კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (51)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

ინტიმური საუბრები

მინდა, ბავშვი ვიშვილო
ისე გადავაბიჯე ნახევარ საუკუნეს, შვილი არ მაღირსა განგებამ. მთელი ცხოვრება ქალების დევნას შევალიე, მეგონა, სულ ახალგაზრდა ვიქნებოდი და, ამიტომ, ნაკლებად ვფიქრობდი ოჯახის შექმნაზე. მაგრამ, როცა გონს მოვეგე და დავოჯახდი, შვილი აღარ გვეყოლა. არ ვიცი, რომლის ბრალი იყო – ჩემი თუ ჩემი ცოლის, მაგრამ ექიმთან არც ერთი არ წავსულვართ. რა უნდა გვეთქვა, 51 წლის კაცს და 47 წლის ქალს შვილი რატომ არ გვიჩნდება?! ამიტომ, ძალაუნებურად, ბედს შევეგუეთ. მე დედისერთა ვარ და არც დისშვილ-ძმისშვილები მახვევიან გარს, ჩემს ცოლს კი ჰყავს ერთი დისშვილი, თავზეხელაღებული და უსაქმური ბიჭი, რომელიც ნერწყვმომდგარი მოსჩერებია ჩემს სახლ-კარს და, აშკარად ერთი სული აქვს, რამე მომივიდეს, რომ ჩემი ქონება ჩაიგდოს ხელში. იმდენად უნდა, ყველაფერს დაეპატრონოს, რომ ვეღარც კი მალავს და ამას წინათ გვითხრა კიდეც (უფრო სწორად, დედამისს ათქმევინა) ჩემ მეტი მაინც არავინ გყავთ და იქნებ, თქვენი ბინა მე გადმომიფორმოთ, სამაგიეროდ, ისე მოგივლით, ცივ ნიავს არ მოგაკარებთო. ამაზე ისე გადავირიე, ჩემს ცოლისდას კარგებიც ვუთხარი და ჩვენთან მოსვლაც კი ავუკრძალე. სხვათა შორის, ცოლმაც მე დამიჭირა მხარი. ჯერ ერთი, რა ყვავის ხნისანი ჩვენ ვართ, ჩვენს ასაკში  ხალხი ცხოვრებას იწყებს და ბევრ რამესაც აღწევს. ლალიკოს არ უნდა, თორემ, ჩვენზე ხნიერებსაც აუყვანიათ ბავშვი, გაუზრდიათ და შვილიშვილებსაც მოსწრებიან. თანაც, დარწმუნებული ვარ, ლალიკოს დისშვილს ბინა რომ გადავუფორმოთ, რამდენიმე დღეში ისე მოგვიწყობს საქმეს, იმქვეყნად გაგვისტუმრებს, თან, ისე ეშმაკურად, ვითომ ეს „შემთხვევით“ მოხდა. ამაზე დიდხანს ვიფიქრე და გადავწყვიტე, როგორმე დავითანხმო ლალიკო და ბავშვი ვიშვილოთ, თუნდაც 4-5 წლის. ჯერ ერთი, მადლიანი საქმეც არის და, თანაც, იმ ხელიდან წასულ ლაწირაკსა და გამოთაყვანებულ დედამისს პირში ჩალას გამოვავლებ. თუ ცოლი როგორმე დავითანხმე, ჩემზე ბედნიერი კაცი არ ივლის დედამიწის ზურგზე.
შოთა, 55 წლის.

ჩემდაუნებურად, სხვისი ოჯახის დანგრევის მიზეზი გავხდი
ჩემი უახლოესი დაქალი გათხოვდა და მეჯვარედ მე წამიყვანა. ცხადია, მის ქმარსაც ჰყავდა მეჯვარე, რომელიც ცოლით იყო ქორწილში მოსული. ნეფე-პატარძლის „ქართულის“ შემდეგ, სტუმრებმა მეჯვარეების ცეკვაც მოითხოვეს. მე ბავშვობიდან დავდიოდი ქართულ ცეკვებზე, ანსამბლში სოლისტიც კი ვიყავი, ამიტომ, სიამოვნებით დავთანხმდი. საბაც ყოფილი მოცეკვავე აღმოჩნდა და მშვენიერი დუეტი გამოგვივიდა. ამიტომ, მთელი ქორწილის განმავლობაში საბამ რამდენჯერმე გამიწვია საცეკვაოდ, რაც მის ცოლს საშინლად არ მოეწონა და დაიბოღმა. მე თითქოს წინასწარ მიგრძნობდა გული ცუდს და საბას ვუთხარი კიდეც, შენთან ვეღარ ვიცეკვებ, შენი ცოლი, ეტყობა, ეჭვიანობს და, ცუდი თვალით მიყურებს. არ ჯობია, ახლა მასთან ერთად იცეკვო-მეთქი? საბა უკვე კარგად ნასვამი იყო, ცოლისკენ არც კი გაუხედავს, ისე მიაგინა – ერთი მაგისიცო და ძალით გამიყვანა საცეკვაოდ. ქორწილის დასასრულს კი მისმა ცოლმა ისეთი სცენა მოაწყო, კინაღამ სისხლი დაიღვარა: ჯერ იყო და, თვითონაც ვიღაც ბიჭთან იცეკვა რამდენჯერმე და ქმრის გასაღიზიანებლად ეხუტებოდა, ხმამაღლა იცინოდა და თან საბასკენ იყურებოდა. საბა უკვე ისეთი მთვრალი იყო, ჭკუა აღარ მოეკითხებოდა და, რომ დაინახა, მისი ცოლი ვიღაცასთან ჩახუტებული ცეკვავდა, ეცა იმ ბიჭს, დაითრია და ცემა დაუწყო. მერე, იქ მყოფი სტუმრებიდან ზოგი იმ ბიჭს მიემხრო, ზოგიც – საბას და, ისეთი მუშტი-კრივი გაიმართა, ქორწილი ვიღას ახსოვდა. ბოლოს უფროსმა კაცებმა ძლივს დააშოშმინეს მოჩხუბრები და, რომ მეგონა, ყველაფერი დამთავრდა-მეთქი, საბა მიუბრუნდა თავის ცოლს და ისეთი გააწნა სახეში, ტკაცანი მთელმა დარბაზმა გაიგონა. ცემა ასე არ უნდაო და იმანაც, პასუხად, მაგიდიდან შამპანურის ბოთლს დაავლო ხელი და ქმარს თავში დაუშვა. საბა უგონოდ გაიშოტა იატაკზე. მერე ვიღაცამ სასწრაფო დახმარებას გამოუძახა და ნაცემი და თავგატეხილი მეჯვარე საავადმყოფოში გააქანეს. საბედნიეროდ, საბა გადარჩა, მაგრამ, გამოჯანმრთელებისთანავე გაეყარა ცოლს, თანაც, დიდი სკანდალით. მთელი უბედურება კი ის არის, რომ ამ ყველაფერში საბას ცოლიც და იქ მყოფი სტუმრების ნაწილიც მე მადანაშაულებდნენ მომხდარში – ცოლიან და ნასვამ კაცს თვალები უჟუჟუნა, აცდუნა და ოჯახი დაუნგრიაო. არ მესმის, მე რა შუაში ვარ. ესე იგი, გამოდის, რამდენ კაცთანაც იცეკვებს ქალი, ყველამ ცოლი უნდა მიატოვოს?! სხვათა შორის, ჩემი დაქალი და მისი ქმარიც მამტყუნებენ – თუ მიხვდი, რომ ცოლი ეჭვიანობდა და ავი თვალით გიყურებდათ, რატომღა იცეკვე საბასთანო. მერე გავიგე, რომ ის გოგო, თურმე, ავადმყოფურად ეჭვიანი ყოფილა და მსგავსი სცენები ხშირად მოუწყვია ქმრისთვის, რის გამოც არაერთხელ მოხვედრია კიდეც (ცხადია, ქმრისგან), მაგრამ, ეტყობა, ჭკუა მაინც ვერ ისწავლა.
ამ ამბიდან რამდენიმე თვის შემდეგ საბამ საიდანღაც გაიგო ჩემი მობილური ტელეფონის ნომერი და ვითომ ბოდიშის მოსახდელად დამირეკა, სინამდვილეში კი, აღმოჩნდა, რომ ჩემთან შეხვედრა უნდოდა. მე, რა თქმა უნდა, ქვა ავაგდე და თავი შევუშვირე – ეგ გამორიცხულია, მით უმეტეს, რომ შეყვარებული მყავს-მეთქი, მოვატყუე. საბამ მითხრა, ვიცი, რომ არავინ გყავს, ამიტომ, დაგელოდები, იქნებ გადაიფიქრო და ჩემი ნახვა მოგინდესო. იმის მერე დაახლოებით კვირაში ერთხელ მირეკავს, რამდენიმე წუთი ზოგად თემებზე ვსაუბრობთ და ბოლოს ყოველთვის მეკითხება, რა ქენი, ხომ არ გადაიფიქრეო. მეც ყოველთვის ერთი პასუხი მაქვს – არა-მეთქი, მაგრამ, უნდა გამოგიტყდეთ, ისე შევეჩვიე მის ზარებს, რომ, ყოველი კვირის ბოლოს მოუთმენლად ველი, როდის დამირეკავს. უკვე აშკარად ვგრძნობ, რომ მინდა მასთან შეხვედრა, მაგრამ, ეგრეთ წოდებულ „საზოგადოებრივ აზრს“ ვერ ვახტები. მე რომ საბას შევხვდე და ჩვენი ურთიერთობა რაღაც დონეზე მაინც გაგრძელდეს, ხომ ვერავის დაარწმუნებ, რომ მისი ოჯახის დანგრევაში მე ბრალი არ მიმიძღვის?!
ნიაკო, 24 წლის.
მამაჩემს არასოდეს
ვაპატიებ დედას დამცირებას
16 წლის ვიყავი, ჩემი მშობლები რომ დაშორდნენ ერთმანეთს, რასაც მთლიანად მამაჩემს ვაბრალებ, რადგან, ვერ შეიფერა დედაჩემისნაირი ლამაზი, მშვიდი, მოსიყვარულე და ერთგული ცოლი. არადა, ისე ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, მათზე ლეგენდები დადიოდა. მაგრამ, როგორც ჩანს, კაცის გული გაუმაძღარია – რაც მეტი აქვს, მეტი უნდა; თან, ჰგონია, რომ ეს ყველაფერი დაიმსახურა. მამაჩემის მაგალითზე დავრწმუნდი, რომ, მართალია, მეტ-ნაკლებად, მაგრამ, ყველა კაცი დაუნახავი, უმადური და ორგულია. იმას როგორ წარმოვიდგენდი, რომ მამა დედას გაეყრებოდა, მე და ჩემს პატარა ძმას მიგვატოვებდა და დედაჩემის დაქალს – ჩემს ნათლიას შეირთავდა ცოლად! ნანიც მაგარი ვინმე გამოდგა, მაგრამ, ქალი რაც არ უნდა „გეჩალიჩოს“, კაცი რომ გქვია, ცოლ-შვილი რომ გყავს და რაღაც პასუხისმგებლობა გაკისრია, „გულაობისა“ და ცანცარის გარდა, რაღაც სერიოზულზეც ხომ უნდა იფიქრო?
რაც მამაჩემი იმ ნანისთან წავიდა, დედას აღარ გაუღიმია, სულ ცრემლიანი აქვს თვალები. ცდილობს, მე და ჩემს ძმას არ გვაგრძნობინოს, როგორი დამცირებულია, როგორ იტანჯება, მაგრამ, მაინც ვატყობ, ძალით რომ იმხიარულებს თავს და ეს უფრო მიკლავს გულს. შეიძლება, ის ოდესმე მეპატიებინა მამაჩემისთვის, რომ, აგერ უკვე ორი წელი ხდება, რაც ჩვენგან წავიდა და ერთხელ არ დაურეკავს თავისი შვილებისთვის მაინც, ყოფილ ცოლზე აღარაფერს ვამბობ, ერთხელ არაფერი გამოუგზავნია; ერთხელ არ დაინტერესებულა, ავად ვართ თუ კარგად. სკოლა ისე დავამთავრე, არც კი მომილოცა – ალბათ, ახალი ცოლის სიყვარულმა დაავიწყა. წელს აბიტურიენტი ვარ და, უპირველესად დედის გასახარებლად და მამაჩემის ჯინაზე მინდა, გრანტი ავიღო და ისე გავხდე სტუდენტი. იმას ვამბობდი, შეიძლება, ეს ყველაფერი მაინც მეპატიებინა, მაგრამ, დედაჩემის სიყვარულის ასე ფეხქვეშ გათელვას ნამდვილად არასდროს ვაპატიებ. ზუსტად ვიცი, რომ ძალიან მალე უკან მოფორთხდება და შეგვეხვეწება – შევცდი და მაპატიეთ, უთქვენოდ ცხოვრება არ შემიძლიაო, მაგრამ, გამორიცხულია, კარს არ გავუღებ და ისე დავამცირებ, სიკვდილი ინატროს.
სალომე, 18 წლის.

скачать dle 11.3