კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე – დაქირავებული მკვლელი

უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹29-24(598)

– რომელი ხარ? – ვკითხე უცნობს.
– აბა, მიხვდი, ვინ ვიქნები. მანოელ ფრანსისკო დოს სანტოსი კოჭლი გენიოსი იყო. გამიხსენე?
– აა, ეს შენ ხარ, გარინჩას ფანო? გიცანი, ფილიპ, ახლავე მოვალ.
როგორც ჩემ მიმართ წარმოთქმული ფრაზა, ისე ჩემი პასუხი, პაროლი იყო, რომელიც ორი წლის წინ ერთი საგანგებო ოპერაციისთვის იყო მოგონილი. მაშინ ის ოპერაცია ჩაიშალა, რადგან მეკავშირე არ მოვიდა. სწორედ ფილიპი უნდა გამოსულიყო ჩემთან კავშირზე და ობიექტის კოორდინატები მოეცა, რომელიც მე უნდა გამენეიტრალებინა. ფილიპი და ობიექტი კი ჩვენი თვალთახედვიდან გაქრნენ და, ინტენსიური ნადირობის მიუხედავად, „კაგებემ“ მათ კვალს ვერ მიაგნო. ამიტომ, ფილიპი მოღალატედ იყო გამოცხადებული და სასიკვდილო განაჩენი ჰქონდა გამოტანილი. „ფილიპი“ საბჭოთა მზვერავის ფსევდონიმი იყო, სინამდვილეში  მას ვიქტორი ერქვა და კარგად ვიცნობდი. ის ჩაშლილი ოპერაცია კი, პარიზში უნდა ჩატარებულიყო და სწორედ იქიდან გაუჩინარდნენ ის და ობიექტი.
გადაწყვეტილება სასწრაფოდ უნდა მიმეღო. შინაგანაწესის მიხედვით, ფილიპი ლიკვიდაციას ექვემდებარებოდა და მე ეს უნდა გამეკეთებინა. თუმცა, ერთ მრუდ ნაბიჯს, შეიძლებოდა, უკუშედეგი მოეტანა, რადგან ფილიპი, იგივე ვიქტორი, გამოცდილი მზვერავი იყო და ასე იოლად თავს არ მომაკვლევინებდა, მით უმეტეს, რომ ის თავად დამიკავშირდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ თვალთახედვის არეში ვყავდი და საკუთარი უსაფრთხოების ზომები აუცილებლად ექნებოდა მიღებული.
გამორიცხული, რა თქმა უნდა, არაფერი იყო, მაგრამ, მას რომ ჩემი მოკვლა ნდომოდა, ამას ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე გააკეთებდა. ამიტომ, ვიფიქრე, რომ სულ სხვა რამეში უნდა ყოფილიყო საქმე და პაროლები რომ გავცვალეთ, ვკითხე:
– სად მოვიდე?
– მწვანე ბარში ამოდი, მეშვიდე სართულზე, – მომიგო ფილიპმა და ყურმილი დაკიდა.
მწვანე ბარში რომ ავედი, ფილიპი იქ ვერ აღმოვაჩინე. ამიტომ, ბარმენის დახლთან ჩამოვჯექი და დაველოდე.
– რას მიირთმევთ, სერ? – მკითხა ბარმენმა და თავაზიანად გამიღიმა, მე კი ვუთხარი:
– მსუბუქი კოქტეილი, თუ შეიძლება.
ბარმენმა კოქტეილი მომიმზადა, წინ დამიდო და მითხრა:
– ასეთ მსუბუქ სასმელს სპორტსმენები სვამენ. სპორტსმენი ხომ არ ხართ, სერ?
– არა, – მივუგე აბეზარ ბარმენს, მან კი განაგრძო:
– მე კი ფეხბურთელი მეგონეთ.
– არა, ცდებით.
– ბოდიში, მისტერ. მე კოჭლი გარინჩას ფანი ვარ და ფეხბურთი იმიტომ ვახსენე.
– ფილიპ, ეს შენ ხარ? – გაოცებულმა ვკითხე ბარმენს, რომელიც საერთოდ არ ჰგავდა სიკვდილმისჯილ საბჭოთა მზვერავს, მან კი რუსულად მომიგო:
– მე ვარ. მიხდება პლასტიკური ოპერაცია, კარგი სახე მაქვს?
– კეკლუცობის დრო არ მაქვს. რა გინდა, რატომ დამიბარე? – კოპებშეკრულმა ვკითხე სახეშეცვლილ ფილიპს.
– ვიცი, რომ კანტორამ სასიკვდილო განაჩენი გამომიტანა და, შინაგანაწესის მიხედვით, ეს შენ უნდა აღასრულო.
– მე ეს უშენოდაც ვიცი, – სიტყვა გავაწყვეტინე ბარმენს.
– სამაგიეროდ, სხვა რამ არ იცი.
– მაინც, რა?
– ის, თუ რა მოხდა ორი წლის წინ პარიზში.
– რა მოხდა?
– რა და, ამერიკელები მასხდნენ კუდზე, მითვალთვალებდნენ და კავშირზე იმიტომ არ გამოვედი. ობიექტი  კი მე გავანეიტრალე. ასე რომ, შენი საქმეც გავაკეთე და, მოღალატეობაშიც ტყუილად დამდეს ბრალი და სასიკვდილო განაჩენი გამომიტანეს.
– თავის დროზე რატომ არ შეატყობინე ეს ცენტრს?
– რა გარანტია მქონდა, რომ დამიჯერებდნენ?
– ახლა რა გარანტია გაქვს?
– შენ ხარ ჩემი გარანტია. მე ლიკვიდირებულ ობიექტს განახვებ და ცენტრს შენ აცნობებ ყველაფერს.
– რაებს როშავ?
– სულაც არ ვროშავ! – მითხრა ბარმენმა, და  საათს დახედა, – ოც წუთში გავთავისუფლდები და წავიდეთ.
– სად?
– ხომ არ გეშინია?
– არა.
– მაშინ, მოითმინე და ყველაფერს გაიგებ.
ბარიდან ბუდაპეშტის ერთ-ერთ გარეუბანში გავემგზავრეთ, სადაც ფილიპი კერძო სახლში ცხოვრობდა. რომ მივედით, მასპინძელმა სარდაფში ჩამიყვანა და საიდუმლო აკლდამა მანახვა, რომელშიც მუმიფიცირებული კაცის სხეული იყო დასვენებული და მითხრა:
– აი, ის ობიექტი, რომელიც შენ უნდა გაგენეიტრალებინა და ეს მე გავაკეთე.
– და შენ მას ორი წელია ინახავ?
– ჰო, ასეა.
– მუმიფიცირება ვინ გააკეთა?
– ძალიან ცნობილმა ფრანგმა პათანატომმა. ის მე პარიზში მოვიტაცე, მუმიფიცირება გავაკეთებინე და გავუშვი. მას არც ჩემი სახე უნახავს და, რომც ენახა, ახლა მაინც ვერ ამომიცნობს.
– აქ როგორ ჩამოიტანე მუმია, საზღვარზე მისი გადმოტანა როგორ მოახერხე?
– საზღვაო გზით. ეს არც ისე რთულია. ფული ფრანგებსაც უყვართ, უნგრელებსაც და, საერთოდ, ყველა ხალხს. მებაჟეებმა ეს მუმია, როგორც სუვენირი, ისე გააფორმეს და სარკოფაგში არც კი ჩაუხედავთ, თუმცა, ეგონათ, რომ სიგარეტები გადამქონდა.
– პლასტიკური ოპერაცია სად გაიკეთე?
– პარიზში და ამის შესახებ მხოლოდ ექიმმა იცის.
– რომ გაეთქვი?
– გამორიცხულია.
– რატომ?
– იმიტომ, რომ მე მისი არალეგალური საქმიანობის შესახებ ვიცი და იმ ძებნილის სურათი მაქვს, ვისაც მან გარეგნობა შეუცვალა. ასე რომ, თევზივით აქვს პირში წყალი დაგუბებული.
ფილიპის მონათხრობი და ყველა მისი არგუმენტი ძალიან ამომწურავი იყო, თუმცა, მე მას კიდევ ერთი კითხვა დავუსვი:
– ამდენ ჩალიჩს, ამ მუმიის თრევას, არ ჯობდა, რომ უბრალოდ, მიმალულიყავი. მით უმეტეს, რომ მშვენივრად მოწყობილხარ და ათასი წელი ვერავინ მოგაგნებდა?
– არა, ჩემო კარგო, ასე არ მაწყობდა. მე მზვერავი ვარ, ჩემი სამშობლოს პატრიოტი, პატიოსანი ადამიანი და, სიცოცხლის გარდა, მინდა, რომ წესიერი სახელი მქონდეს.
ფილიპის აბსოლუტური უდანაშაულობა სახეზე იყო და, ისღა დამრჩენოდა, რომ ყველაფერი ცენტრისთვის შემეტყობინებინა. მაგრამ, თავში ერთმა აზრმა გამიელვა და ვუთხარი:
– მე როგორ მომაგენი? ნუთუ ეს ყველაფერი უბრალო დამთხვევაა და იმ სასტუმროში შევჩერდი, სადაც შენ ბარმენად მუშაობ?
– არა. ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი. სასტუმრო, სადაც ცხოვრობ, ხომ ცენტრში შეგირჩიეს?
– კი.
– რეკომენდაცია მე მივეცი.
– ეგ როგორ?
– მე იმ საბჭოთა მეკავშირის სახელს ვიყენებ, ვინც ცენტრს აწვდის აქედან ინფორმაციებს. ის კაცი ინფარქტით გარდაიცვალა, თანაც, ჩემ თვალწინ და მე ამით ვისარგებლე. ტყუილად ხომ არ მაქვს შესწავლილი გრიმის ხელოვნება?! მეორედ სწორედ ამის მეშვეობით მოვახერხე მის „ტყავში შეძრომა“ და, საერთოდ, არანაირი სალიკვიდაციო ობიექტი არ არსებობს, ის მე მოვიგონე და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ აქ ჩამოსულიყავი და შენთვის ჩემი სიმართლე მომეყოლა, – მითხრა ფილიპმა და სხვა ოთახში გავიდა, ათიოდე წუთში კი გრიმით დაბრუნდა და იმ კაცის გარეგნობით გამომეცხადა, ვისი სურათიც მე ლუბიანკაზე მანახვეს და მისი ლიკვიდაცია დამავალეს.
– ფანტასტიკურია, – აღტაცებით წამოვიძახე მე, ფილიპმა კი მკითხა:
– გჯერა ჩემი?
– მჯერა.
– ცენტრშიც დამიჯერებენ?
– უნდა დავაჯეროთ, – მივუგე ფილიპს.
მე და ფილიპმა, იგივე ვიქტორმა, მუმია მოსკოვში ჩავიტანეთ და შჩუკინს ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევით, რამაც გენერალი გააოცა და ვიქტორს უთხრა:
– აბსოლუტურად სწორად მოიქეცით. ყველა ბრალდება მოგეხსნებათ და შეგიძლიათ, მუშაობა განაგრძოთ.
ვიქტორ იაკოვლევიჩმა თავისი სიტყვა შეასრულა და ვიქტორი „კაგებეში“ დააბრუნეს, მანამდე კი პლასტიკური ოპერაცია გაუკეთეს და ნამდვილი სახე აღუდგინეს.
ფილიპთან დაკავშირებული ისტორია იმის ნათელი მაგალითია, რომ ნებისმიერი კარგად დაგეგმილი ოპერაციაც კი, შესაძლოა, გაუთვალისწინებლად განვითარდეს და მართალი, ერთგული ადამიანი, შეიძლება სრულიად დაუმსახურებლად დაისაჯოს. ასეთი რამ კი ფილიპის შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ მოხდა, რომ ის ძალიან მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალი აღმოჩნდა, ზუსტად იმოქმედა, შედეგად კი სიცოცხლეც შეინარჩუნა და პატიოსანი ადამიანის სახელიც. ეს კი ჩვენს პროფესიაში ძალიან რთულია.
ერთხელ, პირადი საუბრის დროს, შჩუკინმა მითხრა:
– ხალხში, სამწუხაროდ, მცდარი აზრია ჩვენ შესახებ გავრცელებული და მიაჩნიათ, რომ „კაგებეს“ თანამშრომელი ყოვლად უსულგულო, დაუნდობელი და ცივსისხლიანი არსებაა. არადა, შენც ხომ კარგად იცი, რომ ასე არ არის.
– ეს, ალბათ, იმის ბრალია, რომ დახურული უწყება ვართ, – მივუგე გენერალს.
– „ეფბეერი“, რა, დახურული არ არის? მაგრამ, ნახე, როგორი რეკლამირებულია? ჰოლივუდის ყოველი მეხუთე ფილმი ეფბეერელ სუპერმენზეა და ამაზე კარგი რეკლამა რა გინდა?!
– ჩვენც ხომ გვაქვს „გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება“, – ვუთხარი შჩუკინს, რადგან, ვიცოდი, რომ ეს ფილმი მას ჩემსავით ძალიან უყვარდა.
– კარგია, მაგრამ ძალიან ცოტაა და უფრო მეტი უნდა იყოს. სამაგიეროდ, იგივე ჰოლივუდი თუ სხვა დასავლური კინოსტუდიები ჩირქს გვცხებენ და ყოველგვარ საზიზღრობას იღებენ ჩვენზე, – მითხრა ვიქტორ იაკოვლევიჩმა და მივხვდი, რომ ჩემი მორიგი დავალება კინოსთან იყო დაკავშირებული, რაც იქვე დადასტურდა.
 – ახლა მე შენ ერთ პატარა დოკუმენტურ ფილმს გიჩვენებ და შენ თვითონ თქვი, რისი ღირსია მისი გადამღები, – მითხრა ბოლოს შჩუკინმა.
ნახევარსაათიანი ფილმი ძალიან ცნობილი კინოდოკუმენტალისტის მიერ იყო გადაღებული და, მთავარი მთხრობელი, რომელიც მხოლოდ  ზურგიდან ჩანდა, სხვადასხვა ტყუილს ყვებოდა საბჭოთა პარტიულ და „კაგებეს“ მაღალჩინოსნებზე. პარალელურად კი მისი მონათხრობის მულტიპლიკაციური ხერხით ჩვენება ხდებოდა, რაც ძალიან მაღალ დონეზე იყო შესრულებული. აშკარა იყო, რომ ეს სისულელე სპეცსამსახურების დაკვეთით გადაიღეს და ანტისაბჭოური ცილისმწამებლური კამპანიის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილი იყო. მაგალითად, იქ ნაჩვენები იყო, თუ როგორ უსხამენ ანდროპოვს ახალშობილი ბავშვის სისხლს, შემდეგ კი როგორ ერთობა ის სექსით 14 წლის გოგონასთან...
– რას იტყვი? – მკითხა შჩუკინმა.
– სისულელეა, – მივუგე გენერალს.
– მეც ასე ვფიქრობ. მაგრამ, ეს პროპაგანდისტული სისულელე თავის მიზანს საკმაოდ ეფექტურად აღწევს და ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ამიტომ, შენ ამ სიბინძურის გადამღებს საკადრისი უნდა მიუზღო. სამაგიეროდ, სხვები ჭკუას თუ არ ისწავლიან, დაფიქრდებიან მაინც და ესეც კარგია.
– გეთანხმებით.
– კეთილი. მუხინი ყველაფერს დაწვრილებით გეტყვის და, შეგიძლია, საქმეს შეუდგე.
– იმ დამპალს მოიხელთებ და ტყავს ცოცხლად გააძრობ. ამ ყველაფერს კი ვიდეოფირზე გადაიღებ და ჩამოგვიტან, – მოკლედ და კონკრეტულად მითხრა ანდრეი ლუკიჩმა.
მეორე დღეს უკვე მიუნჰენში ვიყავი, სადაც ობიექტი იმყოფებოდა. მას იქ ერთ-ერთი ოფისი ჰქონდა და პირდაპირ იქ ვეწვიე.
ახალგაზრდა მდივანმა გოგონამ რომ დამინახა, მკითხა:
– რა გნებავთ, ბატონო?
– მისტერ ჯეიმსის ნახვა მსურს.
– ვინ ბრძანდებით და რა საკითხზე ხართ მოსული?
– საკითხი კონფიდენციალურია, მე კი ჰარი მქვია და, გთხოვთ, მოახსენოთ.
გოგონა ჯეიმსის კაბინეტში შევიდა, მალევე გამოვიდა და მითხრა:
– შებრძანდით, მისტერ ჰარი, მისტერ ჯეიმსი გელოდებათ.
ცნობილი კინოდოკუმენტალისტი საკმაოდ სიმპათიური, ათლეტური აღნაგობის შუახნის მამაკაცი იყო და რაღაცით ერნესტ ჰემინგუეის წააგავდა. ის მე ყურადღებით დამაკვირდა, ბოლოს ხელი ჩამომართვა და მითხრა:
– დაბრძანდით, მისტერ ჰარი და ბრძანეთ, რა გნებავთ.
– მისტერ ჯეიმს, თქვენთან, ცოტა არ იყოს, სახიფათო თხოვნა გვაქვს, თუმცა, კარგად გადაგიხდით.
ფულის ხსენებაზე ხარბ ჯეიმსს თვალები გაუბრწყინდა და მითხრა:
– ბრძანეთ, ბრძანეთ, გისმენთ!
– გვინდა, რომ ჩვენს ფარმაცევტულ ფირმას სარეკლამო ფილმი გაუკეთოთ და ჩვენი გველები გადაიღოთ დინამიკაში, ანუ, როგორ ესხმიან ისინი თავს ვირთხებს და როგორ კლავენ და ჭამენ მათ; როგორ კბენენ ადამიანს და როგორ ვაცლით მათ შხამს. მერე ამ ყველაფერს შესაბამისი ტექსტი დაედება და, რაც მთავარია, ტიტრებში დაიწერება, რომ ავტორი თქვენ ხართ. გაწყობთ?
ჯეიმსი იმდენად ამორალური კაცი იყო, რომ არც კი უკითხავს, კაცს გველმა როგორ უნდა უკბინოსო და მე თვითონვე ვუთხარი:
– კაცისთვის კბენაზე კი ნუ იდარდებთ. მამაკაცს, რომელსაც კობრა უკბენს, ჩვენ მაშინვე შესაბამის შრატს გავუკეთებთ და არაფერი მოუვა.
– მე არც ვდარდობ, – გაეცინა ჯეიმსს და მკითხა: – როგორ ანაზღაურებას მთავაზობთ?
– ერთი წუთი – ათი ათასი დოლარი, – მშვიდად მივუგე ჯეიმსს.
– რამდენი? – მკითხა ჯეიმსმა, რადგან მაშინ ათი ათასად სრულმეტრაჟიან ფილმს გადაიღებდი და იფიქრა, მომეჩვენაო.
– ათი ათასი დოლარი – წუთში, სერ. ფილმი კი ათი, მაქსიმუმ თხუთმეტწუთიანი უნდა იყოს, – ვუთხარი ჯეიმსს.
– ანუ, თქვენ მზად ხართ, რომ ასი-ას ორმოცდაათი ათასი დოლარი გადაიხადოთ?
– უპრობლემოდ.
– კეთილი. თხუთმეტწუთიანი სჯობს.
– ეს თქვენი გადასაწყვეტია.
– მე თანახმა ვარ.
– ძალიან კარგი, მაგრამ, ერთ კვირაში უნდა ჩაეტიოთ.
– კეთილი, ჩავეტევი.
– მაშინ, დროს ნუ დავკარგავთ და ჩვენს გველთსაშენში წამომყევით, რომ გადასაღები ადგილი განახვოთ და რაღაც-რაღაც ნიუანსებში ჩაგახედოთ.
– წავედით, – მომიგო გახარებულმა ჯეიმსმა და ჩემი მანქანით წინასწარ გამზადებულ კონსპირაციულ ბინაში გავემგზავრეთ.
– აბა, სადაა თქვენი გველთსაშენი? – მკითხა ჯეიმსმა, როდესაც სახლში შევედით. მე კი მას კეფაში მუშტი ვთხლიშე და გავთიშე...
ჯეიმსმა თვალი რომ გაახილა, ის უკვე დედიშობილა, რკინის ძელებზე ჯაჭვებით იყო მიბმული, ხუთი მხრიდან კი კამერები უყურებდნენ. მე თავზე ნიღაბი მქონდა ჩამოცმული, რომ სახე არ გამომჩენოდა. ობიექტი რომ გამოფხიზლდა, მითხრა:
– არ მესმის, რა ხუმრობაა. სადაა თქვენი გველები?
– ეს თქვენ ხართ გველი, –  მივუგე ჯეიმსს, – ახლა ცოცხლად უნდა გაგაძროთ ტყავი, ეს ყველაფერი კი გადავიღო და გავავრცელო, რათა პოტენციურმა გველებმა გველობა აღარ გაბედონ. ყოველ შემთხვევაში, დაფიქრდნენ მაინც.
ჯეიმსის ტყავის გაძრობის პროცესი ერთ საათს გაგრძელდა. საქმეს რომ მოვრჩი, ხუთი ცალი ვიდეოკასეტა ჯერ შევამოწმე და შემდეგ ტყავის ჩანთაში შევინახე. სულმიხდილი ჯეიმსი კი სახლში დავტოვე, იქიდან უხმაუროდ წამოვედი და გვიან ღამით მოსკოვში დავბრუნდი. კასეტები დაამონტაჟეს და თხუთმეტწუთიანი ფილმის ასლები ჰოლივუდსა და სხვა სტუდიებში  დააგზავნეს. იმავე დღეს კი ჰოლივუდის ერთ-ერთი დიდი სტუდიაც დაიწვა, რომელიც ჯეიმსს ეკუთვნოდა და ეს ოპერაციაც ასე დასრულდა.
– ახლა მაინც გაანძრევენ ალბათ ტვინს და მოუხმობენ სინდისს ჯეიმსისნაირები, – თქვა შჩუკინმა, როდესაც მას ოპერაციის შესრულება ვუპატაკე, – ჩვენ ერთ კაცს გავაძრეთ ტყავი და ის ამას იმსახურებდა, ისინი კი მილიონობით ადამიანს ურევენ გონებას. ასე რომ, ჩემო კოკი, გულთან ახლოს არ მიიტანო ეს ამბავი, მით უმეტეს, რომ ეს შენს სამშობლოს სჭირდებოდა.
მაშინ ძალიან ახალგაზრდა, ძალიან იდეური ვიყავი, მაინცდამაინც არ ვფიქრდებოდი იმაზე, თუ რა სისასტიკეს ჩავდიოდი და, დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორად ვიქცეოდი. დიდად არც ახლა შემიცვლია პოზიცია, თუმცა მიმაჩნია, რომ უფრო ჰუმანურადაც შეიძლებოდა მოვქცეულიყავით და ტყავის გაძრობის ნაცვლად, ტყვიის ერთი გასროლით, ჩვეულებრივად მოგვეგვარებინა საქმე. მაგრამ, მაშინ „კაგებეში“ მიაჩნდათ, რომ ასეთი მეთოდები პრევენციული ზომები იყო ურჩთათვის და რომ ამით ათასობით ადამიანის სიცოცხლისა და სინდისის გადარჩენას ემსახურებოდნენ.
– იცი, რას გეტყვი, ჩემო ძვირფასო? – მითხრა ერთხელ ერთმა მაფიოზმა, რომელსაც, რა თქმა უნდა, გრიმში პირისპირ შევხვდი, – ძველი აღთქმის ეს მცნება – „სისხლი სისხლის წილ“ – ჩვენს სამყაროში დამაბალანსებლის ფუნქციას ასრულებს, ისევე, როგორც მგელი ან ნებისმიერი მტაცებელი ცხოველი ბუნებაში. სუსტები იხოცებიან, ძლიერები ცოცხლობენ და ასეა მოწყობილი ეს სამყარო, რომელსაც ვერ შეცვლი და არც უნდა სცადო მისი შეცვლა.
სად ძველაღთქმისეული მცნება და სად მგელი ან სხვა მტაცებელი, მაგრამ, შემკვეთი მაფიოზი ცდილობდა, განათლებულ ადამიანად მოეჩვენებინა თავი და ამბობდა:
– იცით, ჩემო კარგო, რა გულჩვილი და ადამიანების მოყვარული კაცი ვარ? მართალია, არალეგალურ ბიზნესს ვეწევი და სახელმწიფოს გადასახადებს ვუმალავ, მაგრამ, ლომის წილს ქველმოქმედებაში ვხარჯავ და, განა ეს ცოტაა, განა ეს პატარა საქმეა?! რა ვუყოთ, თუკი ერთი უვარგისი, უნამუსო ნაძირლის მოკვლა განვიზრახე?
– საქმეზე გადავიდეთ, მისტერ, – თავაზიანად შევახსენე მაფიოზს, მან კი ყური არ მათხოვა და თავისას განაგრძობდა:
– ამ ორი დღის წინ თუთიყუში მომიკვდა და, იცით, როგორ განვიცადე? მას მომვლელმა ვერ მიხედა და, აი, შედეგიც – ის უკვე აღარაა. მართალია, მომვლელმა თავისი მიიღო – ჩემმა ბიჭებმა მას ორი თითი მოაჭრეს, მაგრამ, თუთიყუშს ხომ ვერ გააცოცხლებ? ამით კი იმის თქმა მინდა, რომ, ადამიანი, რომელმაც ასე ახლოს მიიტანა გულთან თავისი თუთიყუშის სიკვდილი, არ შეიძლება, იყოს უგულო. მე კეთილი, მაგრამ მკაცრი ადამიანი ვარ და ამის გარეშე არც არანაირი საქმე არ გამოვა.
შემკვეთი მაფიოზი სულაც არ იყო მოხუცი, რომ მეფიქრა, გამოშტერებულაო. ვერც იმას ვიტყოდი, რომ ირონიით ლაპარაკობდა და იცოდა, რომ მისი სიტყვები სულელურად ჟღერდა. არა! ის ზუსტად ასეთი იყო და სწორედ ამიტომ იყო უკიდურესად საშიში. მსგავსი ფსიქოტიპი იყო ნიკიტა ხრუშჩოვიც, რომელმაც ლამის მესამე მსოფლიო ომი გააჩაღა დედამიწაზე და კინაღამ წერტილი  დაუსვა ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის არსებობას.
– მოკლედ, ასე, ჩემო ძვირფასო. შენზე მითხრეს, სუპერშემსრულებელიაო და პირისპირ ამიტომ შეგხვდი. მინდა, პირადად დაგავალო საქმე, რომ ის დეტალურად შეასრულო, – მითხრა შემკვეთმა.
– გისმენთ, სერ, – მივუგე შემკვეთს და თავი ძლივს შევიკავე, რომ მისთვის კისერი არ მომეგრიხა. – აი, ეს ჩემი ძმაა და თავი უნდა მოჰკვეთო. ამაში კი ოთხასი ათას დოლარს ვიხდი, – მითხრა შემკვეთმა, პაუზა გააკეთა და მკითხა: – ალბათ, გაინტერესებს, რატომ ვუკვეთავ ძმის მკვლელობას, თანაც ასეთი ფორმით?
– არა, მისტერ.
– და, მაინც გეტყვი, რადგან, არ მინდა, ჩემზე  იფიქრო, ცუდი კაციაო, – მითხრა შემკვეთმა, – ის ჩვენი ოჯახის სირცხვილია, ყველას თავი მოგვჭრა – მტერს გაურიგდა, მასთან ფარულად თანამშრომლობს და სიკვდილს იმსახურებს.
შემკვეთმა კიდევ ბევრი იყბედა და ძლივს დავაღწიე მის ლაპარაკს თავი. შეკვეთა კი ზუსტად შევასრულე და ამ ამბავში ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ ერთ თვეში უკვე შემკვეთზე მომივიდა შეკვეთა, რომელიც ზუსტად იმავენაირად შევასრულე, ანუ, მასაც თავი მოვკვეთე და, როდესაც ის სკამზე მყავდა მიბმული და ხანჯალი მოვიმარჯვე, მითხრა:
– ახლა ხომ მაინც გჯერათ ჩემი სიტყვები? ხომ ხედავთ, რომ სისხლი მართავს სამყაროს და უსისხლოდ ცხოვრება წარმოუდგენელია?
უაზროდ მოლაპარაკე მაფიოზს, რა თქმა უნდა, თავი მოვკვეთე და, ცოტა არ იყოს, შემეცოდა კიდეც. მას და მის ძმას, რომ იტყვიან, გაუჩალიჩეს და, ჯერ ერთმანეთი დაახოცვინეს, შემდეგ კი მათ ქონებას დაეუფლნენ. გამჩალიჩებელი კი მათივე უახლოესი ნათესავი იყო და მთელი მაფიოზური ფილოსოფიაც ესაა...
– არავის არასოდეს ენდო ბოლომდე. საკუთარ თავსაც კი; ყოველთვის თვითკონტროლის რეჟიმში იმუშავე, – მასწავლიდა ერთ-ერთი ინსტრუქტორი, – შეიძლება, ზურგში ისეთმა ვინმემ ჩაგცეს ხანჯალი, რომ არც კი დაიჯერო.
ბოლომდე, შეიძლება, არ დაეთანხმო ჩემი ინსტრუქტორის სიტყვებს, მაგრამ, პერმანენტული თვითკონტროლი გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა არა მარტო ჩემი პროფესიის ადამიანისთვის, არამედ, ყველასთვის. მოდუნება, დაბნეულობა ყველგან და ყველაფერში ცუდია და, მით უმეტეს, ამის გაკეთება დაუშვებელია შემსრულებლისთვის. თუ გინდა, რომ მტერს მოერიო, მაშინ მისი ყურადღება უნდა მოადუნო ან დააბნიო. მსგავს ხერხს მე ხშირად ვიყენებ ხოლმე ჩემს საქმიანობაში, რაც ყოველთვის ამართლებს.
ერთხელ ერთი პოლიტიკოსის მოკვლა შემიკვეთეს, რომელიც საარჩევნო კამპანიას ატარებდა და, საქმეს ის ართულებდა, რომ სასწრაფოდ იყო მოსაშორებელი. ობიექტს უამრავი პირადი მცველი ჰყავდა და მართლა ღია ცის ქვეშ ხვდებოდა ხალხს. მაგრამ, დაჯავშნილი ტრიბუნა ჰქონდა და სნაიპერული შაშხანიდან მისი მოხელთება ძალიან რთული იყო. დრო არ ითმენდა და ერთ ხერხს მივმართე: ხალხთან ობიექტის მომავალი შეხვედრის ადგილი კარგად შევისწავლე და მყარი სნაიპერული პოზიცია შევარჩიე. დანიშნულ დღეს კი ადგილი დავიკავე და ობიექტის გამოჩენას დაველოდე. მოედანზე რამდენიმე ათასი ადამიანი იყო თავმოყრილი და თავიანთი კერპი რომ დაინახეს, რომელიც დაცულ ტრიბუნაზე ავიდა, ოვაციებით შეეგებნენ. ობიექტი ალაქლაქდა. ამ დროს მოედანზე უზარმაზარი დახურული ფურგონი გამოჩნდა. მძღოლმა მანქანა გააჩერა, გადმოვიდა და წავიდა. ფურგონი ჩემი დაქირავებული იყო და მისი გაჩერება ჩემი შეკვეთის შესასრულებლად იყო განკუთვნილი. შაშხანა შტატივზე დავაყენე და დისტანციური მართვის პულტით ფურგონის კარი გავაღე, იქიდან კი გამძვინვარებული ხარი გამოვარდა და ხალხისკენ ბღავილით გაიქცა. ადამიანები აქეთ-იქით გაიფანტნენ. ობიექტმა კი ხარის შიშით ტრიბუნა დატოვა, რომ გაქცეულიყო. მეც ეს მინდოდა. შაშხანის სასხლეტს თითი გამოვკარი და სამიზნე გავანადგურე...
– თქვენ, ჩემო კარგო, – მაქებდა იგივე ინსტრუქტორი, – სამიზნეების განადგურების განსაკუთრებული უნარი გაქვთ. ყოჩაღ, თქვენ კარგად შეისისხლხორცეთ, რომ ამ საქმეში ხშირად იმპროვიზაციაა საჭირო.
ინსტრუქტორი აბსოლუტურ სიმართლეს ამბობდა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღით ვერაფერს გავმხდარვარ და ფანტაზიისთვის მომიხმია. ხარის არ იყოს, ჯერ კიდევ „კაგებეში“ მუშაობის დროს, ერთი კარგად დაგეგმილი ოპერაცია ჩაშლის პირას დადგა და, რომ არა იმპროვიზაცია, არაფერი გამოვიდოდა.
ერთხელ, ბალტიის ზღვის ერთ-ერთ კურორტზე გავემგზავრე ერთი ობიექტის სალიკვიდაციოდ, რომელიც ნეპტუნის დღესასწაულზე უნდა მომეკლა. იმის გამო, რომ იქ შეკრებილი ხალხი შიშველი იყო, მე ეს დავალება კალმისტარში ჩამონტაჟებული ერთტყვიიანი პისტოლეტიდან უნდა შემესრულებინა. შიშველი ობიექტი უზარმაზარ აუზში იმყოფებოდა, სადაც მის გარდა უამრავი ადამიანი დაცურავდა. მე აუზის შუაში, მრგვალ შადრევანთან მეკავა პოზიცია და მომენტს ვეძებდი, რომ კისერზე ჩამოკიდებული კალმისტრიდან მიზანში გამესროლა. უცებ, შადრევნის ჭავლი გაძლიერდა, კალამი-პისტოლეტი კი კისრიდან მომაძრო და სადღაც შორს მოისროლა... გამოუვალ მდგომარეობაში ჩავვარდი, რადგან ზეიმი სულ მალე დასრულდებოდა, ობიექტი კი წყლიდან ამოვიდოდა და წავიდოდა. დრო არ ითმენდა. ცაიტნოტში ვიყავი და სწრაფად ვფიქრობდი, რა მელოდა. უცებ შუქი ჩაქრა და გამოაცხადეს, რომ ზუსტად ნახევარ წუთში კვლავ აინთებოდა და იქ შეკრებილებს სიურპრიზს უჩვენებდნენ.
„ნახევარი წუთი მაქვს და უნდა ვიმოქმედო“, – გავიფიქრე გუნებაში და წყალში გადავეშვი. ობიექტთან მივცურდი. წყალქვეშ ჩავითრიე, კისერი მოვტეხე და გავცურე, აუზის კიდეში ამოვყვინთე: შუქიც აინთო და აუზში დაპირებული სიურპრიზი გამოჩნდა – წყალში ოცდაათი ტანწერწეტა, შიშველი გოგონა ჩახტა... მე ამით ვისარგებლე, იქაურობას სასწრაფოდ გავეცალე და მას შემდეგ არასდროს დამიკარგავს იარაღი, რომლითაც საქმე უნდა გამეკეთებინა...
მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ ცეცხლსასროლ იარაღს ვფლობ, უპირატესობას ვანიჭებ მცირე ზომის, სპეცშეკვეთით დამზადებულ პისტოლეტს, რომელსაც „კოღო“ ეწოდება. ის სულ ორასი ცალი დაამზადეს და პარამეტრებით ყველა მოწინავე პისტოლეტს ჯობია. „კოღოს“ ზედვე აქვს მაყუჩი და უხმაუროა, ათტყვიიანია და, ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეგრეთ წოდებულ „ჰილზა-ტყვიას“ ისვრის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის მთლიანად ვარდება ლულიდან და „უფაქტოა“, ანუ, კვალს არ ტოვებს. „კოღო“ პროფესიონალი მკვლელის იარაღია და, მართალია, მე მისი უცხოური ანალოგებიც მინახავს, მაგრამ, საბჭოთას არაფერი შეედრება. ამ იარაღიდან სროლას ძალიან მალე შევეჩვიე, რომ იტყვიან, ისე „დავამუღამე“, რომ თვალდახუჭული ვარტყამდი მიზანში. „კოღოს“ ერთი დამატებითი ფუნქციაც გააჩნია: მას მჭიდში უმაგრდება პატარა ბალონი, რომლის ამოქმედების შემდეგაც პისტოლეტში სპეციალური სითხე იღვრება და ის დნება, ორთქლდება და, სულ რაღაც ოც წამში ქრება. „კოღო“ განსაკუთრებულად მოსახერხებელია იმ სიტუაციებში, როდესაც სამიზნე მნიშვნელოვანი ფიგურაა, პოლიტიკოსი, დიდი საზოგადო მოღვაწე, რომელთა მკვლელობებსაც განსაკუთრებული გულმოდგინებით იძიებენ ხოლმე და ნებისმიერ სამხილს სკურპულოზურად ეძებენ და იკვლევენ.
– „კოღო“ შემსრულებლების საუკეთესო მეგობარია, – მეუბნებოდა ინსტრუქტორი, რომელმაც პირველად გამაცნო ეს იარაღი, – მიზანს ესროლე, გაანადგურე, შემდეგ „კოღოც“ ზედ მიაყოლე და, სუფთა ხარ, როგორც ოკეანის ჰაერი.
ერთხელ, ერთ პატარა, წყნარ ევროპულ სახელმწიფოში ძალიან ცნობილი ფიგურა უნდა გამენადგურებინა, რომელიც საბჭოთა მთავრობისთვის მიუღებელი იყო. თვითონ მკვლელობა არც ისე რთული შესასრულებელი იყო, რადგან ობიექტი განსაკუთრებული დაცვის გარეშე გადაადგილდებოდა, ზოგჯერ კი საერთოდ მარტო გადიოდა გარეთ. როდესაც ობიექტის ლიკვიდაციის გეგმა შევადგინეთ, გადაწყდა, რომ „კოღო“ უნდა გამომეყენებინა.
– საუკეთესო იარაღია. აბა, შენ იცი, წარმატებას გისურვებ, – მითხრა მუხინმა საქმეზე გამგზავრების წინ.
პატარა ქვეყანაში ტურისტის სტატუსით ჩავედი, იქ კი უკვე ადგილობრივ მოქალაქედ გადავიქეცი. კონსპირაციულ ბინაში, სხვა რეკვიზიტებთან ერთად „კოღოც“ დამხვდა და ოპერაციისთვის მზადება დავიწყე. დათქმულ დღეს ობიექტი თავის მეუღლესთან ერთად კინოში წავიდა. სეანსის შემდეგ გარეთ რომ გამოვიდა, ქუჩაში დავხვდი, ქურთუკში დამალული „კოღოდან“ სამი ტყვია ვესროლე და მშვიდად განვაგრძე გზა... ობიექტი ადგილზევე გარდაიცვალა. ჩემთვის არავის მოუქცევია ყურადღება. ასიოდე მეტრი რომ გავიარე, განადგურების რეჟიმში მყოფი „კოღო“ სანაგვე ყუთში ჩავაგდე, კონსპირაციულ ბინაში კი უკვე ტანსაცმელი და სხვა რეკვიზიტები მოვსპე. მეორე დღეს ტურისტის სტატუსით, სრულიად ლეგალურად დავტოვე ქვეყანა და ჩემზე ეჭვიც კი არავის აუღია. ის ცნობილი მკვლელობა დღემდე გაუხსნელია. ისიც არ იციან, რომ ის „კაგებეს“ საქმე იყო. იმ ქვეყნის საგამოძიებო ორგანოებმა მცირედი სამხილიც კი ვერსად აღმოაჩინეს...
– სუფთა მუშაობა ჩვენი საქმის უმთავრესი კომპონენტია – მასწავლიდნენ სპეცსკოლაში. ერთ-ერთი ინსტრუქტორი კი ასე მეუბნებოდა:
– შენ ხარ უჩინარი, ფანტომი და, როგორც აჩრდილები ქრებიან, ისე უნდა გაქრე ხოლმე შენც, რომ არავინ შეგამჩნიოს.
სპეცსკოლაში მიღებული ცოდნა ისე მყარად მაქვს შეთავსებული, რომ დღემდე არ დამიკარგავს და მართლაც ფანტომივით უჩინარი და მოუხელთებელი ვარ. თუმცა, მას მერე უამრავი რამ შეიცვალა და კონტროლისა და აღმოჩენის ისეთი სუპერტექნოლოგიები გაჩნდა, რომ დედამიწაზე დამალვა ძალიან რთული გახდა. დღესდღეობით ჩემი პროფილის ადამიანი თავისი ბოსისთვის ადვილი საკონტროლებელი და მოსახელთებელია.
ორიოდე წლის წინ გენერალ შჩუკინს შევხვდი მოსკოვში. ჩვენ გორკის სახელობის პარკში, ხის სკამებზე ვისხედით და ვსაუბრობდით. ვიქტორ იაკოვლევიჩმა მითხრა:
– წარმოგიდგენია, რა დონეზე ავიდა მიკროელექტრონიკა? ისეთი, ეგრეთ წოდებული ბიოლოგიური ჩიპებია გამოგონებული, რომ მის მატარებელ ადამიანს ქვესკნელში დამალვის მცირე შანსიც არ გააჩნია.
– კანში რომ ჩიპებს აკერებენ, იმას გულისხმობთ? – ვკითხე შჩუკინს, მან კი მომიგო:
– ეგ უკვე ქვის ხანაა. არა, ბიოლოგიური ჩიპები სპეციალური ნემსის საშუალებით, პირდაპირ ორგანიზმში შეჰყავთ. ის ბიოლოგიურ ფუნქციას იძენს და ობიექტი სპეციალური ცენტრალური პულტიდან კონტროლდება, რომელიც „ფეესბეს“ დაქვემდებარებაშია.
– საშინელებაა.
– შენ ეგა თქვი, – დამეთანხმა შჩუკინი, – წარმოიდგინე, ასეთი რამ ჩვენს დროს რომ ყოფილიყო, შენ ახლა ცოცხალი აღარ იქნებოდი და ახალი უფროსობა მოგიღებდა ბოლოს.
– მადლობა ღმერთს, რომ ძველი უფროსობის ხელში მომიწია მუშაობა, – გულწრფელად ვუთხარი შჩუკინს, მან კი მომიგო:
– ადრე სხვა ურთიერთობები იყო. ჩვენს დროს ადამიანობა ფასობდა, ახლა კი ყველაფერი ელექტრონიკას აქვს მინდობილი და საქმეში სული არ ფიგურირებს.
– გეთანხმებით, ამხანაგო გენერალო, – მივუგე შჩუკინს, მან კი მითხრა:
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3