კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უმწარებდა ნინა წკრიალაშვილი უმცროს დას სიცოცხლეს და ვინ ვერ გაყარა ისინი

ისინი დები არიან, ერთ ოჯახში გაიზარდნენ, თუმცა, განსხვავებული ხასიათი, ცხოვრების წესი და ინტერესები აქვთ.  როგორც  დების უმეტესობას, ნინა და ირინა წკრიალაშვილებსაც დიდი „მეტოქეობა” ჰქონდათ ბავშვობაში, მაგრამ,  დღეს ერთმანეთის გარეშე გაძლება უჭირთ. ემოციურ და ხმაურიან ნინას, ოთხი წლით უმცროსი და, ირინა, თავისი მშვიდი ხასიათით სრულ კომფორტს უქმნის, თუმცა, დების  ცხოვრებაში ისეთებიც ხდება, როცა უმცროსი უფროსის როლს ირგებს და „გამწარებული” ბავშვობისთვის  რევანშზე გადადის.

ნინა: ირინას დაბადება და მისი შემოსვლა ჩემს ცხოვრებაში ძალიან მწარედ მახსენდება.  4 წლის ბავშვს ცნობიერება უკვე  ჩამოყალიბებული აქვს – შესაბამისად,  მახსოვს, როგორ ვბრაზდებოდი იმის გამო, რომ მთელი ყურადღება  ამ პატარა გოგოზე იყო გადატანილი. ამ ყველაფერზე  შურისძიების მიზნით, ცუდად  ვიქცეოდი ხოლმე და ამიტომ სულ დასჯილი ვიყავი – ეს იყო ჩემი „საზღაური”.  მერე მივხვდი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და ტაქტიკა შევცვალე (იცინის).
ირინა: ყველაზე ცუდად ის  მახსოვს, რომ ნინა არ მაღიარებდა. როცა მეგობრები მოდიოდნენ მასთან სტუმრად, შეიკეტებოდნენ ხოლმე ოთახში და მე იქ არ მიშვებდნენ, რომ მათი ამბები არ გამეგო.  საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა ასე.  ჯერ ნინა „მჩაგრავდა”, მერე ჩემი ძმა გაჩნდა და ახლა მთელი ყურადღება ბიჭზე გადაიტანეს, ნინას ანებივრებდნენ იმიტომ, რომ პირველი იყო, ჩემს ძმას ანებივრებდნენ იმიტომ რომ ბიჭი იყო, მოკლედ, როგორც შუათანა, ყველაზე მეტად მე აღმოვჩნდი დაჩაგრული (იცინის).
– ბავშვობაში  ხშირად ჩხუბობდით?
ნინა: კი, ვჩხუბობდით ძირითადად  ტანსაცმელზე. მაშინ საკმაოდ რთული დრო იყო, კარგი ტანსაცმელი ასე იოლად არ იშოვებოდა.  ირას ყოველთვის უნდოდა,  სცმოდა ის და ისე, რასაც და როგორც მე ვიცვამდი. 8 წლის ვიყავი როდესაც პირველად წავედი უცხოეთში. იმ პერიოდში ხშირად მიწევდა გასტროლებზე სიარული. უცხოეთში  ტანსაცმელს ირასთვისაც ვყიდულობდი, მაგრამ, მას მაინცდამაინც  ჩემი  ტანსაცმლის ჩაცმა უნდოდა.  ჩაიცვამდა, წავიდოდა და მოიტანდა ისე გაფუჭებულს, რომ ვეღარ აღადგენდი. ყველა ჩაცმაზე პირობას დებდა, რომ არ გააფუჭებდა, მაგრამ, რად გინდა?!  ჩემი ტანსაცმელი სულ კონფისკაციაში იყო  (იცინის).
– პრანჭია იყო ნინა?
ირა: არა,  პირიქით, სულ ბიჭებთან  მეგობრობდა.  პრანჭია ახლაც არაა,  თავის მოვლა უყვარს, თორემ, მთელი დღე სახლში თუ რჩება, პრანჭიაობით თავს არ იკლავს. როცა პატარა იყო, ძალიან უყვარდა მამაჩემის ტანსაცმლის ჩაცმა – მის დაუკითხავად, ჩუმად ჩაიცვამდა  ხოლმე მამას  პერანგებს და სახელოებს გადაიკეცავდა. ერთხელ ქუჩაში შეხვდა მამაჩემი და გაოგნდა კაცი, მის გამორჩეულ, სურამში ებრაელებთან ნაყიდ პერანგში გამოწყობილი ნინა რომ დაინახა (იცინის).
ნინა: ძალიან კარგი ბავშვობა გვქონდა – ლამაზი, საინტერესო. როგორც ტრადიციულ ოჯახებში ხდება, ჩვენ ყველანი  სულ ერთად ვიყავით, ერთად ვატარებდით არდადეგებს. ბედნიერი ადამიანები ვართ, რომ გვყავს ერთმანეთი, რომ გვყავს უმცროსი ძმა, რომელიც ყოველთვის ჩვენ გვერდითაა.  როცა ის ასაკი მოვიდა ჩემს ცხოვრებაში, როცა მივხვდი, რომ დაზე უფრო ახლობელი ადამიანი არ არსებობს, სწორედ იმ პერიოდში გავთხოვდი პირველად. 
ირა: მაშინ ნინას გათხოვება რთულად არ გადამიტანია – მიხაროდა, რომ ქორწილი იქნებოდა. იმ პერიოდში ცალკ-ცალკე ვცხოვრობდით, მაგრამ, მაინც სულ ერთად ვიყავით. მერე მეც გავთხოვდი. როცა ორივეს დაგვენგრა პირველი ოჯახი, გადავწყვიტეთ, ისევ ერთად  გვეცხოვრა. ის წლები ახლა ძალიან კარგად მახსენდება. 
ნინა: იმ პერიოდში  უკვე ორივემ გავაცნობიერეთ, რომ ვართ ერთი ნაწილი.  როცა ჩემს ცხოვრებაში დგება  რთული მომენტი და  არავინ არ მინდა არც დედა, არც მამა, არც მეგობარი,  ირა არის ერთადერთი ადამიანი, ვის  გვერდით ყოფნაც  ყველაზე დიდ კომფორტს მიქმნის, ვინც ყველაზე მეტად მჭირდება.   შეიძლება,  ერთი შეკითხვაც  კი არ დამისვას, ისე შემომხედოს და ისე  მიხვდეს, რომ რაღაც მიჭირს. არ არსებობს საიდუმლო, ერთმანეთისთვის რომ  დაგვემალოს.  შეიძლება რამდენიმე დღე მხოლოდ იმიტომ არ ვუთხრა რაღაც, რომ შემეშინდეს – არ მეჩხუბოს. ხანდახან  ავი დედინაცვალივით უფროსობს – აი, როგორ აიღო რევანში გამწარებულ ბავშვობაზე (იცინის).
ირა: ორი დღე თუ დამეკარგა, ვხვდები, რომ რაღაც ხდება. ტყუილი არ ეხერხება, სახეზე ეტყობა, როცა რამეს აფუჭებს.  
– ერთმანეთის ცხოვრებაში, ალბათ, ძალიან აქტიურად ხართ ჩართულები.
– რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ხდება რჩევების დონეზე. ნინა ხშირად არ მიჯერებს ხოლმე, მაგრამ, როცა ფაქტის წინაშე დგება, იწყებს: შენ ხომ მითხარი, რომ ასე იქნებოდაო.
– ჰგავხართ ერთმანეთს?
– გარეგნულად უფრო ვგავართ, ვიდრე ხასიათით, როცა ნინას მუქი თმა აქვს, ან მე – ღია ფერის, მაშინ უფრო ბევრი საერთო ჩანს ჩვენ შორის. ხასიათით  არ ვგავართ, მე უფრო   დედას ვგავარ, ნინა – მამას.  მე  მშვიდი ვარ, ნინა კი უფრო ქოთქოთა და ცოცხალია, თუმცა,  ისეთი ხალისიანი ნამდვილად არ არის, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს; უნდა ნახოთ, როგორია სახლში – მოწყენილი და „მდუმარე.” 
ნინა: როგორც ყველა და, ვგავართ ერთმანეთს  ღირებულებებსა და დამოკიდებულებებში, ვფიქრობ, რომ ორივე კეთილები ვართ. ირა ხშირად მეჩხუბება – ხომ შეიძლება, გქონდეს შუალედი და ასე მძაფრად არ გამოხატო შენი ემოციებიო. მე, როცა მიხარია, მაშინაც მაქსიმალისტი ვარ და, როცა ცუდად ვარ, ტკივილსაც მძაფრად  განვიცდი – შუალედი არ მაქვს. ირა ძალიან ზომიერია. გამორიცხულია, ემოციურ ფონზე რამე გააკეთოს და მერე ინანოს. სულ მიკვირს, როგორი გამოუვალი სიტუაციაც არ უნდა იყოს, მაინც მშვიდადაა და გამოსავალსაც გონივრულად პოულობს, მარტო თავისი თავისთვის კი არა,  ჩემთვისაც   მუხრუჭი და ბალანსია. ირა უფრო მყარია თავის გადაწყვეტილებებში, მე უფრო რქებით ვაწვები და მეტს ვრისკავ, ისე რომ, ამ რქებმა, შეიძლება, გადამჩეხოს კიდეც. ირა ასეთ  რისკზე არასდროს წავა.      
– ირა,  ნინას „სელებრითული”, ხმაურიანი ცხოვრება აქვს,  შენ კი როგორც ჩანს,  მშვიდი და  სტაბილური.  არასდროს  გქონია სურვილი,  უფროსი დის მსგავსად პოპულარული ყოფილიყავი? 
ირა: არა, მე პოპულარობა არასდროს მდომებია, ამიტომაც, პროფესიაც ისეთი ავირჩიე, რომ ასე „ღიად” არ მეცხოვრა (იცინის). პოპულარობას ბევრი დისკომფორტი აქვს, რაც მეც გამოვცადე.  ცუდად მახსოვს ის პერიოდები, როცა  ნინას შესახებ ათასი ჭორი ვრცელდებოდა. თავიდან ამაზე საშინელი რეაქცია მქონდა,  ძალიან ვბრაზდებოდი, ვნერვიულობდი დედაზე, რომელიც ამ ხმებს  მტკივნეულად განიცდიდა და ვცდილობდით  ხოლმე, რომ ეს ხმები როგორმე მასთან არ მისულიყო. სულ ვეუბნებოდი ნინას, რომ ზედმეტი სითამამე ადამიანებს ბევრ  პრობლემას უქმნის.  მე, ნინასგან განსხვავებით, მშვიდი ცხოვრება მირჩევნია. თუ ნინას ხათრით სადმე წვეულებაზე მოვხვდი,  იქიდან ნამდვილად არ გავიპარები და  ბოლომდე ვისიამოვნებ, მაგრამ, არჩევანზე თუ მიდგა საქმე, მირჩევნია, ასეთ ადგილებში არ ვიყო.  
ნინა: ირას არ უყვარს ხმაურიანი წვეულებები.  თუ ერთად ვართ სადმე, ვგრძნობ ხოლმე, რომ იქ ყოფნა არ მოსწონს და ნაძალადევად მიღიმის. ეს  მთელი ცხოვრება სწავლობს, სულ რაღაცეებს იგონებს, სულ სადღაც აბარებს. ამისი სერტიფიკატებისა და დიპლომების სათვალავი უკვე აგვერია (იცინის).
– ირა, შენ არ მღერი?
ირა: ვმღერი, მაგრამ, ნინასავით არ მიყვარს სიმღერა.  მე ბავშვობიდან ვცეკვავდი, მერე კი, რატომღაც, თავი დავანებე ცეკვას და სხვა მიმართულებით წავედი – იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე და კერძო კომპანიაში ვმუშაობდი იურისტად. 
– ახლა ის პერიოდია, როცა ორივეს პირად  ცხოვრებაში ახალი  ეტაპი დაიწყო, თითქმის ერთდროულად გათხოვდით.
ნინა: რატომღაც ასე ხდება, ერთდროულად  გვაქვს კარგი და ცუდი პერიოდები, ერთდროულად გვყავს ქმრები, ერთდროულად ვიყავით ხოლმე მარტონიც.  მაშინ დაახლოებით ხუთი წელი  ვიცხოვრეთ ერთად და, თითქოს, ბავშვობაში დავბრუნდით, სხვანაირი სითბო იყო სახლში. იმ პერიოდში ბევრი პრობლემა ისე გადაგვილახავს, მშობლებისთვის საერთოდ არ გვითქვამს. ხან ისეთი პრობლემებიც მქონია, რომელთა გადაჭრა მამაკაცებსაც კი უჭირთ, მაგრამ, დამიძლევია. ამიტომ მიმაჩნია თავი ძლიერ ქალად.  მაშინ სახლში  ყველაფერი გადანაწილებული გვქონდა, არც ერთი არ ვიკლავდით თავს სახლში, უფრო, დამხმარე ქალის იმედზე ვიყავით. თუმცა ირას ძალიან ეხერხება საოჯახო საქმე, მე ზარმაცი ვარ სამზარეულოში. სოსისის მოხარშვა და კვერცხი იყო ჩვენი მთავარი მენიუ, რასაც ირა სულ აპროტესტებდა. ბავშვებს სხვანაირი კვება სჭირდებათო – სულ ამას გაიძახოდა, ამიტომაც ატარებდა ჩემთან შედარებით დროის მეტ ნაწილს სამზარეულოში.  
ირა: მეორედ  მე დავასწარი გათხოვება (იცინის). როცა მოვიდა და მითხრა, ვთხოვდებიო, ძალიან გამიხარდა. იმაზე არ მიფიქრია, რომ ჩვენი სახლიდან გადავიდოდა. როცა წავიდა, ისე განვიცადე მისი გათხოვება, ვერ აგიწერთ  – ორი კვირის განმავლობაში ისტერიკა მქონდა.
ნინა: რამდენჯერმე მეც ვიტირე ჩუმად, ისე გამიჭირდა შენ გარეშე.
– ქმრები არ „გიშვებენ” ერთმანეთთან?
ირა: რას ჰქვია, არ გვიშვებენ?! ჩვენ ვერავინ ვერ გაგვყრის (იცინის). არ არსებობს, ერთი დღე  გავიდეს ისე, რომ ერთმანეთზე არ ვიცოდეთ, სად ვართ და რას ვაკეთებთ. ჩვენი ქმრები,   დროის სიმცირის გამო,  ერთმანეთს ხშირად ვერ ხვდებიან, თუმცა, როცა ყველა  ერთად ვართ, ჩვენ ირგვლივ დიდი ხმაური და ჟრიამულია ხოლმე.  ჩვენ, წკრიალაშვილები, ჩვენი შვილები და ქმრები – ერთად უკვე ბევრნი გამოვდივართ.
– ნინა, მეორე შვილს არ აჩენ?
ნინა: არ მინდა მეორე შვილი, ჩემს ქმარს ჰყავს ბევრი შვილი. ამას წინათ ვამბობდი, ძლივს დადგა ისეთი დრო, ჩემი შვილი თვითონ უვლის თავის თავს-მეთქი. მეორე ბავშვის გაჩენა და გაზრდა  მეზარება.  თუმცა ერთი კარგი, ლამაზი გოგო ცუდი არ იქნებოდა – ამისი შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს.  ადრეც ვამბობდი, თუ არ გავთხოვდი, როცა ფინანსურად სტაბილურად ვიგრძნობ თავს, ერთ გოგოს ავიყვან-მეთქი.  თენგოსთან არ განმიხილავს, მაგრამ, ეს საკითხი დღის წესრიგში რომ დადგეს, ვიცი, არ გააპროტესტებს ამას.  ბოლოს და ბოლოს, მადლია.   
– ნინა, ახლა კიდევ ახდენს შენი ტანსაცმლის კონფისკაციას შენზე უმცროსი და?
– როლები შეიცვალა – ახლა მე მომაქვს ხოლმე მისი ტანსაცმელი.  თვითონ იმდენად აღარ უყვარს ჩემი ტანსაცმლის ჩაცმა, სულ ვეუბნები: ასე იმიტომ იქცევი,  რომ მეც არაფერი აღარ გთხოვო-მეთქი. 
ირა:  ეტყობა, ისე მწარედ მახსოვს ბავშვობიდან ტანსაცმელთან დაკავშირებული  უსიამოვნებები, საბოლოოდ ავიღე ამაზე ხელი (იცინის).

скачать dle 11.3