კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2018 (102)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)
იანვარი 2018 (215)

თბილისის რომელ კუნძულზე იყო გახსნილი რესტორანი „არგენტინა“ და რომელი ნახატით გაუთქვა სახელი ორთაჭალის ბაღებს ნიკო ფიროსმანმა

ძველ ფოტოებზე ძველი თბილისის ის ადგილები და უბნებია აღბეჭდილი, რომელთა ნახვაც თანამედროვე თბილისში უკვე შეუძლებელია, რადგან ამ ქუჩების, უბნების, შენობებისა და, თუნდაც, კუნძულების უმრავლესობა დაინგრა და ქალაქის განვითარებას შეეწირა. „თბილისელების” ამ ნომერში მადათოვის, ორთაჭალისა და სატიოს კუნძულების ისტორიას გავიხსენებთ.

მადათოვის კუნძული
დღეს საყრდენი კედლებით შევიწროებულ  მტკვარზე, ქალაქის ფარგლებში, კუნძულებს ვეღარ ნახავთ. ადრე კი მდინარეში ბევრი დიდი და მცირე კუნძული იყო. თბილისის ძველ გეგმებზე კუნძულების ჯგუფი ნაჩვენებია დღევანდელ გალაკტიონისა და ბარათაშვილის ხიდებს შორის. კუნძული იყო ძველი ქალაქის ფარგლებშიც, როსტომისეული სასახლიდან მეტეხის ხიდამდე (სასახლე დღევანდელი საპატრიარქოს შენობაა). ქალაქის ფარგლებში სიდიდით გამოირჩეოდა ორთაჭალის, ორბელიანის (გვიან – მადათოვის) კუნძულები და კუნძული მდინარე ვერეს შესართავთან.
ახლანდელი „მშრალი  ხიდის” ქვეშ, რომელიც 1851 წელს იტალიელი არქიტექტორის ჯოვანი სკუდიერის მიერ იყო აშენებული, მეოცე საუკუნის 30-იან წლებამდე მტკვრის ტოტი  მიედინებოდა. ახლა მის ადგილას სანაპირო გზა გადის. ეს ხიდი იმ დროს ალექსანდრეს ბაღსა და მის ახლომდებარე მიდამოებს უკავშირდებოდა, საიდანაც მრავალმალიანი „ვორონცოვის” ხიდი ზაარბრიუკენის მოედნამდე იყო გადებული. კუნძული ძველთაგანვე ორბელიანების საკუთრებას წარმოადგენდა და ბაღებით ყოფილა დაფარული. ორბელიანის სასახლე, მტკვრის ტოტის გადაღმა, კუნძულის პირდაპირ, ორბელიანების  გალავანშემორტყმულ უბანში იდგა. დავით ორბელიანმა, ერეკლე მეორის სიძემ და სახლთუხუცესმა, გააღრმავა მტკვრის ტოტი სასახლის წინ. მეცხრამეტე საუკუნის 20-იან წლებში მისმა მემკვიდრეებმა კუნძული ორბელიანების ოჯახის მეგობარს, გენერალ ერმოლოვის სამსახურში მყოფ გენერალს, კნიაზ მირბაჯან მადათოვს მიჰყიდეს. კუნძულთან ერთად, გენერალს გადაეცა სასახლის გვერდით მდებარე მიწის ნაკვეთიც. ამ დროიდან თბილისელები ყოფილ „ორბელიანის კუნძულს“ „მადათოვის კუნძულს“ უწოდებდნენ. ახალი პატრონების ხელში კუნძული თანდათან გაპარტახდა, ბაღები აჩეხეს. კუნძულის ნაწილი წვრილმა საწარმოებმა დაიკავა, ნაწილი კი ნაგვის საყრელად იქცა. მადათოვის კუნძულზე რამდენიმე ხისმჭრელი და გადამმუშავებელი საამქრო მდებარეობდა, რომელთა მფლობელები ძირითადად სომეხი ეროვნების მეწარმეები იყვნენ: ა. ჯაგეტიანი და სოფია ტერ-ასატუროვა. 1938 წელს მტკვრის ტოტი ამოაშრეს და კუნძული გაქრა. დღეს ყოფილ კუნძულზე, სანაპირო ქუჩასა და მტკვარს შორის, დედა ენის ბაღია გაშენებული. აქვეა მშენებარე იუსტიციის სახლი და  ყოფილი სანაოსნო სადგური. არსებობს ვერსია, რომ 1837 წელს თბილისში ვიზიტად მყოფ რუსეთის იმპერატორს, ნიკოლოზ პირველს, იმდროინდელმა ქართველმა თავადაზნაურობამ გრანდიოზული აღლუმი მოუწყო მადათოვის კუნძულზე.
ორთაჭალის კუნძული
თბილისის ვახუშტი ბაგრატიონისეულ, 1735 წლის გეგმაზე ორთაჭალა აღნიშნული იყო ექსპლიკაციაში, „კრწანისის ბაღის“ სახელწოდებით. ეს იმით აიხსნება, რომ ორთაჭალა სოფელ კრწანისს ეკუთვნოდა. კუნძული მდებარეობდა ქალაქის აღმოსავლეთით სეიდაბადის (შემდგომში ხარფუხის) ქვემოთ. ის მტკვრის ძირითად კალაპოტსა და მის მარჯვენა ტოტს შორის იყო მოქცეული. მისი მდებარეობით უნდა აიხსნას სახელწოდება – ორთა (წყლის) შორის მდებარე ჭალა.
ორთაჭალის ბაღები მეფის ოჯახსა და თავადაზნაურობას ჰქონდა გაყოფილი. მეცხრამეტე საუკუნეში ბაღებს კერძო მესაკუთრეები დაეუფლნენ.
ორთაჭალის ბაღებზე მრავალი დაწერილა. ამ ბაღებში გატარებულ დროს არაერთი სტრიქონი მიუძღვნეს თბილისელებმაც და ქალაქის სტუმრებმაც. იოსებ გრიშაშვილი წერდა: „ძველად ქალაქგარეთ მხოლოდ დროის გასატარებელი ადგილი არსებობდა: მდაბიო ხალხისთვის – ორთაჭალის ბაღები და ევროპულად გაზრდილთათვის – მუშთაიდი, ამიტომ, ეს დღეობებიც ყარაჩოხელთათვის ერთი იმ გასართობთაგანი იყო, სადაც ჯანსაღ ბუნების წიაღში დაგუბებულ გრძნობას სრულ თავისუფლებას აძლევდნენ და მთელი სამი დღის განმავლობაში ჯიგრიანად ლოთობდნენ”. გაზეთი „დროება” 1869 წლის 19 ივნისის ერთ წერილში, რომელსაც „თბილისში გასეირნება” ერქვა, ადარებდა რა ორთაჭალის ბაღებს ახალ „ევროპულს”, წერდა: „აბა, რა შეედრება ამ პოეტიკურ არეულ-დარეულობას, უსწორმასწორობას, ვაზის თალარს, მაღალ, კაკლის წენგოთი დატვირთულ ხის საამურ სუნსა, თვალის შესაქცევარ და პირში წყლის მომგრველ სხვადასხვა ხილს და ბოლოს ყურის გამაღვიძებელ ჩარხის ხრიალ-ჭრიალსა. ახლა სიმღერა, ახლა დუდუკი, დაირა, ცივ-ცივი თუთა, ბალი... აბა, როგორ შეედრება ამას ზემოთ ხსენებული ბაღები თავის თანასწორათ გადამარგვლილი ხეებით და დანაყილი აგურით დატკეპნილი ხეივნებით! ერთი ხალიჩა რომ გინდოდეთ, ერთი მუთაქა, იქ ვერ იშოვით, რომ ორიოდე წამით წამოწვეთ ან მუხლი მოიკეცოთ”.
ორთაჭალის ხშირი სტუმარი იყო პოეტი გრიგოლ ორბელიანი, რომელმაც ლექსში „მუხამბაზი” მხატვრულად გადმოგვცა იქაური პურმარილისა და ლაზათის შესახებ. ორთაჭალის ბაღს საქვეყნოდ სახელი გაუთქვა ნიკო ფიროსმანმაც – მისი ფერწერული ტილო „ორთაჭალის ტურფა” მსოფლიო დონის შედევრად არის ცნობილი. ცნობისთვის, ორთაჭალაში ორი რესტორანი იყო გახსნილი: „არგენტინა” და „ელდორადო”, ხოლო, მსუბუქი ყოფაქცევის ქალების მოყვარულთათვის საროსკიპოები ფუნქციონირებდა.
ორთაჭალის რომანტიკა დღეს ისტორიაა. მეოცე საუკუნის 50-იან წლებში აშენდა ორთაჭალჰესი, შემდეგ გაიყვანეს სანაპიროები, მტკვრის ტოტი მოისპო და კუნძულმაც შეწყვიტა არსებობა.
სატიო (სატივო)
ბაღებით დაფარული კიდევ ერთი კუნძული მდებარეობდა დღევანდელი თამარ მეფის ხიდსა და ყოფილ რესტორან „არაგვს” შორის და მარჯვენა ნაპირთან მდინარის ტოტით იყო გამოყოფილი. ამ ადგილს „სატიოს“ ან „სატივოს“ უბანს უწოდებდნენ. შიდა ქართლიდან თბილისში ტივებით მოჰქონდათ ხილი, ბოსტნეული, ხე-ტყე, პირუტყვი, გადმოჰყავდათ მგზავრები. ტივების მოძრაობა განსაკუთრებით ინტენსიური იყო რკინიგზის გაყვანამდე. ტივები ამ კუნძულამდე აღწევდნენ. აქ მათ შლიდნენ და ხე-ტყედ ყიდდნენ. მტკვრის ორთავ მხარეზე აგებულმა ბეტონის კედლებმა შეავიწროვა ერთ დროს გაშლილი მტკვრის კალაპოტი და ბოლო მოუღო უკანასკნელ კუნძულებს ქალაქის ფარგლებში.
მასალაში გამოყენებულია ფრაგმენტები თ. კვირკველიას წიგნიდან: „ძველთბილისური დასახლებანი” (თბილისი, 1985 წელი).

скачать dle 11.3