კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არის მამაკაცის სინანული გულწრფელი და რას ვერ შეირგებენ ხოლმე ისინი საკუთარ ოჯახში

ყველა დანაშაული შესაბამის სასჯელს იმსახურებს. საკუთარ საქციელზე პასუხისგება კი, აუცილებლად ყველას მოუწევს. შეიძლება, მაშინვე არა, მაგრამ, ამის დრო აუცილებლად დადგება. ამიტომ, ყოველთვის კარგად უნდა აცნობიერებდე შენ მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯის მოსალოდნელ შედეგებს. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ხშირად გაუაზრებელ ნაბიჯებს სრულიად ზრდასრული, ერთი შეხედვით, შეგნებული ადამიანები დგამენ. მერე ამ ნაბიჯებს, ასევე სრულიად გაუაზრებელ, გულუბრყვილო და სასაცილო მიზეზებით ხსნიან, რასაც ისინი უფრო დიდ შეცდომამდე მიჰყავს. აჯობებს, როგორც კი სინანული – ეს ადამიანური და ბუნებრივი გრძნობა – შეგაწუხებს, გულწრფელად მოინანიო ჩადენილი დანაშაული.

ვახო (44 წლის): ყველა ადამიანმა ზუსტად იცის, როდის სჩადის დანაშაულს. ბუნებრივია, უმრავლესობა ამას არ აღიარებს და ბოლომდე ებღაუჭება „შანსს” – დარჩეს დაუსჯელი, სანამ დანაშაული დაფარულია, ყოველთვის შეგიძლია, თავი იმართლო. ფილოსოფიური მსჯელობა გამომდის, მაგრამ, რეალურად ასეა. ყველამ საკუთარ გულში ჩავიხედოთ. პატარა ბავშვმაც კი იცის, როდის რას აფუჭებს. როგორ, კაცებმა არ ვიცით, სადამდე მიგვიყვანს ჩვენი ქარაფშუტობა?!
– მაშინ, რატომღა ქარაფშუტობთ?
– ოო, ბევრი მიზეზია საამისოდ. კაცების ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ისინი სირაქლემის პოზაში ყოფნას ამჯობინებენ. არ უნდათ, გაახილონ თვალი და სიმართლეს თვალებში ჩახედონ. საბოლოო შედეგი კი საშინელია, ხშირად კაცებს რომ არ გვინდა, ისე შეგვიჩნდება ხოლმე ეშმაკი, თანაც, სერიოზულად რომ ვიმსჯელოთ, ცოტათი ქალებიც, ანუ ცოლებიც ტყუიან ქმრების „ცელქობაში”. ზოგი დაუსჯელობის სინდრომს უჩენს, ზოგი ისეთ კომფორტსა და სასათბურე პირობებს უქმნის, კაცს ეს ყველაფერი თავში უვარდება, ან, ისე სჯის, ქმარი უკანმოუხედავად გარბის მისგან პირველივე შემხვედრთან.
– ანუ, ყველა დამნაშავეა საწყალი, მოღალატე, უპასუხისმგებლო კაცის წინაშე, რომელსაც ეშმაკი შეუჩნდა და ცუდი საქციელი ჩაადენინა.
– თქვენ ახლა აშკარად დამცინით, მაგრამ ზოგჯერ სწორედ ის უპასუხისმგებლო და მოღალატე კაცი უფრო ცოდვაა, ვიდრე ის ქალი, რომელსაც მან უღალატა. მამაკაცი ხომ უფრო სუსტია...
– მაშინ, რატომღა აქვს პრეტენზია „ძლიერი სქესის“ ტიტულზე და პირველობაზე? რომ ჰკითხოთ, ბუნების გვირგვინები და მბრძანებლები არიან.
– ამ ყველაფრის მტკიცება კაცებს იმ კომპლექსების დასაფარავად გვჭირდება, რასაც ქალები გვიჩენენ სუპერაქტიურობით, ან, პირიქით – თვალებში ყურებით, ყველაფერზე დათანხმებითა და მეტისმეტი მოფერებით.
– მოკლედ, თქვენ თავადაც არ იცით, რა გინდათ.
– პრინციპში, ყველა „არეული“ მამაკაცი ასეა. სინდისი რომ გაწუხებს და „გიჩიჩხინებს“, მერე ცდილობ, როგორმე გააჩუმო და შენს ვერსიას „აჩეჩებ“. იმით იმშვიდებ თავს, რომ „რაღაცამ“ გაიძულა, ეს გაგეკეთებინა, მაგრამ, არ იცი, ეს „რაღაც“ რა არის. გულწრფელად გეტყვით, არ არსებობს კაცი, ოჯახისთვის, მეუღლისთვის ეღალატოს და მერე ეს არ ენანოს. იმის მიუხედავად, უპატიებია ცოლს მისთვის ეს საქციელი თუ გაშორებია. შეიძლება, ვინმემ ხმამაღლა გააპროტესტოს, მაგრამ, გულის სიღრმეში მაინც აღიარებს, რომ მართალი ვარ. თუმცა, კაცებსაც გვაქვს გამართლება: ძნელია თავის შეკავება, როცა ირგვლივ ამდენი საცდურია. ხელის გაწვდენაც კი არ გინდა, თავისით გიცვივდებიან კალთაში. უნდა გვახსოვდეს, რომ უკვალოდ არაფერი ქრება, პასუხი ადრე თუ გვიან ყველაფერზე მოგვეთხოვება. არც ჩემი ღალატი დარჩა უპასუხოდ და ბუმერანგივით დაბრუნდა უკან.
– ცოლმა გიღალატათ?
– არა. ვის გამოც ცოლი დავამცირე და ოჯახი დავანგრიე, ის მომექცა საშინლად.
– ანუ, აღიარებთ, რომ კაცი ცოლს ღალატით ამცირებს?
– ამაში ეჭვიც არასდროს შემპარვია. ფაქტს ვერსად გაექცევი. სხვა საქმეა, ვაღიარებთ ამას თუ არა. ცოლი საკმაოდ ადრე შევირთე – მე 23 წლის ვიყავი, ჩემი ცოლი – 19-ის.
– თქვენ ფიქრობთ, რომ ოცდასამი წელი არ არის ის ასაკი, როცა ადამიანმა საკუთარ საქციელზე პასუხი უნდა აგოს?
– რას ბრძანებთ, მაგას ნამდვილად არ ვგულისხმობდი. უბრალოდ, დიდი სტაჟი გამოგვივიდა. მეჩვენებოდა, რომ ერთმანეთი ამოვწურეთ – ბოლომდე გავიცანით და აღარაფერი საინტერესო ჩვენს ცხოვრებაში აღარ მოხდებოდა. სხვათა შორის, ჩემს ცოლს ბევრი დააკლდა ადრე გათხოვებით. ისეთი კარიერა ვერ გაიკეთა, როგორიც დღეს შეიძლებოდა, ჰქონოდა. ძალიან კარგი ცოლი მყავს, ყოჩაღი. მე აღმოვჩნდი იდიოტი, რომ ვერ შევაფასე და ვერ დავაფასე. უფრო სწორად, შევაფასე და დავაფასე კიდეც, მაგრამ, სამწუხაროდ, გვიან. რატომ ვერ ვხედავდი, რამდენი ტვირთი ჰქონდა საკუთარ მხრებზე აკიდებული, რატომ ვიყავი ასეთი ბრმა და უგუნური. შეიძლება, რომ შევეჩვიე, ეს ყველაფერი, იმიტომ გახდა შეუმჩნეველი. ცხოვრება აბსოლუტურად ჩვეულ რიტმში მიდიოდა. არავითარი ექსცესები. არავითარი სიურპრიზები, მხოლოდ სრული სიმშვიდე და რუტინა.
– რამდენი წელი არ ფიქრობდით ცოლის ღალატზე?
– მე საერთოდ არ ვფიქრობდი, რომ ვუღალატებდი ცოლს. თქვენ გგონიათ, დავგეგმე ღალატი? რა სისულელეა! ვშრომობდი და ვინახავდი ოჯახს: მანქანისთვის მოვაგროვეთ ფული და ვიყიდეთ; აგარაკი შევიძინეთ, მოკლედ, კარგად ვიყავით. მერე, ნელ-ნელა ჩემი საქმე უფრო კარგად წავიდა – ბიზნესი გაფართოვდა, ცოლმაც მუშაობა დაიწყო...
– ანუ, ზედმეტი ფული გაჩნდა და ეს იყო მაპროვოცირებელი?
– არ ვიცი. მაგრამ, ფაქტია, რომ ერთ დღეს საკუთარ თავს, რატომღაც ვუთხარი: ყველა მამაკაცს აქვს „ჰობი” – პატარა, მხიარული „ნაშოჩკები“ და მე რატომ არ უნდა გავერთო-მეთქი. ახლა ვხვდები, რომ ეს შეცდომა იყო, დიდი შეცდომა. მაგრამ, იმ მომენტში ეს ცოდვად არ ჩავუთვალე საკუთარ თავს. უნდა ვაღიარო, რომ ჩემი ცოლი არაჩვეულებრივ ფორმაში იყო. მიხაროდა, რომ ასეთი ქალი იყო ჩემი მეუღლე – ყველაფერს რომ ასწრებდა და თავსაც კარგად უვლიდა, მაგრამ, მე მაინც გავაბი პატარ-პატარა რომანები. მამაკაცები, ალბათ, გამიგებენ, რომ, როცა ასაკში შედიხარ, შენზე ბევრად უმცროსი ქალის ხიბლი თავბრუს გახვევს. გგონია, რომ ამით რაღაც სასწაული ხდება შენს ცხოვრებაში. მირაჟია, რა თქმა უნდა, მაგრამ, სანამ ამას გააცნობიერებ, გითრევს და გიყოლიებს დინება.
– იმ ქალებს ხომ ფული და ძვირფასი საჩუქრები უნდათ თქვენგან იმ „სასწაულის” სანაცვლოდ?
– რა თქმა უნდა. მაგრამ, მაშინ მე ამაზეც თანახმა ვიყავი. მომწონდა, რომ ამ გოგოებს არ ჰქონდათ შორსმიმავალი გეგმები, არ ხიბლავდათ და არ აინტერესებდათ სერიოზული ურთიერთობები. კომპლექსებისგან თავისუფლები, ყველანაირი ექსპერიმენტისთვის მზად იყვნენ. ფული უნდოდათ ძვირფასი ტანსაცმლისთვის და გართობისთვის. თან, სულაც არ ნერვიულობდნენ, როცა ჩვენი ხანმოკლე რომანი მთავრდებოდა. ოთხი საყვარელი მაინც გამოვიცვალე...
– ცოლი ვერაფერს ამჩნევდა? საერთოდ ვერ ხვდებოდა?
– ვფრთხილობდი. თანაც, დიდხანს არ ვაგრძელებდი ამ რომანებს, მაქსიმუმ – სამი-ოთხი თვე. მეგონა, ყოველთვის ასე გაგრძელდებოდა. ვიცი, თუ ქალებიც წაიკითხავენ ამას, რას იფიქრებენ ჩემზე – რა ჯანდაბა უნდოდა ამ კაცს, თუ ასეთი კარგი ცოლი ჰყავდა, ასეთი ოჯახი ჰქონდა და ღმერთის წყალობაც არ აკლდაო. საქმეც ეგაა, რომ, არ ვიცი, რა მინდოდა. ეტყობა, შარს ვეძებდი და „გავიჩალიჩე“ კიდეც.
– ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ, იმ დეფიციტის შევსებას, რაც ახალგაზრდობაში ჰქონდათ, კაცები ძირითადად ასაკში ცდილობენ, ანუ, მაშინ, როცა ამის მატერიალური საშუალება უჩნდებათ.
– ალბათ, სიმართლეა. ჩემი მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, მე მართლაც არ მიგულავია ნაშებში. ჩემი ცოლი ჩემი პირველი სიყვარული იყო და, ფაქტობრივად, პირველი სერიოზული სექსუალური პარტნიორიც. ამიტომ, მართლა ვხამობდი. ყველანაირი ნაშა მინდოდა გამესინჯა: ქერაც, შავგვრემანი, სილიკონისმკერდიანი, გამხდარიც და მრგვალიც, მადისაღმძვრელი ფორმებით... მრცხვენია, ამას რომ ვყვები, სინდისი მართლა მაწუხებს. ამ ძებნა-ექსპერიმენტებში გადავეყარე კიდეც იმას... ავაზასავით გოგო იყო – აგრესიულიც და ალერსიანიც, მოუხელთებელიც და ადვილად ხელმისაწვდომიც. მომაჯადოვა... თითქოს წარსულში დავბრუნდი, იმ პატარა ბიჭად ვიქეცი, ჩემს მომავალ ცოლს აჩრდილივით რომ დაჰყვებოდა უკან და მისი ყურადღების მისაქცევად ათას სისულელეს აკეთებდა. ეს რაღაც სიგიჟეს ჰგავდა. გონებას ვეღარ ვიმორჩილებდი. ვხვდებოდი, რომ დროზე უნდა გავჩერებულიყავი, მაგრამ, საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებდი. სულ მასთან ყოფნა მინდოდა. ერთი დღეც რომ არ მენახა, სული მეხუთებოდა და ადგილს ვერ ვპოულობდი. ცხოვრებაში პირველად დამეწყო კონფლიქტი ცოლთან. გაღიზიანებული ყველა წვრილმანზე ვეკიდებოდი. იმას რას ვერჩოდი, მაგრამ, უცებ ძალიან მომინდა თავისუფალი ვყოფილიყავი, ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე. ვცოფდებოდი, როცა ცოლი მეკითხებოდა, სად მიდიხარ, ან როდის მოხვალო. ფულიც უკვე მენანებოდა მისთვის. მეჩვენებოდა, რომ ძალიან ბევრს ხარჯავდა და მე აღარაფერი მრჩებოდა, ჩემი საოცნებო ქალი რომ გამენებივრებინა, რომლისთვისაც უკვე აღარაფერი მენანებოდა. მზად ვიყავი, მისი ყველა კაპრიზი, ყველა ახირება შემესრულებინა და, როგორ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, ეს მსიამოვნებდა კიდეც. ვერ ვხედავდი, რომ არაფერი განსაკუთრებული მასში არ იყო და ჩემშიც მხოლოდ „ფულის ტომარას“ აფასებდა. სიამოვნებას ანიჭებდა ის ფაქტი, რომ მე მისთვის დიდ ფულს ვხარჯავდი, რომ არსებობდა მამაკაცი, რომელსაც შეეძლო, თითის ერთ დაქნევაზე მიწაზე გართხმულიყო და მისი ნაფეხურებიც კი ეკოცნა. თუმცა, იმისგან რა მინდა, ამ ყველაფრის უფლება ხომ მე მივეცი?! ბოლოს უკვე აღარ კმაყოფილდებოდა ჩვენი ფარული ურთიერთობით. გამომიცხადა, მინდა, ყველა ხედავდეს, როგორ გიყვარვარო. დაბრმავებული, ანგარიშმიუცემლად მივყვებოდი მის სურვილებს. ალბათ, კოცონზეც დავიწვებოდი, რომ მოენდომებინა. იმისი სურვილებით იგეგმებოდა ჩემი ცხოვრება. „მივლინებები“ გამიხშირდა – „ფისოს“ უცხოეთში მოუნდა „შოპინგებზე“ სიარული. თან, იქ თითქოს უფრო უსაფრთხოდ ვიყავით – ნაკლები იყო შანსი, რომ ნაცნობს დავენახე. მაგრამ, ტყუილად მქონდა ამის იმედი. ერთ-ერთი მორიგი „ლოვ-ვოიაჟის“ დროს, ჩემი ცოლის დაქალმა „დაგვასტუკა“. მაშინ იმდენად არ მინერვიულია, ისე ვიყავი აჟიტირებული  და ეიფორიაში მყოფმა, ვერ გავთვალე ამ ინციდენტის შედეგები. ჩემი ცოლი სულელი არ აღმოჩნდა. პრინციპში, არც მქონდა ამისი ილუზია.
– რა იყო ის, რისთვისაც თქვენი ოჯახის ყოფნა-არყოფნა სასწორზე დადეთ – სიყვარული?
– არა, სიყვარული უფრო სხვა რამეა და ეს ახლა ზუსტად ვიცი. ეს იყო გიჟური ვნება, შერწყმული პატივმოყვარეობასთან. მე მომწონდა, რომ ასეთი ქალი, ყველა მამაკაცი პირდაღებული რომ შესცქეროდა, მარტო ჩემთვის იხდიდა ტანზე და მე მატკბობდა თავისი სხეულით. როგორი გულუბრყვილო ვიყავი! ნეტავი, ყველა აცერცეტებული მამაკაცი ჩემსავით შტერია?! იცით, როგორ ვეჭვიანობდი? სიზმარში კოშმარებად მესიზმრებოდა, რომ სხვა კაცი მეცილებოდა მის თავს. სახლში დაბრუნებულმა ცოლს იქით შევუტიე. ახალი ტექნიკა დამახვედრა ნაყიდი და გავგიჟდი – ამდენი ფული ჩემთან შეუთანხმებლად რატომ დახარჯე-მეთქი. ორი დღის შემდეგ კი, ჩემთვის შედგა ოჯახური სასამართლო. ჩემი 20 წლის ბიჭის, 17 წლის ქალიშვილისა და, რა თქმა უნდა, მეუღლის შემადგენლობით. აღმოჩნდა, რომ ჩემს ბიჭსაც დავუნახივარ კაფეში მასთან ერთად. ჩემს ცოლს კი ჩემი რამდენიმე ძველი რომანის შესახებაც ჰქონია ინფორმაცია. ჩუმად ვიყავი და ვცდილობდი, ოჯახი დამეცვა, გადამერჩინა განადგურებისგან ის, რაც ერთად და წვალებით შევქმენით. მაგრამ, შენ ეს ვერ დაინახე და სულ უფრო გაგივიდა თავს. ამას კი უკვე აღარ გაპატიებო, – მითხრა. არც მჭირდება-მეთქი, – მივახარე, მოვაგროვე ჩემი ნივთები და სასტუმროში გადავედი. გადაწყვეტილი მქონდა, ცოლთან ოფიციალურად განვქორწინებულიყავი და საყვარელი შემერთო ცოლად. ჩემს ცოლს არანაირი ისტერიკა არ მოუწყვია. მარტო ის მკითხა, იმედია, კარგად იფიქრე, სანამ ამ გადაწყვეტილებამდე მიხვიდოდიო. ახლა ვაცნობიერებ, რის ფასად დაუჯდა მას იმ მძიმე წუთებში სიმშვიდის შენარჩუნება... აღარ მოგიყვებით, როგორი „ზღაპრული“ აღმოჩნდა ჩემი ახალი ოჯახური ცხოვრება. მე ცოლმა შემაჩვია მზრუნველობას და ბევრი რამის ჩემ მაგივრად კეთებას. ის კომფორტი, რომელსაც ცოლი მიქმნიდა და შეჩვეული ვიყავი, ახლა აღარ მქონდა. ვინც არის კომფორტს შეჩვეული, ის მიხვდება, რა დღეში ჩავვარდი. ამას კიდევ ვინ ჩივის. ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, მაგრამ, ძალიან მალე ისეთი ფაქტის წინაშე აღმოვჩნდი, რომ შოკს დღემდე ვერ ვუმკლავდები. ჩემი ძვირფასი ახალი ცოლუკა ჩვეულებრივი კახპა აღმოჩნდა. ფულზე რომ ყველას უწვება, ისეთი. ღამის კლუბებში დამათრევდა და ფულიან მამაკაცებს თვალებით „აბამდა“, თან პირდაპირ ჩემ ცხვირწინ – თუ საყვედურს ვეტყოდი, ისტერიკებს მიწყობდა. ბოლოს კი საყვარელთან შევუსწარი სასტუმროში. ეჭვი მქონდა. მთელი დღე ვდიე უკან და დავიჭირე კიდეც ფაქტზე... ახლა მარტო ვარ, სინანულში და ნაქირავებ ბინაში. ჩემი ცოლი არ მეკონტაქტება, არც შვილები. ღირსი კი არ ვარ, მაგრამ, თუ მაპატიებენ, სულ სხვა გავხდები. თუმცა, ალბათ, ჩემი ცოლი აღარ დაიჯერებს ამას.

скачать dle 11.3