კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სექტაში ჩაწერაზე თქვა უარი გოგი გეგეჭკორის შვილიშვილმა და როგორ მოხიბლა ერთი შეხედვით მან მომავალი მეუღლე

ბედნიერი ვარ, როცა ასეთ წყვილებს ვხედავ – ერთმანეთი უყვართ, ერთმანეთს ავსებენ, ერთმანეთზე ზრუნავენ მხოლოდ ერთად და ერთმანეთისთვის... სერიალ „ღვინის გზის” მსახიობი ვანო დუგლაძე უკვე სამი წელია, რაც დაქორწინებულია ანანო მირიანაშვილზე, ლეგენდარულ გოგი გეგეჭკორის შვილიშვილზე – საოცარ გოგოზე, რომელიც ერთი შეხვედრით გაყვარებს თავს. წლების შემდეგ მათზე აუცილებლად დაწერენ, – აი, ასეთები არიან ჩემი დღევანდელი სტუმრები.

ვანო დუგლაძე: მამაჩემი თუმანიშვილის თეატრის მსახიობი იყო, ამიტომ მეც თეატრში გავიზარდე – გარემოში, რომელიც, ალბათ, ნებისმიერი ბავშვისთვის საოცნებო იყო. ვგიჟდებოდი რეკვიზიტებზე, დეკორაციებზე, მაბოდებდა იმ სამყაროზე და სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია. სცენის მტვერი ორივეს ბევრი გვაქვს ნაყლაპი, მეც და ანანოსაც. ერთი სიტყვით, თეატრალურში ჩავაბარე. პირველ კურსზე ვიყავი, როცა ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნუკრი ქანთარიამ აკაკი ხორავას მსახიობთა სახლში შექმნა თეატრი „დურუჯი” და ჩვენი წინა ჯგუფი წაიყვანა. იქ იყვნენ ნიკა კუჭავა, გიორგი ზანგური და სხვები. ჩვენც გვეუბნებოდა ინსტიტუტს რომ დაამთავრებთ, თქვენც წაგიყვანთო. მოკლედ, ვიყავით ამ თემით მოცულები. „დურუჯში” ანანო ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით მუშაობდა.
ანანო მირიანაშვილი: თეატრალურში ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი დავამთავრე და იმ ჯგუფთან ვმეგობრობდი, „დურუჯში” რომ დაიწყო მუშაობა. ყველაფერში ვეხმარებოდი მათ. ერთი სცენაზე არ ვთამაშობდი, თორემ დანარჩენს ყველაფერს ვაკეთებდი – ფიარი, ჟურნალისტებთან ურთიერთობა, მოსაწვევები, ბილეთები... ყველა საოცარი ენთუზიაზმით ვიყავით. საბოლოოდ, თეატრი დაიშალა, მსახიობებს სხვადასხვა სამუშაო გამოუჩნდათ, მაგრამ ის პერიოდი ძალიან კარგი იყო.
ვანო: იქ დავინახე ანანო პირველად და გავგიჟდი, ისე მომეწონა. ანანო იქ თავის ამბებში იყო, ზედ არ გვიყურებდა, სხვა საქმეები ჰქონდა... თუ რამე სჭირდებოდა, სულ თვალში ვეჩხირებოდი – მე დაგეხმარები, მე გავაკეთებ-მეთქი, ვამბობდი.
ანანო: ვანოზე სამი წლით უფროსი ვარ, მაშინ ჩვიდმეტი წლის იყო და ცოტა არასერიოზულად აღვიქვამდი ამ ყველაფერს. ჩემთვის მთავარი იყო მოსაწვევები დროულად დაერიგებინათ, რაღაცეებში დამხმარებოდნენ, თორემ ვინ მეხმარებოდა, ამას დიდად ყურადღებას აღარ ვაქცევდი. ვცდილობდი, რაც შეიძლება მყარად ვმდგარიყავი მიწაზე, აბა იქ ჩემ გარდა ისედაც იმდენი იყო, ვინც დაფრინავდა, ეს არ გამოგვადგებოდა.
ვანო: ამის შემდეგ, დაახლოებით სამი წელი გავიდა. და ის სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე სოციალურ ქსელში. მივწერე, გახსოვარ-მეთქი და კი, როგორ არაო. როგორ ხარ, რას შვრები, სად გნახო, როდის გნახო... ძალიან ლოგიკურად განვითარდა ჩვენი ურთიერთობები.
– რა იყო ის, რამაც ანანოში ყველაზე მეტად მოგხიბლა? 
– ასე, კონკრეტულად ვერ ვიტყვი, მაგრამ ერთი რამ იყო მთავარი – როდესაც ანანოს ველაპარაკებოდი, ზუსტად ვგრძნობდით, ერთმანეთისთვის რისი თქმა გვინდოდა. სანამ ვიტყოდი, მან უკვე იცოდა და პირიქით. ჭკვიანი, შინაგანად ლამაზი ადამიანი ვიპოვე, უფრო სწორად, შინაგანად და ფიზიკურად ლამაზი...
– ანანო, შენც მომიყევი შენს ბიოგრაფიაზე, ალბათ, თეატრალურის გარდა, შენც სხვა არაფერზე გიფიქრია.
ანანო: მთელი ჩემი ოჯახი თეატრთან არის დაკავშირებული, ბაბუა მსახიობი, ბებია და დედა თეატრმცოდნეები, მამაჩემი – რეჟისორი. ამდენად, არც მიფიქრია, სხვა სფეროში წავსულიყავი ხელოვნების გარდა. სხვათა შორის, გამოცდებამდე სულ ცოტა დრო იყო დარჩენილი, როცა თეატრალურში ბატონი გოგი მარგველაშვილი შემხვდა, მაშინ ჯერ არ იყო რექტორი. რა გინდა, შენც ამ თეატრმცოდნეების სექტაში უნდა ჩაეწერო, წელს მსახიობების ჯგუფი ამყავს, მოდი ჩემთან და აგიყვანო. ერთი-ორი ღამე ფიქრში გავათენე, არ ვიცოდი რა მექნა. თან, ასე უცებ, ჩაბარებისთვისაც ხომ უნდა მოემზადო. ბოლოს მივხვდი, რომ არ არის ეს ჩემი საქმე. მერჩივნა თეორიულ სფეროში მემუშავა და არც მწყდება ამაზე გული.
– ბავშვობიდან უყურებდი მსახიობებს და არ მოგწონდა მათი განსხვავებული ცხოვრების წესი, ბოჰემურობა?!
– ეს ყველაფერი გარე ფასადია. პირიქით, მე როგორც შიგნიდან დამკვირვებელმა, ძალიან კარგად ვიცი, რა შრომასთანაცაა დაკავშირებული ეს პროფესია. ერთ შემთხვევაში ბაბუა იყო და მეორე შემთხვევაში – ქმარი. ამიტომ ზუსტად ვიცი, რამხელა ხელშეწყობა სჭირდებათ ოჯახის მხრიდან. მსახიობები მუდმივად ნერვებზე არიან, განსაკუთრებით წინასაპრემიერო პერიოდში. მაგალითად, ბაბუაჩემს ამ დროს ვერ გაეკარებოდი. ვანო ისე არ არის, რომ ვერ დაელაპარაკო და ხმა ვერ გასცე, მაგრამ, როდესაც რაღაც მნიშვნელოვანზე მუშაობს, მთლიანად იმაზეა კონცენტრირებული და ჩემი გვერდში დგომა ნამდვილად სჭირდება.
– ალბათ, გოგი გეგეჭკორის პერიოდში როლზე მუშაობა, წინასაპრემიერო მზადება სულ სხვა იყო, ახლა კი სხვაა...
– რა თქმა უნდა. თეატრსაც სხვა დატვირთვა ჰქონდა. თვითონ მსახიობებიც სხვა დამოკიდებულებით იყვნენ პროფესიის მიმართ. ბაბუასა და მისი თაობისთვის პროფესია რელიგია, მრწამსი იყო. თან, ისინი არარელიგიურ გარემოში იზრდებოდნენ და თეატრმა ერთგვარად ჩაანაცვლა, დაიკავა რელიგიის ადგილი.
– რიტუალს ჰგავდა მათი მომზადებაც?
– კი. ყოველ დილით, ჰქონდა სპექტაკლი თუ არა, აუცილებლად აკეთებდა მეტყველების სავარჯიშოებს. ოთხმოც წლამდე ყოველი დილა ამით იწყებოდა. ფიზიკურად ვარჯიშობდა, კითხულობდა ლექსებს. საღამოს თუ სპექტაკლი ჰქონდა, დილით დამიძახებდა და რეპლიკებს ვაწვდიდი. ის იმეორებდა და ასე მუშაობდა საკუთარ თავზე. ვანოსთან ეს არ მჭირდება. ბაბუს სიამოვნებდა ჩემთან ასეთი ურთიერთობა, კომუნიკაციის ერთგვარი ფორმა იყო. ალბათ, ბევრმა ასეთმა წვრილმანმა განსაზღვრა ჩემი ხელოვნებაში ყოფნა.
– როდის აღიქვი, რომ ბაბუა, უბრალოდ, ბაბუა კი არა ცნობილი პიროვნება იყო?
– ჩემთვის ჩვეულებრივი ბაბუა იყო, რომელსაც ვაკის პარკში, ზოოპარკში დავყავდი, სახლში პური მოჰქონდა. კი, ჰქონდა სპექტაკლები, გადაღებები, მაგრამ ეს ჩემთვის ბაბუას სამსახური იყო და სხვა არაფერი. აი რომ ჩავაბარე, პირველი კურსი დავხურე და სტუდენტის თვალითაც შევხედე მას, მერე უფრო გავაანალიზე მისი მნიშვნელობა. ზოგადად, რაც დრო გადის, წლები მემატება, მით უფრო განსხვავებულ, ახალ რაღაცეებს აღმოვაჩენ ხოლმე ბაბუას პიროვნებაში.
– კარგი, დავუბრუნდეთ თქვენს წყვილს, ოჯახის შექმნა რამდენ ხანში გადაწყვიტეთ?
ვანო: ესეც თითქოს ბუნებრივად, ლოგიკურად მოხდა. სულ ვამბობდი, ცოლს არ მოვიყვან-მეთქი, არადა ოცი წლის ვიყავი, ეს რომ გადავწყვიტე. ისე აეწყო, იმდენად მინდოდა ანანო, სულ მასთან ერთად ყოფნა, რომ უკვე ერთ თვეში სულ ვეკითხებოდი, ცოლად ხომ გამომყვები-მეთქი, სულ ვამოწმებდი, მასაც ხომ უნდოდა ჩემთან ყოფნა.
– ოფიციალურად მოხდა ეს ამბავი?
– კი, ახალ წელს ვთხოვე ხელი ოფიციალურად. პატარა ქორწილი გვქონდა, მეგობრების წრეში. იმასაც კი ვფიქრობდით მშობლები ყოფილიყვნენ თუ არა. მაგრამ, მათ გარეშე არაფრით გამოვიდოდა. სხვათა შორის, ხელი არ მოგვიწერია.
ანანო: ხელი ერთი წლის მერე მოვაწერეთ, ჯარისთვის დასჭირდა ვანოს. ჯინსებით, გიჟებივით მივქანდით რეესტრში. ჩემი მეგობარი და მეგობრის დედა წავიყვანეთ მეჯვარეებად, რომლებიც იმ მომენტში სტუმრად იყვნენ ჩემთან. შევვარდით შენობაში, დაიწყო ხელისმოწერის პროცედურა და აღმოჩნდა, რომ ჩემი მეგობარი არასრულწლოვანია. გვერდით ვიღაც გოგო იდგა და ვთხოვე, ხელი მომიწერეთ-მეთქი და კი ბატონო, როგორ არაო. უცებ კი ისიც მეუბნება, ახლა შენ მოგვიწერე, ჩვენც იგივე დღეში ვართო. ასე აღმოვჩნი უცებ ვიღაცის მეჯვარეც საკუთარ ხელის მოწერაზე (იცინიან). ოღონდ იმის მერე ის ხალხი აღარც გვინახავს, ჩვენდა სამარცხვინოდ. ამის შემდეგ ძალიან მალე გაჩნდა ანდრია, ჩვენი შვილი, რომელიც გაჩენის წუთიდან გახდა სამყაროს, ჩვენი სიყვარულის ცენტრი.
ვანო: ანდრიას გაჩენის შემდეგ რაღაცეები შეიცვალა. ეს გარდაუვალია. მას ყველანაირად ვეხმარები და აქტიურ მონაწილეობას ვიღებ ბავშვის აღზრდაში.
ანანო: თოთოს დაბანა მიჭირდა და სულ ვანო აბანავებდა. ერთხელ უყურა დედაჩემს, კარგად დაიმახსოვრა ყველაფერი და მეორედ უკვე თვითონ აიღო ამ საპატიო მისიის შესრულება საკუთარ თავზე. აბანავებდა, აძინებდა...
ვანო: როგორ შეიძლება, შემშინებოდა ჩემი შვილის ხელში აყვანა, წარმოუდგენელია. ვერც ვტოვებ ხოლმე დიდი ხნით. ახლაც, ვილნიუსში რომ ვიყავი, სულ იმას ვფიქრობდი, ანდრიას როგორ უვლიან, ვინ აბანავებს, ვინ აჭმევს-მეთქი.
– ლოგიკურად მიხვედით ვილნიუსამდე. როგორ გადაწყდა ოჯახში ქერა და გრძელფეხება ქალების „სამშობლოში” გაშვება?
ანანო: ეს მომენტი საერთოდ არ ყოფილა, არადა ყველა ამას მეკითხებოდა. ახლობლები კი არა, უბრალოდ ნაცნობებიც მაგას ამბობდნენ, როგორ უშვებო?! „ვუშვებ”, – საერთოდ რას ნიშნავს ურთიერთობებში, არ ვიცი.
ვანო: მეგობარი ბიჭიც, გვერდით რომ გიდგას და შენს ცოლს ეუბნება, იქ ტელეფონი არ არის ანანოო და თან, თვალს გიკრავს. რა უნდა უთხრა ამ დროს?! ჩვენ შორის ნდობის მომენტი იმდენად დიდია, რომ ამაზე არც გვიფიქრია და არც გვილაპარაკია. ერთადერთი, რის გამოც შეიძლება, სერიალზე უარი მეთქვა, ეს ოჯახთან ექვსთვიანი განშორება იყო. თუმცა, მერე გაირკვა, რომ მხოლოდ ერთი თვით მიწევდა წასვლა და მერე ცოტ-ცოტა ხნით ისევ ჩასვლა. ეს უკვე პრობლემა აღარ იყო. მინუს ოცდაათგრადუსიანი ყინვა იყო, საშინელი ზამთარი.
– როგორც ვხედავ, ცოლ-ქმრის სტერეოტიპული გაგება თქვენ წყვილს არ ეხება.
– შეიძლება, რაღაც დოზით გვეხება. ჩვენც ვლაპარაკობთ და ვნერვიულობთ ყოფით საკითხებზე, მაგრამ სხვა სიახლოვეც გვაქვს. ანანო სულ გვერდში მიდგას. მუშაობის პროცესში ძალიან მიყვარს უაზრო შეკითხვების დასმა და ანანოს არასდროს ეზარება მათზე პასუხის გაცემა, ჩემი აზრების დალაგება.
ანანო: იგივე ხდება მისი მხრიდანაც.
– ვანო, სერიალის გარდა სად ხარ?
ვანო: კონკრეტულად რომელიმე თეატრის შტატში არ ვარ, მაგრამ მარჯანიშვილში სპექტაკლებში ვთამაშობ. დიდხანს ვფიქრობდი, სერიალში მიმეღო თუ არა მონაწილეობა. სამი წელი ოჯახში იყო ომი და ბრძოლა, დიდგორი. ანანო ყივჩაღების სახელით მორბოდა და მეუბნებოდა, წაიღე შენი ფოტოები, ვიდეოები სააგენტოში, მიიღე მონაწილეობა ქასთინგებშიო. მქონდა დიდი მუხრუჭი, ჯერ სულ არას ვამბობდი. ბოლოს, ჩემმა სიმამრმა მითხრა, კარგად შეინახე „ქალიშვილობაო“. მოკლედ გამიმართლა, რომ ამ სერიალში მოვხვდი. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ მუშაობის პროცესი უფრო კარგია, ვიდრე თვითონ შედეგი. ჩემი აზრით, ცოტა დინამიკა აკლია, მაგრამ, ხალხი უყურებს და ეს მთავარია.

скачать dle 11.3