კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ დანაშაულის რომელ კატეგორიას მიეკუთვნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული – წამება და რა სასჯელი შეიძლება მიიღოს პირმა ადამიანის წამებისთვის?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ „წამება“ მძიმე დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, წამება ნიშნავს პირისთვის, მისი ახლო ნათესავისთვის, ან მასზე მატერიალურად თუ სხვაგვარად დამოკიდებული პირისთვის, ისეთი პირობების შექმნას, მოპყრობას, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით ან ხანგრძლივობით, იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ, ან მორალურ ტანჯვას. ყოველივე ამის მიზანი კი არის ინფორმაციის, მტკიცებულების ან აღიარების მიღება. ასევე, პირის დაშინება, იძულება, დასჯა მისი ან მესამე პირის მიერ ჩადენილი, ან სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისთვის. ადამიანის წამებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა შვიდიდან ათ წლამდე. მოცემულ დანაშაულს ასევე გააჩნია მაკვალიფიცირებელი გარემოებები.
კითხვა: გთხოვთ განმიმარტოთ, რა სახის არსებითი განსხვავებაა ადამიანის წამებასა და დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას შორის და შესაძლებელია თუ არა პატიმრის მიმართ განხორციელებული სისტემატური ძალადობა ჩაითვალოს ამ დანაშაულებად?
პასუხი: ზოგადად, ადამიანის წამება და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა მსგავსი დანაშაულებებია, მაგრამ დანაშაულის კვალიფიკაციის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დამნაშავის მიზანს. კერძოდ, თუ დამნაშავე ზემოაღნიშნულ ქმედებებს ახორციელებს იმ მიზნით, რომ პირისგან მიიღოს ინფორმაცია, მტკიცებულება ან აღიარება. ასევე, მითითებული ქმედებების მიზანია, დააშინოს ან აიძულოს ან დასაჯოს პირი, მის ან მესამე პირის მიერ ჩადენილი, ან სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისთვის. ყველა შემთხვევაში სახეზეა წამება. წამება სწორედ დამნაშავის მიზნიდან გამომდინარე, მეტი საზოგადოებრივი საშიშროებით ხასიათდება და შესაბამისად, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობასთან შედარებით, უფრო მძიმე დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება. რაც შეეხება დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობით ქმედების კვალიფიკაციას, ეს ის შემთხვევაა, როცა დამნაშავეს განსხვავებული მიზანი გააჩნია, ვიდრე წამების დროს, ან საერთოდ არ გააჩნია მიზანი, მაგრამ მისი განზრახ ქმედება პირისთვის დამცირება იძულება, არაადამიანური მოპყრობა, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებაა, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს. რაც შეეხება პატიმრის მიმართ ჩადენილ ძალადობას, მსგავსი ძალადობა აუცილებლად დაკვალიფიცირდება წამებად, ან არაადამიანურ მოპყრობად. აღსანიშნავია, რომ მოცემულ დანაშაულებზე არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადები, შესაბამისად, ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩადენის შემთხვევაში, პირი არ გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, დანაშაულის ჩადენიდან გასული დროის მიუხედავად.
კითხვა: გთხოვთ განმიმარტოთ, კონკრეტულად ვისზე შეიძლება გავრცელდეს  ამნისტია, ვისზე შეწყალება და რა სახის არსებითი  განსხვავებაა მათ შორის?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ „ამნისტიას” აცხადებს საქართველოს პარლამენტი ინდივიდუალურად განუსაზღვრელ პირთა მიმართ და ის შეიძლება, გამოცხადდეს გარკვეული კატეგორიის დანაშაულებზე. ამნისტიის აქტით, დამნაშავე შეიძლება, გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, ხოლო მსჯავრდებული – სასჯელისგან, ანდა მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით. ასევე სასჯელმოხდილ პირს ამნისტიის აქტით შეიძლება, მოეხსნას ნასამართლეობა. რაც შეეხება შეწყალებას, ის მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციაა, რომელიც ხორციელდება ინდივიდუალურად განსაზღვრული პირების მიმართ, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად, პრეზიდენტის შეწყალების აქტით. შეწყალების აქტით მსჯავრდებული შეიძლება, გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისგან, ანდა მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს, ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სახის სასჯელით. სასჯელმოხდილს შეწყალების აქტით შეიძლება მოეხსნას ასევე, ნასამართლეობა. პრეზიდენტმა შეიძლება შეიწყალოს მხოლოდ ის პირები, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან, ხოლო ამნისტია ბრალდებულებზეც ვრცელდება.
კითხვა: გთხოვთ განმიმარტოთ, სიტყვა „პრეიუდიციის” სამართლებრივი მნიშვნელობა და რა სახის ფაქტები შეიძლება ჩაითვალოს სისხლის სამართლის საქმეებზე პრეიუდიციულ ფაქტებად?
პასუხი: გაცნობებთ, რომ „პრეიუდიცია” სამართლებრივი ტერმინია და მასში იგულისხმება ისეთი ფაქტები და გარემოებები, რომლებიც მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე მიიღება. გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ანუ, პრეიუდიციულია: საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები; სასამართლოს განაჩენი ნასამართლეობაზე; სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება; ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
კითხვა: ვარ 69 წლის. ვმუშაობ საბიუჯეტო ორგანიზაციაში ხელშეკრულებით ელექტრომექანიკოსის თანამდებობაზე (მუშის კატეგორიაში გადის). პენსიის მიღებაზე უარს მეუბნებიან და რამდენად კანონიერია ეს?
პასუხი: გაცნობებთ, რომ პირს  საბიუჯეტო დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში არ მიეცემა პენსია.
კითხვა: მაინტერესებს, რა შემთხვევაში ეწოდება პირს მსჯავრდებული?
პასუხი: გაცნობებთ, რომ მსჯავრდებული ეწოდება პირს, რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ როდის იძენს პირი ბრალდებულის სტატუსს?
პასუხი: ბრალდებულია  პირი, რომლის მიმართაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული. თუ პირი დაკავებულია, იგი ითვლება ბრალდებულად მიუხედავად იმისა,  წარდგენილი აქვს თუ არა ბრალი.
კითხვა: გთხოვთ განმიმარტოთ, აქვს თუ არა მოსამართლეს უფლება, სისხლის სამართლის საქმის განხილვისას, დამოუკიდებლად მოიპოვოს მტკიცებულება თუ აშკარაა, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია და შესაძლებელია, კიდევ იქნეს მოპოვებული დამატებითი მტკიცებულებები?
პასუხი: სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს ეკრძალება ბრალდების დამადასტურებელ ან დაცვის ხელშემწყობ მტკიცებულებათა დამოუკიდებლად მოპოვება და გამოკვლევა. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა. მოსამართლე უფლებამოსილია, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, მხარეებთან შეთანხმების შედეგად დასვას დამაზუსტებელი კითხვა, თუ ეს აუცილებელია სამართლიანი სასამართლოს უზრუნველსაყოფად. უფრო მეტიც, განაჩენის ან სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მოსამართლეს უფლება არ აქვს, აზრი გამოთქვას ბრალდებულის  დამნაშავედ თუ უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე.
კითხვა: გთხოვთ გვაცნობოთ, სად შეიძლება იქნეს შეტანილი სარჩელი მამობის დადგენის შესახებ  თუ უცნობია მამის საცხოვრებელი მისამართი და ადგილსამყოფელი?
პასუხი: გაცნობებთ, რომ სარჩელი მამობის დადგენის შესახებ, შეიძლება წარდგენილ იქნეს სასამართლოში ბავშვის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
კითხვა: მინდა, სარჩელი შევიტანო ბავშვის მამის მიმართ ალიმენტის გადახდევინების თაობაზე. გთხოვთ მაცნობოთ, სად შეიძლება  შევიტანო აღნიშნული სარჩელი?
პასუხი: გაცნობებთ, რომ სარჩელი ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შეიძლება წარდგენილ იქნეს სასამართლოში მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. შესაბამისად, სარჩელს შეიტანთ თქვენი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

скачать dle 11.3