კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაემთხვა სტალინისა და ჰიტლერის დასვენების დღეები ერთმანეთს

საიდუმლო შეხვედრა
1940 წლის 19 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ფედერალური ბიუროს შეფმა, ედგარ გუვერმა, სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ადოლფ ბერლი-უმცროსს საიდუმლო მოხსენებით მიმართა. მართალია, სრული ტექსტი არ არის გახსნილი, მაგრამ, ისიც კი, რასაც ამერიკის საარქივო დეპარტამენტმა გრიფი მოხსნა, ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს, თუმცა, სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს შემდეგი: „კონფიდენციალური წყაროდან, ახლახან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, გერმანიისა და რუსეთის ჯარების მიერ პოლონეთის დაკავების შემდეგ, ჰიტლერი და სტალინი 1939 წლის 17 ოქტომბერს დასავლეთ უკრაინაში, ლვოვთან შეხვდნენ ერთმანეთს. მიაჩნიათ, რომ სხვა ქვეყნების მთავრობებმა ამ შეხვედრის შესახებ არაფერი იციან. როგორც გვაცნობეს, ამ საიდუმლო მოლაპარაკებების დროს, სამხედრო შეთანხმებას მოეწერა ხელი, რასაც თავდაუსხმელობის პაქტი არ ითვალისწინებდა. ასევე, იტყობინებიან, რომ 1939 წლის 28 ოქტომბერს ამის შესახებ სტალინმა პოლიტბიუროს შვიდ წევრს აცნობა“.
საინტერესოა, რომ ამ ინფორმაციას  სასწრაფოდ გამოეხმაურა  რუსული პრესის ფლაგმანი – „დრუჟბა ნაროდოვ“, რომელმაც კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა „კომსომოლსკაია პრავდაში“  და „ნევაში“ დაბეჭდილი ვლადიმირ საშონკოს სტატია „მეფის საიდუმლო“. ამ შემთხვევაში ლაზარევმა გამოიდო თავი. მან, რატომღაც, შეურაცხყოფად მიიღო ორი ბელადის შეხვედრის ფაქტის შესაძლებლობაც კი. ის ამტკიცებს, რომ ეს მხოლოდ ჭორია და დაზვერვის მოვალეობებში ჭორების შეგროვებაც შედის, რაც მხოლოდ იმას ეფუძნება, რომ ასეთი შეხვედრა მართლაც საჭირო იყო და მხოლოდ სტალინს შეეძლო, გადაეწყვიტა ყველაზე აქტუალური და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხები. თუმცა, იქვე აცხადებს, რომ ასეთი შეხვედრა რომც შემდგარიყო, ისტორიას მაინც ვერ შეცვლიდა. სხვა აზრი აქვს საშონკოს, რომელიც დარწმუნებულია, რომ სტალინისა და ფიურერის შეხვედრა 1940 წლის 5-8 მაისს შედგა. ამას ფაქტებით ადასტურებს ჰიტლერის ადიუტანტის, ნიკოლაუს ფონ ბელოვის დღიურები, სადაც სკურპულოზურადაა აღწერილი ამ პერიოდში ფიურერის საქმიანობის ყოველი დღე და მხოლოდ 5-8 მაისის გრაფიკია საეჭვოდ გამოტოვებული, მით უფრო, რომ მას არ ახასიათებდა დასვენების დღეების აღება და არც თევზაობისა და ნადირობის ჰობი ჰქონია არასდროს. საინტერესოა, რით იყო ამ პერიოდში დაკავებული სტალინი. ამის შესახებ უტყუარ ცნობებს გვაწვდის ჟურნალი „ისტორიჩესკი არხივ“, რომელმაც სტალინთან მიღებაზე შესულ პირთა სია გამოაქვეყნა. ეს დოკუმენტი საშუალებას იძლევა, გავერკვეთ, თუ როგორი სამუშაო განრიგი ჰქონდა ბელადს: 5 მაისს ათზე მეტი პირი ჰყავდა მიღებაზე, მათ შორის მოლოტოვი, ბერია, მიქოიანი, ვოზნესენსკი, პერვუხინი და ასე შემდეგ. სხდომები გვიან ღამემდე გრძელდებოდა. 6, 7 და 8 მაისის ჩანაწერები არ არის. 9 მაისის დილიდან გვიან ღამემდე სტალინს დაძაბული გრაფიკი აქვს. ფაქტია, რომ ორივე ბელადს ერთი და იგივე დღეები აქვთ გასაიდუმლოებული. „ეს საიდუმლო, – წერს საშონკო, –  ღრმადაა დამალული, იმაზე ღრმად, ვიდრე სსრკ- გერმანიისა თუ სხვა საიდუმლო შეხვედრები და ხელშეკრულებები“. მისი აზრით, არა მხოლოდ დრო, შეხვედრის ადგილიც არ იწვევს ეჭვს. იმ მომენტისთვის ყველაზე ხელსაყრელი, სწორედ საიდუმლო ხელშეკრულების ძალით, შემოერთებული დასავლეთ უკრაინა ან დასავლეთ ბელორუსია იყო. განსაკუთრებით იდეალური, სადაც, შეიძლებოდა, „დიადი დიქტატორების“ რანდევუ შემდგარიყო, ქალაქ ბელოვეჟის მახლობლად, იმპერატორ ალექსანდრე მესამის მონადირეთა ციხესიმაგრეა. ეს ადგილი ნიკოლოზ მეორისა და მისი ამალის საყვარელი ადგილიც იყო. მეფეების იქ მგზავრობასა და დროსტარებაზე თუ მათ საყვარელ გართობებზე გაზეთები და პოპულარული ჟურნალები წერდნენ, ქვეყნდებოდა ფოტოებიც. ციხესიმაგრემდე ჩაღწევა სადგურ ხაინუვკიდან იყო ყველაზე მოსახერხებელი, უშუალოდ ამ დროისთვის კი სპეციალური სარკინიგზო ხაზი თითქმის ციხესიმაგრემდე მიიყვანეს, რაც აშკარად არ იყო ტურისტებისთვის განსაზღვრული. საშონკოს მიაჩნია, რომ თავისი როლი ამ საქმეში ისტორიულმა ტრადიციამაც შეასრულა – მეფის ყოფილ რეზიდენციაში არაერთხელ ჩატარებულა საიდუმლო, კონფიდენციალური მოლაპარაკებები ევროპულ საქმეებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ბელოვეჟის ტყის მიმართ სტალინს ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა, რაც არაერთხელ აღუნიშნავს. ამ ფსიქოლოგიური დეტალისა და სხვა დანარჩენი მოსაზრებების გამო, სტატიის ავტორს ეჭვგარეშედ მიაჩნია, რომ სტალინისა და ჰიტლერის ისტორიული შეხვედრა შედგა.
ბრძოლა საპატიო დაფასთან
ვინც ავსტრიის დედაქალაქს, ვენას ესტუმრება, შეუძლებელია, არ მოინახულოს შვარცენბერგპლაცი, სადაც 1945 წელს დაღუპული საბჭოთა მეომრების პატივსაცემად, შესანიშნავი ძეგლი დგას. ამ მოედანს ომის შემდეგ „სტალინის მოედანი“ ეწოდა. მერე კი, როცა 1955 წელს საბჭოთა ჯარებმა ავსტრია დატოვეს, მოედანს ძველი სახელი დაუბრუნდა, ძეგლი კი დარჩა, თუმცა, მისი აღების მომხრეებიც მრავლად იყვნენ. მას დღესაც ამშვენებს ქვაზე ამოკვეთილი სტალინის ციტატა ომსა და გმირებზე. ვენას სტალინის სახელთან რევოლუციამდელი პერიოდიც აკავშირებს, კერძოდ, 1913 წლის იანვარი-თებერვალი, როცა ვენა ავსტრია-უნგრეთის მონარქიის ბრწყინვალე დედაქალაქი იყო – სადაც ჩქეფდა აქტიური პოლიტიკური ცხოვრება. ამასთან დაკავშირებით ხუთი საინტერესო ფაქტის მოტანა შეიძლება: 
1. ეს იყო ერთადერთი ქალაქი რუსეთის იმპერიის ფარგლებს გარეთ, სადაც სტალინმა თავისი საზღვარგარეთული ბიოგრაფიიდან ყველაზე მეტი დრო გაატარა – ხუთი კვირა.
2. აქ ის ბიბლიოთეკაში მუშაობდა და სწორედ ვენაში დაიწერა მისი მნიშვნელოვანი ნაშრომი – „მარქსიზმი და ნაციონალური საკითხები“, რომელმაც მნიშვნელოვანი რეზონანსი გამოიწვია სოციალ-დემოკრატიულ წრეებში, რაც არაერთხელ აღნიშნა ლენინმაც. ამ ნაწარმოებმა სტალინი პროფესიონალი რევოლუციონერების პირველ ეშელონში გადაიყვანა.
3. ვენაში, იმ სახლზე, სადაც სტალინი ცხოვრობდა, მემორიალური დაფაა გამოკრული. ახლა იქ პანსიონია განთავსებული და მრავალ ტურისტს იზიდავს.
4.  სტალინი პირველად აქ შეხვდა ლევ ტროცკის, რომელმაც თავის მემუარებში მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო სტალინს.
5. ტროცკის გადმოცემით, აქ,  ბიბლიოთეკაში გაიცნო სტალინმა ჰიტლერიც, თუმცა, მაშინ ის ერთი უმუშევარი, 24 წლის მხატვარი იყო და პოლიტიკურ პერსონას არ წარმოადგენდა. ადოლფი ვენიდან მიუნჰენში მხოლოდ 1913 წლის 24 მაისს გადავიდა, მანამდე კი ექვსი წლის განმავლობაში (1907-1913) ვენაში ცხოვრობდა.
ვენაში  გამგზავრება სტალინს უცხოეთში  არაერთხელ ნამყოფმა ლენინმა  ურჩია. ძებნაში მყოფი 34 წლის  ქართველი, თავისი ჩემოდნით, რუს ემიგრანტთა ოჯახს, ტროიანოვსკებს მიადგა. სახლი შონბრუნერის ¹30-ში, კაიზერის სასახლის გვერდით იყო და საკმაოდ პრესტიჟულად გამოიყურებოდა. სტალინს ეს ადგილი შემთხვევით არ აურჩევია, ციმბირის კატორღიდან შორს, ევროპის დედაქალაქში მას შეეძლო დაესვენა, ვენის უნიკალურ ბიბლიოთეკაში აემაღლებინა თავისი თეორიული დონე, ურთიერთობა დაემყარებინა მარქსისტებთან და სხვადასხვა დარგის მეცნიერებთან და ამგვარად შეესწავლა ნაციონალური თემატიკა, ისეთ მრავალეროვან ქვეყანაში, როგორიც ავსტრია-უნგრეთი იყო. აქ გაიცნო მან ბუხარინი, რომელიც გერმანულიდან თარგმნაში ეხმარებოდა; ასევე, ტროცკი, რომელიც მაშინ ავტორიტეტულ სოციალ-დემოკრატ მოაზროვნედ ითვლებოდა. ამ უკანასკნელთან დამეგობრება სტალინმა ვერ მოასწრო, მხოლოდ რამდენჯერმე მოუწიათ ერთად ვახშმობა, ისიც ტროიანოვსკების ოჯახში, ფინჯან ჩაისთან. ეს გასაკვირი არ არის, რადგან ისინი სხვადასხვა წესით ცხოვრობდნენ. ტროცკის არც თეორიული დონის ამაღლება სჭირდებოდა და არც ბიბლიოთეკებში სიარული, მას თავისი საყვარელი ადგილი ჰქონდა – ჰარენგასეს ქუჩაზე მდებარე კაფე „ცენტრალი“ (ახლა იქ ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტრო ფუნქციონირებს), სადაც თეორეტიკოსი მარქსისტები და სხვადასხვა ტიპის მეცნიერები და ხელოვნების მოღვაწეები ისხდნენ დღე და ღამე, ყავასა და ტკბილეულს მიირთმევდნენ და ლაყბობდნენ. ამ პერიოდში ადოლფ ჰიტლერი სტალინზე უარეს შავ დღეში იყო – ფანქრებითა და ფურცლებით დადიოდა ქუჩა-ქუჩა და ესკიზების გაყიდვით ცდილობდა თავის რჩენას.  ისტორიული პიროვნებების ბედი ხშირად იკვეთება, განგება ხშირად გვთავაზობს ტრაგიკომიკურ მომავალს – მაშინ, შორეულ 1913 წელს, ვინ იფიქრებდა, რომ ერთ ლიდერს ოკეანის გაღმა, ემიგრაციაში საცოდავად ჩაკლავდნენ, მეორე თავად მოიკლავდა თავს, მესამე კი უზარმაზარ იმპერიასა და საკუთარ ეპოქას შექმნიდა.
საკუთარ, 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 1949 წელს, ხალხების მამამ გათავისუფლებულ ავსტრიელებს უფლება მისცა, ვენაში, იმ სახლის ფასადზე, სადაც თვითონ ცხოვრობდა, სამახსოვრო საპატიო დაფა გამოეკრათ. სტალინის სიკვდილის შემდეგ, 1955 წელს, საბჭოთა ჯარებმა საბოლოოდ დატოვეს ავსტრია. ამ დაფას მრავალი განსაცდელის გადატანა მოუწია. თავიდან ავსტრიელებს გაუჭირდათ მასთან შეგუება: იყო რამდენიმე თავდასხმა, მას საღებავს ასხამდნენ, იარაღიდანაც კი ესროდნენ, მაგრამ, გავიდა დრო და, ის დღესაც, როგორც ისტორიული რელიკვია, ამშვენებს ვენას, მრავალი ჩასული ტურისტი კითხულობს ამ ადგილს, თუმცა...
1956 წლის  ცნობილი მე-20 ყრილობის  შემდეგ, რომელიც ფაქტობრივად,  სტალინის პიროვნების დისკრედიტაციას  მიეძღვნა, მაშინდელმა საბჭოთა ლიდერებმა ავსტრიის ხელისუფლებას არაორაზროვნად აუხსნეს, რომ შეეძლოთ სტალინის საპატიო დაფის ლიკვიდირება, თუმცა, მათ ეს არ გააკეთეს, რაშიც ავსტრიელ კომუნისტებსაც მიუძღვით წვლილი. უკანასკნელი, ვინც ქალაქის ამ ღირსშესანიშნაობაზე თავდასხმის მცდელობა განახორციელა, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედუარდ შევარდნაძე იყო (ვლადიმირ ბროდზინსკი, „ორი დიქტატორი“, 10.05, 2012 წელი). არავინ იცის, რა მოტივი ამოძრავებდა მას, მაგრამ, ფაქტია, რომ ამ იდეით მიმართა მან ვენის რატუშის ხელმძღვანელობას, თუმცა ამ შემთხვევაშიც, ქალაქის მუნიციპალიტეტმა ცივი უარი თქვა და საპატიო დაფა გადარჩა.

скачать dle 11.3