კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2020 (150)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)

ვისი სისხლის ასაღებად ჩავიდა სიკო დოლიძე ჩეჩნეთში

„ორმოცდათხუთმეტი წელია, ვმუშაობ კინოში. ამ დროის განმავლობაში ბევრი ადამიანი გავიცანი, ბევრს დავუახლოვდი, ბევრს დავუმეგობრდი, ბევრი სიხარული მქონდა, ბევრი ნაღველიც... ეს ბუნებრივია, ყველაფერი ზეაღმავლობით არ ხდება ამქვეყნად, თუმცა, სასაყვედურო არაფერი მაქვს ცხოვრებისადმი...“  ძალიან საინტერესო პატარ-პატარა ისტორიები, რომლებსაც აქ წაიკითხავთ, ჩვენთვის საყვარელი ფილმების – „ჭრიჭინას“, „ფატიმას“, „შეხვედრა წარსულთან“, „კაცია ადამიანისა“ და „კუკარაჩას“ რეჟისორის, სიკო დოლიძის დღიურიდანაა და ისე შთამბეჭდავად არის აღწერილი, თითქოს ერთ ძველ, კარგ ფილმს უყურებ. ამბები წინაპრების ცხოვრებისა და მისი კინოში მუშაობის პერიოდებს ასახავს.
„... ჩემი მოგონებების პირველი ნაწილი მინდა მივუძღვნა იმ კეთილშობილ ადამიანთა ხსოვნას, ვისი ზრუნვა და სიყვარული ჩემდამი და ჩემი დედმამიშვილებისადმი უსაზღვრო იყო. მხედველობაში მაქვს, ერთი მხრივ, ნატალია და გრიგოლ თოხაძეების, მეორე მხრივ მამაჩემის მშობლების – სიმონისა და ივლიტეს ოჯახები. ბაბუაჩემის, გრიგოლ თოხაძის მამა – ანდრია, სოფელ აკეთის მკვიდრი ყოფილა. ის თავად თავდგორიძეებს ეკუთვნოდა. ანდრია, ისევე, როგორც მთელი ოჯახი, დავით თავდგორიძის ყმად ითვლებოდა. თავდგორიძეების ერთი შტო გურიაში სახლობდა, მეორე კი, გამაჰმადიანებული თავდგორიძეებისა – აჭარაში. ცნობილი ჰასან-ბეგ თავდგორიძე ქობულეთის მმართველად ითვლებოდა. 1841 წლის აჯანყება თავადაზნაურობისა და მაშინდელი რუსი მოხელეების წინააღმდეგ ჰასან-ბეგ თავდგორიძის წაქეზებით მოხდა. გურული გლეხობა იმდენად დაჯერებული იყო ჰასან-ბეგის ერთგულებაში, რომ მისადმი მიძღვნილი ხალხური სიმღერა დღესაც არის შემორჩენილი გურიაში – „ჰასანბეგურა“. თავად დავით თავდგორიძეს ანდრიასთვის პატარა გრიგოლი 9 წლისა წაურთმევია და სასახლეში ხელზე მოსამსახურედ დაუნიშნავს. 50 წლის დავითს თავად მაჭუტაძის ასული შეურთავს ცოლად. ქალი მეტად ლამაზი ყოფილა, ქმარზე ოცდახუთი წლით უმცროსი. თავადი მკაცრი ხასიათისა და მეტად ეჭვიანი იყო. მას, თურმე არ ესიამოვნა, როდესაც ახალმოყვანილმა მეუღლემ ხელზე მოსამსახურედ პატარა გრიგოლი აირჩია. წელი წელს მისდევდა. ქალი ოცდაათ წელს მიუახლოვდა, ბაბუა თექვსმეტი წლისა ხდებოდა. ბაბუაჩემის სამსახურს ბევრი ყმა შენატროდა – ერთი დამსვა ქალბატონის ფეხებთან და, მე ვიცი, რასაც ვიზამდიო – ნატრობდა ზოგიერთი. 16 წელს მიტანებულ გრიგოლს კი ქალბატონის ფეხთან ჯდომა ეთაკილებოდა და სირცხვილისგან ოფლში იწურებოდა. ვინ იცის, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ბაბუაჩემის ამ დღეში ყოფნა, რომ ერთი შემთხვევა არ მომხდარიყო: აგვისტოს ცხელი დღე იდგა, კაკლის ქვეშ, ჩრდილში, ჩვეულებისამებრ, ნოხზე, ბალიშებსა და მუთაქებში ჩაფლული თავადის ცოლი ნებივრობდა. ბაბუაჩემი ფერხთით უჯდა და ფეხისგულებზე ხელს უსვამდა. ბატონი სახლში არ ბრძანდებოდა – ადრე დილას მიმინოთი სანადიროდ წაბრძანდა ჭალაში. ცოლი საღამოსთვის ელოდა და მოულოდნელი იყო ნადირობიდან მისი ადრე დაბრუნება. დავითი ცუდ გუნებაზე ჩანდა – მიმინოს ეღალატა. ბატონის დანახვაზე ბაბუაჩემი ზეზე წამოხტა. მოსამსახურემ ბატონს ცხენი ჩამოართვა და სელის სავარძელი დაუდგა, გრიგოლმა კი ცივი ღვინო და ხილი მიართვა. ცოლ-ქმარს შორის უღიმღამო ლაპარაკის შემდეგ ქალბატონმა მწყრალად დაიძახა: – „სად ხარ, ბიჭო, ამდენ ხანს“? გრიგოლმა თავი მიანება თავადს და ქალის ფეხებთან გაჩნდა. ქალმა ფეხები ბაბუას მუხლებზე შეუწყო. თავადმა ცოლს გადახედა  და სახე მოეღრუბლა. ცოტა ხნის შემდეგ ბატონმა  ჩათვლიმა, ქალმაც თვალი მილულა. გაოგნებული გრიგოლი ქალის გაღეღილ, სპილოსძვლისფერ გულმკერდს მისჩერებოდა. ამდენი წლის განმავლობაში დაუნახავ სილამაზეს ყმაწვილი თვალს ვერ აშორებდა. ქალის ცქერით გატაცებულმა გრიგოლმა ხელი უშვა ფეხის სრესას. თექვსმეტი წლის ყმაწვილის ტანში ეშმაკი შემჯდარიყო. ეზო თავადის უეცარმა ყვირილმა შეძრა. დავითი ზეზე წამოვარდა და გრიგოლს ახალუხის საყელოში ხელი ჩაავლო. ბაბუა წელს ზევით გააშიშვლეს, ცაცხვის ხეს მიაკრეს და ზურგზე ოცდაათი თხილის წკეპლა გადაამტვრიეს, გასისხლიანებული, ნაცემ-ნაბეგვი, დილეგში შეაგდეს და კარი გადაურაზეს. ერთ წვეთ წყალს მონატრებული გრიგოლი ჩალაზე ეგდო და სიკვდილს ნატრობდა. ზურგი იარებით ჰქონდა დასერილი. შუაღამისას კარი აჭრიალდა, ვიღაცამ სიბნელეში გრიგოლი მოძებნა. იმ დღიდან ექიმბაში ყოველდღე დადიოდა გრიგოლთან და მალამოსთან ერთად, საჭმელიც ბევრი მიჰქონდა. მეათე დღეს, როდესაც ქობულეთიდან თავადს მაჰმადიან თავდგორიძის სამი შეიარაღებული ეახლა, დავითმა ბაბუაჩემის დილეგიდან გამოყვანა ბრძანა. მოურავი დილეგის კარს მიადგა, მაგრამ, კარი ღია დახვდა, დილეგი – ცარიელი. ბაბუაჩემი სადღაც გამქრალიყო. მაჭუტაძის ქალის დავალებით, იგი ჯერ ნიგოეთში შეიფარეს საიმედო კაცებმა, ხოლო რამდენიმე ხნის  შემდეგ ზურგზე საგზალი აჰკიდეს და მშვიდობიანი გზა უსურვეს. ეს იყო დრო, როდესაც რუსეთში ბატონყმობა ახალი გაუქმებული იყო, ხოლო ეს კანონი საქართველოში ჯერ კიდევ არ მოქმედებდა. სამტრედიის ახლოს ბაბუა ქალაქისკენ მიმავალ ქარავანს გადაეყარა. ერთი მანეთის ფასად იგი თბილისში ჩაიყვანეს. ბატონს გამოქცეული ბიჭი ხელზე მოსამსახურედ მოეწყო თბილისში მდგარი ერთ-ერთი პოლკის უფროსთან, გენერალ გროდენკოვთან. ბაბუას მალე შეუსწავლია რუსული და ერთგული სამსახურისთვის გენერალს ჯერ ჯარში ჩაურიცხავს, შემდეგ კი თავის „დენშჩიკად“ აუყვანია. ბუხარასა და სივას ბრძოლებში ბაბუაჩემი გენერალ გროდენკოვს ახლდა. ჩვიდმეტი წლისა იყო, როცა გროდენკოვმა თან წაიყვანა და ოცდაშვიდი წლისა დაბრუნდა სამშობლოში. ბატონყმობა დიდი ხნის გადავარდნილი იყო. სიხარულით შეხვდა გადაკარგულ გრიგოლს ოჯახი და ნათესაობა. მალე ქორწილიც გადაუხადეს. ცოლად ლამაზი გარეგნობის ნატალია მეგრელიშვილი შერთეს...
***
ბაბუაჩემი, სიმონი, თვრამეტი წლისა ყოფილა, როდესაც ოჯახის უფროსს შუამავალი კარს მოსდგომია და კარგი სარძლო შემოუთავაზებია. დიდი ფიქრი და მსჯელობა არ გამართულა ოჯახში – მეორე დღეს ცხენი შეუკაზმავთ, სიმონი და შუამავალი საცოლის სანახავად საკმაოდ გრძელ გზას დასდგომიან. შუამავლის მისვლა ამ ოჯახისთვის არ იყო მოულოდნელი. ოჯახს მოეწონა მაღალი, წარმოსადეგი, ლამაზი სახის სასიძო, რომელიც სულ მალე გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსს მღვდლად უნდა ეკურთხებინა. რაკი ბაბუაჩემსაც მოეწონა ლამაზი, პირწყლიანი გოგონა, საქმე დადებითად გადაწყდა. იმავე წლის შემოდგომაზე, თოთხმეტი წლის ივლიტეს ჯვარი დასწერეს ოცი წლის სიმონზე... უწინ ბაბუა სიმონის დედ-მამა  ნიგოეთსა და საჯავახოს შორის მდებარე სოფელ ჯაპანაში ცხოვრობდნენ. ჩრდილო-დასავლეთის მხარეს ბაბუას კარ-მიდამოს ღელე ჩამოუდიოდა. მდინარის მარჯვენა ნაპირს ბაბუაჩემის დედ-მამაზე ადრე ჩამოსახლებული ხუცესის მშობლები დაპატრონებიან. გიორგი ხუცესს ოთხი ვაჟი და სამი ქალიშვილი ჰყავდა. მეორე შვილი – ბენიამინი, ოფიცერი იყო და სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა. ზელიმხანის წინააღმდეგ ბრძოლას მეფის მთავრობა ზოგჯერ რეგულარული ჯარის ნაწილებსაც ავალებდა. ერთ-ერთი ასეთი ოპერაციის დროს ზელიმხანმა და მისმა რაზმმა პოლკოვნიკი გიორგი ანდრონიკაშვილი მოკლეს. როდესაც მეფემ ანდრონიკაშვილის სიკვდილი გაიგო, გაბრაზებით წამოიძახა – ნუთუ ჩემს ოფიცრებში ისეთი არავინაა, რომ ზელიმხანს ანდრონიკაშვილის სისხლი აზღვევინოსო. ამ საუბარს ბენიამინი შესწრებია და ამაყ ქართველ ოფიცერს მეფისთვის უთხოვია, დაღესტნის სამხედრო ოლქში გადამიყვანეთო. მეფეს არ უნდოდა ერთგული ოფიცერი სასახლის კარიდან გაეშვა, მაგრამ, ბენიამინის  დაჟინებულმა თხოვნამ მაინც თავისი გაიტანა... ბენიამინს ერთი-ორი ტყვია გულში ჰქონდა მოხვედრილი. როტმისტერ ბენიამინ დოლიძის მოკვლისთვის ითუმყალეს მოსახლეობას მთავრობამ ოქროთი ასი ათასი მანეთი შეაწერა კონტრიბუციის წესით. აღებული თანხა მეფის მთავრობამ გიორგი ხუცესს, როგორც ბენიამინის მამას, შვილის სიკვდილის საკომპენსაციოდ გადასცა. ბენიამინის უკვდავსაყოფად, გიორგი ხუცესმა სოფელში ერთკლასიანი სკოლა ააგებინა. გვამი ვედენოდან სოფელ ამაღლებაში ჩამოასვენეს. ცხედარს დაღესტნის ცხენოსანთა პოლკი ჩამოჰყვა. კუბო, ნიკოლოზ მეორის სახელით, ვერცხლისფოთლებიანი გვირგვინით შეამკეს. ეს ვერცხლის გვირგვინი დიდხანს ეკიდა ამაღლების ღვთისმშობლის ეკლესიაში და ყველა ცნობისმოყვარე ცდილობდა, გვირგვინისთვის თითო ფოთოლი მაინც მოეტეხა.
1931 წელს ფილმ „უკანასკნელი ჯვაროსნებისთვის“ გადაღების ადგილების შესარჩევად პატარა ჯგუფით მთაში გავემგზავრე. ჩვენი მიზანი იყო, ჩეჩნეთი და ხევსურეთი გადაღებისთვის დაგვეთვალიერებინა. გადავწყვიტეთ, ჯერ ვედენოში, იქიდან ითუმყალეში, ითუმყალედან კი, მაისტისა და ჯარეგოს გავლით, შატილში ჩავსულიყავით. წინა სურათმა „ზვავთა ქვეყანა“, რომელიც ფშავში გადავიღე, იმდენ ხიფათს შემახვედრა, რომ, ვარჩიე, ხევსურეთში მეგზურად აუცილებლად ხევსური ამეყვანა. ასე გავიცანი გიგია ჭინჭარაული. მოსალაპარაკებლად სახლში მივიყვანე, ავუხსენი, რა მინდოდა, რას ვითხოვდი მისგან. გიგია სამოც წელს მიტანებული იყო. როდესაც მან თავისი დამსახურების ამბავი მიამბო, ძალიან გამიხარდა – ვიფიქრე, თავიდანვე კარგად აეწყო ჩემი საქმე-მეთქი. „ტაჩკას“, რომელიც ვედენოში დავიქირავეთ, სამოცი წლის ქისტი მართავდა, რუსულად კარგად ლაპარაკობდა. გზადაგზა მხატვარ სერაპიონ ვაწაძესა და სიკო ფალავანდიშვილს ბენიამინისა და ზელიმხანის ამბავს ვუყვებოდი, ისიც ვუამბე, რომ ბენიამინ დოლიძე ნათესავად ეკუთვნოდა ბაბუაჩემის ოჯახს. ჩვენმა საუბარმა მეეტლეც დააინტერესა. რამდენჯერმე შემეკითხა – მართლა თქვენი ნათესავი იყო ზელიმხანის მიერ მოკლული ოფიცერიო? ქისტმა ცხენები შეაჩერა და დეტალურად აგვიწერა, საიდან ისროდა ზელიმხანი და რომელ ადგილას ეყარნენ მოკლულები. სამი-ოთხი საათი იქნებოდა, ითუმყალეში რომ ჩავედით. ჩასვლისთანავე, მეეტლემ ერთი ქისტის ოჯახში მიგვიყვანა, სახლის უფროსს მოელაპარაკა და ბინა მიგვიჩინა. საღამოს სახლის პატრონს სამი მოხუცი ეწვია და ჩემი ნახვა ითხოვა. ამხანაგებთან ერთად ვეახელი მათ. ყველაზე მოხუცმა ძველი ამბიდან დაიწყო: „როდესაც თქვენი ნათესავი ოფიცერი მოკლა ზელიმხანმა, მეფის მთავრობამ დიდი კონტრიბუცია – ასი ათასი მანეთი ოქროთი გადაგვახდევინა, ახლა თქვენ, ალბათ, როგორც იმ ოფიცრის ნათესავი, ზელიმხანის მიერ დაღვრილი სისხლის ანაზღაურებას მოითხოვთ, ჩვენ კი მეტი არაფრის გადახდა არ შეგვიძლიაო“. ელდა მეცა. ყველაფერს წარმოვიდგენდი და, ამას კი – არა. როგორც ჩანდა, ჩვენმა მეეტლემ მთელ ითუმყალეს მოსდო გზაში ჩემ მიერ ნაამბობი ამბავი, ჩვენი ჩამოსვლის ნამდვილ მიზეზად სისხლის აღების მოტივი ჩათვალა და ხალხი გააფრთხილა. ვცდილობდი, მათი ეჭვები გამექარვებინა, დიდხანს ვაჯერე ისინი, რომ პირადად მე არაფერი კავშირი არ მქონდა მოკლულ ოფიცერთან; ყველაფერი, რაც მოხდა, მეფის დროინდელი ამბავი იყო და დღეს დავიწყებასაა მიცემული. მესამე დღეს სახლის პატრონმა წინადადება მოგვცა, ბინა დაგვეტოვებინა.
***
მეშვიდე წელიწადში ვიყავი, როდესაც მშობლებმა გადაწყვიტეს, გიმნაზიაში შევეყვანე, მაგრამ, სად – ქუთაისში, ბათუმსა თუ ფოთში – ამაზე დიდხანს იყო მსჯელობა. საბოლოოდ ფოთის არჩევანმა დაძლია და 1911 წლის აგვისტოს უკანასკნელ რიცხვებში მამაჩემმა ფოთში წამიყვანა. სამწუხაროდ, ფოთის ჰავამ პირველ წელსვე მაწყინა – ისეთი მძიმე მალარია შემეყარა, რომ,  ყოველი შემოდგომა და გაზაფხული ჩემთვის წამება იყო. სულიერი გართობისთვის ფოთში ძალიან ცოტა რამ იყო. ქალაქს თეატრის შენობა არ გააჩნდა. მხოლოდ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ, ფოთს საგასტროლოდ მსახიობთა ჯგუფი ესტუმრებოდა ხოლმე. 1911-1912 წლებში ვინმე გაბელიამ ფოთში ააშენა დიდი კინოთეატრი. მან კარგად აუღო ალღო კინოს შემოსავლიანობის ზრდის პერსპექტივას და, ძველი, უბადრუკი კინოთეატრი, ლამაზი, ხუთასადგილიანი, აგურით ნაშენი კინოთეატრით შეცვალა. წინდახედული კაცი იყო გაბელია – კინოდარბაზში ეკრანის წინ დიდი სცენაც გამართა. ცდილობდა, კინოთეატრის მშენებლობაზე გაწეული ხარჯები რაც შეიძლება მალე ამოეღო და ამ მიზნით თეატრის შენობას მოხერხებულად იყენებდა. ვის არ შეხვდებოდით აქ... სეანსებს ხალხი ძალიან ეტანებოდა. გაბელიას შემოსავალმა მოლოდინს გადააჭარბა. კომერციულმა საქმემ გაბელიას ერთი მეტად სენსაციური საქმე უკარნახა: ერთ მშვენიერ დღეს, ფოთის ქუჩებში გამოიკრა აფიშები და საზოგადოებას აცნობა, რომ კინოთეატრ „პიკადელში“, მამაკაცების ჭიდაობასთან ერთად, გაიმართება მოჭიდავე ქალების ჩემპიონატი. ახლაც მახსოვს ის აფიშები, სადაც ჩასუქებული ფალავანი ქალები ნახევრად შიშვლები ეხატა. რა ხდებოდა დარბაზში, ამის გადმოცემა ძნელია. სპორტის ყველა სახეობა შვენის ქალს, მაგრამ, ჭიდაობისა რა მოგახსენოთ. გიმნაზიელებს არც ჭიდაობაზე დასწრების უფლება გვქონდა და არც კინოსურათების სეანსებზე. კინო ხელოვნებად არ ითვლებოდა. მოწაფეებზედ ბილეთების გაყიდვა გაბელიას აკრძალული ჰქონდა, მაგრამ, იგი შემოსავალზე უფრო ზრუნავდა,“ თუმცა მუდამ გვაფრთხილებდა, ზემოთ ქანდარაზე ადით, იქიდან უყურეთ, თორემ გიმნაზიის დირექტორი ან მასწავლებელი დაგინახავთ და გიმნაზიიდან გაირიცხებითო.

скачать dle 11.3