კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა პოლონელი ედიშერ სავიცკი კახელი

1994-1995 წლები – პრეზიდენტის სტიპენდიანტი და გრანტის მფლობელი; 1995 წელი – „ნოვიე იმენას“ ლაურეატი; კონსერვატორიის დასრულების შემდეგ ლექსო თორაძის შუამდგომლობით სწავლა განაგრძო ინდიანას შტატის უნივერსიტეტში, ქალაქ საუსბენდში; 2000 წელი – მიენიჭა „საკონცერტო პიანისტის” წოდება; 2001 წელი – რავინიის ფესტივალის ინსტიტუტის სტიპენდიანტი; 2002 წელი – „არტისტ დიპლომის“, 2002-2005 წლებში – მაგისტრის აკადემიური ხარისხის, 2006-2007 წლებში – კატერინ ჰერიკ კობის სტიპენდიანტი მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში სწავლისთვის; უილიამ ბერდის საერთაშორისო კონკურსი – პირველი პრემია; ჰილტონ ჰედის საერთაშორისო კონკურსი – პირველი პრემია; მინიაპოლისის კონკურსი – პირველი პრემია; გრან-პრი – „იამაჰას“ როიალი-დისკლავირი; მაროკოს საერთაშორისო და კასაბლანკას კონკურსები – ორი გრან-პრი...
ედიშერ სავიცკი მუსიკით სერიოზულად 15-16 წლის ასაკიდან დაინტერესდა და ინტენსიური მეცადინეობა დაიწყო. მალევე პოვა აღიარება ნანა ხუბუტიასა და ლექსო თორაძის თანადგომით. საქართველოში მასტერკლასების ჩატარება მისი დიდი ხნის ოცნება იყო, რაც განახორციელა კიდეც. ამერიკაში ივნისის დასაწყისში გაემგზავრა და დაგვპირდა, რომ მომავალში ამ და სხვა პროექტებით ჩამოვა.

– ახლოს გაეცანით მათ, ვინც ნამდვილი, კლასიკური მუსიკისგან შორს დგას.
– მუსიკოსების ოჯახში გავიზარდე. თვითონ არ მახსოვს, მაგრამ, როგორც ამბობენ, ორწლინახევრის ვიყავი, როიალზე დაკვრა რომ დავიწყე – სმენით ვაწყობდი მელოდიებს. სხვათა შორის, კონსერვატორიაშიც მაქვს დაკრული 2 წლის და 10 თვის ასაკში. დედაჩემი სწავლობდა კონსერვატორიაში, რაღაც კონცერტი იყო, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ კონსერვატორიის პროფესორთა შვილები და დედა ამ კონცერტის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. ალბათ, ვინმესთან რომ დავეტოვებინე, ისეთი არავინ ჰყავდა და თან წამიყვანა. როიალი რომ დავინახე, ეგრევე მივედი, დავჯექი და დაკვრა დავიწყე. დაკვრის პროცესი არ მახსოვს, მაგრამ, მახსოვს, წინ ქალი იჯდა წითელი ტიტებით... შემდეგ ნიჭიერთა ათწლედში ჩავაბარე. ამასთან, სერიოზულად ვიყავი დაკავებული სათხილამურო სპორტითა და ფეხბურთით. მთელი ბავშვობა გუდაურში მაქვს გატარებული. სიმართლე გითხრათ, როიალზე არ ვმეცადინეობდი, ძალიან მეზარებოდა. დედაჩემი ცდილობდა, როგორმე შეეთავსებინა სპორტი მუსიკასთან. არ მიშლიდა, პირიქით, მიაჩნდა, რომ სპორტიც აუცილებელი იყო. ასევე, ძალიან მიყვარდა თეატრი, ვგიჟდებოდი ქართულ ცეკვებზე, მშობლებმა არ შემიყვანეს – მათი აზრით, ამისთვის ძალიან პუტკუნა ვიყავი. მერე, ათწლედში სწავლის პერიოდში, ერთი თითი მოვიტეხე, თექვსმეტის რომ გავხდი – მეორე. მივხვდი, რომ ამდენი თითების მტვრევა აღარ შეიძლებოდა და არჩევანი უნდა გამეკეთებინა. დავიწყე სერიოზული მეცადინეობა მუსიკაში, მაგრამ, როიალზე დაკვრა არასასურველი პროფესია იყო.
– მაინცდამაინც არ გხიბლავდათ?
– პირიქით, ძალიან მიხაროდა და ვამაყობდი, მაგრამ, ზოგადად, საზოგადოებაში ითვლებოდა არასასურველ, არამიმზიდველ პროფესიად ბიჭისთვის. შემდეგ ჩავაბარე კონსერვატორიაში და მოვხვდი ნანა ხუბუტიასთან, რომელიც, მიმაჩნია, რომ არის ლეგენდარული მუსიკოსი, საქართველოს ბრილიანტის თვალი. მასთან ურთიერთობით გაღრმავდა ჩემი მუსიკისადმი დამოკიდებულება, მან მაზიარა ნამდვილ მუსიკას. ერთ მშვენიერ დღეს, ჩემს გუდაურელ მეგობრებთან ერთად, სახლში ვიყავი, ვსაუბრობდით, ვფიქრობდით, რა გაგვეკეთებინა და გაისმა ზარი ამერიკიდან. ის პერიოდია, როცა მუსიკისთვის არავის სცხელა და საერთოდ არ არის აქტუალური. ლექსო თორაძემ შემომთავაზა, მასთან ჩავსულიყავი და სამ კვირაში აღმოვჩნდი ამერიკაში. აქედან დაიწყო ჩემი აღმავლობის გზა.
– იღბლიანი ყოფილხართ.
– ვფიქრობ, შემთხვევით არაფერი ხდება. მაშინ, როდესაც შანსი გამოჩნდა და საშუალება მომეცა, რომ ამერიკაში წავსულიყავი, მივხვდი, რომ ამით რაღაც მისია უნდა შემესრულებინა, ანუ, ის ეტაპი გამევლო, რაც ჩემთვის საქართველოში არ ჩანდა. იმ დროს, უბრალოდ, წარმოუდგენელი იყო ერთ კონკურსზე წასვლაც კი. ეს ნიშნავდა იმას, რომ მთელი ერთი წლის საჭმლის მარაგი უნდა მოჰკლებოდა ოჯახს. მოკლედ, წავედი ლექსოსთან. საშა კორსანტია და უამრავი სხვა ადამიანი შეიკრიბა, რაც ჩემთვის დიდი სტიმული იყო. საქართველოსგან განსხვავებით, იქ ყველაფერი დალაგებული, დამშვიდებული იყო, თუმცა, ძალიან დაძაბულ და მკაცრ გარემოში აღმოვჩნდი. ცოტა შემეშინდა და ვფიქრობდი: „უკან დასახევი გზა არ არის, აქ უკვე შენი თავის პატრონი თვითონ ხარ”.
– მართალია, ლექსო თორაძე გვერდში გედგათ, მაგრამ, არ გაგიჭირდათ უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება?
– ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო ამერიკაში წასვლა და ისეთ ეიფორიებში ვიყავი კარგა ხანს, არ გამიჭირდა, პირიქით, აქ უფრო მიჭირდა, რადგან, იმ დროს საქართველოში უპერსპექტივო სიტუაცია იყო და ეს ძალიან დამთრგუნველი იყო ჩემთვის. აი, უკვე მერე, როცა მომეცა ჩემი განვითარების საშუალება, დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ საქართველოში ჩემი წვლილი შემეტანა. დაინიშნა ჩემი სტიპენდია – მინიმალური, მაგრამ, ეს გასამრჯელო სტიმულს აძლევდა იმ ბავშვებს, რომლებიც იქ სწავლობდნენ. დღევანდელი ჩემი პროექტი, რომელიც კულტურის სამინისტროსთან ერთად დაფუძნდა, ჩემი მრავალი წლის სურვილია, რაც მნიშვნელოვანი იყო.
– გვითხარით, სად ცხოვრობთ, როგორ ცხოვრობთ?
– ამჟამად ვარ მიჩიგანის შტატში, ვსწავლობ უნივერსიტეტში, დოქტორანტურაში, რომელსაც მალე დავამთავრებ. მიუხედავად წარმატებებისა, ამდენი პრემიებისა, რაღაც მომენტში მივხვდი, რომ საჭირო იყო სწავლის გაგრძელება. ამიტომ, ახლა ცოტა რთული და დაძაბული პერიოდი მაქვს. სახლიდან ძალიან ადრე გავდივარ და ღამით შემოვდივარ. ისე, მოწაფეებიც მყავს.
– თქვენი პროფესიის ადამიანებს ყველაფერი წუთებში და წამებში აქვთ გათვლილი. რთული არ არის მუდმივად დაძაბული ცხოვრება? მგონია, რომ დრო სხვა არაფრისთვის გრჩებათ...
– პირიქით, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, როცა ვხედავ, რამხელა სიამოვნებას ვანიჭებ ადამიანებს ჩემი საქმით, ამიტომ, მიმაჩნია, რომ ძალიან გამიმართლა. ნებისმიერი პროფესია მოითხოვს რაღაცაზე უარის თქმას.
– თქვენ რაზე მოგიწიათ უარის თქმა?
– გინდა, რომ შენს მეგობრებთან ერთად იყო და ამის საშუალება არ გაქვს. შეიძლება, ყველამ ვერ გაიგოს, რომ მათ გვერდით არ ხარ, თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც ჩემი ნამდვილი ახლობლები არიან და კარგად ესმით ჩემი და ყოველთვის გვერდში მიდგანან. ყველა მათგანს ვაფასებ და მათი დიდი მადლობელი ვარ.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– პირად ცხოვრებაში ჯერჯერობით არაფერს ვგეგმავ. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი იდეალურად არის, მაგრამ, საწუწუნო ნამდვილად არაფერი მაქვს. ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. რა ვიცი, როგორც ცხოვრება მიჩვენებს, იმ გზას მივყვები. ვიყავი დაოჯახებული – ფინელი მეუღლე მყავდა. არა მხოლოდ ოჯახი, ყველა მგულშემატკივრობს და ძალიან უნდათ, რომ ქართველი მეუღლე მყავდეს.
– გასაკეთებელი კიდევ ბევრი მაქვსო, თქვით. ეს არ არის საკმარისი, რასაც მიაღწიეთ? პიკი რა იქნება?
– ვერ გეტყვით, პიკი რა იქნება. მუსიკა არის პროცესი, რომელიც არასდროს ჩერდება, უნდა მიჰყვე და თვითონ დაგანახვებს, ვინ ხარ, საიდან მოდიხარ, საითკენ მიისწრაფი.
– ბევრი წარმატებული ადამიანი ვიცი, რომელიც სასცენო იმიჯისთვის ფსევდონიმს იღებს. თქვენი გვარი საკონცერტო აფიშებზე დიდ ეფექტს ახდენს და სცენაზე გამოცხადებისას ლამაზად ჟღერს. შეიძლება ითქვას, რომ გვარშიც გაგიმართლათ – ძალიან შეესაბამება სცენას.
– სავიცკი არის პოლონური წარმოშობის გვარი. 1830-იან წლებში, როდესაც პოლონეთის აჯანყება მოხდა, საქართველოში წამოვიდნენ და კახეთში დამკვიდრდნენ, თუმცა, პოლონელის არაფერი მეტყობა. დედა კი სუფთა კახელია.

скачать dle 11.3