კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ ქვეყნებში აიკრძალა საშა ბარონ კოენის „დიქტატორის” ჩვენება და როგორ ჩაშალა მან მოდის ჩვენება მილანში

ბრიტანელმა კომიკოსმა საშა ბარონ კოენმა ეპატაჟის ახალი სტილი დანერგა. მსოფლიო კინემატოგრაფში ის თანამედროვე პრობლემებს აქილიკებს და სწორედ ამის გამო მოიხსენიებენ მას თანამედროვე შოუ-ბიზნესის ყველაზე რადიკალურ და წარმატებულ კომიკურ-მსახიობად, ჩვენი დროის ჩარლი ჩაპლინად.
საშა ნოამ ბარონ კოენი 1971 წელს დაიბადა ლონდონში. მისი დიდი ბაბუა წარმოშობით ლიტვიდან, ქალაქ კაუნასიდან იყო, ხოლო ბებია –  უკანასკნელი ებრაელი ბალერინა ფაშისტურ გერმანიაში და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ჰაიფაში გაიქცა. მამა – უელსელი ებრაელი, ჯერალდ ბარონ კოენი ლონდონის შუაგულში ძვირად ღირებულ ტანსაცმლის მაღაზიას ფლობდა, დედა კი, დანიელა ვაიზერი, წარმოშობით ირანელი ებრაელია. საშა შუათანაა ძმებს შორის და ყველაზე წარმატებული. ოჯახი ლონდონის პრესტიჟულ უბანში, ჰემფსთედ-გარდენში ცხოვრობდა. სასკოლო განათლება საშამ ესლტრის კერძო სკოლაში მიიღო და მისი დასრულების შემდეგ, სწავლა კემბრიჯის უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე განაგრძო. ცნობილია მისი სადიპლომო ნაშრომის თემა, რომელიც ეხებოდა ებრაელების როლს სამოქალაქო უფლებების გაუმჯობესების საქმეში  ამერიკის შეერთებულ შტატებში. იმავე პერიოდში ის გახდა ებრაული ახალგაზრდული მოძრაობის, „ჰაბონიმ დრორის” წევრი. სწორედ კემბრიჯის უნივერსიტეტში შედგა კოენის დებიუტი სცენაზე. უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ, საშამ საკუთარ ძმასთან ერთად კომედიური კლუბი ჩამოაყალიბა და სხვადასხვა ღამის კლუბში კომიკური შოუებით ართობდა მაყურებელს.
 1995 წელს საშას სატელევიზიო დებიუტი შედგა ბრიტანულ ფასიან არხ „ჩენელ ფორზე” კომედიურ შოუში „ჯეკ დი და ჯერემი ჰარდი”, სადაც ის გამოგონილი ალბანელი ჟურნალისტის, კრისტოს როლში წარუდგა საზოგადოებას. 1998 წელს საშამ თავისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟი, რეპერი ალი ჯი წარუდგინა საზოგადოებას და „ბრითიშ ქომედი ევორდსზე” საუკეთესო დებიუტისთვის განკუთვნილი ჯილდო მიიღო. 2000-იანი წლების დასაწყისში საშა შეერთებულ შტატებში საკაბელო ტელევიზია „ეიჩბიოზე” გადავიდა სამუშაოდ, სადაც მას საკუთარი შოუს „ალი ჯი შოუს” გაკეთების უფლება მისცეს. სწორედ ამ შოუში შედგა მისი კიდევ ერთი გამოგონილი პერსონაჟის, ყაზახელი ბორატ საგდიევის დებიუტი. საშამ მთავარი აქცენტი ბორატზე გააკეთა და მხატვრულ ფილმზე დაიწყო მუშაობა, რომელიც „ბორატის” პერსონაჟს პოპულარულს გახდიდა. 2006 წელს ფილმი ეკრანებზე გამოვიდა და უმალ სკანდალური გახდა. ფილმის ჩვენება უამრავ ქვეყანაში აიკრძალა, მათ შორის ყაზახეთსა და რუსეთში. პრემიერას დაემთხვა საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდი ყაზახეთში და პრეზიდენტობის კანდიდატმა ნურსულთან ნაზარბაევმა ფილმს სამარცხვინო უწოდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს კი, ფილმის ჩვენების აკრძალვა დაავალა. ფილმის ძირითადი არსია, რომ იდიოტი ყაზახი ჟურნალისტი, ბორატ საგდიევი ამერიკაში მიემგზავრება პამელა ანდერსონთან სექსისთვის. ამერიკაშიც ფილმი ძალიან ცოტა კინოთეატრში აჩვენეს, მაგრამ ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია მას ფინანსური წარმატება მოეპოვებინა. სხვათა შორის, ყაზახეთში დღემდე აქტუალურია ბორატის გარშემო ატეხილი აურზაური. ასტანაში ცნობილმა მუსიკოსმა, ჟანტიარ ბაიმუჰამედოვმა განაცხადა, რომ ის ბორატ საგდიევის ნამდვილი ძმაა და ფილმის შემოსავლიდან მიღებული წილიც კი მოითხოვა. სოციალური ქსელის „ფეისბუქის” მომხმარებლებმა კი საშას მოსთხოვეს, ყაზახეთის ჰიმნის შესრულება მსოფლიოს 2010 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის, ინგლისი-ყაზახეთის გახსნის წინ. თუმცა მსახიობმა თავაზიანი უარი განაცხადა.
საშას კიდევ ერთი სკანდალური როლი ფილმ „ბრუნოს” უკავშირდება, სადაც მან ავსტრიელი „ცისფერი” ფეშენ-ჟურნალისტის, ბრუნოს როლი შეასრულა. პრემიერამდე რამდენიმე თვით ადრე, ცნობილი გახდა, რომ ამერიკელ კინომწარმოებელთა ასოციაციამ ფილმს NC-17 რეიტინგი მიაკუთვნა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ფილმის შინაარსი პორნოგრაფიასთან იყო მიახლოებული და მისი ჩვენება ფართო ეკრანზე არ შეიძლებოდა. ამის მიუხედავად, ფსევდოდოკუმენტურ ჟანრში გადაღებულმა „ბრუნომ”, ბარონ კოენს დიდი წარმატება მოუტანა. ფილმის სკანდალურობაზე რამდენიმე ფაქტი მეტყველებს: ერთ-ერთი სცენის გადაღების დროს საშა ალაბამის სამხედრო აკადემიაში შეიპარა უბრალო ჟურნალისტის სახელით და  იქ თითქოს ამერიკელი სამხედროების მომზადებაზე აკეთებდა სიუჟეტს. სინამდვილეში კი, საშას თავისი ჰომოსექსუალი პერსონაჟისთვის რეალობასთან მიახლოებული სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობის მიღება ჰქონდა ჩაფიქრებული. მეორე სკანდალური ეპიზოდი მილანში მოხდა. ესპანელი დიზაინერის, აგათა რუის-დე-ლა-პრადას ჩვენების დროს, საშა სცენაზე გამოვარდა და ნასვამი „ცისფერი” ადამიანის გამომეტყველებით ცდილობდა პროვოკაციის მოწყობას. ჩვენების ორგანიზატორები, რა თქმა უნდა, არ იყვნენ საქმის კურსში, რომ ეს ყველაფერი გათამაშებული იყო და ფარული კამერით მიმდინარეობდა ფილმის სცენის გადაღება. ახლახან კი, ეკრანებზე ბარონ კოენის მორიგი სკანდალური ფილმი გამოვიდა, რომელიც მსახიობმა ჩრდილოეთ კორეის აწ განსვენებული ლიდერის, კიმ ჩენ ირის ხსოვნას მიუძღვნა. „დიქტატორი” თანამედროვე მსოფლიოს დიქტატორებზე გადაღებული კომედიაა, სადაც ყველა დიქტატორი გაქილიკებულია საშა ბარონ კოენისთვის დამახასიათებელი იუმორით. ცნობისთვის, ფილმის ჩვენება აიკრძალა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ტაჯიკეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი.
2010 წლის 15 მარტს საშა ბარონ კოენი ავსტრალიელ მსახიობზე, აილა ფიშერზე დაქორწინდა, რომელთანაც 2005 წლიდან სამოქალაქო ქორწინებაში ცხოვრობდა. სპეციალურად ქორწინებისთვის, აილამ იუდაიზმი მიიღო და შემდგომ საშას მშობლების ნებართვით, მისი ცოლობის უფლებაც მიიღო. საშას და აილას ორი ქალიშვილი ჰყავთ.

скачать dle 11.3