კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას მალავდა გოგა ხაჩიძე წლების განმავლობაში და რა გაუყიდეს მას მეგობრებმა


გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვ-ნება, ვისაც იღბლისა და ბედისწერის ნაკლებად სჯერა და ფიქრობს, რომ ადამიანები საკუთარ ცხოვრებას თავადვე ქმნიან. იმის მიუხედავ-ად, რომ ძალიან უყვარს ექსპერიმენტები, რის გამოც საკუთარი ძალები უამრავ „ფრონტზე” მოსინჯა, ყველა წარმატებას მაინც საკუთარ თავს უმადლის, ოღონდ, იმასაც აღიარებს, რომ ყველა მისი ცხოვრებისეული მარცხიც მისი დამსახურებაა და შემთხვევით არაფერი ხდება. ყველაზე მოულოდნელი და საინტერესო სიურპრიზი, რაც მას იღბლისგან ერგო, ლატარიის ბედნიერი ბილეთი იყო, თუმცა, სოლიდური პრიზით, საკუთა-რი მდგომარეობიდან გამომდინარე, ბოლომდე ვერც ამ შემთხვევაში „დატკბა“...

გოგა ხაჩიძე: იღბლისა და ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადების მაინცდამაინც არ მჯერა. ყველაფერს, მათ შორის საკუთარ ბედსა და იღბალს, თავად ადამიანები ვქმნით. თვითმფრინავიდან რომ გადმოვვარდე და გადავრჩე, ვიტყოდი, რომ იღბალი მაქვს, მაგრამ ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა, აი, ომში კი გადავრჩენილვარ ცოცხალი... მარტო იღბლისა და ბედის იმედზე ვერ იქნები. შემთხვევით ჩემს ცხოვრებაში თითქმის არაფერი მომხდარა. მე არ მჯერა ბედისწერის, რომელიც მაშინ იწერება, როცა ადამიანი იბადება და რომ ამ ბედისწერას ფურცელზე წერენ და ამობეჭდავენ... ჩემი აზრით, ადამიანმა თავი არ უნდა მოიტყუო, შენ თვითონ უნდა შექმნა შენი მომავალი და ყოველდღიური ცხოვრება. თუ შენ ირგვლივ რამე ფუჭდება, შენი ბრალია და, თუ რამე კარგი ხდება, ესეც შენივე დამსახურებაა. იღბალს უყვარს მშრომელი ადამიანი, შემთხვევით არაფერი ხდება.

– საჭირო დროს არ ყოფილხართ საჭირო ადგილას?

– ასეთი შემთხვევები ყოფილა. საერთოდ, მირჩევნია, რომ, თუ მაქვს არჩევანის საშუალება, ვიყო საჭირო ადგილზე... საჭირო დრო შევარჩიე მაშინ, როცა სიმღერა დავიწყე, მაგრამ არც ეს მომხდარა შემთხვევით. ბევრს ვფიქრობდით იმაზე, რასაც ვაკეთებდით, ადამიანმა თავად უნდა შექმნა რეალობა და საკუთარი თავის საჭიროება. თუ ასეთ სიტუაციას შექმნი, საჭირო ადამიანები რაღაცას შემოგთავაზებენ.

– ასეთი საჭირო პიროვნება იყავით მაშინ, როცა პოლიტიკაში წახვედით?

– სიტუაცია შეიქმნა ისეთი, რომ საჭირო გახდა ჩემი წასვლა რაიონში, იქ ჩამოვაყალიბე პარტია, ვცხოვრობდი და ვმუშაობდი. ჩემი ფაქტორი იყო ის, რომ მე არ ვთქვი უარი ამაზე და განვაცხადე, რომ ამის გაკეთება შემეძლო. თუ რაიმეს მიღწევა გინდა, უნდა გააკეთო და გექნება... მინდოდა მომღერლობა და გავხდი მომღერალი, მაშინ პოპულარობა მსურდა და ამასაც მივაღწიე. იმ პერიოდში ქალებშიც ძალიან პოპულარული ვიყავი (იცინის). რაც მართლა მინდა, იმას ვაღწევ. მე მყავს მეგობარი, რომელსაც ჰგონია, რომ ერთ დილით გააღვიძებენ და ეტყვიან: „ჩემო ბატონო, მიირთვით ჩაი, თქვენი „ლიმუზინი“ დაბლა გელოდებათ, ბანკში თანამშრომლები უკვე შეკრებილები არიან!“ ის ამისთვის არაფერს აკეთებს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ერთ მშვენიერ დღეს გაიღვიძებს და დიდი ბანკის მფლობელი იქნება. მე არ მჯერა ასეთი სასწაულების, არ მაქვს არარეალისტური ოცნებები. თუ მინდა, რომ რამეს მივაღწიო, ამისთვის უნდა ვიშრომო. ასე ვიშრომე და გავხდი გუბერნატორი, მერე – მინისტრი...

– მინისტრობის გამო გარეგნული იმიჯიც კი შეიცვალეთ და ბლანჟე მოუშვით.

– იმიჯი მინისტრობის გამო არ შემიცვლია, თუ მელოტი შეიძლება იყოს მინისტრი, რატომ არ შეიძლება, რომ ბლანჟე ჰქონდეს?! მინდოდა, რომ მინისტრებს შორის ერთი მაინც ყოფილიყი ბლანჟეიანი, ყველაზე მეტი პერსპექტივა კი მე მქონდა – ადრეც მიტარებია ბლანჟე. შაშკინიც შემოგვემატა, მაგრამ პირველი მაინც მე ვიყავი. ეს განცდა, პირველი რომ ხარ, კარგია (იცინის). თან არც ისე ძნელი იყო იმიჯის შეცვლა: სამი დღე წვერი არ უნდა გაიპარსო და – ბლანჟეც სახეზეა.

– როგორ ფიქრობთ, საქმეში უფრო წარმატებული ხართ თუ პირად ცხოვრებაში?

– ალბათ, უფრო საქმეში... პირადი ცხოვრება უფრო ემოციებზე და გრძნობებზეა აწყობილი, კარიერა პრაგმატული საკითხია. ამ მხრივ შეგიძლია, იმუშაო, პირად ცხოვრებაზე კი ვერ იმუშავებ. უბრალოდ, უნდა იცხოვრო, რაღაცეები გააკეთო, რაღაც გინდა, რაღაც – არ გინდა... ჩვენნაირ ქვეყანაში თანამდებობაზე მუშაობა, როცა ბევრი საქმე გაქვს მოსასწრები, ძალიან უშლის ხელს პირად ცხოვრებას. ჩემთვის ამ სიტუაციაში პირადი ცხოვრებისა და კარიერის შეთავსება შეუძლებელი აღმოჩნდა.

– ამის გამო დაგენგრათ ოჯახი? თუმცა თქვენ მეორედ დაოჯახებაც მოახერხეთ..

– მე არ შემიქმნია სხვა ოჯახი, ვცხოვრობ მარტო... მარტო ცხოვრება არ მიჭირს, ძალიან ორგანიზებული ადამიანი ვარ, ყველაფერს ვახერხებ. საქმე ისაა, რომ, როდესაც დილიდან საღამომდე მუშაობ და ასე გრძელდება წლების განმავლობაში, ეს ყველაფერი ახდენს გავლენას ოჯახზე... ან თავი უნდა მოიტყუო, ან სხვა მოატყუო, ან ვიღაცამ ძალიან ბევრი უნდა მოგითმინოს, რომ პირად ცხოვრებაში პრობლემები არ შეგექმნას. არის კიდევ ერთი ვარიანტი, რომ შენს კარიერას ვიღაც შეეწიროს. ჩემი შემთხვევა ცოტა კიდევ სხვანაირად იყო, მაგრამ ამაზე საუბარი არ ღირს.

– ოდესმე ვინმეს ბედი თუ გინატრიათ?

– მინატრია... კოკოითის და ბაღაფშის ადგილას მინდა ყოფნა, მაშინვე გავაერთიანებდი საქართველოს (იცინის). საერთოდ, ადამიანები იმას ვაფასებთ, რაც არ გვაქვს. სულ ახლახან, უშგულში შემხვდა ორი ებრაელი ტურისტი, რომლებიც ზურგზე ჩანთებით დადიოდნენ ულამაზეს ადგილებში, თბილისამდე წამოყვანა მთხოვეს. ძალიან მომინდა, იმათ ადგილზე ყოფნა, როცა უდარდელად მიდიხარ სხვა ქვეყანაში, მერე იქიდან კიდევ სხვაგან.

– თქვენც ხომ დადიხართ სხვა ქვეყნებში, სადაც არავინ გიცნობთ, თავისუფლად შეგიძლიათ გართობა...

– სხვა ქვეყნებში მიწევს წასვლა, მაგრამ ასე ებრაელი ტურისტებივით უდარდელად ვერ ვარ ხოლმე. როცა საქმიანი ვიზიტებით მივდივარ, საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გვაქვს. რას იზამ იქ? იციან, რომ მინისტრი ხარ, ვინც ამაზე არ ფიქრობს და ყირაზე დგება, იმიტომაც ჩნდება „იუთუბზე” ტელეფონით გადაღებული რაღაც-რაღაცეები. ამ ბოლო დროს, ამაზე ბევრს ვფიქრობ... (იცინის).

– აზარტულ თამაშებში მაინც თუ გიმართლებთ?

– სპორტული აზარტი მაქვს, მაგრამ თამაშში არც აზარტი მაქვს და არც იღბალი. ერთხელ, საკმაოდ ადრეულ ასაკში, მეც დავუჯერე და ავყევი ლეგენდას, რომ ყველა, ვინც პირველად თამაშობს კაზინოში, აუცილებლად იგებს. მეგობრებთან ერთად წავედი კაზინო „აჭარაში” და პირველივე მცდელობაზე 150 დოლარი წავაგე. რაღაცეებს რომ ვკარგავ, ძალიან განვიცდი, მაგრამ 150 დოლარი ისეთი თანხა არ იყო, თავი მომეკლა დარდით. თუმცა, მას შემდეგ, კაზინოში აღარ მითამაშია. ოდესმე, ბევრი ფული თუ მექნება, რომ წაგება არ დამენანება, კიდევ შეიძლება ვითამაშო, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მაშინაც წავაგებ. მე ყოველთვის ვცდილობ, ფსკერზე ყველაზე ცუდი ადგილი მოვსინჯო, თუ იქიდან გამოვა რამე, გამოვა, ცუდს კი ისედაც შეგუებული ვხვდები.

– ლატარიაშიც არაფერი მოგიგიათ?

– უთო და მტვერსასრუტი – არა (იცინის), თუმცა, ერთხელ ფეხბურთის მატჩზე მოვიგე ავტომობილი. ეს მოხდა საქართველოში, ახლა ამაზე თქვენთან პირველად ვლაპარაკობ. მე რომ ეს გამეხმაურებინა, მაშინ უკვე ცნობილი სახე ვიყავი და ყველა იფიქრებდა, რომ ეს მოგება „ჩაწყობილი“ იყო. ის ავტომობილი არც წამომიყვანია, იქვე გავყიდე მეგობრების დახმარებით.

– და თქვენ ამბობთ, რომ იღბალი არ გაქვთ? კარგ ფასში გაყიდეთ მოგებული ავტომობილი?

– არ მივაჭრია (იცინის). ახალი „ჰიუნდაი” იყო და ნორმალურ ფასში გაიყიდა. იმის გამო, რომ ვერც ღიად ვაფიქსირებდი მოგებას და ვერც ვვაჭრობდი, ჩემმა მეგობრებმა მენეჯმენტი საკუთარ თავზე აიღეს და გაყიდეს იმ თანხად, რაც პირველივე მცდელობაზე შემოგვთავაზეს. ვატყობ, რომ ფეხბურთის მატჩებზე მიმართლებს, ბევრი ბურთი და ველოსიპედი მაქვს მოგებული (იცინის).

– თილისმებს თუ ატარებთ?

– არაფერს არ ვატარებ, მაგრამ, თუ შემთხვევით შევხედე საათს და არის 11 საათი და 11 წუთი, ვიცი, რომ ის დღე აუცილებლად კარგი იქნება. ასეთი უცნაური რაღაც შევამჩნიე, ოღონდ სპეციალურად კი არ უნდა შევხედო საათს, ეს მაშინ ჭრის, როცა არ მახსოვს და შემთხვევით აღმოვაჩენ, რომ თერთმეტი საათი და თერთმეტი წუთია, მე მგონი, ბევრი ერთიანი კარგად მაქვს დაცდილი. ადრე მეც ვიყავი ცრურწმენების ეიფორიაში, მაგრამ ახლა აღარც თარსი ადამიანების მჯერა და აღარც 13 რიცხვის.

– პარასკევობით, თან, თუ 13 რიცხვია, მთავრობის სხდომებზე არ ნერვიულობთ, რამე საკადრო ცვლილება არ იყოსო? ბოლოს და ბოლოს, მიდიხართ ამ თანამდებობიდან თუ არა?

– მაინცდამაინც პარასკევობით შეიძლება, იყოს საკადრო ცვლილებები? (იცინის) ჩემი აქედან წასვლის ამბავი, ასე ჭორად მეც ბევრჯერ მოვისმინე, მაგრამ რეალურად მივდივარ თუ არა, ეს ჯერ არ ვიცი. ნოემბერში ერთი წელი გახდება, რაც მინისტრი ვარ. თუ იმ პერიოდისთვის მინისტრი აღარ ვიქნები, არც ეს იქნება პრობლემა. მე ჩვეულებრივად ვმუშაობ, ამ ხმების გამო არაფერი შეცვლილა. როგორც ყველა ჭორს, ამასაც ჩვეულებრივად შევხვდი, განსაკუთრებული რეაქციები არ მქონია, შევეჩვიე ასეთ ხმებს... სანერვიულო არც არაფერია. რაც „საზოგადო ტიპად“ ვითვლები, იმდენი რამე გავიგე საკუთარ თავზე, აღარაფერს აღარ განვიცდი, მხოლოდ ის მანერვიულებს, რომ ჩემ გამო ჩემთვის ძვირფასი ადამიანები ნერვიულობენ, ეს არ არის სასიამოვნო განცდა, თუმცაღა, ბოლო დროს ესეც აღარ ახდენს ჩემზე გავლენას. ვიცი, რომ რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ჩემი ბრალია.

– ასეთი თვითკრიტიკული ხართ?

– ეს თვითკრიტიკა არაა, ეს ლოგიკური დასკვნაა. მე ვარ დამნაშავე და ჩემი დამსახურებაა, ყველაფერი, რაც ჩემს თავს ხდება. მე არათუ ჩემს ცხოვრებას, სამყაროსაც ასე აღვიქვამ. თუ აღარ ვიქნები მინისტრი, შეიძლება, ესეც ჩემი ბრალი იყოს, თუმცა, არც ეს არ იქნება ტრაგედია. მე არ ვარ მინისტრი, რომელიც ოცნებობს, რომ გახდეს უფრო დიდი მინისტრი – ასეთი საქმიანი ოცნებები არ მაქვს. ექსპერიმენტების მოყვარული ადამიანი ვარ, მაგრამ ასე მოსინჯვა-მოსინჯვები დამღლელია. არის საკითხები, რომლებიც, ვფიქრობ, რომ კარგად გამომდის. საჭიროება რომ იყოს, ისევ ძველთან დაბრუნება მირჩევნია.

– ისევ გუბერნატორობას ხომ არ უმიზნებთ?

– მირჩევნია, ვაკეთო ის, რაც კარგად ვიცი, მაგრამ ყველა სიტუაცია ანგარიშის გაწევას მოითხოვს. ბევრ სფეროში ვიყავი აქამდე, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ არის ადგილი, სადაც ძალიან კარგად ვარ.

– ძალიან პესიმისტურ ხასიათზე ჩანხართ. პარაპლანით გიყვართ ფრენა, ცაში ხომ არაა თქვენი ადგილი?

– არა, არ ვარ პესიმისტურ ხასიათზე, ყველაფერი ნორმალურადაა, უბრალოდ, იღლები ადამიანი, მეც მინდა მშვიდი ცხოვრება. ფაქტი ისაა, რომ თმა მითეთრდება. ასე იცხოვრებ, თუ ისე მაინც ერთი ცხოვრება გვაქვს, ამ ცხოვრებაში რაღაც უნდა ნახო, რაღაც უნდა დაიწყო, რაღაც დაასრულო... ცხოვრება საინტერესოა, მაგრამ დრო ცოტა გვაქვს და მოსასწრები – ბევრი. ვნახოთ, რა იქნება მომავალში (იცინის).

– საკუთარი მომავლის გასაგებად შეგიძლიათ, ასტროლოგთან ან ნათელმხილველთანაც მიხვიდეთ, როგორც ამბობენ, ამ გზას ბევრი პოლიტიკოსი ადგას.

– ჯანდაბამდე ჰქონიათ გზა იმ პოლიტიკოსებს, ვინც საკუთარი მომავლის გასაგებად ასტროლოგებთან და მჩხიბავებთან დარბის ან ეგეთ ჩინოვნიკებს ვურჩევდი, რომ, ისემც უქნიათ, თავისი სამსახურებისა თუ სამინისტროების ჰოროსკოპებიც კი შეუდგენიათ (იცინის). მკითხავთან ვარ ნამყოფი ერთხელ, როცა ტელევიზიაში გადაცემას ვაკეთებდით სხვადასხვა ტიპის მკითხავებზე. მივდიოდით, ვიხდიდით ფულს და ვამკითხავებდით ჩვენს მიყვანილ „კლიენტებზე”. მაშინ დავრწმუნდი, რომ მკითხავები აფერისტები არიან. როგორ შეიძლება, საკუთარი ბედის გამოცნობა ვანდო, ჯავახეთიდან ჩამოსულ ვიღაც მჩხიბავ ნორას, რომელიც ლობიოს მარცვლებით მეტყვის, რა მელის მომავალში?! არა, ასეთ ექსპერიმენტს საკუთარ თავზე არასდროს ჩავატარებ (იცინის).



თამუნა სამადაშვილი


скачать dle 11.3