კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

მამა! მიყვარხარ და გელოდები!
ამ წერილს დედაჩემის მალულად გიგზავნით და, ძალიან გთხოვთ, დამიბეჭდოთ. არ ვიცი, შეიძლება, დედამ ეს წერილი რომ წაიკითხოს, მიხვდეს, რომ მისი შვილის დაწერილია, მაგრამ, ჩემთვის მთავარია, როგორმე მამას ყურამდე მივიდეს, რასაც თქვენ გწერთ.
საქმე ისაა, რომ უკვე ერთი წელია, მამაჩემმა მე და დედა მიგვატოვა და ვიღაც ქალთან ცხოვრობს, რომელიც უკრძალავს ჩვენთან ტელეფონით დარეკვასაც კი. ყველაფრის მიუხედავად, მამა მაინც ძალიან მიყვარს, რადგან, სანამ ჩვენგან წავიდოდა, მაგარი ძმაკაცები ვიყავით. მე ის ძალიან მენატრება. საშინლად განვიცდი უმისობას, მაგრამ, ამას კიდევ გავუძლებდი, დედაჩემის ტანჯვას რომ არ ვუყურებდე. ვიცი, რომ მასაც ისევ უყვარს მამაჩემი, მზად არის, ყველაფერი აპატიოს და შეურიგდეს, თუმცა, ამ თემაზე საერთოდ არ ლაპარაკობს. სხვათა შორის, ერთი-ორჯერ, ძალიან რომ მომენატრა მამა, დავურეკე და ტელეფონითაც კი არ დამელაპარაკა, მასზე ცუდი რაღაცეები ვთქვი და დედა ძალიან გამიბრაზდა – შენ არ გაქვს უფლება, მამაზე ასე ილაპარაკო. მას ისევ ისე უყვარხარ, უბრალოდ, რთული პერიოდი აქვს და უნდა გაუგოო. იმის მერე, არც ავად და არც კარგად, მამაჩემი დედასთან აღარ მიხსენებია. ჩემს დარდებს გულში ვიკლავ, ბიჭებთან არც კი ვამხელ, რომ მიგვატოვა, ვეუბნები, ხანგრძლივ მივლინებაშია წასული-მეთქი, თუმცა, ეჭვი მაქვს, რომ ყველაფერი იციან, უბრალოდ, გულს არ მტკენენ და არაფერს მეუბნებიან. არადა, ისე ეძმაკაცებოდა ჩემს მეგობრებს, ყველას შურდა – ნეტავი ჩვენი მამებიც ასეთები იყვნენო.
ერთი სიტყვით, ძალიან ცუდად ვართ მეც და დედაც. მამაზე ფიქრითა და დარდით ღამითაც ვერ ვიძინებ, ვეღარც  სწავლას ვუდებ გულს და მაჩანჩალა მოსწავლე გავხდი. თან, სულ მგონია, რომ ყველამ ყველაფერი იცის და ზურგსუკან ჩემზე ჩურჩულებენ და დამცინიან.
მამა! ძალიან გთხოვ, თუ ამ წერილს წაიკითხავ, კარგად დაფიქრდი, რა ტკივილი მოგვაყენე მე და დედას. იმაზეც იფიქრე, რომ ჩვენზე მეტად არავის არასდროს ეყვარები. ჩვენ ძალიან გვენატრები და გვაკლიხარ. გვინდა, რომ დაგვიბრუნდე. გარწმუნებ, არც ერთი არაფერს არ გისაყვედურებთ, ოღონდ დაბრუნდი. ძალიან მიყვარხარ, მა! ნუთუ სულ დამივიწყე და აღარ გახსოვარ?
გელოდები!
შენი შვილი – საბა, 12 წლის.

ჩემმა ბიოლოგიურმა
დედამ არ მიმიღო
ჩემი მშობლები ძალიან მკაცრად მზრდიდნენ. მართალია, არაფერი მაკლდა, მაგრამ, სულ კუდში დამდევდნენ და მაკონტროლებდნენ, რასაც ძალიან განვიცდიდი, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც წამოვიზარდე. მეზობლებსაც რომ დავლაპარაკებოდი (განსაკუთრებით – ქალებს), დედაჩემი ლამის დაკითხვას მიწყობდა – რა გითხრა და შენ რა უპასუხეო. ეს ისე მაღიზიანებდა, რომ რამდენჯერმე უსიამოვნებაც კი მომიხდა დედასთან. ბებია მაწყნარებდა – ლამაზი გოგო ხარ და ეშინიათ, ვინმემ რამე არ გაკადროს ან ცუდი არ გაგიკეთოსო, მაგრამ, ისე ყელში მქონდა ამოსული ეს მარადიული კონტროლი, მოუთმენლად ველოდი, როდის გავხდებოდი სრულწლოვანი, რომ სახლიდან წავსულიყავი და ცალკე მეცხოვრა.
ყველა სიკეთესთან ერთად, მამამ მძღოლი ამიყვანა (საკმაოდ შეძლებული მშობლები მყავდა) და, ტრანსპორტით ან ტაქსით რომ არ მევლო, ის მატარებდა ყველგან. თან, ხნიერი კაცი იყო, ბუნჩულა, მამაჩემს ბავშვობიდან რომ იცნობდა და იმას ჩააბარა ჩემი თავი. გოგოებს შურდათ კიდეც ჩემი ასეთი მდგომარეობა, მე კი ძალიან განვიცდიდი, რადგან, მეგონა, რომ არ მენდობოდნენ და სულ მქონდა პროტესტის გრძნობა, თუმცა, მაინცდამაინც აქტიურად (განსაკუთრებით – მამასთან) ვერ ვამჟღავნებდი.
ერთ დღეს კი (მაშინ უკვე 17 წლის ვიყავი), სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ აყვანილი შვილი ვყოფილვარ. თითქოს კარუსელი დამიტრიალდა თავში, მთელი ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა. რამდენიმე დღე ლოგინად ჩავვარდი, მაგრამ მიზეზი მშობლებისთვის არ მითქვამს. ცოტა რომ მოვმჯობინდი, ის ქალი ვნახე, ვინც ეს ამბავი მითხრა და დავავალე, ჩემი ბიოლოგიური დედა მოეძებნა, თან კარგ ანაზღაურებას შევპირდი (ჩემს ყულაბაში საკმაოდ სოლიდური დანაზოგი მქონდა). ისიც მაშინვე დატრიალდა და ორ კვირაში ყველანაირი ინფორმაცია მომიტანა: სახელი, გვარი, მისამართი, ოჯახური მდგომარეობა, სამსახური...
კიდევ რამდენიმე დღე დამჭირდა ამ ყველაფრის გადასახარშავად. ჩემი ჭკუით, ჩავთვალე, რომ, რადგან ჩემი აღმზრდელი მშობლების ღვიძლი შვილი არ ვიყავი, ამიტომ მექცეოდნენ ასე მკაცრად. მერე დავასკვენი, რომ არ ვუყვარდი, ნანობდნენ, რომ მიშვილეს და მათთვის ზედმეტი ბარგი ვიყავი. ამ ყველაფერში რომ დავირწმუნე თავი, გადავწყვიტე, გამეთავისუფლებინა ისინი არასასურველი ტვირთისგან (ანუ – ჩემგან), წავსულიყავი ჩემს ბიოლოგიურ დედასთან და ნამდვილი მშობლიური სითბო და სიყვარული მისგან მეგრძნო. მე სულელს, ეჭვიც არ მეპარებოდა იმაში, რომ, იმ ქალს, ვინც გამაჩინა, მოტყუებით წაართვეს, ან, სულაც, მოჰპარეს ჩემი თავი, რაც მან ძალიან მძიმედ გადაიტანა, დიდხანს მეძებდა კიდეც, მაგრამ, ჩემი აღმზრდელები ისე მმალავდენ (სახელი და გვარიც ხომ შეცვლილი მქონდა), რომ მან ვერ მომაგნო და დარდისგან დასნეულდა. ერთი სიტყვით, მოზარდი გოგოს უკიდეგანო ფანტაზიამ ფრთები შეისხა და რა აღარ შევთხზი და წარმოვიდგინე.
მოკლედ, ეს ყველაფერი რომ გადადუღდა ჩემს გულსა და ტვინში, პატარა სპორტულ ჩანთაში ჩავილაგე ჩემი პირადი ნივთები, აღმზრდელებს საკმაოდ უხეში და უმადური წერილი დავუტოვე  – იმ ქალთან მივდივარ, ვინც გამაჩინა, ვისაც დღემდე ვუყვარვარ და გაუხარდება ჩემი დანახვა, თქვენ კი სამუდამოდ გემშვიდობებით, აწი უჩემოდ უკეთ იცხოვრებთ-მეთქი.
ჩემი ბიოლოგიური დედა ერთ-ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობდა. რაღაც საჩუქრები ვუყიდე და „მარშრუტკით“ გავემგზავრე. სახლს ადვილად მივაგენი, მაგრამ, ვიღაც მოხუცმა ქალმა მითხრა, სამსახურშიაო. მასვე ვკითხე სამსახურის მისამართი და იქ მივადექი დედაჩემს, რომელიც საკმაოდ ახალგაზრდა და ლამაზი ქალი აღმოჩნდა, თუმცა, საკმაოდ თამამად და ვულგარულად ჩაცმული. ჩემი ფანტაზიების პირველი ბუშტი გასკდა – ჩემი ბიოლოგიური დედა ერთ-ერთი დაწესებულების სასადილოში მიმტანად მუშაობდა, მე კი მეგონა... მაგრამ პირველი იმედგაცრუება დავძლიე, დაახლოებით ერთი საათი შორიდან ვაკვირდებოდი და, ამ ხნის განმავლობაში, ყველა მამაკაცი, ვინც კი სასადილოში შემოვიდა, სათითაოდ გაუარშიყდა, თან, საკმაოდ უწმაწურად, დედაჩემი კი ამ ყველაფერს რაღაც საშინელი კისკისით პასუხობდა. კინაღამ ინფარქტი დამემართა. აღარ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. ბოლოს მაინც გავბედე, მივუახლოვდი და ვკითხე, ესა და ეს ხართ-მეთქი? ჰო, მე ვარ, მერე შენ რა გინდაო, – მითხრა. თქვენი გაცნობა-მეთქი, – ვუპასუხე. აქაური აშკარად არ უნდა იყო, ვინ ხარ და ჩემთან რა საქმე გაქვსო, – თქვა და ამათვალიერ-ჩამათვალიერა. თქვენი შვილი ვარ-მეთქი, ვუთხარი და იქვე მდგარ სკამზე დავჯექი, რომ არ წავქცეულიყავი. ერთი კი გადაუფითრდა სახე, მაგრამ, რამდენიმე წამში ისევ ისეთი „კეკელკური“ გამომეტყველება მიიღო და აგდებულად მკითხა – რომელი შვილიო. რომელიც გააშვილეთ-მეთქი. რამდენი ბავშვიც გავაშვილე, ყველა რომ მომადგეს და შენახვა და პატრონობა მომთხოვოს, კარგი დახლი დამიდგებაო, – მიპასუხა და სამზარეულოსკენ წავიდა, მერე მობრუნდა და მომაძახა: დაახვიე აქედან და, საიდანაც მობრძანებულხარ, ისევ იქ წაბრძანდი, შენი ნერვები არ მაქვს. შვილები რომ მდომოდა, ახლა ხუთი მაინც მეყოლებოდა. შენ გამო ცხოვრებას ვერ ავირევო.
არ მახსოვს, როგორ გამოვედი იმ სასადილოდან, როგორ ჩავჯექი „მარშრუტკაში“ და როგორ დავბრუნდი თბილისში. მახსოვს მხოლოდ ის, ჩემი სახლის წინ, გულწასულს, როგორ მასულიერებდნენ ჩემი აღმზრდელი მშობლები. მერე კარგა ხანს ვიყავი ავად, მაგრამ, დედამ და მამამ ყველაფერი იღონეს, რომ გამოვჯანმრთელებულიყავი. სხვათა შორის, სანამ კარგად არ გავხდი, არც ერთს არაფერი უკითხავს, მერე კი მე თვითონ ვუამბე, რაც გადამხდა.
იმ ამბების შემდეგ თხუთმეტი წელი გავიდა. ახლა მე თვითონ ვარ დედა და ორ შვილს ვზრდი. ჩემს მეუღლეს ყველაფერი ვუამბე და დღემდე სულ მამშვიდებს – შენ ისეთი მშობლები გყავს, დანარჩენზე არც უნდა იდარდოო.
ჩემი ბიოლოგიური დედის შესახებ კი არაფერი ვიცი – სურვილიც კი აღარ გამჩენია, რამე გამეგო.
ნატო, 32 წლის.

скачать dle 11.3