კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ კაპიტნობს ირინა ფრუიძის ოჯახში და რამ გადაარჩინა ის მომავალ ქმართან „პეპესთან“ განშორებას

 – როგორ დაიწყო თქვენი სიყვარულის ისტორია?
ირინა: ერთმანეთი გავიცანით დათოს დაბადების დღეზე. ჩემმა მეგობარმა მიმიყვანა იქ, ფაქტობრივად, საჩუქრად მიმიყვანა (იცინის), თუმცა, სიყვარულის ისტორია მაშინვე არ დაწყებულა.  დათოს მოვეწონე და რაღაც პერიოდის შემდეგ მესიჯი მომწერა,  ერთი,  მეორე, მერე შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს და ყველაფერი ასე დაიწყო.    
დათო: იმ პერიოდში, როცა ირინა გავიცანი, ის ფარმაცევტულ კომპანიაში მუშაობდა, სამედიცინო მარკეტინგის მენეჯერად. მე  თეატრალურ  ინსტიტუტში ვსწავლობდი, სადაც უნივერსიტეტის, ეკონომიკური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე. 16 წლის ვიყავი, როცა მშობლების სურვილით ავირჩიე ეკონომიკური ფაკულტეტი. პატარა ვიყავი და დავყევი მათ ნებას, მაშინ ხომ ასე იყო მეზობლები რას იტყვიან, რომ არ ჩააბარო? მათემატიკური საგნები  კარგად ვიცოდი, თუმცა არც ჰუმანიტარულთან ვიყავი მწყრალად, რადგან ჩავაბარე, მალევე კი  მივხვდი, რომ ეკონომიური პროფილი ჩემი გატაცება არ იყო, მაგრამ მერე  დაიწყო: ბარემ დაამთავრე, დიპლომი აიღე, მოკლედ ასე ავიღე ეკონომისტის დიპლომი, რომელიც არასდროს დამჭირვებია და ყველას ვეუბნები: გაჩუქებთ-მეთქი (იცინის).
– დათო, ქართული  ინტელექტკლუბის ცნობილი სახის მოხიბვლა არ გაგჭირვებიათ?
– იმაზე ნამდვილად არ მიფიქრია,  ინტელექტუალური ქალია და რამეში არ ჩავიჭრა-მეთქი. მაგაზე ფიქრს რომ იწყებ, უკვე ჩაჭრილი ხარ და დაკარგულია ყველაფერი. თუმცა, ცოტა განსხვავებულად კი განვითარდა ჩვენი ურთიერთობა. ირინას გაცნობამდე გოგონებთან საკმაოდ  აგრესიული მიდგომა მქონდა, ოღონდ კარგი გაგებით აგრესიული. სწრაფად ვიწყებდი ურთიერთობას, პირდაპირ  გადავდიოდი „შეტევაზე”. ირინასთან შეტევაზე გადასვლის, ეტყობა, „შემეშინდა” (იცინის). პირველ დღესვე  მომეწონა, მაგრამ ურთიერთობა გვიან დავიწყე, ნელ-ნელა შევაპარე, პირველი პაემანიც კი ორი თვის შემდეგ გვქონდა.    
  – ირინა, მომავალ საქმროს  გამოცდები ინტელექტში ჩაუტარეთ?
ირინა: ამ ტიპის გამოცდების სურვილი არ მქონია, ურთიერთობაში გამოჩნდა ყველაფერი – ჩემი ურთიერთობები მის მეგობრებთან და მისი ჩემთან, ესეც ხომ  ერთგვარი გამოცდა იყო?  თავიდანვე მივხვდი, რომ  ინტელექტთან მწყრალად არ იყო. გამოცდა მოგვიწყო თავად ცხოვრებამ. ჩვენი ურთიერთობა  უკვე პიკში იყო, როცა პოლონეთში მომიწია წასვლა  ერთი წლით, სამუშაოდ.  
დათო: გამოცდა კი არა საშინელება იყო. ბევრი მეუბნებოდა, ახლა, ალბათ,  დამთავრდება თქვენს შორის ყველაფერი და დაშორდებითო. ასე ხომ ხშირად ხდება, მაგრამ ამ განშორებამ უფრო გაამყარა ჩვენი ურთიერთობა. იმავე დღეს, როგორც კი ირინამ თქვა, რომ პოლონეთში მიდიოდა, მეგობრისგან ვალით  ვიყიდე ძველი კომპიუტერი   და „სკაიპით” ვახერხებდით  ურთიერთობას. მერე ავდექი და ჩავედი კიდეც.
– როგორია თქვენი ოჯახური თანაცხოვრება ამდენი წლის შემდეგ? როდესაც შენი მეუღლე ერთ-ერთი ცნობილი ინტელექტუალია, ალბათ, ეს ძალიან კომფორტულია, თუმცა ჭკვიან  ქალებს ცოტა არ იყოს უფრთხიან მამაკაცები.  
– მე იმ მამაკაცების კატეგორიას არ მივეკუთვნები. აი, ზუსტად ესაა მაგარი, როდესაც ქალი ჭკვიანია. ეიფორია რომ ჩაივლის, ქალის ჭკუა მერე ძალიან ფასდება (იცინის).   
– ირინა კარგი მეოჯახეც არის?
– თუ სცალია ამისთვის, კი, იშვიათი მზარეულია. ირინას საჭმლის მომზადების საოცარი პროცედურა აქვს – თუ გადაწყვიტა  განსაკუთრებული  და უცხო სადილის მომზადება, ეს ამბავი სამზარეულოში კი არ იწყება, იწყება „გუგლში”. ეს „გუგლი” ხომ ჩვენზე ჭკვიანია, ოღონდ იმას ვეღარ ხვდება, როგორი გამოდის ირინას საჭმელი.   
ირინა: ჭკვიან და საქმეებით დაკავებულ ქალს, აქვს როგორც დადებითი მომენტები, ასევე უარყოფითიც. უარყოფითი ისაა, რომ დაკავებულობის გამო, ნაკლებად იცლის ოჯახური საქმეებისთვის. იმ ქალებს, რომელთაც თავისი ცხოვრება არ გააჩნიათ და მთლიანად არიან მიჩერებული ქმრის ცხოვრებას, საკმაოდ ბევრი პრობლემა უჩნდებათ. მათ სურთ, რომ ქმარი გვერდით ჰყავდეთ, რაც არ გამოსდით.  
დათო: მერე სწორედ ესეთ ქალებს ეწყებათ, ქმარს დღეში ასჯერ რომ ურეკავენ: სად ხარ? ირინას ეს ძალიან მაგარი თვისება აქვს, თავიდანვე ასე იყო: თუ ერთხელ დამირეკა და ვუთხარი, რომ ვარ ისეთ გარემოში, სადაც მარტო მე მივდივარ და ის არ მოდის, მეტად აღარ დარეკავს. გამორიცხულია, გადამოწმება დაიწყოს.  ბევრჯერ მინახავს  მამაკაცები, რომელთაც სატელეფონო ზარებით აიკლებენ ხოლმე ცოლები, რაც მე ძალიან მიკვირს.  გამორიცხულია, ირინამ დაიწუწუნოს და თქვას რამე, როცა კაცები მივდივართ ლუდის დასალევად და ფეხბურთის საყურებლად, სიტყვას არ იტყვის. მე უფრო ვარ წუწუნა, როცა ის უჩემოდ მიდის  სადმე (იცინის). მე მაინც მგონია, რომ ქალი საქმიანი უნდა იყოს. ხანდახან შეიძლება, რამდენიმე დღე გავიდეს ისე, რომ ვერ შევძლოთ რაღაც მნიშვნელოვან თემაზე საუბარი, მაგრამ ეს არაა პრობლემა. დილით რომ „დავიშლებით” და ჩვენს საქმეებზე გავიქცევით, მერე გამახსენდება, რომ რაღაც თემის განხილვა ვერ მოვასწარით. ამიტომ, საღამოს უპირველესად, ამ თემით ვიწყებ. ისე, ცოლს რომ ვერ მოიხელთებ 3-4 დღე, როგორია (იცინის)?
 – ოჯახში კაპიტანი ვინაა?
– ხან ერთი, ხან – მეორე, გააჩნია საკითხს და ვინ უფრო მეტად დაღლილია.  თუ ისეთი დონის საკითხია გადასაწყვეტი, რომელსაც შესაძლოა, სავალალო შედეგი მოჰყვეს, ჯობია, ირინამ გადაწყვიტოს (იცინის).
– დათო, თქვენ არ ხართ ირინას ბანაკში?
– ინტელექტუალურ ბანაკს გულისხმობთ? არა. მე არ ვთამაშობ, ამაზე არ მიფიქრია. ახლა ირინამ რომ მთხოვოს, სცენაზე დამაყენეო, ხომ არ გამოვა არაფერი, ირინასაც თავისი სცენა აქვს. ირინა თავის საქმეშია მაგარი, მე რატომ უნდა მივეპოტინო იქ? ჩემთვის ისიც საკმარისია, რასაც  მისი თამაშის დროს განვიცდი. სულ მეშინია, რომ მის გამო  გუნდმა შეცდომა არ დაუშვას, რადგან კაპიტნის ფუნქცია ამ თამაშში ძალიან საპასუხისმგებლოა.  
ირინა: ჩვენ „ვეჯიბრებით” ერთმანეთს სიყვარულში, ბავშვის აღზრდაში. ძირითად საკითხებში ვეთანხმებით, ნიუანსებშიც კონსენსუსამდე მივდივართ ხოლმე. ამ ამბებში გვაქვს სრული იდილია, ფაქტობრივად, რემონტის დროსაც კი არ ვეჩხუბებით ერთმანეთს (იცინის).
დათო: ირინას თავისი ბანაკი აქვს, მე – ჩემი, ირინას საქმეა ინტელექტთამაშები, ქართველი სკაუტები, ჩემი – სცენა, გადაცემა, ფეხბურთი. მაგალითად, ბევრი მცდელობის მიუხედავად, ვერაფრით დავაინტერესე ფეხბურთით, თუმცა, გვაქვს ბევრი საერთო გატაცებაც – მოგზაურობა, ხელოვნება.
– დათო, თქვენი მეუღლე, ინტელექტკლუბში მამაკაცთა გუნდის კაპიტანია, იოლად ანდობთ მათ? არ გეშინიათ რომ „დაგიჩაგრონ” პაექრობაში?
– მე ვიცი, რომ ამას ვერავინ დაჩაგრავს. ქერა და ცისფეთვალება კია, მაგრამ არც ისეთი სუსტია, როგორც ვიზუალურად ჩანს.
ირინა: მე მაქვს „სოფთ ფაუერი”. ასე რომ, ეს საფრთხე არ მემუქრება, ეს კარგად მუშაობს ყველა ადამიანთან, რა თქმა უნდა, მამაკაცებთანაც. პრინციპში, მამაკაცები უფრო სწრაფები და რისკიანები არიან, რაც მათ ეფექტს მატებთ, თორემ ქალი სიმშვიდით, რაციონალურობითა და გამძლეობით  ბევრად უფრო ძლიერია. განსხვავება მაშინაც კი ჩანს, როცა გუნდი თამაშს აგებს. მამაკაცის ეგო ხომ უფრო ძლიერია, ამიტომაც მამაკაცები წაგებას მძაფრად განიცდიან ხოლმე, ქალი – უფრო მშვიდად იტანს.  
დათო: კრიტიკულ სიტუაციაში მე, ალბათ, უფრო ქოთქოთა ვარ, ვიდრე ირინა. მერე მისი სიმშვიდე მეც გადმომედება ხოლმე.
ირინა: დათო  აბსოლუტურად  არააგრესიულია, თან  როგორი კეთილი  საქმით არის დაკავებული? ბავშვებთან მუშაობს. მისი  ღიმილი მხოლოდ ეკრანზე კი არ მოჩანს კეთილი, ცხოვრებაშიც ასეთია.
დათო: ცოლი არ ჭირვეულობს, რომ სიმკაცრე დამჭირდეს, ხანდახან სალოსთან ვმკაცრდები ხოლმე (იცინის).
– სალო, ალბათ, მამის ზღაპრებზე იზრდება.
– არა მხოლოდ,  2 წლის იყო, როცა მოითხოვა  იტალიაში წამიყვანეთ, ჯანი როდარის მადლობა უნდა ვუთხრა, ჩიპოლინო რომ დამიწერაო.
– დათო ბავშვებში  განსაკუთრებით   იქნება პოპულარული.
– ორივეს საკუთარი სეგმენტი  და მიზნობრივი აუდიტორია გვყავს (იცინის). ირინა მოაზროვნეებსა და ინტელექტუალებშია პოპულარული, მე – ბავშვებში. უნდა ნახოთ, როგორ ვმეგობრობ ეზოს ბავშვებთან. ქვემოდან ამომძახებენ ხოლმე: პეპე, ჩამოხვალ? თუ ვეტყვი, რომ არ მცალია, ბურთი გადმოგვიგდეო, – შემომძახებენ ხოლმე. უნდა ნახოთ, ირინას პოპულარობა თავის სეგმენტში, მე ამით ძალიან ვამაყობ. ლამაზ და ჭკვიან ცოლს რა ჯობია? არ მესმის  იმ მამაკაცების, ცოლებს ქვედაბოლოს სიგრძეს რომ უზომავენ, ვინმემ თვალი არ გააყოლოს. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ცოლი უნდა გაშიშვლდეს და ისე იაროს, მაგრამ არ ვიცი, რატომ  უნდა გავბრაზდე ჩემს ცოლს თუ ვინმე თვალს გააყოლებს.
ირინა: ეს დაკომპლექსებული მამაკაცების ჩვეულებაა, რომელთაც კონკურენციის ეშინიათ. საკუთარ თავში დარწმუნებულ მამაკაცს ცოლის  ქვედაბოლოს სიგრძის არასდროს ეშინია (იცინის)

ინტელექტუალური  კლუბის „რა? სად? როდის?” მომხიბვლელი კაპიტანი, ირინა ფრუიძე უკვე თორმეტი წელია, კაპიტნის  „ჩინს” დროდადრო  ყველაზე სანდო და საიმედო პარტნიორს აბარებს. მისი მთავარი „მეწყვილე”  ცნობილი პეპეა – ყველაზე პოპულარული საბავშვო გადაცემის  წამყვანი კეთილი ღიმილითა და  არაჩვეულებრივი  იუმორით.  დათოს და ირინას ოჯახური  ტანდემი ერთი შეხედვითაც კი გამორჩეულია, მათი ცხოვრება კადრს მიღმა კი  – საინტერესო.  ირინას ქმრის სპორტული  და ტექნიკური „აფეთქებები” არ აშინებს, დათოს –  ჭკვიანი ცოლის კაბის სიგრძე. მათი ცხოვრება კი  ისეთი  ემოციებითაა  სავსე, რომელსაც ჩვენი  რესპონდენტები   არავისთვის იშურებენ.          

 

скачать dle 11.3