კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაუთმო გოლის გატანა რამაზ შენგელიამ ვაჟა ჟვანიას და რატომ „ჩაგრავდა“ ის რეზო ჩელებაძეს

„ის ლეგენდარული ფეხბურთელი იყო, ისეთი, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელები არიან. მაგრამ გარდა ფეხბურთელობისა, ის საოცარი და დიდი პიროვნება იყო: კარგი მეგობარი, მამა, ბაბუა. საოცრად თავმდაბალი, იუმორის ნიჭით დაჯილდოებული, მუდმივად მოღიმარი... როგორ ცუდ ხასიათზეც არ უნდა ყოფილიყავი, შეხვდებოდი თუ არა რამაზ შენგელიას, თავისი იუმორით, სიკეთით მაშინვე კარგ ხასიათზე გაყენებდა. გული გვტკივა, რომ ასეთი პიროვნება აღარ იქნება ჩვენ გვერდით“‚ – დღეს ასე ახასიათებენ მისი მეგობრები ლეგენდარულ ფეხბურთელს, რამაზ შენგელიას, ცოტა ადრე კი, აი, რას წერდა მის იუმორზე ზვიად შათირიშვილი: „ბრწყინვალე გოლეადორი იყო რამაზ შენგელია, მაგრამ, არანაკლები შაყირისტი და ხუმარაც გახლდათ, ნაღდი ქუთაისური იუმორის პატრონი. 1979 წელია. თბილისის „დინამო“ მოსკოვში „ტორპედოს“ ეთამაშება. მატჩის წინ დათო ყიფიანს ღრძილების ანთება დაემართა. ზაქრო თელიამ სხვა წამლებთან ერთად დიმედროლიც ბლომად აყლაპა დასამშვიდებლად და, ისე მოადუნა, რომ ყიფოს ზეზეურად დაეძინა. ღამით შენგელიას სიმამრმა დაურეკა ქუთაისიდან და საუბრის ბოლოს დათო მოიკითხა: რაფერაა დათო, გადაეცი, რომ ყველა მაგრად „ვბალეშჩიკობთ“ აქედანო. რამაზმაც წაუქუთაისურა – რაფერაა და, ისეა მოფამფალებული, „ტორპედოს“ მეკარე ზარაპინმა დათოს ელვა-დეპეშა, რომ გამოატანოს გოგიამდე, ვერ ჩამეიტანსო“. 21 ივნისს ეს საოცარი ადამიანი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა და, არა მხოლოდ ოჯახის წევრებსა და  მეგობრებს, არამედ, მთელ საქართველოს დასწყვიტა გული... დღეს მის მეგობრებს უჭირთ რამაზის შესახებ უკვე წარსულში საუბარი.
ვაჟა ჟვანია: 21 ივნისს ღამით, სამის წუთებზე გარდაიცვალა გულის შეტევით – თრომბი განუვითარდა. 1 იანვარს გახდა 55 წლის, ახალგაზრდა წავიდა ამქვეყნიდან. როგორც ადამიანი, საოცრად თავმდაბალი, მშვიდი, კეთილშობილი, თბილი იყო; მშვენიერი მამა, მეოჯახე‚ გულღია, მოღიმარი, ხელგაშლილი პიროვნება და, როგორც ყველა ქუთაისელი, – მუდამ ხალისიანი. როგორც ფეხბურთელი‚ იყო დიდი გრანდი, კაშკაშა ვარსკვლავი – ამ სიტყვების თქმის არასდროს შემრცხვება. პირიქით‚ მეამაყება და მინდა, ღმერთს დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ამ ბუმბერაზ კაცთან ერთად მომიწია ფეხბურთის თამაში. სანამ თქვენ დამირეკავდით‚ საფრანგეთიდან დამირეკეს და მათაც ვუთხარი ასეთი რამ: „âåëèêîëåïíჭÿ òðîéêჭ óæå ñîხðჭëîñü íჭ òîì ñâåòå – დათო ყიფიანი, ვიტალი დარასელია და რამაზ შენგელია“. ეს სამი კაშკაშა ვარსკვლავი ახლა იქ, იმქვეყანად მოეფერება ერთმანეთს. რამაზი იყო საუკეთესო გოლეადორი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის დროს ორჯერ გახდა საუკეთესო ფეხბურთელი, 350 მატჩზე მეტი აქვს ნათამაშები, ხოლო საბჭოთა კავშირის ნაკრებში – 30-ზე მეტი; ბევრი გოლი აქვს გატანილი. ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო როგორც თბილისის „დინამოში“, ასევე, საბჭოთა კავშირის ნაკრებში. ზედმეტად წესიერი კაცი იყო, არავის აწუხებდა. საუბრის დროს წინ კი არ მიდიოდა, უკან იხევდა და თავს ხრიდა. ფეხბურთის ფედერაციამ ის საპატიო ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა. თქვენ წარმოიდგინეთ‚ არ მოდიოდა: მე საიდან, როგორო – ერიდებოდა. როგორც იქნა‚ ჯვარი დავწერეთ და ფეხბურთის ფედერაციაში მოვიყვანეთ. ამ კაცის ზედმეტად თავმდაბლობა ნერვებს გვაწყვეტდა, რადგან, ძალიან ბევრს იმსახურებდა. საოცრად ხელგაშლილი, იუმორით სავსე ადამიანი გახლდათ. როგორც ქუთაისელების უმრავლესობა, ისიც ისეთი „ღადო“ იყო, კარგი მოქეიფე, კარგი სიტყვა-პასუხით. ცოტას რომ დალევდა, მერე უკვე ქეიფის იშტაზე მოდიოდა და მაშინ უფრო მეტად ღადაობდა და უფრო მეტი სიხარული მოჰქონდა. ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ის ასე ნაადრევად წავიდოდა ამქვეყნიდან. დღეს (ინტერვიუ ჩაწერილია 21 ივნისს,  – ავტორი) ისეთმა ვაჟკაცმა ხალხმა დაღვარა ცრემლები, ტირილით შეხვდა ყველა მის გარდაცვალებას. ბოლო სამი წელიწადი დიაბეტი აწუხებდა, ნევროზიც ჰქონდა და ამას ძალიან განიცდიდა. ავარიაში მოყვა ადრე, ტრავმა ჰქონდა და თავში ჰემატომა განუვითარდა, მკურნალობდა, მაგრამ ეშინოდა. თუმცა‚ მაინც ვერ ვიფიქრებდით, ასე უცებ‚ თან‚ გულით თუ დაემართებოდა ეს საშინელი ამბავი. მახსოვს‚ ახალგაზრდა რომ ვიყავი, ერთად მოგვიწია თამაში. გოლის შესაგდებ პოზიციაზე ვიყავით ორივე. რადგან ახალი გამოსული ვიყავი მინდორზე, დამიძახა: მიდი, ჩემო ჟვანკა, შენ შეაგდეო – მომენტალურად დამითმო ბურთი. ეს სიცოცხლის ბოლომდე არასდროს დამავიწყდება, ამაზე კარგს ვერაფერს გავიხსენებ.
ოთარ გაბელია: ვინც მას იცნობდა, ყველამ იცის, რომ უაღრესად წესიერი, პატიოსანი ადამიანი იყო, გვერდში მდგომი‚ მოსიყვარულე ოჯახის, შვილების, შვილიშვილების, მეგობრების. რაც კარგ კაცს, ადამიანს ეკადრება, ზუსტად ისეთი იყო. გული დაგვწყვიტა, გაოგნებულები ვართ. მთელმა ქვეყანამ დაკარგა ძალიან დიდი პიროვნება, ფეხბურთზე აღარაფერს არ ვამბობ. ასეთი მსოფლიო დონის ფეხბურთელი, ცენტრალური თავდამსხმელი, იშვიათობაა და, საბედნიეროდ‚ ჩვენს ქვეყანას ჰყავდა რამაზის სახით. მე, რამაზი და თამაზ კოსტავა ქუთაისის „ტორპედოდან“ ერთად წამოვედით, ქუთაისიდან დაიწყო ჩვენი დიდი მეგობრობა, სიყვარული და ფეხბურთში ერთად მოღვაწეობა. არაჩვეულებრივი მეგობარი იყო. მისი მოწყენილი სახე არასდროს გვინახავს, ყველასთვის სიკეთის გაკეთება უნდოდა... ძალიან მხიარული ადამიანი იყო, იხსენებდა ძველ ამბებს, კარგი მოსაუბრე და ყველაფრით შემკობილი პიროვნება გახლდათ. ორჯერ გახდა საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელი და ამით ყველაფერია ნათქვამი.
დემიკო ლოლაძე (პუბლიცისტი): თბილისის „დინამოს“‚ თავისი სახელოვანი ისტორიის განმავლობაში, ძალიან ბევრი უმაღლესი რანგის ფეხბურთელი ჰყავდა, რომელთა შორის  ერთ-ერთი გამორჩეული  რამაზ შენგელია იყო. როდესაც ნოდარ ახალკაცმა ის ქუთაისიდან გადმოიყვანა, სულ სხვანაირად გაიბრწყინა: ჩიტივით დაფრინავდა მოედანზე. შეამჩნიეს და საბჭოთა კავშირის ნაკრებში წაიყვანეს. თბილისის „დინამომ“ ყველაზე დიდი წარმატება 1981 წლის 13 მაისს დიუსელდორფში მოიპოვა  – ევროპის თასების მფლობელთა თასი. ამ თამაშში რამაზს გოლი არ გაუტანია, მაგრამ, „პასები” გააკეთა – საგოლე პასი მიაწოდა გუცაევს და მან ანგარიში გაათანაბრა. პიროვნულად რამაზი იყო უნაკლო კაცი: განათლებული, მხიარული, მეგობრების მოყვარული. რამდენჯერმე მასთან ერთად მოვხვდი  საზეიმო სუფრაზე, მისი ერევნელი კოლეგები, ვეტერანები რომ იყვნენ ჩამოსულები და, არ დამავიწყდება, როგორ ცეკვავდა რამაზი, რა კარგ განწყობაზე იყო... ფოტოც მაქვს გადაღებული. ფეხბურთელებზე ორმოცამდე წიგნი მაქვს გამოცემული. რამაზს ვეუბნებოდი, ნუ დაიზარებ, სანამ ცოცხალი ვარ‚ გამომიყენე, კვირაში რამდენიმე საათი დამიჯექი და გავაკეთოთ შენზე წიგნი-მეთქი. კი, კიო, მაგრამ‚ სამწუხაროდ‚ ისე დაგვტოვა, რომ წიგნის დაწერა ვერ მოვასწარი. სადარდებლად მაქვს, უნდა დამეძალებინა. დარასელიასა და ყიფიანს, ამ ოქროს გულის ბიჭებს, ნოდარ ახალკაცსა და სხვებს, ასე ნაადრევად მიჰყვა და დააობლა ქართული ფეხბურთი... როგორც თავმდამსხმელიც შეუდარებელი იყო. თბილისის „დინამოს“ ყველა დროის გუნდი რომ შეადგინო, ერთ-ერთ პოზიციაზე უცვლელი იქნებოდა. როგორც თეატრში დადიოდა ხალხი ჭაბუკიანის, გოძიაშვილის, ხორავას, შავგულიძის, ზაქარიაძის სანახავად, ასე დადიოდა მაყურებელი სტადიონზე რამაზ შენგელიასა და მისი თანაგუნდელების სანახავად. სულ ვფიქრობ, როგორ მივაგო გარდაცვლილ ადამიანს პატივი, გადავუხადო მადლობა... სიცოცხლეში ვერ ვუთხარით, მაგრამ, ახლა მაინც ვუთხრათ...
რეზო ჩელებაძე: რამაზი იყო ჩემი უახლოესი მეგობარი, თამაშის დროს კი ერთმანეთის კონკურენტები ვიყავით და ამან ორივე უფრო მეტად გაგვზარდა, ფეხბურთელებად ჩამოგვაყალიბა, რამაზი – დიდ ფეხბურთელად, რომელსაც შეეძლო, 90 წუთის განმავლობაში დაძაბული ჰყოლოდა მოწინააღმდეგე გუნდი. მოედანზე საოცრად მოძრაობდა და მანევრირებდა, არასდროს იღლებოდა, ბევრჯერ მოატრიალა  თამაში „დინამოს“ სასარგებლოდ. უბრალო ბიჭი იყო. ბოლო დროს, რომ ვხვდებოდი‚ ვეუბნებოდი: როდესაც ვთამაშობდით, მაშინ დასანახად ვერ გიტანდი, ახლა კი მიყვარხარ-მეთქი, – ასეთი ურთიერთობა გვქონდა, ვეფერებოდით ერთმანეთს, ძმები ვიყავით.რამაზი რომ ძირითადში თამაშობდა, მე სათადარიგოში ვიჯექი და სულ ვაძახებდი: საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელი გაგხადე, მე რომ არ ვიჯდე შეცვლაზე, შენ არ მოიკლავდი თავს და არ გახდებოდი საუკეთესო ფეხბურთელი-მეთქი. როცა მე ვთამაშობდი და ის იჯდა, ზურგს უკან რამაზს ვგრძნობდი, ვიცოდი, თუ შემეშლებოდა, ის გამოვიდოდა და ასე ჯანსაღ კონკურენციაში გავზარდეთ ერთმანეთი. როდესაც ორჯერ გახდა საუკეთესო ფეხბურთელი, ძალიან ბედნიერი იყო. ბანკეტი გავუკეთეთ. ეს იმხელა სასწაული იყო, ვიღაცას, შეიძლება, ცაში ეფრინა, მაგრამ, რამაზი უბრალო ადამიანი იყო, არ უყვარდა პომპეზურად აღნიშვნა. ისე‚ ზოგჯერ კი მაწყვეტდა ნერვებს. ერთხელ კვადრატში ვთამაშობდით. ცხონებულმა ნოდარ ახალკაცმა მომამაგრა რამაზი – „პარაში“ იქნებითო. რამაზი ისე ამოძრავდა, ერთი „რივოკი“ გააკეთა, ორი‚ სამი... და – გავჩერდი, ახალკაცს ვუთხარი: ან ვარჯიშს დავანებებ თავს‚ ან შენგელია მომაშორეთ-მეთქი. სუფრასთან ყოველთვის თავისთვის ჩუმად იჯდა, იუმორს „წაარტყამდა“ და გაგუდავდა ყველას სიცილით. მეტყოდა ხოლმე: ჩელებაძე, იცი, როგორ მიყვარხარო? ერთმანეთის სიხარულით, სიყვარულით ვხარობდით. ბოლო პერიოდში ცოტა შეუძლოდ იყო, წამლებსაც სვამდა, ცოტა ნერვიული გახდა, მაგრამ, მაინც ვერ წარმოვიდგენდი‚ თუ გარდაიცვლებოდა. ძალიან დამაკლდა და დამწყვიტა გული.
ჟურნალი „თბილისელები“ სამძიმარს უცხადებს რამაზ შენგელიას ოჯახსა და მის მეგობრებს.

скачать dle 11.3