კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით გამოირჩევა ამერიკის საუკეთესო დასების ხუთეულში შესული „ბოსტონ-ბალეტის“ სცენაზე ლაშა ხოზაშვილი და რატომ დადის ხალხი მისი სპექტაკლების სანახავად

მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო „ბოსტონ-ბალეტში“ სეზონის წარმატებულად დამთავრების შემდეგ, ქართველი ბალერონი, ლაშა ხოზაშვილი რამდენიმე ხნით თბილისში, დასასვენებლად ჩამოვიდა. მისი მომავალი წლის, მათ შორის ზაფხულის გრაფიკიც, უკვე გაწერილია. რაც მთავარია‚ ის ამერიკაში თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს, რადგან ოცნება აისრულა – მოხვდა საოცარ თეატრში, დასში, ცეკვავს მისთვის საყვარელ პარტიებს, გვერდით ჰყავს მშვენიერი მეუღლე და მეგობრები, რომლებთან ერთადაც თავისუფალ დროს ყოველთვის მხიარულად ატარებს.

ლაშა ხოზაშვილი: სანამ „ბოსტონ-ბალეტში“ მოვხვდებოდი, სან-ფრანცისკოში მინდოდა, თუმცა „ეიბითიზეც“ ვფიქრობდი. ახლაც არ არის გვიან ძალების მოსინჯვა, მაგრამ „ბოსტონ-ბალეტში“ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ – ერთ-ერთი საუკეთესოა‚ ამერიკის დასების საუკეთესო ხუთეულში შედის, მაღალი ხარისხია. ოცნება ასრულებული მაქვს. მინდოდა‚ მაღალი დონის დასში მუშაობა და ვმუშაობ. ძალიან კარგი რეპერტუარი გვაქვს, ბევრ დიდ დასზე კარგი. ანაზღაურებითაც ძალიან კმაყოფილი ვარ, ქალაქითაც – ისეთია‚ ცხოვრება რომ მოგინდება. მეგობრები მყავს იქაურიც და აქაურიც. კვირა არ გავა, ერთმანეთი არ ვნახოთ. ძალიან ბედნიერად ვარ. თან‚ როგორც დირექტორთან ბოლო საუბრისას მივხვდი, მინიმუმ, 5 წელი  უნდა ვიყო იქ. მკითხა: ბოსტონში ცხოვრებაზე არ გიფიქრიაო, რა თქმა უნდა, მიფიქრია-მეთქი. თუმცა‚ არაფერია გამორცხული, ყველაფრისთვის მზად ვარ.
 რაც შეეხება წლევანდელ სეზონს ძალიან რთული და საინტერესო იყო. ანუ, პროგრამა იყო ძალიან რთული, თორემ‚ ათვისების მხრივ‚ შედარებით გამიადვილდა. მაგალითად‚ „დონ კიხოტი“ სხვა დროსაც მიცეკვია, მაგრამ აქ სულ სხვა რედაქცია იყო – ლეგენდარული მოცეკვავის  რუდოლფ ნურიევის. ძალიან განსხვავებულია, მამაკაცის მოძრაობები საოცრად გართულებულია, თან‚ ამ ადამიანმა თავის დროზე ეს პარტია თავისი სიმაღლისთვის დადგა. ისეთი სირთულეები გადამილახავს, მაგრამ რეპეტიციები რომ დავიწყე, ისე ვიღლებოდი, თავს კითხვა დავუსვი: მე ამას „გავქაჩავ?“ ძალიან ბევრი ვიმუშავე და ბოლოს ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ბოლო სპექტაკლის მერე ვამბობდი: ისეთ ფორმაში ვარ, კიდევ ვიცეკვებ დონ კიხოტს-მეთქი.
– როგორ მიიღო მაყურებელმა?
– აღფრთოვანდა. ქართველი ბიჭები – ირაკლი ლალიაშვილი, გიორგი მიქაძე, ვაჟა მანია წავიყვანე, სხვებიც მოვიდნენ „ბერკლიდან“,  მთელი დარბაზი სავსე იყო. ირაკლი ლალიაშვილი მერე მიყვებოდა: შენ, რომ  ხტებოდი, ხალხი ქვემოდან გიყურებდა და ყვიროდა: ო, მაი გად! ო, მაი გად! ამას როგორ აკეთებსო! ეს‚ რა თქმა უნდა‚ ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა და მიხარია, რომ ჩემი პატარა, საშუალო თუ დიდი პუბლიკა მყავს. მიხარია, რომ კვირა არ გავა, ვინმემ არ გამაჩეროს ქუჩაში, ან წვეულებაზე, ბარში და მკითხოს: თქვენ ხომ ლაშა ქოზაშვილი ხართ, როდის ცეკვავთო? როგორც იქნა‚ ჩემი გვარიც ისწავლეს, „ხ“-ს ვერ ამბობენ, მაგრამ ქოზაშვილს კარგად გამოთქვამენ. ბევრჯერ ისეთი შემთხვევა ყოფილა, დავუპატიჟებივარ უცხოებს მეგობრებთან ერთად: იქნებ შევხვდეთ, ლუდი დავლიოთო. ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა. ბოლო სეზონის მერე კიდევ უფრო მეტად გამიცნო მაყურებელმა და თან‚ რაც მთავარია‚ კარგად ერკვევიან პროგრამაში, იციან‚ როდის რა სპექტაკლია. ამიტომ, ხშირად იმასაც მეკითხებიან: ვიცით, რომ ეს პროგრამაა და თქვენ რომელ დღეს ცეკვავთ? აი, თქვენს სპექტაკლზე მოვალთო.
– რაც მთავარია‚ ალბათ‚ ხალხის სიყვარული კიდევ უფრო მეტ სტიმულს გაძლევს და პასუხისმგებლობას გმატებს, რომელიც ისედაც არ გაკლია.
– ყველა დეტალი სტიმულსაც მაძლევს და მმატებს პასუხისმგებლობას. მიმაჩნია, რომ პასუხისმგებლობა ულიმიტოა, იზრდება და იზრდება. რაღაც პარტიას რომ მომცემენ: ეს უნდა იცეკვოო, რა თქმა უნდა‚ დიდი პასუხისმგებლობაა. თან, თუ მეტყვიან: პრემიერაზე უნდა იცეკვოო, კიდევ უფრო იზრდება ეს პასუხისმგებლობა. თუმცა‚ მე ჩემსას ყოველთვის ვცეკვავ. ძალიან საინტერესო პროგრამა გვქონდა ამ სეზონზე. ვიცეკვე კილიანის „ბელლა ფიგურა“ – ჩემი უსაყვარლესი თანამედროვე ბალეტია. კიდევ „რომეო და ჯულიეტა“, მაგრამ ახლა სულ სხვა რედაქცია ვიცეკვე. ყოველი რედაქცია ძალიან საინტერესოა. ბალანჩინიც ვიცეკვე – „სიმფონია სამ ნაწილად“. ბოლო ორი თვე მქონდა ფიზიკურად ძალიან დატვირთული. პირველ პროგრამას როგორც კი მოვრჩით‚ მას მაშინვე მეორე პროგრამა მიება. საერთოდ‚ პირველი პროგრამის მერე, ერთი კვირა გაქვს სარეპეტიციოდ. ახლა კი „დონ კიხოტთან“ ერთად, მეორე პროგრამასაც ვრეპეტიციობდით და გადაება ეს ყველაფერი. მომავალი წელიც საკმაოდ დატვირთული გვაქვს, განსაკუთრებით მეორე სეზონი. პირველი პროგრამაა კილიანის ერთმოქმედებიანი თანამედროვე ბალეტი და შემდეგ მიებმება კლასიკური ბალეტი „მძინარე მზეთუნახავი“. ეს იქნება მთელი დასისთვის ძალიან მტკივნეული. უნდა მოვუაროთ თავს, რომ არ დავილეწოთ. თანამედროვედან კლასიკურზე გადასვლა ძალიან რთულია, თან ერთდროულად მოგვიწევს მუშაობა. ნებისმიერ მოცეკვავეს რომ ჰკითხო‚ რა თქმა უნდა‚ მისთვის ეს არასასიამოვნოა, მაგრამ ასე ხდება. დასში ყველანი პროფესიონალები ვართ, ამიტომ‚ ეს უნდა გადავლახოთ. ყველაზე მეტად ის გვეხმარება, რომ პედაგოგები ყოველთვის ყველაფერში გვიგებენ, რაც საქართველოში ნაკლებად ხდებოდა.
– ხშირად სხვა შტატიდანაც გაქვს ინდივიდუალური მოწვევები. წელსაც გქონდა ასეთი გასვლითი სპექტაკლები?
– სამწუხაროდ‚ ვერ წავედი, რადგან ძალიან დატვირთულები ვიყავით. არის განსაზღვრული ვადა და მანამდე უნდა მოგწერონ, მერე უკვე  აღარ შეიძლება. მათ გვიან მომწერეს, ჩამოდიო. სხვები უკვე „დაბრონილები“ იყვნენ, ამიტომ დირექტორმა მთხოვა: არავინ აღარ მრჩება და ვერ გაგიშვებო. სამაგიეროდ‚ თებერვალში მომწერეს: ახალ წლებზე გვჭირდები, დეკემბერში ჩამოდი, ჩვენს დირექტორს შენს მეტი არავის სახელის გაგონება არ უნდაო. ინდიანაპოლისის თეატრია, უკვე ვიყავი ჩვენს დირექტორთან და „დავბრონე“ დრო. ინდიანაპოლისში უკვე მიცნობს ხალხი, შარშან ვიყავი და დაწერეს ჩემზე სტატიები. ამიტომ, ასეთი გასვლითი კონცერტები‚ გარდა ფინანსური მხარისა, კიდევ ბევრ რამეს მაძლევს. მახსოვს‚ ბოსტონში ერთი ადამიანი მოვიდა ჩემთან: გამარჯობა, თქვენ არ მიცნობთ, მაგრამ მე ინდიანაპოლისში ვნახე თქვენი ცეკვა და ახლა აქ ჩამოვედი საყურებლადო. დიდი მადლობა გადავუხადე, მე ამას ნამდვილად ვერ ვიზამდი. იმედია‚ კიდევ ჩამოხვალო, მითხრა. შევპირდი, რომ ჩავალ.
– რაც ამერიკაში წახვედი‚ შენი სპექტაკლები არ მინახავს, თუმცა დარწმუნებული ვარ‚ იქაც გამოირჩევი შენი განსაკუთრებული სტილით და ამიტომაც მოსწონხარ იქაურ მაყურებელს.
– არ ვიცი, შეიძლება როგორც ქართველები ვამბობთ‚ ცეკვის ჯიგარი მაქვს, რადგან ეს გენეტიკურადაც მომყვება მამაჩემისგან, ბიძისგან. ამას ემატება ისიც, რომ საქართველოში ძალიან კარგი პედაგოგები მყავდა – ცოტა მათი, ცოტა ჩემი, ცოტაც ახალი... პლუს ამას‚ მაქვს იმის ფანტაზია, ამ ყველაფრისგან მიქსი გავაკეთო. საერთოდ‚ ცოტა მეხამუშება‚ როდესაც ვინმეს ჩემთვის სტილის, ხასიათის შეცვლა უნდა. ქალმა, რომელმაც განაახლა „დონ კიხოტის“  ნურიევისეული ქორეოგრაფია, როდესაც დაიწყო რეპეტიცია, ბიჭებს ეუბნებოდა: აქ ასე მინდა, აქ ასეთი ხასიათია საჭირო, ნურიევმა ასე დადგაო. ჩემთან რომ დაიწყო მუშაობა, გავიარე რეპეტიცია – მოეწონა. მეორე დღეს კი სხვა ხასიათში ვიცეკვე – მიყვარს ჩემით პერსონაჟის შექმნა. რეპეტიციის მერე მითხრა: დღეს სხვანაირად იცეკვეო. ვიფიქრე‚ ნეტავ, ძალიან ბევრი ხომ არ მომივიდა-მეთქი, ვაპირებდი, ბოდიშის მოხდას, მაგრამ მითხრა: ყველაფერი ხუთიანზეა, გენდობი, რაც გინდა გააკეთეო. ბიჭებმაც გადმომხედეს: ვაუო... მან კი დაამატა: რასაც აკეთებ‚ უაზროდ არ აკეთებ, იცი რაც გიხდება და ეს კარგად ჩანს, ამიტომ გააკეთეო. დიდი მადლობა გადავუხადე, ტექნიკურად არაფერი შემიცვლია, რაც დამიდგა და როგორც უნდოდა‚ ისე გავუკეთე. უბრალოდ‚ სტილი ჩემი იყო. ჩემთვის პირველ ადგილზე ცეკვა დგას და არა ტექნიკა. ადრე ქორეოგრაფმა ჰელენ პიკეტმა სულ გადამიკეთა სპექტაკლი – სხვა შესაძლებლობები გაქვს, უფრო გაგირთულებო. თან, მეუბნებოდა: მე იდეას მოგაწვდი და შენ მოირგეო, იმპოვიზაციაზეც მენდობოდა.
– შენთან ერთად შენი მეუღლეც ცეკვავს, თუმცა „ბოსტონ-ბალეტში“ ჯერ ერთად არ გიცეკვიათ.
– კინაღამ მოგვიწია ერთად ცეკვა, მაგრამ ბოლოს არ გამოვიდა. ვერ ვიტყვი, რომ პირველ წელს ძალიან გაუჭირდა, უბრალოდ‚ ცოტა მიუჩვეველი იყო. წელს ყველა პედაგოგი ეუბნებოდა და დირექტორმაც უთხრა: როგორ გამოცოცხლდიო. „მაკნატუნაში“ მისცეს პატარა სოლოები, იცეკვა. მეც ვცეკვავდი, მაგრამ სხვა პარტნიორთან. მომავალ წელს თუ იგივე აცეკვეს, შეიძლება ვთხოვო‚ ჩემს ცოლთან ერთი პარტია მაცეკვეთ-მეთქი. ისე‚ იქ ერთმანეთს საერთოდ ვერ ვნახულობთ. შეიძლება, ისე გავიდეს დღე, რომ ვერ ვნახო. კვირაში ერთი-ორჯერ თუ ვნახე: ვა, ეკა, მომენატრე-მეთქი, ვეუბნები. აქ უფრო ხშირად ვხედავ, მგონი...

скачать dle 11.3