კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ძვირდება საქართველოში საწვავი მსოფლიო ფასის ზრდისთანავე და რატომ არ იაფდება მსოფლიო ფასის დაკლებისას

საქართველოში ისეც ხდება, რომ ქართველი მომხმარებელი მოხმარებულ ბუნებრივ აირში იმაზე გაცილებით მეტს იხდის, ვიდრე უკრაინელი მომხმარებელი და, მერე რა, რომ უკრაინა, ქართული ხელისუფლების მტკიცებითვე, საქართველოზე გაცილებით ძვირად ყიდულობს გაზს; უფრო მეტიც, საქართველოში თავისუფალი კონკურენციისთვის ისეთი ნოყიერი ნიადაგია შექმნილი, რომ საწვავზე ფასი მაშინაც კი არ იკლებს, როდესაც მთელ მსოფლიოში ნავთობი იაფდება. ქართული საწვავის ბაზრის პარადოქსებზე ყოფილი ენერგოომბუდსმენი დავით ებრალიძე გვესაუბრება. 


– დღეს ნავთობის მსოფლიო ფასი 70 დოლარია, არადა, საქართველოში საწვავის ფასი იმ ზღვარზეა, როგორზეც იყო მაშინ, როდესაც ბარელი ნავთობი 150 დოლარი ღირდა. რატომ ვერ უბამს საწვავის ქართული ბაზარი ფეხს მსოფლიო ბაზარს გაიაფების მიმართულებით?
– საერთოდ, ნებისმიერი ბაზარი მით უფრო თავისუფალია, რაც მეტად სწრაფად ვრცელდება იქ ის ცვლილებები, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე ხდება. შესაბამისად, რაც უფრო გვიან ვრცელდება ცვლილებები, მით უფრო არათავისუფალია ბაზარი. ესე იგი, როდესაც ამბობენ, რომ საწვავის შემოტანას გარკვეული დრო, კერძოდ, ერთი თვე სჭირდება, ეს პირდაპირი მაჩვენებელია იმისა, რომ ჩვენი საწვავის ბაზარი არათავისუფალია.
– მაგრამ, მეორე მხრივ, დრო მართლაც ხომ სჭირდება საწვავის ტრანსპორტირებას?
– დავიწყოთ იმით, თუ რა არგუმენტს ასახელებენ იმის გასამართლებლად, რომ დრო სჭირდებათ. არგუმენტი ასეთია: შეკვეთას აძლევენ წინასწარ, თანხას იხდიან წინასწარ, ტრანსპორტირებისთვის აუცილებელია გემი და ამ ყველაფრისთვის, თურმე, საჭიროა ერთი თვე. ეს არგუმენტი მართებულია ისეთი კომპანიებისთვის, როგორებიცაა „ვისოლი“ და „ლუკოილი“, რომლებსაც საკუთარი საწვავი არ გააჩნიათ და შემოაქვთ, მაგრამ ეს ვერ იქნება არგუმენტი აზერბაიჯანული „სოკარისთვის“, რადგან „სოკარს“ თავისი საწვავი აქვს, მის თბილისში ჩამოტანას ერთი დღე სჭირდება და არანაირი წინასწარი დაკვეთები არ არსებობს. როდესაც „სოკარი“ არ იყო საქართველოში და აქ მუშაობდნენ მცირე იმპორტიორები, რომლებიც „სოკარისგან“ აზერბაიჯანში ყიდულობდნენ საწვავს, ორდღიან შუალედში ხდებოდა დაკვეთა და პროდუქტის წამოღება. ამდენად, „სოკარის“ შემოსვლის შემდეგ არაფერი არ უნდა შეცვლილიყო, მაგრამ პირიქით მოხდა. შესაბამისად, „სოკარმაც“ აუბა მხარი დანარჩენ კომპანიებს, ეს კი იმის მანიშნებელია, რომ მათ შორის არსებობს გარიგება, სხვანაირად წარმოუდგენელია.
– დავუშვათ, საწვავი აქ ჩამოტანამდე ერთი თვით ადრე აქვთ შეძენილი და ამიტომაც ფასს ვერ აკლებენ მაშინვე, როგორც კი მსოფლიო ბაზარზე ნავთობი იაფდება, მაგრამ რატომ უმატებენ ფასს მაშინვე, როგორც კი ძვირდება?
– ესეც იმას ადასტურებს, რომ მათი არგუმენტი, თითქოს წინასწარ შეძენის გამო ვერ აკლებენ ფასს, უსაფუძვლოა. მაგალითად, სამი კვირის წინათ ნავთობის ფასი დაეცა 60 ამერიკული დოლარამდე და, როდესაც დავსვით საკითხი, რატომ არ იკლებს ფასიო, გვიპასუხეს, რომ ჩამოტანას ერთი თვე სჭირდებაო. მაგრამ, როგორც კი ისევ დაიწყო მატება ნავთობის ფასმა, აქაც ავტომატურად მოუმატეს ფასი.
– ესე იგი, გამოდის, რომ ყველაზე მეტად სწორედ „სოკარი“ ხეირობს? ჯერ ერთი, ის არაბუნებრივად მაღალ ფასს ადებს საწვავს, რომლის ტრანსპორტირებაც სხვა კომპანიებზე იაფი უჯდება და, მეორეც, არ აიაფებს საწვავზე ფასის დაკლებიდან ერთი თვის განმავლობაში, არადა, შემოაქვს მეორე დღესვე?
– „სოკარი“, მას შემდეგ, რაც ჩვენს ბაზარზე შემოვიდა, ქართული თამაშის წესებით თამაშობს: მას შეუძლია, დაწიოს ფასი და მძიმე მდგომარეობაში მოაქციოს კონკურენტები, მაგრამ ამას არ აკეთებს. ცხადია, „სოკარს“ დიდი მოგება რჩება, მაგრამ დანარჩენ კომპანიებსაც აძლევს მუშაობის საშუალებას. ჩვენთან რომ თავისუფალი ბაზარი იყოს, „სოკარს“ შეეძლო, დაეგდო ფასები და მთელი ბაზარი დაეპყრო, მაგრამ ეს არ ხდება. თავი დავანებოთ იმას, თუ ვინ ხეირობს ამ სიტუაციით, თუმცა ცხადია, რომ მომხმარებელი არც ერთ შემთხვევაში არ ხეირობს. ეს კომპანიები ერთმანეთის ცქერით და ერთმანეთთან გარიგებით არეგულირებენ ფასს. სიტუაციას ართულებს ისიც, რომ გაიზარდა საპროცენტო განაკვეთები საბანკო სესხებზე. არადა, ნავთობის შემოტანას დიდი საბრუნავი კაპიტალი სჭირდება და ესეც გარკვეულ გავლენას ახდენს საწვავის ფასის გაზრდაზე. ეს განსაკუთრებით მძიმედ დაეტყო მცირე და საშუალო კომპანიებს და ისინი სერიოზული პრობლემების წინაშეც დადგნენ.
– თუმცა, მცირე შემომტანების ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი შედარებით დაბალია, ვიდრე მსხვილი იმპორტიორების ბეზინგასამართ სადგურებზე. ეს რით აიხსნება, საწვავია უხარისხო?
– მეც ვიცი და სხვასაც უთქვამს, რომ „სოკარი“ თავის საწვავს საბითუმო ფასად აწვდის პატარა კომპანიებს და გამოდის, რომ „სოკარის“ საწვავი სხვა ბენზინგასამართ სადგურებზე უფრო დაბალ ფასად იყიდება, ვიდრე „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურებზე. შესაძლოა, ეს იყოს ტაქტიკური ნაბიჯი „სოკარის“ მხრიდან; შესაძლოა, მცირე კომპანიებს აღრიცხვიანობა არ აქვთ მოწესრიგებული და მომხმარებლის მოზიდვას დაბალი ფასით ცდილობენ, მაგრამ ამის ცალსახად ახსნა შეუძლებელია.
– საწვავის ფასი, თუ მის მატებაზე მოქმედ ყველა პარამეტრს გავითვალისწინებთ, მათ შორის, ნავთობიმპორტიორი კომპანიების არგუმენტის ჩათვლით, ადეკვატურია?
– როდესაც მსხვილი იმპორტიორები ამბობენ, რომ ათპროცენტიან მოგებაზე მუშაობენ, ეს მართალი არ არის. აშკარაა, გაცილებით მეტია მათი მოგება.
– სახელმწიფოს რა ხეირი აქვს იქიდან, რომ მომხმარებლის ხარჯზე ნავთობიმპორტიორები მდიდრდებიან?
– საწვავის შემომტანი კომპანიები ხელისუფლების ერთ-ერთი სერიოზული დონორები არინ. ამდენად, ცხადია, ხელისუფლება დაინტერესებულია მათი მოგებით.
– არანაირი მექანიზმი არ არსებობს იმისთვის, რომ ასეთი არაადეკვატური არ იყოს საწვავის ფასი? მუდმივად ისე იქნება, რომ სახელმწიფოს დახმარებით ნავთობკომპანიები გარიგდებიან და სისხლივით გამოგვწოვენ საწვავის ფასს?
– მექანიზმი ასეთია: სახელმწიფომ უნდა შექმნას თავისუფალი კონკურენციის პირობები. თუ ეს არ არის და სახელმწიფოც იღებს მონაწილეობას ამ გარიგებაში, ყოველთვის ასე იქნება. ჩვენ გვყავს ძლიერი ხელისუფლება, რომელსაც ყველასა და ყველაფრის კონტროლი შეუძლია. ეკონომიკური განვითარების ახალი მინისტრიც იყო დაინტერესებული, რომ ანტიმონოპოლიური სამსახური აღდგენილიყო, თუმცა, თუ სახელმწიფოს ნება არ იქნა, ანტიმონოპოლიური სამსახური ვერაფერს შეცვლის, მაგრამ, თუ ნება იქნა, ანტიმონოპოლიური სამსახურიც აღარ არის საჭირო. მაგალითს მოვიყვან ამის საილუსტრაციოდ: როდესაც რუსეთმა გაზი გადაგვიკეტა, ნავთის ბიზნესში სპეკულაციური ელემენტები გაჩნდა, მაგრამ ხელისუფლება გამოვიდა, მუშტი დაარტყა და ფასის ხელოვნურად მატება შეწყდა. ანუ, მთავარია, ხელისუფლების ნება, რადგან თავისუფალი კონკურენცია თავად დაარეგულირებს ამ საკითხს.
– თავისუფალი ბაზრის პრინციპი, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ მაშინ სწორედ „სოკარი“ დგება ყველაზე მომგებიან მდგომარეობაში. ამ შემთხვევაში როგორ უნდა დაარეგულიროს სამართლიანად ფასი თავისუფალმა ბაზარმა?
– აქ მართლაც სპეციფიკური სიტუაციაა. მე თავიდანვე ვთქვი, რომ „სოკარის“ საქართველოში შემოყვანა არ გამოიწვევდა ნავთობის ქართული ბაზრის გათავისუფლებას. ერთი შეხედვით, თითქოს უკეთესი იყო, მაგრამ, როგორც კი შემოვიდა, ის გახდა ქართული კომპანია, მოერგო აქაურ რეალობას, ამიტომ ჯობდა, არ შემოსულიყო, დარჩენილიყო აზერბაიჯანში და ჩვენს კომპანიებს მისცემოდათ მასთან აზერბაიჯანში საწვავის ყიდვის საშუალება. 
– ხელისუფლებას შეუძლია, არ შემოუშვას ბაზარზე ესა თუ ის კომპანია?
– ცხადია, ეს უფლება არ აქვს, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ასეთი სერიოზული კომპანია სწორედ სახელისუფლო დახმარებით შემოვიდა ბაზარზე. ახლა, როდესაც „სოკარი“ უკვე ჩვენთანაა, მაინც არის შესაძლებელი თავისუფალი ბაზრის შექმნა, რადგან ხარისხიანი საწვავი ჩვენ ევროპიდან შემოგვაქვს და, ამ მხრივ, აზერბაიჯანული საწვავი მათ ვერ უწევს კონკურენციას.
– მაგრამ ყველაზე მეტ საწვავს მოიხმარს საშუალო ფენა, რომელსაც აკმაყოფილებს „სოკარის“ ხარისხი, ესე იგი, „ვისოლსა“ და „ლუკოილს“ მაღალი ხარისხის საწვავის მომხმარებლის მცირე ფენაღა დარჩებათ?
– აი, აქ კი საჭირო გახდება რეგულირება, უნდა გაირკვეს, რა პრინციპებით შემოდის საწვავი აზერბაიჯანიდან, როგორ ხდება ფასების დადგენა. შესაძლებელი იქნებოდა, რომ ფასები საქართველოშიც იმავე პრინციპით დადგენილიყო, როგორც აზერბაიჯანში ადგენს „სოკარი“. ჩემი აზრით, ეს უფრო ლოგიკური და სწორი იქნებოდა.
– აზერბაიჯანში როგორი ფასი აქვს „სოკარის“ საწვავს?
– ცხადია, იქ უფრო იაფი იქნება. თანაც, ჩვენთან ერთ ტონაზე 250-ლარიანი აქციზია და ესეც ზრდის საწვავის ფასს.
– მართალია, ჩვენთან საწვავის ფასის ზრდა-კლებას არანაირი საბაზრო ლოგიკა არ აქვს, მაგრამ, თქვენი ვარაუდით, კიდევ არის მოსალოდნელი გაძვირება?
– ახლა, უბრალოდ, სეზონია, ზაფხულში საწვავის ფასი იმატებს, რადგან ამ პერიოდში მოხმარება იზრდება და, ამდენად, კომპანიები ცდილობენ, უფრო მეტი შემოსავალი მიიღონ. მეჩვენება, რომ ფასებმა შემოდგომაზე უნდა დაიწიოს, თუ ნავთობზე მსოფლიო ფასი არ შეიცვალა. დიდი ალბათობით ნავთობის ფასი 60-70 აშშ დოლარი იქნება და ამიტომ  უფრო მოსალოდნელია, რომ ჩვენთანაც უფრო დაიკლოს საწვავის ფასმა, ვიდრე მოიმატოს.
– ენერგოტარიფებიც ყველაზე მაღალია ჩვენთან, ესეც გარიგების შედეგია?
– ჩვენთან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტარიფია როგორც გაზზე, ისე ელექტროენერგიაზე. როდესაც ამბობენ, რომ ჩვენთან გაზის ტარიფი დაბალიაო, გულისხმობენ სოციალურ გაზს, რომელიც 50 თეთრი ღირს და არავინ ამბობს, რომ არსებობს მეორე ტარიფიც.
– ამას გარდა, რეგიონებში 50-თეთრზე მეტს იხდიან ერთ კუბმეტრ გაზში?
– დიახ, ტარიფია 70 თეთრი და მეტი. ეს არის კომერციული ფასი და ამ ფასს იხდის მოსახლეობის ნახევარზე მეტი, მათ შორის, ახალი აბონენტებიც. ასე რომ, 70 თეთრი ძალიან მაღალია, მიუხედავად იმისა, რომ ამ ზამთარს გვეუბნებოდნენ, ჩვენ, თურმე, გაცილებით იაფად ვყიდულობთ გაზს, ვიდრე უკრაინაო. არადა, უკრაინელი მომხმარებელი გაცილებით დაბალ ფასს იხდის გაზში. ხოლო, თუ კომუნალური აღრიცხვის პრინციპზე ვილაპარაკებთ, იქ საერთოდ აბონენტს, შეიძლება, ისეთი ტარიფის გადახდა მოუწიოს, რაც ბუნებაში არ არსებობს, რადგან იხდის საერთო მრიცხველის მაჩვენებლით.
– წესით, „თელასმა“ ზუსტად უნდა აღრიცხოს 30-დღიანი ხარჯი, მაგრამ გამორიცხულია, მათ იმდენი ინკასატორი ჰყავდეთ, რომ მოახერხონ ამის გაკეთება, რითაც ხელოვნურად უზრდიან გადასახადს მომხმარებელს?
– საფეხურებრივი ტარიფი თითქოს იმიტომ შემოიღეს, რომ ტარიფს არ ვუზრდით სოციალურად დაუცველ ფენებსო.
– რაც იმასაც ნიშანავდა, რომ სოციალურად დაუცველებს დაუწესეს დენის მოხმარების ლიმიტიც?
– სხვათა შორის, სოციალურად დაუცველი ოჯახები უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ, ვიდრე სოციალურად დაცულები, რადგან, როგორც წესი, სოციალურად დაუცველი ოჯახები უფრო კომპაქტურად ცხოვრობენ, რამდენიმე თაობა ერთადაა, უფრო არათანამედროვე ტექნიკა აქვთ და ასე შემდეგ. ამდენად, სოციალური ტარიფი ერთი შეხედვითაა სოციალური კუთხით გადაწყვეტილი, სინამდვილეში კი ეს ასე არ არის.
– მართალია, გვაიმედებენ, წყლის ტარიფი არ გაიზრდებაო, მაგრამ ახალი აბონენტებისთვის წყლის მრიცხველების დამონტაჟება, ალბათ, ტარიფის გაზრდისკენ გადადგმული ნაბიჯია?
– მრიცხველები დადგეს და უნდათ, რომ ახალ აბონენტებს ახალი პრინციპით გადაახდევინონ წყლის ტარიფი.
– თქვენ უნდა დანიშნულიყავით კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ომბუდსმენად. რა მოხდა?
– თავის უფლებამოსილებას გადაამეტა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ჩიქოვანმა და უარს ამბობს სახალხო დამცველის აპარატის საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების შესრულებაზე. კანონის თანახმად, სახალხო დამცველი ქმნის საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევ საკონკურსო კომისიას 15 კაცის შემადგენლობით, რომლებიც ღია კონკურსის წესით ირჩევენ კანდიდატს და წარუდგენენ კომისიის თავმჯდომარეს დასანიშნავად, რომელიც  ვალდებულია, ათი დღის ვადაში გააფორმოს ეს ბრძანება. ირაკლი ჩიქოვანმა ეს ბრძანება არ გააფორმა აბსურდული მიზეზით: მან ამის საფუძვლად მოიტანა 2004 წელს ჩემზე განაწყენებული ხალხის მიერ დაწერილი კოლექტიური წერილი. მაშინ სემეკის საზოგადოებრივ დამცველად ვმუშაობდი და ეს კოლექტიური წერილი სემეკში მას შემდეგ დაიწერა, რაც მე დავწერე 2003 წელს სემეკის მუშაობის ანგარიში. მას შემდეგ, რა რეფორმებიც გატარდა ენერგეტიკაში, სულ ყველაფერია ასახული ჩემს ანგარიშში და, გაითვალისწინეთ, ეს ის პერიოდია, ანუ 2003 წელი, რომელსაც ეს ხელისუფლება უწოდებს შავბნელსა და ჩაბნელებულს.

ნინო ხაჩიძე
скачать dle 11.3