ფურცელს. ახლა ისეთი მაცივარი გავაკეთეთ, მაგნიტი აღარ ეკვრება თან მკაცრად გამაფრთხილა: ახალგარემონტებულ სახლში არაფერი დამანახვო გაკრულიო (იცინის).

– ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დამოუკიდებლად ცხოვრობთ, ბაკური არც ახალი სახლის მოწყობაში იღებს მონაწილეობას?

– ჩვენ საკმაოდ დიდხანს ვცხოვრობდით „მიგრაციაში“, ჩემს მშობლებთანაც ვიყავით, მაგრამ მერე გადავწყვიტეთ, ჩვენს გემოზე, დამოუკიდებლად გვეცხოვრა. საერთოდ, მე მიყვარს დაგეგმვა, წინასწარ ვგეგმავ, როგორ უნდა ვიყოთ 6 – 10 თვის შემდეგ, მაგრამ ბაკურის რეჟიმის გამო, ჩემი გეგმები გაცამტვერდება ხოლმე. მე თუ არ მოვერგე მინისტრის გრაფიკს, მინისტრი ხომ არ მოერგება ჩემსას? ეს ერთადერთი მომენტია, როცა ვაღიარებ, რომ სახელმწიფო საქმეები ბევრად უფრო პრიორიტეტულია (იცინის). ამის მიუხედავად, ვცდილობთ, ოჯახურ საქმეებში შეთანხმებას მივაღწიოთ. ყველა დეტალზე კონსესუსის წესით მივდივართ. სახლში ექვსი თვე არ გვქონდა კარადა, მხოლოდ იმიტომ, რომ მის დიზაინზე ვერ შევთანხმდით. მე დავხატე 25 ვარიანტი, მაგრამ მან 26-ე მოიფიქრა. ოჯახის მოწყობაში ბაკურიც აქტიურად არის ჩართული. ძალიან გაგვიმართლა იმ მხრივ, რომ, როდესაც ოფიციალურ შეხვედრებზე მიდის, ხან ლანგარს აჩუქებენ, ხან – ხალიჩას. ორჯერ იყო აზერბაიჯანში და ჩვენს სახლს ეტყობა – ორი პატარა აზერბაიჯანული ხალიჩა გვაქვს. (იცინის).


скачать dle 11.3