კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინაა მოუხელთებელი ქართველი ქურდი, რომელსაც „ეფბეერი“ ეძებდა და სად ცხოვრობს ის დღეს

1986 წლის ივლისში მექსიკაში, საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას, ინტერპოლმა, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ და მექსიკის პოლიციამ ერთობლივი სპეცოპერაცია ჩაატარეს ვინმე გილერმო როხასის დასაპატიმრებლად, რომელიც კარგად გაწვრთნილ ძალოვანთა ჭარბ ძალებს ხელიდან დაუსხლტა და გაუჩინარდა. 48 წლის როხასი, სინამდვილეში წარსულში ცნობილი ქართველი კანონიერი ქურდი ბეჟან ალანია, მეტსახელად „ბუბა“ იყო, რომელიც 1974 წელს გაუჩინარდა საბჭოთა კავშირიდან და ყველას მკვდარი ეგონა. ბუბა გილერმო როხასის სახელით დასახლდა ცენტრალურ ამერიკაში, კარგად ორგანიზებული შეიარაღებული კრიმინალური დაჯგუფება შექმნა და მსხვილი მასშტაბების დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდა. „ეფბეერისა“ და ინტერპოლის ძებნილი კი მას მერე გახდა, რაც 1983 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სიეტლში, მეგობრებთან ერთად ბანკის საინკასაციო მანქანას დაესხა თავს და იქიდან 2 მილიონ 730 ათასი დოლარი გაიტაცა. საბჭოთა კავშირის დატოვებამდე კი, ბუბა სახელოვანი ქურდი იყო, მსხვილ „საქმეებს“ აკეთებდა და, როგორც მილიციას, ასევე, კოლეგებსაც, ყელში ჰყავდათ გაჩხერილი...
სუპერჯიბგირი
ბეჟან ალანია 1938 წლის 1 იანვარს, თბილისში იყო დაბადებული. მამამისი, გურამ ალანია, სამხედრო ინჟინერი იყო და 1943 წელს უკრაინაში დაიღუპა მდინარე დნეპრის ფორსირების დროს. დედა, ანა გეგენაპვაკი, მასწავლებელი იყო და 1947 წელს ჭლექით გარდაიცვალა. ამგვარად, 9 წლის ობოლი ბავშვი უპატრონო ბავშვთა სახლში მიაბარეს, სადაც ის რამდენიმე წელი ცხოვრობდა, 1950 წელს კი 12 წლის ბეჟანი ბავშვთა სახლიდან 13 წლის ტიტე კორძაიასთან ერთად გაიქცა და მათ ქუჩის ცხოვრება არჩიეს.
მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში ბავშვთა სახლებში კარგი პირობები იყო შექმნილი და აღსაზრდელებს არავინ ჩაგრავდა, გაქცეულ მოზარდებს რომანტიკული ცხოვრება ხიბლავდათ და მათი გაქცევაც ამით იყო მოტივირებული. ბეჟანი და ტიტე თითქმის ერთი წლის განმავლობაში მოგზაურობდნენ საბჭოთა კავშირის ქალაქებში, თავს წვრილმანი ქურდობით ირჩენდნენ, ღამეს კი ძირითადად რკინიგზის სადგურების მოსაცდელებსა და რკინიგზის ჩიხებში დაყენებულ ვაგონებში ათენებდნენ.
1950 წლის 31 დეკემბერს მოზარდები მოსკოვში ჩავიდნენ. იმ დღეს ძალიან ციოდა, მათ კი ღონე ჰქონდათ მიხდილი, რადგან სამი დღის მშივრები იყვნენ. ამიტომ გადაწყვიტეს, კურსკის ვაგზლის ტერიტორიაზე შეპარულიყვნენ და იქიდან საჭმელი მოეპარათ. ტიტემ მებუფეტე გაიტყუა, ბეჟანი კი დახლიდან საკუჭნაოში გაცოცდა, უზარმაზარი კალთა სხვადასხვა პროდუქტებით აავსო და უკან გამოცოცდა. მაგრამ, ის მზარეულმა დაიჭირა და, ის იყო,  მილიციისთვის უნდა დაეძახა, როდესაც ყმაწვილს სოლიდურად გამოწყობილი შუახნის მამაკაცი გამოესარჩლა. მან მზარეულს ჰკითხა:
– რაშია საქმე, პოტაპიჩ, რა დააშავა ბიჭმა?
– აი, ეს სავსე კალათა მოიპარა, ანტონ ივანიჩ, – შვეიცარმა მარცხენა ხელით პროდუქტებით სავსე კალათა ასწია, მარჯვენა კი უფრო მაგრად მოუჭირა ბეჟანს მკლავზე.
– ბიჭს შია და იმიტომ, – თქვა მამაკაცმა და მზარეულს თუმნიანი ჩაუდო ჯიბეში. შემდეგ ბეჟანს ხელი გადახვია, შვეიცარის ტყვეობიდან გამოიხსნა და უთხრა: – ამას მე წავიყვან. შენ კი, პოტაპიჩ, კალათა ბუფეტჩიკს დაუბრუნე.
ანტონ ივანოვიჩად წოდებული სოლიდური მამაკაცი, სინამდვილეში ავრაამ პელცერი იყო, რომელიც კარგად იყო ცნობილი კრიმინალურ სამყაროში და მეტსახელად მას „ავრაამ ოქროსხელებას“ უწოდებდნენ, რადგან ის ჯიბგირი იყო და კანონიერი ქურდის ტიტულს ატარებდა. ავრაამი 1900 წელს იყო დაბადებული და ბეჟანს რომ შეხვდა, სწორედ იმ დღეს შეუსრულდა 50 წელი. ოქროსხელება მთელ საბჭოეთში მოგზაურობდა, ქურდობდა და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ფეშენებელურ აპარტამენტებში ცხოვრობდა, არც თავისი კოლეგები ავიწყდებოდა და ჯიბგირობით ნაშოვნი ფულის სოლიდურ ნაწილს ციხეებსა და კოლონიებში გზავნიდა, თავისი კოლეგების ოჯახებსაც ეხმარებოდა ფინანსურად.
– გშია, ბიჭუნა? – ჰკითხა პელცერმა ბეჟანს.
– გვშია, ძია, – მიუგო ბეჟანმა ოქროსხელებას და შორიახლო მდგომ ტიტეზე მიუთითა, – ჩვენ ერთად ვართ და ძალიან გვშია.
ქურდს გაეღიმა, ტიტე თითით მოიხმო, შემდეგ ბიჭები რესტორანში შეიყვანა და სუფრას რომ მიუსხდნენ, უთხრა:
– დღეს 50 წელი შემისრულდა და ჩემი სტუმრები ხართ, მიირთვით.
– ხვალ კი ჩემი დაბადების დღეა, – თქვა ბეჟანმა და ჭამას შეუდგა.
ავრაამ პელცერმა ბეჟანი და ტიტე თავისი მფარველობის ქვეშ აიყვანა, მათ სამოსი უყიდა, აბანავა, მოაწესრიგა და, სადაც მიდიოდა, ყველგან თან დაჰყავდა. პელცერი ბიჭებს ქურდულ წეს-ჩვეულებებს და ჯიბგირობას ასწავლიდა და, ერთი წელიც არ იყო გასული, რომ ორივე ყმაწვილი ისე გაიწაფა ჯიბგირობაში, ბევრად არ ჩამოუვარდებოდნენ თავიანთ მასწავლებელს.
შესანიშნავი ტრიო
ქართველი მოზარდებისგან ავრაამ პელცერმა ტიპური „ნეპმანელები“ ჩამოაყალიბა და მათი ტრიო მუსრს ავლებდა მდიდარი მოქალაქეების საფულეებს. ისინი ძირითადად საბჭოთა კავშირის დიდ ქალაქებსა და საკურორტო ადგილებში მოქმედებდნენ.
– აბა, ყმაწვილებო, „ფრაერებს“ ჩამოვუაროთ და დავუსუფთავოთ ჯიბეები, დაიქოქეთ და წავედით, – ეტყოდა ხოლმე ბეჟანსა და ტიტეს ოქროსხელება  და ტრიო მოქმედებას იწყებდა...
მიუხედავად იმისა, რომ ბეჟანს და ტიტეს ზოგადი განათლების მიღება ადრეულ ბავშვობაში ჰქონდათ შეწყვეტილი, მათ ძალიან უყვარდათ წიგნების კითხვა, რაც ოქროსხელებას დამსახურება იყო.
 – ძმებო! ჩვენ ინტელიგენტი ქურდები ვართ, – ეტყოდა პელცერი ბიჭებს, – ამიტომ, ყოველთვის ინტელიგენტურ ფორმაში უნდა იყოთ და ფორმის შენარჩუნებაში წიგნები დაგეხმარებათ.
ოქროსხელება, ისევე, როგორც ყველა ოდესელი ქურდი-ინტელიგენტი, კარგი ორატორი იყო, სიტყვის თქმა ეხერხებოდა და თავის შეგირდებსაც იმავეს ასწავლიდა.
– „პირველად იყო სიტყვა...“, გაგიგონიათ ამის შესახებ? – ამბობდა პელცერი, თავის შეგირდებს „ძველ აღთქმას“ გადაუშლიდა, რომელიც სულ ხელთ ჰქონდა, სიტყვა – აი, რას უნდა ფლობდეს პროფესიასთან ერთად ჩვენი კვალიფიკაციის ქურდი-ინტელიგენტი.
მაღალი კვალიფიკაციის ჯიბგირის გარდა, პელცერი ძალიან მხიარული, მრავალმხრივი ადამიანი იყო. ის კარგად უკრავდა გიტარაზე, ფორტეპიანოზე, მღეროდა და მოხდენილად ცეკვავდა. ყველაზე მეტად კი მას ჯიბგირობა ეხერხებოდა. ის ისეთი მოხერხებული იყო, რომ ცეკვის დროს მას პარტნიორისთვის ბრილიანტის საყურეების მოხსნა შეეძლო, აგრეთვე ნებისმიერ „ფრანტს“ ისე აწაპნიდა ჟილეტის ჯიბიდან ოქროს საათს, რომ ეს უკანასკნელი ვერაფერს გაიგებდა.
პელცერისა და ქართველი ყმაწვილების ტრიომ სამი წელი წარმატებით იმუშავა, ერთ მშვენიერ დღეს კი ოქროსხელებამ დაიძინა, აღარ გაიღვიძა და, ექიმმა, რომელმაც მისი სიკვდილი დაადასტურა, თქვა:
– ინფარქტი. გარდაცვლილს, სამწუხაროდ, ავადმყოფი გული ჰქონდა...
ოქროსხელება, მისივე ანდერძის მიხედვით, ოდესაში დაკრძალეს. ცერემონიალზე უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი, რომელთა უმრავლესობა საბჭოთა კავშირის ცნობილი კრიმინალი იყო. ბეჟანმა, რომელსაც იმ დროისთვის უკვე ბუბა ერქვა (ეს მეტსახელი მას პელცერმა შეარქვა), თავის მასწავლებელს კუბოში სახარება ჩაატანა...
მგლების ხროვაში
ოქროსხელებას გარდაცვალება სტალინის გარდაცვალებას დაემთხვა. იმ დროისთვის ბეჟანი 15 წლის, ტიტე კი 16 წლის იყო და, ნორჩი ასაკის მიუხედავად, მათ საკმაო გამოცდილება ჰქონდათ მიღებული, რომ ცხოვრებაში გზა გაეკვლიათ. მით უმეტეს, რომ თავიანთი მასწავლებლის წყალობით, კრიმინალურ სამყაროში ფართო ნაცნობობა ჰქონდათ და გარკვეული ავტორიტეტიც გააჩნდათ.
– დაიხსომეთ, ყმაწვილებო, – ასწავლიდა პელცერი ბიჭებს, – ქურდული სამყარო ბნელი ტყეა, სადაც, რაც უფრო ღრმად შედიხარ, მით უფრო მეტი ხიფათი გელოდება. მისი მობინადრეები კი კბილებალესილი მგლები არიან და, სწორედ ამ მგლების ხროვაში უნდა დაიმკვიდროთ და გაიტანოთ თავი.
ბეჟანსა და ტიტეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ ჰქონდათ და ისინი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობდნენ და ქურდობდნენ, 1957 წლის მაისში, კი მოსკოვში ჩავიდნენ, რომ საბჭოთა კავშირის დედაქალაქში გაეგრძელებინათ მუშაობა.
ჯიბგირების დუეტი „მარინა როშჩაში,“ ერთ-ერთ ქურდულ „მალინაში“ იმყოფებოდა, როდესაც იქაურობას მილიციის ოპერატიულმა ჯგუფმა ალყა შემოარტყა და აყვანის ოპერაცია დაიწყო. მილიციელები მკვლელ-რეციდივისტს, ვინმე პოტაპოვს ეძებდნენ, რომელსაც ორი მილიციელი ჰყავდა მოკლული და გვერდითა ბინაში იმალებოდა. მოახლოებულ „ოპერებს“ მან სროლა აუტეხა, რაზეც სროლითვე უპასუხეს და, გაქცევის მიზნით, პოტაპოვი ჯიბგირების საცხოვრებელში შევარდა, მას მილიციელები კვალდაკვალ მიჰყვნენ და მოკლეს, მაგრამ, ბრმა ტყვიამ ტიტე კორძაიას სიცოცხლეც იმსხვერპლა, ბეჟანი კი დააპატიმრეს და „მურში“ მიიყვანეს დაკითხვაზე. თუმცა, საეჭვო ვერაფერი აღმოუჩინეს და მეორე დღეს გაათავისუფლეს.
– მე უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ, ამხანაგო გამომძიებელო, – უთხრა ბუბამ მაიორს, რომელიც მის პიროვნებას იკვლევდა, – იქ კი იმიტომ აღმოვჩნდი, რომ ქალი მინდოდა – ეს არის და ეს. მოკლული ბიჭიც  ჩემნაირად იყო და მე ის იქ ვნახე პირველად.
ბუბა ძლივს იკავებდა თავს ტირილისგან, რადგან ბრმა ტყვიით მოკლული ტიტე ედგა თვალწინ. როგორც კი „მურიდან“ თავი დააღწია, გორკის სახელობის პარკში განმარტოვდა და მწარედ აქვითინდა. ტირილით რომ გული იჯერა, ცრემლი შეიმშრალა და მოსკოვიდან ქალაქ ოდესაში გაემგზავრა, სადაც მას კარგად იცნობდნენ.
იმ დროს ოდესაში დაბრუნდა ცნობილი „დომუშნიკი“ (ბინის ქურდი) ჟენია კარცევი, მეტსახელად „აკრობატი“. ის ოქროსხელებას მეგობარი იყო, ბეჟანს სასაფლაოზე შეხვდა და გაეცნო. ქურდები დაახლოვდნენ და აკრობატმა ბეჟანს თავისი პროფესია შეასწავლა – ბინის ქურდობა დააწყებინა და ახალი დუეტი წარმატებით ძარცვავდა მდიდარი მოქალაქეების ბინებს, სადაც ისინი ძალიან მოხერხებულად შედიოდნენ, იქაურობას პირწმინდად ასუფთავებდნენ და უჩინარდებოდნენ. ერთ-ერთი საქმის დროს აკრობატს ფეხი გადაუბრუნდა და მოძრაობა ვეღარ შეძლო. მილიცია მათ „კუდზე“ აჯდა და ჟენიამ ბეჟანს უთხრა, რომ გაქცეულიყო. მაგრამ, ბუბამ ის არ მიატოვა, მხარზე მოიგდო და გაიქცა. თუმცა, მილიციის ოპერჯგუფმა ორივე შეიპყრო და სასამართლოზე აკრობატს 8 წლის, ბუბას კი 6 წლის პატიმრობა მიუსაჯეს და ციხეში  გაამწესეს. ბეჟან ალანია იმ დროისთვის 21 წლის იყო და კრიმინალურ სამყაროში უკვე კარგად იცნობდნენ. ციხეში გატარებულმა ექვსმა წელიწადმა მისი ავტორიტეტი უფრო გაამყარა და, თავისუფლებაზე რომ გამოვიდა, მას დიდი პატივით შეეგებნენ კოლეგები. მართალია, ის ქურდი არ იყო, მაგრამ ქურდად კურთხევას ელოდებოდა. 1966 წლის 1 თებერვალს კი, 28 წლის ბეჟან ალანია, მეტსახელად „ბუბა“, ოდესაში შემდგარ ქურდულ „სხოდკაზე“, რომელსაც 25 კანონიერი ქურდი ესწრებოდა, კანონიერ ქურდად აღიარეს...
ახალი ქურდი ბევრს არ ეპიტნავა. ამიტომ, მისმა ზოგიერთმა კოლეგამ, ბუბას მოშორებაზე დაიწყო ფიქრი. ერთ-ერთმა კი, მეტსახელად „ბრაზმა“, რომელიც მილიციასთან თანამშრომლობდა, მისი საწინააღმდეგო კამპანია წამოიწყო. იმ პერიოდში ბუბა თან ჯიბგირობდა, თან ბინებს ქურდავდა და თითქმის მთელ ფულს, რომელსაც ის შოულობდა, გზავნიდა კოლეგების დასახმარებლად. ამის პარალელურად კი, ბრაზი და მილიცია აქტიურად ცდილობდნენ მის დისკრედიტაციას და, იმდენი მოახერხეს, რომ მას „ობშჩიაკის“ ფულის გაფლანგვაში დასდეს ბრალი. 30 ათასი მანეთი, რომელიც ბრაზმა და ვინიმ ბუბას ჩააბარეს, გაქრა. დაინიშნა „სხოდკა“, რომელზეც ბუბას ფუჭი ბრალი დასდეს და, ჯერ გაამტყუნეს, შემდეგ კი, როცა გაუპატიურებაც დაუპირეს, მან ბრაზი თავში გასროლით მოკლა, ვინი კი ფეხში დაჭრა და ქურდების წინ გამოტეხა, რომ მილიციასთან იყვნენ შეკრულები.
– გაიგეთ ახლა, ვინ ვინ არის, თქვე დამპლებო?! – მიმართა ბუბამ კოლეგებს და იქაურობა დატოვა..
 ქურდებმა ვინის მოკვლა ვერ გაბედეს და, მას შემდეგ, რაც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, დაიშალნენ...
ეს ამბავი 1973 წლის მარტში მოხდა. ბრაზის მკვლელობისთვის ბუბაზე ძებნა გამოცხადდა და მასზე ნადირობა დაიწყეს. თუმცა, ბეჟან ალანია „ფსკერზე დაწვა“ და ერთი წელი აღარავის უნახავს. ხოლო, 1974 წლის აპრილში, მოსკოვში, მოსკვორეჩიეს რაიონში კონსპირაციულად მცხოვრებ ბუბას მილიციის ოპერჯგუფი დაესხა თავს დაპატიმრების მიზნით. წვიმდა, საშინელი ამინდი იყო. ურთიერთსროლისას ბენზინის ავზი აფეთქდა, რომელიც კერძო სახლის ეზოში იდგა. ყველაფერი რომ დაწყნარდა და იქაურობა კრიმინალისტებმა დაათვალიერეს, ბუბა ვერც მკვდარი იპოვეს, ვერც ცოცხალი და ივარაუდეს, რომ მისი ცხედარი ადიდებულმა მდინარემ გაიტაცა... ასე დასრულდა კანონიერი ქურდის საბჭოთა კავშირში ცხოვრების ექვსწლიანი ისტორია მგლების ხროვაში. ის ყველას დაღუპული ეგონა...
საერთაშორისო ძებნილი
1983 წლის 2 მაისს, ქალაქ სიეტლის საინკასაციო ხუთკაციან ბრიგადას ცენტრალურ ბანკში 2 მილიონ 730 ათასი დოლარი მიჰქონდა. დაჯავშნილი ფურგონი დიდი სისწრაფით მიჰქროდა, როდესაც ერთ-ერთი უკაცრიელ, ვიწრო ქუჩაზე მას უზარმაზარი ტრაილერი დაეჯახა და გადაატრიალა. შემდეგ კი ორი მანქანიდან გადმომხტარმა ექვსმა ნიღბიანმა მძარცველმა „ბრონევიკის“ კარი ააფეთქა, დაცვა გაანეიტრალა და ფურგონიდან მთელი ფული წაიღო. ამ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია და ოპერაციაც სულ რაღაც 2 წუთი გაგრძელდა. ხოლო, როცა იქ პოლიციის ჭარბი ძალები მივიდნენ, მძარცველების კვალსაც კი ვერ მიაგნეს.
სიეტლში მომხდარი ძარცვა ფედერალური დანაშაული იყო, ამიტომ გამოძიებაში ფედერალური ბიურო ჩაერთო და, ერთ-ერთი დამსმენის ინფორმაციის შედეგად დადგინდა, რომ ძარცვა ვინმე გილერმო როხასისა და მისი ბანდის წევრების მიერ იყო ჩადენილი. მართალია, როხასის გარეგნობა ფედერალებმა არ იცოდნენ, მაგრამ, მასზე ნადირობა მაინც გამოცხადდა. მიუხედავად ძებნილობისა, გილერმო როხასმა კიდევ რამდენიმე მსხვილი დანაშაულის ორგანიზება მოახერხა და მათმა ბანდამ არგენტინასა და ბრაზილიაში ხუთი ბანკის ძარცვა მოაწყვეს, საიდანაც 6 მილიონი დოლარი იქნა გატაცებული. ბოლო დანაშაულის კვალმა ფედერალები და ინტერპოლი მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში მიიყვანა, სადაც ბანდიტებმა საფეხბურთო მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას, ცენტრალური ბანკი გაძარცვეს და იქიდან 4 მილიონი დოლარი გაიტაცეს.
მეხიკოდან როხასი და სხვები კვლავ დაუსხლტნენ ძალოვნებს და მას მერე აღარსად გამოჩენილან. თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ 74 წლის ბეჟან ალანია დღესაც ცოცხალია, სხვა სახელით ცხოვრობს და თავის მრავალრიცხოვან ოჯახს უდგას სათავეში. ასეთი მოსაზრება კი იმან გამოიწვია, რომ 2011 წლის 31 დეკემბერს, ოდესაში მცხოვრებმა ანასტასია პელცერმა, რომელიც ავრაამ პელცერის შვილიშვილია, მიიღო მსხვილი ფულადი გადარიცხვა კანადიდან, რომელსაც ძალიან გულთბილი წერილი მოჰყვა: არასდროს დავივიწყებ ჩემს გულითად მეგობარსა და მასწავლებელს – ოქროსხელებას...  ოქროსხელებას კი ორი მოსწავლე ჰყავდა, ერთი, ტიტე კორძაია, ჯერ კიდევ გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში დაიღუპა, მეორე კი ბუბა იყო.

скачать dle 11.3