ევროპის რომელი ნაკრები დაზარალდა ყველაზე მეტად „ევრო 2012-ზე“, ფეხბურთელების ტრავმების გამო » თბილისელები
კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2018 (109)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)

ევროპის რომელი ნაკრები დაზარალდა ყველაზე მეტად „ევრო 2012-ზე“, ფეხბურთელების ტრავმების გამო

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი აქტიურ ფაზაში გადავიდა და მონაწილე ნაკრები გუნდები მაქსიმალურად იხარჯებიან პოლონეთისა და უკრაინის სტადიონებზე. მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები კი მატჩიდან მატჩამდე საფეხბურთო სპექტაკლების დადგმით ახალისებენ მილიონობით მაყურებელს. საინტერესოა, როგორი იქნებოდა ჩემპიონატი, ტრავმირებული ფეხბურთელებიც რომ ყოფილიყვნენ მწყობრში – ალბათ, უფრო სანახაობრივი და საინტერესო. „ევრო 2012-ს“ ხომ ათობით ფეხბურთის ვარსკვლავი დააკლდა სხვადასხვა მიზეზის გამო. „თბილისელების” ამ ნომერში მათ შორის ყველაზე საინტერესო ფეხბურთელებს გავიხსენებთ.
მეკარეების ტრავმიანობის მხრივ ყველაზე მეტად მასპინძელი, უკრაინის ნაკრები დაზარალდა. ოლეგ ბლოხინის გუნდმა ერთბაშად ორი ძირითადი შემადგენლობის გოლკიპერი – ალექსანდრ შოვკოვსკი და ანდრეი დიკანი დაკარგა. იანვარში ცნობილი იყო, რომ აკრძალული სამედიცინო პრეპარატების გამო, უკრაინას ალექსანდრ რიბკაც დააკლდებოდა და გამოუვალი მდგომარეობიდან ბლოხინი „შახტარის” მეკარემ ანდრეი პიატოვმა გამოიყვანა, რომელიც პირველ ნომრად იქცა. შოვკოვსკისა და დიკანისთვის კი „ევრო 2012,“ სავარაუდოდ, ბოლო შანსი იყო, რომ თავიანთი ოსტატობა ეჩვენებინათ. სახის ძვლის მოტეხილობამ და მხრის სახსრის ტკივილმა დიკანი და შოვკოვსკი დიდი ტურნირის გარეშე დატოვა. იმავეს თქმა შეიძლება დანიის პირველ მეკარეზე თომას სორენსენზე, რომელიც ზედ ჩემპიონატის წინ გამოაკლდა  გუნდს, ხოლო, დავიდ დე ხეა ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ, უბრალოდ, განაცხადს მიღმა დატოვა, თუმცა 21 წლის კიპერს, დანარჩენებთან შედარებით, მთელი საფეხბურთო კარიერა წინ აქვს და სწორედ ის ითვლება იკერ კასილასის სავარაუდო მემკვიდრედ „ფურია როხას” რიგებში.
მცველებს შორის უდიდესი დანაკარგი განიცადა ესპანეთის ნაკრებმა: კაპიტანი და გუნდის სული და გული, კარლეს პუიოლი, ტრავმის გამო დააკლდა ევროპისა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებს. ხუჭუჭთმიანი კატალონიელი 34 წლისაა და სავსებით რეალურია, რომ მისთვისაც ეს იყო ბოლო შანსი, კიდევ ერთხელ გამოეჩინა თავი ევროპის პირველობაზე. ასევე, დიდი დანაკარგია რუსეთის ნაკრებისთვის ვასილი ბერეზუცკის არყოფნა. მოსკოვის „ცსკას“ ცენტრალურმა მცველმა შესარჩევი ეტაპის ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და, სამწუხაროდ, ტრავმა მაისში მიიღო. ბერეზუცკის შემცვლელად რუსეთის ჰოლანდიელმა დამრიგებელმა, დიკ ადვოკაატმა ყველასთვის მოულოდნელად, რვაწლიანი პაუზის შემდეგ, ნაკრებ „რუბინის” მცველი, 36 წლის რომან შარონოვი გამოიძახა. თუმცა, ტრავმების მხრივ ყველაზე უიღბლო ნაკრებად მაინც ინგლისი შეიძლება ჩაითვალოს, რადგან უშუალოდ ჩემპიონატის დაწყებამდე, ინგლისელებმა ერთბაშად რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაკარგეს, მათ შორის – „ჩელსის” მცველი ჰარი კეჰილი, რომელმაც სულ ახლახან ჩემპიონთა ლიგაზე იზეიმა გამარჯვება. მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა კი კეჰილის შემცვლელად არ უხმო „მანჩესტერის” მცველ რიო ფერდინანდს, რომელსაც ჯონ ტერისთან ჰქონდა უთანხმოება რასობრივ საკითხზე და, გუნდში ჯანსაღი ატმოსფეროს შენარჩუნების გამო, ფერდინანდი ევროპის ჩემპიონატის მიღმა დარჩა. ჩემპიონატის დანაკარგად შეიძლება ჩაითვალოს საფრანგეთის ნაკრების მცველი ბაკარი სანია, რომელმაც მიმდინარე სეზონში მეორედ მოახერხა ფეხის მოტეხა და ამ ტრავმის გამო ზედიზედ მეორედ უწევს ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება. იმედია, მომდევნო ჩემპიონატისთვის სანია ფორმაში იქნება და სამშობლოში დანიშნულ პირველობას ტრავმის გარეშე შეხვდება; მისი თანაგუნდელი ერიკ აბიდალი კი სულაც, სიკვდილს გადაურჩა – ფეხბურთელს ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია დასჭირდა და საფეხბურთო კარიერის გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
ტრავმის არა, მაგრამ, გარიგებულ მატჩებთან კავშირის გამო, იტალიის ნაკრებში ასპარეზობა დომენიკო კრიშიტოს აეკრძალა. „ზენიტის” იტალიელი მცველი „სკუადრა აძურას” ძირითად ფეხბურთელად მოიაზრებოდა და ჩეზარე პრანდელი მასზე დიდ იმედებს ამყარებდა, თუმცა, სკანდალურმა ცნობამ მთელი საფეხბურთო მსოფლიო მოიარა და კრიშიტოს ნაკრებიდან წასვლა მოუხდა. პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა პაულუ ბენტუმ კი თავად განაცხადა უარი მაღალი დონის მცველებზე, რიკარდუ კარვალიუსა და ჟოზე ბოსინგვაზე. ბენტუს თქმით, ეს ორი მცველი მის მონახაზში არ ჯდება.
უკრაინის ნაკრებისთვის დანაკარგი იყო დმიტრი ჩიგირინსკის არყოფნა, რომელმაც ტრავმის მოშუშება ვერ მოასწრო და „ევროს“ გარეშე დარჩა. მნიშვნელოვანი დანაკარგი მცველებში ჰოლანდიის ნაკრებმაც განიცადა, „პსვ-ს“ უკანახაზელი ერიკ პიტერსი ნარინჯისფერების ძირითადის წევრად ითვლებოდა, მაგრამ, მისმა ტრავმამ ბერტ ვან მაარვიკს გეგმები შეუცვალა და ნაკრებში 35 წლის ვილფრედ ბოუმას დაბრუნების აუცილებლობა შექმნა.
ნახევარმცველებს შორის კვლავ ყველაზე მეტად დაზარალდა ინგლისის ნაკრები. ჯეკ უილშირის ტრავმა მანამდე იყო ცნობილი და 20 წლის ფეხბურთელი შეგუებული იყო, რომ ევროპის პირველობის გარეშე ჩაივლიდა მისთვის ეს ზაფხული. ტრავმა მიიღო გარეტ ბერიმაც, ხოლო ფრენკ ლამპარდის ტრავმამ ზედ ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, მთელი ინგლისი და მწვრთნელი როი ჰოჯსონი შოკში ჩააგდო. ლამპარდის არყოფნა უდიდესი დანაკლისია როგორც გუნდისთვის, ასევე, ფეხბურთელისთვის, რადგან, 34 წლის ფრენკი, შემდეგ ჩემპიონატს სპორტსმენისთვის სოლიდურ ასაკში შეხვდება. ლამპარდის ტრავმის შემდეგ ინგლისში ვარაუდობდნენ, რომ ჰოჯსონი დევიდ ბექჰემს ან პოლ სქოულზს დააბრუნებდა ნაკრებში, თუმცა, მწვრთნელმა არჩევანი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გააკეთა და ვეტერან ვარსკვლავებს სამუდამოდ დაუკეტა კარი ეროვნულ ნაკრებში. ასაკის გამო დაიწუნეს სერგეი სემაკიც ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთი გმირი რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში. დიკ ადვოკაატმა პირდაპირ განაცხადა, რომ 38 წლის სემაკი მის გეგმებში ვერ ჯდება, თუმცა 36 წლის შარონოვის გამოჩენის შემდეგ რუსეთში ადვოკაატის სიტყვებში დაეჭვდნენ და შესაძლო კონფლიქტზე დაიწყეს საუბარი.
ტრავმის გამო პორტუგალიის ნაკრებს გამოაკლდა წამყვანი ნახევარმცველი მიგელ დანი, თუმცა, მისი არყოფნა ჩემპიონატის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი, ხოლო საფრანგეთის ნაკრების რიგებიდან ლორან ბლანმა იოან გურკუფი ბოლო წამს ამოშალა – როგორც ჩანს, „ლიონის” შემტევის ფორმამ არ დააკმაყოფილა ფრანგთა მწვრთნელი.
თავდამსხმელებს შორის ევროპის ჩემპიონატს ესპანელების ვარსკვლავი დავიდ ვილია დააკლდა, რომელმაც ჯერ კიდევ გასულ წელს მოიტეხა ფეხი და მომჯობინება ვერ მოასწრო. ვილიას არყოფნის პერიოდში იყო ვარაუდი, რომ ვისენტე დელ ბოსკე ნაკრებში ლეგენდარულ რაულს დააბრუნებდა, რომელსაც საკმაოდ კარგი სეზონი ჰქონდა „შალკეში”. რაულის დაბრუნება „ფურია როხას” რიგებში ბოლო მომენტამდე აქტუალური იყო, თუმცა, გამოცდილმა დელ ბოსკემ საბოლოოდ თქვა უარი „რეალის” ლეგენდაზე. მწვრთნელის გადაწყვეტილების საფუძველზე, ევროპის ჩემპიონატს მიღმა დარჩნენ ალესანდრო დელ პიერო და ფრანჩესკო ტოტი. ჩეზარე პრანდელიმ არ გამოიძახა ვეტერანები, მიუხედავად იმისა, რომ დელ პიეროც და ტოტიც მზადყოფნას აცხადებდნენ, მონაწილეობა მიეღოთ ევროპის ჩემპიონატში. ტრავმის გამო იტალიელებს ჯუზეპე როსიც დააკლდათ, თუმცა, ამის მიუხედავად, მსოფლიოს ჩემპიონების დაბრუნება „სკუადრა აძურაში” ვერ მოხერხდა.
ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მნიშვნელოვანი ფიგურა დაკარგა ხორვატიის ნაკრებმაც. ივიცა ოლიჩმა ტრავმა მიიღო და სლავენ ბილიჩი წამყვანი თავდამსხმელის გარეშე დარჩა.
მწვრთნელთან კონფლიქტის გამო ევროპირველობა კევინ კურანისთვისაც ნაადრევად დასრულდა. იოაჰიმ ლიოვთან არცთუ კარგი ურთიერთობის მქონე ფეხბურთელის კარიერა გერმანიის ნაკრებში როგორც ჩანს საბოლოოდ დასრულდა. იგივე შეიძლება ითქვას ინგლისელ პიტერ კრაუჩზე და რუს დმიტრი ბულიკინზე, რომელიც „აიაქსის” რიგებში ჩემპიონი გახდა და ჰოლანდიის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად ითვლება, თუმცა, დიკ ადვოკაატს თავი ვერაფრით მოაწონა.

скачать dle 11.3