კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2018 (107)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)

რატომ გადაწყვიტა გოჩა მანველიძემ გახმაურებული რომანის, „მგლების” გაგრძელება და როგორ გაცვალეს „მგლების” ავტორი სირიელ პოლკოვნიკზე

 ის  ბოლო ათწლეულის ყველაზე ცნობილი რომანის, „მგლების” ავტორია, რომანის, რომელიც ბესტსელერად გამოსვლისთანავე იქცა. გოჩა მანველიძე უცბად ათიათასობით მკითხველის ინტერესის ობიექტად იქცა – ისტორიები, რომელიც „მგლების” გამოცემას მოჰყვა, არა მხოლოდ მის მთავარ პერსონაჟს, ლუკა გეგეშიძეს უკავშირდებოდა, პოპულარობის ეპიცენტრში, თავისი საინტერესო ცხოვრებით, გოჩა მანველიძე თავადაც მოხვდა.

გოჩა მანველიძე:  წერა საკმაოდ გვიან ასაკში დავიწყე. ბავშვობაშიც მქონდა მცდელობა, მაგრამ  მაშინ ეს უშედეგოდ დასრულდა.  პატარა ვიყავი, როცა დავწერე  მოთხრობა და ოჯახის წევრებს წავაკითხე, არ მომიწონეს, გავბრაზდი და ხელი ჩავიქნიე. ყველაფერი თითქოს იქ დამთავრდა, მაგრამ წერის სურვილი ყოველთვის მქონდა.  როცა ჩემს ცხოვრებაში პროფესიული არჩევნის დრო დადგა, ტრადიციას არ ვუღალატე, პაპაჩემისა და ბიძაჩემის მსგავსად, მეც სამხედრო სამსახურში წასვლა ვამჯობინე და ხარკოვის  სამხედრო სასწავლებელში ჩავაბარე. 90-იან წლებში, როცა ძალიან ემოციური პერიოდი დადგა, კვლავ დავიწყე წერა. ეს ემოციები, თითქოს გარეთ გამოსვლას ითხოვდა... დავწერე „სარანგი”, პირველი, სადაც ჩემი რომანი მივიტანე იყო თქვენი ჟურნალი. დაიბეჭდა „სარანგი”, რომელსაც მოჰყვა მეორე რომანი „მორიელი”. მერე იყო „მგლები”, რომელმაც ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ამ წიგნის გამოცემიდან რვა წელი გავიდა, მაგრამ დღემდე არ დაუკარგავს მკითხველი.      
– ემოციები ახსენეთ, ამის გარეშე მწერლისთვის,  ალბათ, რთულია, დაწერო წიგნი, რომელიც ბესტსელერად იქცევა.
– ემოციების გარეშე რაიმეს შექმნა ძნელია. ვერ წარმომიდგენია, მუსიკოსი, მხატვარი, პოეტი, რომელიც შინაგანი ემოციის გარეშე რაიმეს შექმნის, ის აუცილებლად „მკვდრადშობილი” იქნება. ასე არ არიან მსახიობებიც, რომლებიც თავის გმირებთან ერთად კვდებიან და იბადებიან?  ჩემს წიგნებზე საკმაოდ დიდი გავლენა იქონია ჩემმა ცხოვრებამ,  რომელიც   ძალიან  ემოციური და საინტერესო იყო. 90-იან წლებში, ვიბრძოდი იმ ომში, რომელშიც ჩვენი ქვეყანა  გაეხვია. ვიბრძოდი ყველგან, სადაც კი ტყვია გავარდა. ბევრი რამ გამეგონა, წამეკითხა და მენახა ომის შესახებ, მაგრამ როცა თავად ხარ მონაწილე, ეს უკვე სხვა ემოციაა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რამდენად მძლავრია ის  თვითნგრევა, რაც ომს ახლავს. არ მეგონა, თუ ადამიანს ასეთი ქმედებების ჩადენა შეეძლო, როგორც ცუდის, ასევე კარგის. საკუთარი თვალით ვნახე როგორც არაკაცობის, ასევე დიდი ვაჟკაცობის ისეთი მაგალითები, როგორიც, არ მენახა.
– როგორც ვიცი, თქვენ აფხაზეთის ომში ტყვეობაშიც მოხვდით, მოგვიყევით ამ ისტორიის შესახებ.   
– ეს მოხდა გაგრაში, 1992 წლის სექტემბერში, როცა გაგრაზე შეტევა განხორციელდა, ყველა სამხედრო დანაყოფი  ჩვენი მოქმედების არეალს იცავდა.  ჩვენგან მარცხნივ და მარჯვნივ ბრძოლები შეწყდა, ჩვენებმა უკან დაიხიეს, ჩვენ მაინც ვიბრძოდით. ჩვენი მეთაური შტაბიდან იღებდა მითითებას, რომ პოზიცია შეგვენარჩუნებინა, რომ უკანდახევა დროებითი იყო და ძალების მობილიზებას უნდა დავლოდებოდით. მთელი 12 საათი  ნაბიჯით არ დაგვიხევია უკან, მაგრამ ღამით შეგვატყობინეს, რომ გაგრა უკვე დატოვებული იყო.  ასე აღმოვჩნდით, დაახლოებით 60 ადამიანი, მათ შორის 30-მდე დაჭრილი, ტექნიკისა და ტყვია-წამლის გარეშე  იმ 30-კილომეტრიან ზოლში, რომელიც უკვე  მოწინააღმდეგეს  ჰქონდა დაკავებული. ვერ გავაღწევდით იმ ზოლს. ასე აგვიყვანეს ტყვედ და აფხაზების ტყვეობაში დაახლოებით თვენახევარი გავატარეთ. როგორც კი დაგვაკავეს, ყველა დაჭრილი იქვე, ადგილზე მოკლეს. რამდენიმე დღის განმავლობაში, როცა ისინი თავის დაჭრილებს, რომლებიც გარდაიცვალნენ ასაფლავებდნენ, თითოეულის დასაფლავების დროს ჩვენგან თითო ტყვე მიჰყავდათ და მათ საფლავზე ხოცავდნენ, მაშინ მოგვიკლეს ძალიან კარგი, საბურთალოელი ბიჭი, გვარად თუშიშვილი, ორი ბოხვერა ბიჭის მამა.  ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე თვენახევარი, ყოველ წუთში სიკვდილს ვუყურებდით თვალებში. ეს ისეთი რთული იყო, დახვრეტა „შეღავათიც” კი იქნებოდა იმ დროს ჩვენთვის. წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს არმატურით რომ გცემს ათი კაცი. როდესაც დაიწყო მოლაპარაკება ტყვეების გაცვლაზე, რომელსაც დღევანდელი პრეზიდენტი, ანქვაბი, ხელმძღვანელობდა – ის მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ჩვენ გადაგვცვალეს სირიელ პოლკოვნიკზე. ის მაღალი რანგის სამხედრო პირი იყო აფხაზებთან და მასთან ერთად, ჩვენში უნდა გაცვლილიყო არძინბას ბიძაშვილიც, რომელიც თავის ოჯახთან ერთად  სოხუმში ცხოვრობდა, მაგრამ ჩვენები მას არ ეხებოდნენ.  აფხაზებს ეგონათ, რომ ეს კაცი  ქართველებს წამებაში ჰყავდათ, ამიტომ მოითხოვეს, რომ გუდაუთაში, სადაც ტყვეების გაცვლა უნდა მომხდარიყო, ისიც ჩამოეყვანათ. როდესაც ტყვეები აეროპორტში მიგვიყვანეს, ჩამოფრინდა თვითმფრინავი, რომელმაც სირიელი პოლკოვნიკი ჩამოიყვანა. იქვე, მოიყვანეს არძინბას ბიძაშვილიც. ანქვაბმა უთხრა მას: ახლავე არძინბასთან წაგიყვანთო. ამ კაცმა იკითხა: მორჩა ტყვეების გაცვლის პროცესიო? როგორც კი თანხმობა მიიღო, მადლობა გადაუხადა მათ, ჩემთვის რომ შეწუხდითო და ჩვენთან ერთად, უკან, სოხუმში გადმოფრინდა.
–  თქვენს ცნობილ რომანებში ომის სირთულეები, რომელიც საკუთარ თავზე გადაიტანეთ, ყველაზე ნაკლებად გაქვთ ასახული, წამყვანი კრიმინალური ისტორიები და ის პერსონაჟებია, რომლებიც, როგორც ამბობენ, რეალური ისტორიებიდან გაქვთ აღებული. 
– ომის შემდგომი სინდრომი, რაც ჯარისკაცის  ცხოვრებას ახლავს, ყველას სხვადასხვანაირად გადააქვს. მე არ მქონია ღამეული კოშმარები, ჩემთან სხვაგვარად იყო. თითქოს დამთავრდა ერთი ეტაპი და დაიწყო მეორე. მქონდა მხოლოდ ადამიანური გულგატეხილობა და სწორედ იმ პერიოდში  დავიწყე წერა. რაც შეეხება კრიმინალურ  ისტორიებს, რომლებიც  ჩემს რომანებშია ასახული, ბევრი ისტორია რეალური ცხოვრებიდან მოვიდა.  ნებისმიერი თაობის ბიჭისთვის, რომელიც თბილისში იზრდებოდა  ყოველთვის იყო ასე – მის გვერდით პროფესორიც ცხოვრობდა და ეგრეთ წოდებული „კანონიერი ქურდიც”,  შესაბამისად ეს სამყარო არც ჩემთვის ყოფილა უცხო. მერე ჩემზე დიდი გავლენა იქონია არქივებში მუშაობამაც.  „თბილისელების” კრიმინალური რუბრიკის  მასალების მომზადებისას, ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას წავაწყდი არქივებში, სამი წლის განმავლობაში ათეულათასობით საქმე წავიკითხე, მათ შორის ისეთი უცნაური ისტორიებიც კი იყო, უცნობი ადამიანის მიმართ შიში რომ გამიჩინა (იცინის). ერთ ისტორიას გავიხსენებ.  ეს არის ციცაგის საქმე, რომელიც უკავშირდება რუსული თეატრის პრიმადონას ლუდმილა გურჩენკოს. ის ერთხელ და უკანასკნელად ჩამოვიდა თბილისში და მაშინაც საოცარი ისტორია გადახდა თავს.  მასპინძლებს, რა თქმა უნდა, სურდათ, რომ  თბილისში ჩამოსული ცნობილი რუსი ხელოვანისთვის ქართული სტუმართმოყვარეობა დაემტკიცებინათ და ერთ დღესაც  ბეთანიის ტყისკენ, სუფთა  ჰაერზე, პიკნიკზე წაიყვანეს. გურჩენკოსთან ერთად იყვნენ ჯგუფის სხვა წევრებიც. ყველანი ერთად თეატრის სამომსახურეო ავტობუსით აიყვანეს  ბეთანიაში. ხევსური ციცაგი ამ ავტობუსის მძღოლი იყო. მან გურჩენკოს სუფრის გაშლამდე და მწვადის შეწვამდე, ბეთანიის ლამაზი ხედების დათვალიერება შესთავაზა. ტყეში შეიყვანა და გაუპატიურება დაუპირა. გურჩენკოს გამოესარჩალა  დასის ორი მსახიობი, ციცაგმა დანას ხელი დაავლო და ორივე  მოკლა.  ციცაგი დაიჭირეს, 15 წელი მიუსაჯეს,  გურჩენკო კი მას შემდეგ თბილისს ვეღარ გააკარეს (იცინის).    
– ისევ თქვენს რომანებს დავუბრუნდეთ,  რომელთა შორის „მგლები” ყველაზე პოპულარულია.  როგორ იქმნებოდა ეს ბესტსელერი?
– ერთ მხიარულ ისტორიას გავიხსენებ. როდესაც „მგლებზე” მუშაობა დავიწყე, შევიძინე კომპიუტერი, რომელიც ჩემს ოჯახში დღემდე ინახება. იმის მიუხედავად, რომ იმ კომპიუტერს ყავლი გაუვიდა და  მას შემდეგ ბევრი კომპიუტერი გამოვიცვალე, ჩემი მეუღლე ხუმრობს ხოლმე, ამ ძველისძველ კომპიუტერს იმიტომ  ვერ ელევა, მასზე „მგლებია” აკრეფილიო (იცინის). როცა ამ რომანის წერა დავიწყე, არც ვფიქრობდი, ასეთი პოპულარული თუ გახდებოდა. როდესაც გამომცემელს ფაბულა ვუამბე, მითხრა, ამისგან ძალიან საინტერესო რომანი გამოვაო და ალღომ არ უმტყუნა. როცა წერას ვიწყებდი, არ ვიცოდი, რას მოიტანდა. იმის მიუხედავად, რომ „მგლებმა” ძალიან დიდი პოპულარობა მომიტანა, ჩემი საყვარელი პერსონაჟი მაინც  უფრო „სარანგის” ზვიად აბაშიძეა, ვიდრე „მგლების” ლუკა გეგეშიძე, პირიქით, ლუკა მეცოდება კიდეც. სულ სხვანაირად წარმოედგინა ცხოვრება. ის იყო სპორტსმენი, პირველობისთვის მებრძოლი და სხვა ცხოვრებისთვის დაბადებული, მაგარამ ერთმა შემთხვევამ და მე, მას ყველაფერი შევუცვალეთ. როდესაც რომანის პირველ ნაწილზე მუშაობას ვასრულებდი, ერთხანს ვფიქრობდი, ლუკა „მომეკლა” კიდეც, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ისე უყვარდა ეს პერსონაჟი მკითხველს, მეც გადამაყოლებდნენ. თან, ბოლოს მეც სიმპათიები გამიჩნდა მის მიმართ. უფრო მეტიც, ქუჩაში რომ შემახვედრა, ბოდიშსაც კი მოვუხდიდი, ასე სხვა მხარეს რომ წავიყვანე მისი ცხოვრება (იცინის).    
– ლუკა გეგეშიძეს ჰყავდა რეალური პროტოტიპი?
– ეს ყველას აინტერესებს და ხშირად მეკითხებიან ხოლმე. არა, ლუკას პროტოტიპი არ ჰყოლია, ერთადერთი რაც რეალობიდან ავიღე, იყო „მგელო”. წიგნზე  მუშაობისას, ყველაზე ბევრს რომანის სათაურზე და მთავარი პერსონაჟის სახელზე ვფიქრობ. ამას შეიძლება ორი თვეც კი მოვანდომო, ან იმაზე მეტი,  ვიდრე რომანის წერას ვანდომებ. ერთხელ, როდესაც მეგობრების წრეში ვთქვი, რომ ახალ რომანს ვწერდი და პერსონაჟის სახელი არ მქონდა მოფიქრებული, ჩემმა მეგობარმა, რომელიც კოპოლას „ნათლიას” დიდი მოყვარულია, მითხრა: ლუკა, მაგრად „იჭერსო”. ასე გაჩნდა ლუკა. რაც შეეხება „მგელოს”, უბანში გვყავს  ერთი  ბიჭი, რომელიც იმ ასაკში იყო, როცა  საკუთარ თავს „მგელო” უწოდა და ესეც გამოვიყენე  (იცინის).
– როგორც ვიცი, რვაწლიანი პაუზის შემდეგ „მგლები” ისევ  გაგრძელდება. როგორი იქნება ამ რომანის  დასასრულის დასაწყისი?
– ყველაფერს, რა თქმა უნდა, ვერ მოგიყვებით, მაგრამ საინტერესო ნამდვილად იქნება. საერთოდ, ახალი რომანის დაწყება უფრო რთულია, ვიდრე  ძველის გაგრძელება. ახალი რომანის მონახაზი  უკვე არსებობს, როგორი იქნება ლუკას „მეორე ცხოვრება”? საინტერესო (იცინის). როცა ეს რომანი დავწერე, ბევრმა ჩათვალა, რომ ეს ქურდული სამყაროს თავისებური პროპაგანდა იყო. თუმცა, ეს ასე არაა. რაც არ უნდა უცნაურად მოეჩვენოს ვინმეს, მე თვითონ არ ვარ ქურდული სამყაროს დიდი მეხოტბე. პირიქით, რომანში იყო მთავარი ხაზი, თავად ადამიანი უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ ასე ცხოვრება არ ვარგა და რაღაც უნდა შეცვალო.  იმ პერიოდში, როცა „მგლები” პოპულარობის პიკში იყო,  ფილმის გადაღებაც იყო გადაწყვეტილი, მაგრამ მერე ესეც გადაიდო. „მგლებში” არის ბევრი ისეთი მომენტი, რომელიც რეალური ცხოვრებისთვის უცხო არაა, – ადამიანური ურთიერთობები,  ღირებულებები, რომელიც ყველა დროსა და საზოგადოებაში ერთნაირად ფასეულია. ახალ რომანში  ლუკა  გეგეშიძე თავად დასვამს წერტილს, წერტილს, რომელიც იოლი დასასმელი არაა. მაგრამ, ცხოვრებას კიდევ უფრო აზარტულს და საინტერესოს ხდის...

скачать dle 11.3