კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის უნდა გაიტანოთ კატლეა სამზარეულოში და როგორ მოვრწყათ მცენარე ცივ დღეებში


საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მებაღე-დიზაინერ თენგიზ პაპავასთან ერთად, ამჯერად, მხოლოდ კატლეას შესახებ გესაუბრებით. თუ როგორი მოვლა სჭირდება ამ მცენარეს ზამთარში, რა სიხშირით მოვრწყათ წელიწადის სხვადასხვა სეზონზე და რა ტემპერატურის გარემო შევუქმნათ, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.



– ბატონო თენგიზ, გვესაუბრეთ ისეთ მცენარეზე, რომლის მოვლაც რთული არ იქნება და ამავე დროს ძალიან ლამაზია...

– ყველაზე ლამაზი და ხელმისაწვდომი მოყვარულებისთვისა თუ მებაღისთვის ორქიდეას ერთ-ერთი სახეობაა, რომელსაც კატლეა ჰქვია. ეს მცენარე კარგად იზრდება ორანჟერეებსა და სათბურებში.

– რა ზომისაა მცენარე და როდის ყვავილობს?

– კატლეას ბოლქვისებური ძირი აქვს, სიმაღლეში ერთ მეტრს აღწევს, თუმცა მინიატურული სახეობებიც გვხვდება. ახლა სწორედ ის დროა, როდესაც ფოთლის დამცავი ფირფიტიდან გამოდის საყვავილე ისარი, რომელზეც შეიძლება რამდენიმე ყვავილი ამოვიდეს. მათი შეფერილობა იცვლება თეთრიდან ვარდისფერ და მკვეთრ წითელ ტონებამდე.

– ძირითადად რომელ სეზონზე ყვავის მცენარე?

– კატლეას ყვავილობის სეზონი ზაფხულია. ყვავილობს უჩვეულოდ ლამაზად ზაფხულის სხვადასხვა დროს. უმჯობესია, მცენარე ყვავილობის დროს ოთახში იყოს. წელიწადის დროების განმავლობაში სასურველია, შეუცვალოთ ადგილი, რომ პირდაპირი მზის სხივები არ მოხვდეს ფანჯრიდან.

– რომელ ადგილს გვირჩევთ, რომ დავდგათ ხოლმე მცენარე?

– კარგია მისთვის ოთახი, სადაც დღის განმავლობაში მსუბუქად იცვლება ტემპერატურა და არც ძალიან ცივა და არც ზედმეტად ცხელა. მისთვის შესაფერისი საშუალო ტემპერატურაა. უმჯობესია, თუ ძალიან მზიან ადგილს მოარიდებთ.

– შეიძლება, რომ გარეთ გავიტანოთ ხოლმე?

– საერთოდ, ორქიდეები ზოგიერთ ქვეყანაში წელიწადის სხვადასხვა პერიოდში აუცილებელიცაა, რომ გარეთ ამყოფოთ. კატლეას შემთხვევაშიც, კარგია ჰაერზე იყოს. მხოლოდ სიცივეში არ გაიტანოთ. თბილ ამინდში შეგიძლიათ, აივანზე გადგათ ქოთანი. გაითვალისწინეთ, რომ მცენარე მზის მწველ სხივებს ვერ გაუძლებს და მოარიდეთ ასეთ ადგილს.

– კიდევ როგორი პირობები სჭირდება კატლეას, რომ კარგად გაიხაროს?

– ადგილის შერჩევის შემდეგ საზრუნავია ნოტიო ჰავის შექმნა. ამიტომ უმჯობესია, რამდენიმე სხვა მცენარეს შორის მოაქციოთ თქვენი კატლეა, რადგან მას ჯგუფურად ყოფნა ურჩევნია.

– რაც შეეხება მორწყვას?

– ამ მცენარეს მორწყვა უხვად სჭირდება. ამის შემდეგ, მცენარე სამზარეულოში გაიტანეთ ხოლმე, სანამ წყალი დაიწრიტება. წყლის დაცლისას, ქოთანი დააბრუნეთ თავის ადგილზე და მის სადგამში ცოტაოდენი წყალი დატოვეთ. ყურადღება მიაქციეთ წყლის დაწრეტას, რომ ქოთნის სადგამზე ბევრი წყალი არ დარჩეს. ასევე, ხშირად მიაპკურეთ წყალი და მისი ნიადაგი გამოკვებეთ მინერალური სასუქებით, რომ მცენარე ჯანმრთელი გაიზარდოს. ყველაზე კარგი პირობები შეგიძლიათ შეუქმნათ ორანჟერეაში, თუ ამის საშუალება გაქვთ. ასეთ ადგილას უფრო იოლია სინოტივის შენარჩუნება.

– როდესაც სიცივეები დაიწყება, ზამთარშიც ხშირად უნდა მოვრწყათ ხოლმე?

– ამ დროს მორწყეთ რეგულარულად. ზამთარში ზედმეტი წყალი არ მოგივიდეთ, მაგრამ არც ძალიან არ გამოაშროთ ნიადაგი.

– როგორ დავარეგულიროთ ტემპერატურა წელიწადის სეზონების მიხედვით?

– მცენარეს ზაფხულში სჭირდება 24-27 გრადუსი, შეგიძლიათ უფრო მაღალ ტემპერატურაზეც ამყოფოთ. რაც შეეხება ზამთარს, აუცილებელია, 16-19 გრადუსი სითბო მაინც. გახსოვდეთ, რომ დეკემბრიდან მცენარე დასვენებას დაიწყებს და ზედმეტი მოვლა არ დასჭირდება. მთავარია, გაითვალისწინოთ წყლის რაოდენობა და ტემპერატურა.

– როგორი ნიადაგი შევურჩიოთ კატლეას?

– ქოთნის კატლეას მდიდარი, სუფთა სუბსტრატი სჭირდება. ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა განსხვავებული აზრი არსებობს, მაგრამ ძირითადად მსუბუქი, წყალგამტარი ნიადაგი სჭირდება, რომლის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს: წითელი ხის ქერქის ნატეხები, ნახშირი, ხავსი ან ტორფი, ცოტა სილა და საკვებად დამატებული სასუქი.

– რამდენ ხანში ერთხელ შეიძლება კატლეას გადარგვა?

– ამ მცენარის გადარგვა აუცილებელია ორ წელიწადში ერთხელ. თუ ფესვებში ჰაერი არ არის, მცენარე შეიძლება დაიღუპოს. ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ ქოთნის ზომას და არ დაგავიწყდეთ ჭურჭლის შეცვლა, რომ მცენარეს სუნთქვის საშუალება ჰქონდეს.

– როგორ გავამრავლოთ ეს მცენარე?

– კატლეას გამრავლება შეიძლება ბოლქვებით. ისინი მიწის ზემოთაა მოქცეული და იოლად შეამჩნევთ მცენარის შვილებს. მათი დაყოფა, რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს, რომ ძირითადი ღერო არ დააზიანოთ. ჩარგეთ პატარა ბოლქვი ჩემს მიერ აღწერილ სუბსტრატიან ქოთანში და მორწყეთ ზომიერად.

– რით ავადდება მცენარე?

– ზოგიერთ მწერს შეუძლია ის გაანადგუროს, ზოგს კი მხოლოდ ავნოს და დააზიანოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ უნდა დაუშვათ. გაზაფხულზე ყველაზე მეტადაა მცენარეებზე თავდასხმის საფრთხე, რადგან მწერები გამრავლებას ამ დროს იწყებენ.

ორანჟერეებში, ნოტიო ატმოსფეროში, ლოკოკინები და ლოქორაა გავრცელებული. დიდი საფრთხე შეიძლება დაემუქროს მცენარეს ბაყაყებისგან, რომლებიც შეიძლება იყოს ორანჟერეებში.

დაბოლოს, რა გავითვალისწინოთ, უპირველესად, ამ სეზონზე, რომ კატლეამ კარგად გაიხაროს?

– მცენარეს, განსაკუთრებით ზამთარში, ყოველდღიური მოვლა-პატრონობა არ სჭირდება. მთავარია, კარგად გქონდეთ მისთვის შერჩეული ადგილი. სწორი რეჟიმით მორწყეთ, ანუ რეგულარულად და ეცადეთ ტემპერატურა 16 გრადუსზე დაბლა არ ჩამოვიდეს. თუ ამ პირობებს გაითვალისწინებთ, კატლეა მშვენივრად იგრძნობს თავს თქვენს ბინაში.


скачать dle 11.3