კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ჩაერთო უცხოტომელების ომში აფრიკაში ლომებზე სანადიროდ წასული ქართველი უფლისწული

არ მინდა, ბანალური დასაწყისი გამომივიდეს და ბევრი ვილაპარაკო ქართულ გენში ასე მოჭარბებულ ვაჟკაცობაზე, სამართლიანობის სიყვარულსა და სხვა მაღალ მატერიებზე, მაგრამ, ნიკო ბაგრატიონის ბიოგრაფია ის მაგალითია, რომელიც ამ „ბანალურ“ თემებზე მაინც აგვალაპარაკებს. ერთია, როდესაც შენი ქვეყნის პატრიოტი ხარ და მეორე – როცა ყველა ჩაგრულის გულშემატკივარი, მაშინაც კი, თუ ეს ჩაგრულები სხვა მხარეს, სხვა კონტინენტზე, სხვა კულტურით ცხოვრობენ. ლევან გურიელიძე ნიკო ბაგრატიონის, იგივე ნიკო ბურის საოცარ ცხოვრებაზე გვიამბობს.

ლევან გურიელიძე: ნიკო ბაგრატიონის წარმოშობამ საკმაოდ ბევრი რამ განსაზღვრა მის ცხოვრებაში და ამის შესახებ მკითხველი ცოტა ქვემოთ შეიტყობს. ის ქართლის ბაგრატიონთა – მუხრანბატონების შტოს ეკუთვნოდა. დიდი მეფეების მსგავსად, ისიც წარმოსადეგი გარეგნობით გამოირჩეოდა, ნამდვილი გოლიათი იყოო – ასე აღწერენ ნიკოს გარეგნობას – 2 მეტრი და 10 სანტიმეტრი სიმაღლე და რვა ფუთი წონაში. ფიზიკურად და ზნეობრივად ძალიან კარგად იყო გაწვრთნილი, 5 წლიდან ჯდებოდა ცხენზე, მშვენივრად ჭიდაობდა, ზეპირად იცოდა „ვეფხისტყაოსანი”, შესანიშნავად ისროდა მიზანში, ბრწყინვალედ ფლობდა ფრანგულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.
– როგორ აღმოჩნდა ის აფრიკაში?
– 1899 წელს, 31 წლის ნიკო სამოგზაუროდ წავიდა. საქართველოდან ის ჯერ პეტერბურგში ჩავიდა, იქიდან პარიზში გაემგზავრა და, შემდეგ, მარსელზე გავლით, ალექსანდრიაში, ეგვიპტეში ჩავიდა. მოგზაურობის ინიციატორი მისი მეგობარი, კოლა ორბელიანი იყო, რომელმაც მეგობარი შეაგულიანა, ცხელ ქვეყნებში ლომებზე სანადიროდ გავემგზავროთო. საბოლოოდ კი ისე მოხდა, რომ კოლამ პარიზის სიამენი ვერ დათმო და აფრიკაში აღარ წავიდა. თუმცა, მეგობრის აზრის ცვლილებამ ნიკოს  ვერ გადააფიქრებინა ექსტრემალური გართობა და აფრიკაში მარტო გაემგზავრა. ზუსტად იმ პერიოდში დაიწყო ინგლის-ბურების ომი, რომელიც 1899-1902 წლებში მიმდინარეობდა. ალექსანდრიაში მყოფი ბაგრატიონი იმ პერიოდს ასე იგონებს: „ხალხის მღელვარებამ მეც შემიპყრო. დავბრუნდი სასტუმროში. სასტუმროს პატრონმა მითხრა: „საზიზღრები არიან ეს ინგლისელები! უნდათ, რომ თავისუფლებისმოყვარე ბურები მონებად გადააქციონ, ხოლო მათი ქვეყანა – კოლონიად“. გამახსენდა საყვარელი საქართველო! მთელი ჩემი არსება მოიცვა ბურებისადმი თანაგრძნობამ და უყოყმანოდ გულში ღრმად ამოვიჭერი, დავხმარებოდი თავისუფლების მოყვარულ პატარა ხალხს, რომელსაც ინგლისი მოსპობას უპირებდა.”
– და, რა თქმა უნდა, ომში ჩაერთო.
– ბაგრატიონი, როგორც მოხალისე, ტრანსვაალში გაემგზავრა და ინგლისელების წინააღმდეგ იბრძოდა. ის ახლოს გაეცნო ტრანსვაალის პრეზიდენტს – პაულუს კრიუგერს, ასევე, გამოჩენილ სარდლებს: პეტრუს ჟუბერსა და ლუის ბოტას. ისინი, რა თქმა უნდა, გაკვირვებულები იქნებოდნენ უცხოტომელის ასეთი თავგანწირვით, რომლის არც ოჯახს, არც ქვეყანას ეს ომი არანაირად არ ეხებოდა, მით უმეტეს, რომ ნიკო სამეფო შტოს შთამომავალი იყო. ნიკო ბური ამ ხალხისთვის ეროვნულ გმირად გადაიქცა. წელიწად-ნახევრის განმავლობაში ის ყოველდღე პირისპირ ხვდებოდა სიკვდილს – მონაწილეობდა ბრძოლებში პრეტორიასთან, ბლიკფონტეინთან, აბრამცალისთან, ბოშოვანთან... ბურების დამარცხების შემდეგ ბაგრატიონი არ გაჩერებულა, პარტიზანულ მოძრაობაში ჩაერთო, თუმცა საკმაოდ მალე, ერთ-ერთი ბრძოლის დროს, ნიკო ბური ინგლისელებმა დაატყვევეს და დახვრეტა მიუსაჯეს.
– გადაურჩა ის სიკვდილს?
– 1900 წლის 5 აპრილს ბაგრატიონი ბაღლინჯოებით სავსე საკანში ჩაუგდიათ. დილით მას, ისევე, როგორც ბურების სხვა 100 სარდალს, დახვრეტა ელოდა. დახვრეტის წინ ქართულ ეროვნულ სამოსელში ჩაცმული დედის სურათი ამოუღია. ინგლისელი ოფიცერი, რომელიც დახვრეტას ხელმძღვანელობდა, დაინტერესებულა უცნაურ სამოსელში გამოწყობილი ქალის ვინაობით. საუბრიდან შეიტყო, რომ ტყვე ძველი ქართული საგვარეულოს მთავარი იყო, ამიტომ მისი დახვრეტა ვერ გაბედა. ოფიცერმა ტყვე თავის უფროსს მიუყვანა. ასე მოხვდა ბაგრატიონი ინგლისის არმიის მთავარსარდალთან, კიტჩენერთან. როგორც საქართველოს სამეფო გვარის შთამომავალს, დახვრეტა შეუცვალეს წმიდა ელენეს კუნძულზე გადასახლებით. აქედან ნიკო ბური ჯერ საფრანგეთში, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა.
– გადასახლებაში როგორ პირობებში ამყოფებდნენ?
– კუნძულზე ბაგრატიონი ყველა ტუსაღის ხვედრის შესამსუბუქებლად ირჯებოდა. ერთხელ, გადაწყვიტა, ტყვეთა ძალებით გასართობი სანახაობა მოეწყო, რათა მათთვის მწირი ულუფა ცოტაოდენით მაინც გაეზარდათ. წარმოდგენის პირველ ნაწილში მუსიკალური ნომრები სრულდებოდა, ხოლო მეორე განყოფილება დოღს ეთმობოდა, რომელიც ქართველი უფლისწულის მიერ შესრულებული ნომერი-სიურპრიზით უნდა დამთავრებულიყო. ყველა გაფაციცებით ელოდა ამ სიურპრიზს. დადგა ნიკოს გამოსვლის დროც, რომელსაც თავად ასე აღწერს: „შუაგულ მოედანზე საკომენდანტოს მეჯინიბე ოთხმა ზანგმა გამოიყვანა ორი ცხენი, ორ ზანგსაც მათზე გამობმული თასმები ეჭირათ. ცხენებს რომ შევხედე, ცოტა შიშმა გამკრა – მეტად ფიცხნი და ღონივრები ჩანდნენ, მეჯინიბეები ძლივს უჭერდნენ თავებს. ეტყობა, კომენდანტს განგებ შეურჩევია ყველაზე დიდი და ღონიერი ცხენები, რომ ამდენი ხალხის წინაშე სირცხვილი მაჭამოს... რა გაეწყობა, უკან დახევა უკვე გვიანაა. მოვიკრიბე მთელი ძალ-ღონე და მტკიცე ნაბიჯით გავედი მოედანზე. ისეთმა სიჩუმემ დაისადგურა, თითქოს მთელ არე-მარეზე ერთი კაციც არ ყოფილიყო. მარჯვენა ფეხს დავეყრდენი, მარცხენა ოდნავ წინ წავდგი და მკლავები მოვხარე; მეჯინიბეებმა ცხენების გრძელი თასმების ყულფები როგორც კი ჩამომაცვეს მკლავებზე, მყისვე კისერზე გამოდებულ მაგარ ღვედს ჩავავლე ხელები. ამრიგად, ყულფები იდაყვებთან მოვიქციე. ეს მთავარი იყო. „გაუშვით ხელი!“ – ვიყვირე მე და მეჯინიბეები, რომელთაც ცხენები აქეთ-იქით აღვირებით ეჭირათ, განზე გახტნენ. ცხენებმა წამსვე გაიწიეს, მაგრამ ადგილზევე გაქვავდნენ. მაშინ მეჯინიბეებმა ცხენებს შოლტები გადაჰკრეს. ახლა ცხენებმა მოინდომეს ერთბაშად თავის დაღწევა, მაგრამ, როცა ადგილიდან ოდნავადაც ვერ დაიძრნენ, ყალყზე აიმართნენ. ვატყობდი, ძარღვები დაწყდომაზე მქონდა, მაგრამ, მაინც ვიდექი, როგორც მიწაში ღრმად ფესვგამდგარი მუხა, ცხენები თითქოს ჩემს ორ ტოტზე გამობმულები ყოფილიყვნენ. გახელებული ცხენები ცდილობდნენ, გამსხლტომოდნენ, მაგრამ ამაოდ. მეჯინიბეებმა კვლავ გადაჰკრეს შოლტები და თან უცნაური ხმით დასჭყივლეს ისედაც ცეცხლმოკიდებულ მერნებს. ცხენები კიდევ ერთხელ აიტოტნენ, მერმე გაქაფულებმა გაბედულად დაჰკრეს ტორები მიწას და თანდათან დაცხრნენ, დაოკდნენ. ყულფები მკლავებიდან წამოვიყარე და მოედნიდან გასვლა დავაპირე, მაგრამ, ამ დროს მოირღვა რკალი და ხალხის ტალღამ გზა გადამიღობა – ატყდა უცნაური ყვირილი, აღტაცებათა ყიჟინა, ტაში; ყველას უნდოდა, ხელი ჩამოერთმია, შემხებოდა, გადავეკოცნე...” სამშობლოში გამგზავრების წინ მისთვის ტყვე ოფიცრებს ჰოლანდიურ ენაზე დაწერილი ადრესი გადაუციათ, სადაც მადლობას უხდიდნენ რაინდული ლტოლვისთვის, მართალი საქმისთვის და მამაცობისთვის: – „იმედი გვაქვს, რომ სამშობლოში დაბრუნებისას ყოველთვის თანაგრძნობით გაიხსენებთ ჩვენს სამართლიან საქმეს. ჩვენ კი პირობას გაძლევთ, რომ ყველაფერ იმას, რაც თქვენ, უცხოელმა ჩვენთვის გააკეთეთ, ჩვენი ხალხი ყოველთვის მოიგონებს.”
სამშობლოში დაბრუნებულმა ბაგრატიონმა დაწერა მოგონებების წიგნი „ბურებთან”, რომლის პირველი ნაწილი ეძღვნება მისი ოჯახის თავგადასავლის აღწერას, სადაც საქართველოს ყოფის ცალკეული სურათები ჩანს; მეორე ნაწილში კი ტრანსვაალის ომსა და ომში მის მონაწილეობას აღწერს. მომდევნო წლიდან უკვე მეეტლეებიც კი მღეროდნენ ნიკო ბურზე დაწერილ სიმღერას: „უცხოსა და შორეულ ქვეყანაში, სადაც ქარბორია იკლებდა ზეცას, ქართველი თავადი ნიკო მუხრანელი საბრალო ბურებს იცავდა!”
– სამშობლოში რითი იყო დაკავებული?
– საგვარეულო სასახლე მუხრანში მას აღარ ეკუთვნოდა. ერთხანს ფრანგულს ასწავლიდა. მან ცოლად მოიყვანა ანა ბუჩქიაშვილი და მასთან ექვსი შვილი ეყოლა, რომელთაგან ზოგიერთი პარიზში წავიდა საცხოვრებლად. ნიკო ბაგრატიონი-ბური 1933 წელს თბილისში გარდაიცვალა.

скачать dle 11.3