კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხაფანგში

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹6-22(596)

სალომემ ერთბაშად ვერ გადაწყვიტა, როგორი რეაქცია უნდა ჰქონოდა მიხოს მონაყოლზე. ძმას გაფართოებული თვალებით შეხედა და სინანულის ოხვრა აღმოხდა.
– დიახ, ასეა. შენ ახლა გინდა ივიშვიშე, გინდა იკრუსუნე, ეგ მოიწყობს ცხოვრებას, თანაც – მაგრად. მნიშვნელობა არა აქვს, საყვარლადაც რომ დაუჯდეს, მაინც მოგებული დარჩება.
– გაჩუმდი, ნერვებს მაინც ნუღარ მიშლი! რა სისულელეს ამბობ, ხვდები მაინც? საიდან მოიტანე, რომ იმ ტიპს ქეთისნაირი საყვარელი სჭირდება?
– შეიძლება, საყვარლად მართლა არ სჭირდება, – მხრები აიჩეჩა მიხომ და გამაღიზიანებლად გააწკლაპუნა პირი.
– მაინც, რა იდიოტი ხარ! ერთი სიტყვაც არ მჯერა შენი. მატყუებ. საიდან აკეთებ ასეთ დასკვნებს?
– იქიდან, – მრავალმნიშვნელოვნად ჩაიცინა მიხომ, – დამიჯერე, ვიცი, რასაც ვლაპარაკობ.  მთელი დღე ტყუილად კი არ დავწანწალებდი მაძებარი ძაღლივით, ყველაფერი დავინახე.
– რა დაინახე, მომიყევი დალაგებით და ადამიანურად, სული რომ ამომხადე.
– სამსახურიდან ერთად გამოვიდნენ. არა, თუ ზუსტად გინდა იცოდე, ჯერ უფლისწული გამობრძანდა, საჭეს მიუჯდა და მანქანა, ოფისის კუთხეს ამოაფარა. მერე ქალბატონი ქეთიც გამოვიდა, ჩაჯდა და ერთად წავიდნენ. ისე უყურებდნენ ერთმანეთს... აი, ისე, შეყვარებული თვალებით.
– შენ ამას ჩემს გასაგიჟებლად ამბობ, – გოგომ ფეხები დააბაკუნა და სიმწრით მოიკვნიტა ტუჩი. – არა რა, შენი ნდობა როგორ შეიძლებოდა, სულელი ვარ!
– მოიცადე, ნუ ვარდები. გოგო, გიმეორებ, შენკენ ვარ და, ბოლოს და ბოლოს, მეც მაინტერესებს, რა ხდება.
– შენ რატომ გაინტერესებს?
– იმიტომ... ამას რა მნიშვნელობა აქვს?
– რადგან გეკითხები, ესე იგი, აქვს...
– მომისმენ? გაინტერესებს?
– მოყევი.
– გმადლობ, ნებართვა რომ მომეცი. მოკლედ, სავახშმოდ იყვნენ საკმაოდ მყუდრო და ძვირად ღირებულ რესტორანში. გვიან გამოვიდნენ, ხელიხელჩაკიდებულები – ვიმეორებ, ხელიხელჩაკიდებულები და გაურკვეველი მიმართულებით წავიდნენ.
– მერე?
– რა „მერე“... მერე სახლში წამოვედი, მომშივდა.
– ვაიმე, რა დროს შიმშილი იყო, ბოლომდე ვერ გაყევი?
მიხომ თავი გააქნია:
– საჭიროდ აღარ ჩავთვალე.
– საჭიროდ აღარ ჩათვალა ბიჭმა! – გამოაჯავრა სალიმ, – რა უნდა გელაპარაკო, ყველაზე საინტერესო მომენტში გამოაკლდი თამაშს. ახლა ვერაფერსაც ვერ გავიგებთ.
– მეტი რისი გაგება გინდა?
– პირადად მე, ნაკლებად მაინტერესებს, მხოლოდ გაისეირნეს მანქანით, თუ იქ კიდევ მოხდა რაღაც.
– თუ ასათიანი ერთობა, ქეთი ამას მალე ინანებს, ატირებული მხსნელს დაუწყებს ძებნას და მეც მაშინვე მის გვერდით გავჩნდები; თუ ვცდები და საქმე სერიოზულად არის, ამას თვალთვალის გარეშეც დავინახავთ. თანაც, ძალიან მალე.
– ისე ლაპარაკობ, თითქოს მათი გეგმების შესახებ ცნობილი იყოს შენთვის. ის ტიპი ხომ არ დაჯდა და მოგიყვა, ქორწილს როდის გეგმავს?
– ტყუილად იცინი. არ ვიცი, როგორ მოახერხა შენმა დამ, მაგრამ, ფაქტია, რომ რაღაცით შეძლო ასათიანის დაინტერესება, ეს კი უკვე რაღაცას ნიშნავს.
– ვაიმე, გამისკდება გული! – სალომემ მოვლილი ფრჩხილები მაგრად ჩაასო საკუთარ ხელისგულს და ამოიოხრა, – ლელის უნდა მოვუყვე. ერთად რამეს მოვისაზრებთ.
– არც იფიქრო. ლელის ისტერიკები საქმეს მხოლოდ გააფუჭებს, მოვლენებს დააჩქარებს და სიტუაციის მართვას ვეღარ შევძლებთ.
– ისე ხომ, რაღა, სულ ჩვენზეა დამოკიდებული მათი ურთიერთობა.
– ვინ იცის?! – თვალი ჩაუკრა მიხომ დას, – გააჩნია, როგორ მოვიქცევით. მე რაღაც გეგმა მაქვს.
– რა გეგმა? – უნდობლად ჰკითხა გოგომ, – ეგრევე არ დავიჯერო.
– სხვა არჩევანი გაქვს? გირჩევნია, დამიჯერო შენ ჭკვიანი გოგო ხარ და უნდა მიხვდე, რომ ეშმაკური ტაქტიკით სიტუაციის ჩვენს სასარგებლოდ შემობრუნება შეიძლება.
– რას გულისხმობ? – თვალები მოჭუტა სალომემ.
– დაახლოებით ვხვდები, რამ დააინტერესა ასათიანი.
– რაო? მოიცა, რისი თქმა გინდა?
– გოგო, დამაცადე სათქმელი. რაღაცით ხომ დაინტერესდა ის კაცი! აბა, ქეთის გვერდით რატომ არის? მგონი, ვხვდები, რითი მოხიბლა-მეთქი.
სალომემ ტუჩები გაბუსხა:
– კარგი რა, რომელი ნორმალური კაცი მოიხიბლება ქეთით, ნუ გამაცინე!
– მაგას ნუ იტყვი. არის მასში რაღაც ისეთი. – მიხომ საჩვენებელი თითი ტუჩებთან მიიტანა და ჩაიცინა.
– გეყოფა, ნუ აფრენ. – მაინც რა „რაღაც ისეთი“ ახლა კიდევ ცოტა არა უშავს ჩაიცვა და საფრთხობელას აღარ ჰგავს, თუმცა, მაგარ ნაშობამდე მაინც ბევრი უკლია. მგონი, ტყუილად ვხატავთ სიტუაციას მუქ ფერებში. გაერთობა ის კაცი ორი-სამი დღე და მორჩება ამით. თუმცა, მე ესეც ძალიან მაღიზიანებს.
– ვიცი, მაგრამ, მე დამიჯერე. გეუბნები, ასათიანი სერიოზული ვინმეა და ისე, გასართობად და თავის შესაქცევად არაფერს გააკეთებს.
– კარგი, დაგიჯერე. მითხარი, რა გეგმა გაქვს?
მიხომ გაიცინა და თითები გაატკაცუნა:
– ოო, ცოტა მოცდა მოგიწევს. ყველაფერს თავისი დრო აქვს, ჩემო კარგო... ჯერ მე თვითონ უნდა ჩამოვყალიბდე და დავრწმუნდე რაღაც-რაღაცეებში. იმაში კი ცდები, როცა ამბობ, რომ შეუძლებელია, ქეთიმ მამაკაცი დააინტერესოს. მასში ნამდვილად არის რაღაც ისეთი.
– ნერვებს ნუ მიშლი! – გაცხარდა სალომე და ძმას ბალიში ესროლა...
***
ასათიანმა ნელა მიიტანა ტუჩებთან მუჭში მომწყვდეული ქეთის პატარა თითები და ფრთხილად შეახო ტუჩები.
– ისეთი დაძაბული ხარ... რა ხდება, რისი გეშინია?
– არ ვიცი, ყურადღებას ნუ მომაქცევ, – ხმადაბლა ჩაილაპარაკა ქეთიმ და ხელის გათავისუფლებას შეეცადა.
– ისევ მებრძვი... ნუ მებრძვი, მოეშვი, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ბიჭს მოსწონს გოგო და ცდილობს, უფრო მეტი გაიგოს მის შესახებ – სულ ეს არის. ან, იქნებ, გოგოს არ მოსწონს ბიჭი?
ქეთიმ თავი გააქნია:
– ასე მარტივად რომ იყოს საქმე.
– უცნაური ხარ, – გაეღიმა ასათიანს, – დამფრთხალ ჩიტუნას ჰგავხარ, ნიავიც რომ აშინებს. რაშია სირთულე?
– შენში. შენ ჩვეულებრივი ბიჭი არ ხარ. ამას უჩემოდაც ხვდები და, თუ არ მეთანხმები, მხოლოდ იმიტომ, რომ, არ გინდა, კიდევ უფრო შემაშინო.
– ვერაფრით ვერ დაგეთანხმები. არ ხარ მართალი და, თუ გინდა, ახლავე დაგიმტკიცებ! – მხიარულად წამოიძახა ასათიანმა და უცებ ძალიან დაემსგავსა ცელქ ბიჭს, ონავრობა რომ აქვს ჩაფიქრებული.
– არ გინდათ. მე მესმის, რომ რაღაცას ცდილობთ, მაგრამ, საკუთარ თავს ხომ ვერსად გაექცევით?!
– არც ვაპირებ. თუ ჩემი არაჩვეულებრიობა ამაში გამოიხატება, რომ სხვაზე მეტი ფული მაქვს და, შეიძლება, გავლენაც, ამას ყურადღებას ნუ მიაქცევ.
– შეუძლებელია. წარმოგიდგენიათ მაინც, როგორ უნდა გავმიჯნო თქვენი პიროვნება თქვენივე იმიჯისა და ცხოვრების სტილისგან? როგორ ძალიანაც უნდა მოვინდომო, ვერ შევძლებ ამას. მოგატყუოთ თუ თავი მოვიტყუო?
– ჯერ ერთი, თქვენობით ნუ მელაპარაკები. მეორეც, რატომ არ შეიძლება ამისი გამიჯვნა?
– იმიტომ, რომ მე ვერასდროს მოგიხსნით კომპლექსს და ვერც საკუთარ თავს მოვუხსნი.
– რომელ კომპლექსებზე ლაპარაკობ? ქეთი, მე არანაირი კომპლექსი არ მაქვს.
– თქვენ... ბოდიში, შენ ასე ფიქრობ? არასდროს გაგჩენია ეჭვი, რომ ადამიანები შენ მიმართ პატივისცემასა და სიყვარულს შენი მდგომარეობის გამო გამოხატავენ? არასდროს გაუღიზიანებიხარ იმას, რომ შენი პიროვნული ღირსებები გარკვეულწილად ჩრდილშია მოქცეული?!
ასათიანი შეიჭმუხნა:
– მშვენიერ საღამოს აფუჭებ. რატომ წამოიწყე ეს საუბარი?
– მიზეზი მარტივია – იმიტომ, რომ ვიცი, ჩემ მიმართაც გექნება იგივე ეჭვი.
– ქეთი, რატომ ართულებ ყველაფერს?
– კი არ ვართულებ. ვცდილობ, რეალობა ობიექტურად აღვიქვა. რეალობა კი ასეთია: როგორ ძლიერადაც არ უნდა შემიყვარდეთ, მაინც იფიქრებთ, რომ ამაში თქვენი მდგომარეობაა „დამნაშავე” და ის პლუსები, რომლებსაც ჩვენი ურთიერთობა მომიტანს.
ასათიანი გაჩერდა. გოგოს მხრებში მოჰკიდა ხელი, თავისკენ შეაბრუნა და თვალებში ჩახედა.
– მაოცებს შენი გულახდილობა. სუფთა ფურცელივით ხარ, სარკესავით ზუსტად ირეკლავ ინფორმაციას. მაგრამ, შენ ხომ არ გიყვარვარ?
– ჯერ არა, თუმცა, დიდი შანსია, რომ შემიყვარდეთ. მგონი, ჯერ არც თქვენ გიყვარვართ.
– მე არ ვიცი, რა ჰქვია იმას, რასაც შენ მიმართ განვიცდი, თუმცა, ძალიან მსიამოვნებს და მათბობს. იქნებ, სიყვარულიც ეს არის?
– იქნებ?! – ქეთიმ ამოიოხრა, – თქვენთვის ადვილია, მაგრამ, მე შეცდომის დაშვების უფლება არ მაქვს.
– მეტისმეტად ჭკვიანი ხარ და სერიოზული.
– მერე, ეს ცუდია?
– კარგია, კარგია. ქეთი, მე ვერ ვხვდები, საით მიგყავს ჩვენი საუბარი. ანუ, აღარ შემხვდები და შენთან ურთიერთობას ამიკრძალავ?
– რა უფლება მაქვს, თქვენ აგიკრძალოთ რამე. საკუთარ თავს კი მოვუხერხებ რაღაცას. – ქეთიმ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ისეთი მოძრაობა გააკეთა, ასათიანმა იფიქრა, ტაქსის გაჩერებას აპირებსო, სწრაფად სტაცა ხელი და თავისკენ მოქაჩა:
– ქეთი, ქეთი, ნუ გამექცევი, ძალიან გთხოვ! მე მიგიყვან სახლამდე. თუ გინდა, გზაში ჩუმად ვიქნები და ზედმეტი შეკითხვებით არ შეგაწუხებ.
– არსად არ გავრბივარ. ასე მაგრად ნუ მიჭერთ ხელს, მეტკინა... – ქეთიმ ეს სიტყვები ისეთი შესაბრალისი ხმით წარმოთქვა, რომ ასათიანს გული მოეწურა. ანგარიშმიუცემლად დაიხარა და გოგოს ტუჩებზე დაეწაფა...
***
მარიკომ კოქტეილის ჭიქაში ჩასხმულ სითხეს პლასტმასის ჩხირით კარგად ამოურია და ნინის მრავალმნიშვნელოვნად შეხედა.
– ხომ ხედავ, არავისაც აღარ დაურეკავს. ტყუილად გეშინოდა.
–  მგონი, შარში გამხვიე, და, არც გინდა, აღიარო. ვახოს მე ველაპარაკე, შენ კი არა.
– მერე, რა გითხრა იმ იდიოტმა? – ბრაზით გამოსცრა მარიკომ.
– ჰმ, შენი მიკვირს. მე როცა გეუბნებოდი, იდიოტია-მეთქი, მიმტკიცებდი, მაგარი ტიპიაო. მაგას ისეთი ცოლი ჰყავს, არ მოასვენებს და მოვა ჩემამდეც. მერე რა ვუთხრა, სიმართლე?
– რა სიმართლე, ხომ არ გაგიჟდი?
– აბა, რა ვქნა. ვთქვა, რომ ეგ ნომერი ჩემია და მის ქმარს მობილურზე მესიჯი მე გავუგზავნე?! ძალიან მიყვარხარ, მაგრამ, ამ დარტყმას საკუთარ თავზე ვერ მივიღებ. ბოლოს და ბოლოს ხომ გაფრთხილებდი მაინც.
– გასაგებია. ესე იგი, შენი იმედი არ უნდა მქონდეს.
– გააჩნია, რაში. არავითარი სურვილი არ მაქვს, ჭკვიანი ქალის ბასრი ფრჩხილების მსხვერპლი გავხდე.
– ვახომ გითხრა, ჩემი ცოლის ფრჩხილებს მოერიდეო?
– რა მნიშვნელობა აქვს. ვახოს თქმა არ სჭირდება ამის მიხვედრას.
– მე რაღა ვქნა?
ნინიმ მხრები აიჩეჩა:
– იმედი უნდა იქონიო, რომ ვახოს ცოლი იმ ახსნა-განმარტებებით დაკმაყოფილდება, რაც ქმრისგან მიიღო და ძებნას არ დაგიწყებს.
– როგორ ვერ ვიტან, ასეთ „ჩმორიკა” კაცებს. როგორ, თავისი ცოლი ვერ უნდა გააჩუმოს? ასე როგორ აზის თავზე?
ნინიმ შუბლშეკვრით გადააქნია თავი:
– რა უცნაურად მსჯელობ. რას ნიშნავს, ცოლი ვერ გაუჩუმებია და თავზე აზის?! დამნაშავეა იმ ცოლთან და კიდევ დიდ გულზეც უნდა იყოს?! ეს რა ლოგიკაა?
– გოგო! – გაცხარდა მარიკო, – შენ ჩემი მეგობარი ხარ, თუ ვახოს ცოლის?
– შენი, შენი და, არ მინდა, იმ ქალებს დაემსგავსო, ცოლიან კაცებს ოჯახებს რომ უნგრევენ და ამტკიცებენ, მაგათ პრობლემები ისედაც ჰქონდათ, მე არაფერ შუაში ვარო. შენ ხომ იცი, ეს როგორი უსუსური არგუმენტია.
– მე არგუმენტები არაფერში მჭირდება. ვახოსთანაც არ მქონია შორსმიმავალი გეგმები. პატარა ფლირტისთვის ასეთი სკანდალი?!
– ცოლი ჰყავს იმ ადამიანს, ცოლი! ვაიმე, რატომ არ გინდა გაიგო? თანაც, ეჭვიანი, იმიტომ, რომ შენ მისი ქმრის ცხოვრებაში პირველი ფლირტი არ ხარ. ვერ ვხვდები, რას ერჩი იმ ქალს, ის რა შუაშია? შენი თავი წარმოიდგინე მის ადგილას.
– ჩემი უბედურებაც მყოფნის, რომ ახლა მის ადგილას არ წარმოვიდგინო თავი, – ჩაილაპარაკა მარიკომ და თვალები აუელვარდა.
– უშო შენ დაიბარე? ნინი, რა უცნაური ხარ. მშვიდად ლაპარაკი და ყავის დალევა მინდოდა. სად შემიძლია ამის ტირადების მოსმენა.
– გოგო, მართლა რომ მოგივარდეს ის ქალი, დამცველი ხომ უნდა გყავდეს? რატომ იცი შენ „ავარდნა”? უშო რას დაგიშავებს?
– ისეთი მოჟამული სიფათით მოდის, არ უნდა იყოს გუნებაზე. აშკარად ეგეც მარცხენა ფეხზეა ამდგარი.
უშო მაგიდას მიუახლოვდა, მანქანის გასაღები დაუდევრად მიაგდო და სკამზე დაუპატიჟებლად დაენარცხა.
– რა მოხდა? – ჰკითხა ნინიმ.
– ცუდ გუნებაზე ვარ.
– რატომ? სამსახურში გაქვს პრობლემები?
– არა. სამსახური არაფერ შუაშია. არც პრობლემები არ მაქვს, ისე ვარ ცუდ გუნებაზე. არ შეიძლება?
– როგორ არ შეიძლება. აი, მარიკო ქრონიკულად ცუდ გუნებაზეა, თუმცა, მიზეზიც აქვს საამისოდ. შენ კი ისეთი „ფეხზემკიდია” ტიპი ხარ, გამიკვირდა. – მხრები აიჩეჩა ნინიმ.
– მიზეზი მეც მაქვს, – ჩაიბურტყუნა უშომ და ოფიციანტი გოგონა თითით მოიხმო, – ცოტა თუ არ დავლიე, არ გამოვა.
– მერე, მანქანა? ძალიან გინდა გაგაჩერონ და დაგაჯარიმონ?
– შენ დაგსვამ საჭესთან. შენ ხომ ხარ ფხიზელი? ჰო, მართლა, რისთვის გამომიძახე?
– ისე.
– „ისე“ რას ნიშნავს, მოგენატრე? – უკმაყოფილოდ შეუბღვირა ბიჭმა დას, – მე კი ვიფიქრე, რამე სიურპრიზს მიწყობს-მეთქი. პრინციპში, სიურპრიზი კი გამოგივიდა, მაგრამ შენგან დამოუკიდებლად.
ნინიმ გაოცებით შეხედა:
– რა სიურპრიზზე ლაპარაკობ?
– ერთი თქვენი თანამშრომელი ვნახე საკმაოდ ინტიმურ გარემოში, – თქვა ცოტაოდენი ყოყმანის მერე უშომ და ამოიოხრა. მარიკო მაშინვე გაწითლდა და ჭიქიდან კოქტეილის იმხელა ყლუპი მოსვა, ლამის დაიხრჩო. ნინიმ  მაგიდის ქვეშ შეუმჩნევლად წაჰკრა ფეხი მეგობარს და მერე ძმას მიუბრუნდა:
– ვინ ნახე? რომელი ჩვენი თანამშრომელი, ან, რას უძახი შენ ინტიმურ გარემოს? სანთელი გეჭირა ვინმესთან?
– შანდალი, – ჩაიცინა უშომ, – ქეთი ვნახე, თქვენ შეფს ჰკოცნიდა.
***
ასათიანმა მანქანა სადარბაზოდან ოდნავ მოშორებით გააჩერა და ქეთის დამნაშავესავით შეხედა.
– ძალიან მინდა შენ გვერდით ყოფნა, მაგრამ, უნდა წავიდე ვახოსთან უნდა მივიდე, თორემ, დახოცავენ ერთმანეთს.
– ვინ ვის მოკლავს და დახოცავს? ვერაფერი გავიგე. უბრალოდ, მაინტერესებს, მაგრამ, თუ არ გინდა, ნუ მეტყვი.
– დასამალი არაფერია. ვახომ და მისმა ცოლმა იჩხუბეს. ეჭვიანი ცოლი ჰყავს.
ქეთი მოიღუშა. მეხსიერებაში ისევ გაიელვა წარსულის კადრებმა. ცრემლები... სკანდალი... ისტერიკა... საყვედურები და დროებითი ზავი.
– საშინელებაა, როცა კაცი ცოლს ატყუებს. საზიზღრობაა და მძულს ასეთი კაცები.
– მართლა? – ასათიანმა დაეჭვებული, ცნობისმოყვარე მზერა მიაშტერა ქეთის, რომელსაც ამ სიტყვების თქმისას ზიზღით შეაჟრჟოლა. – ქეთი, მე და შენ ამ საკითხზეც უნდა ვილაპარაკოთ, ოღონდ, მერე, ახლა მართლა მეჩქარება.
– მესმის, არ არის პრობლემა. სასაუბრო კი არაფერია. უბრალოდ, მე ასეთი პოზიცია მაქვს, მძულს ღალატი და მოღალატეები.
– ვახო მოღალატე კი არა, სულელია. – გაეღიმა ასათიანს და ამოიოხრა, – არ გინდა იმისი ცოლის დამშვიდება?! ძალიან კარგი გოგოა, მაგრამ, როცა ბრაზობს... ახლა კი, ძალიან არის გაბრაზებული. თუ არ მივალ, შეიძლება ოფისში მომაკითხოს და უარესი იქნება.
ქეთიმ თავი დაუქნია და მანქანიდან გადავიდა. ასათიანმა მოასწრო, მისი ხელი დაიჭირა და ტუჩებთან მიიტანა.
– ხვალ გნახავ?
– არ ვიცი. მე ჩვეულებრივი სამუშაო დღე მაქვს.
– კარგი, არ მოგაცდენ, საღამოს კი რაღაცას მოვიფიქრებ.
... ქეთი ფეხაკრეფით შეიპარა საძინებელში და საწოლზე გაუხდელი მიწვა. პირველად იგრძნო სიხარულნარევი დაღლილობა. ეს რაღაც ახალი იყო და მთელ სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა. თვალები დახუჭა და განვლილი დღის ნელ-ნელა, ეტაპობრივი გახსენება დაიწყო ეპიზოდებად, ერთმანეთის მიყოლებული ფრაგმენტებით. გული ზეიმობდა. თუმცა, გონება მაინც აპროტესტებდა და გამაფრთხილებელ „სიგნალს” რთავდა. ქეთის ძალიან უნდოდა ეს „სიგნალი” ჩაეხშო და გონება მთლიანად დაემორჩილებინა გულისთვის, მაგრამ ცხოვრებამ სიხარულის შიშიც ასწავლა. მისთვის ხომ უცხო იყო ეს ყველაფერი. ძალიან უნდოდა ვინმესთვის მოეყოლა და გაეზიარებინა ის ემოცია, რამაც გული პირთამდე აუვსო. გვერდით მხოლოდ გიო ჰყავდა და ისიც არ ჰყავდა. ძმა ეპატარავა გრძნობაზე სალაპარაკოდ. ისევ ლოგინში ჩაწოლა და საკუთარ თავთან მარტო დარჩენა არჩია, მაგრამ, ჯერ აბაზანაში უნდა შესულიყო. მიაყურადა და, როცა დარწმუნდა, დერეფანში არავინ იყო, კარი ნელა გამოაღო. კბილების ხეხვისას რაღაც ხმაურისმაგვარი მოესმა. მერე ყველაფერი მიჩუმდა. როცა თავი სამშვიდობოს, ანუ საკუთარი საძინებლის ზღურბლზე დაიგულა, სწორედ მაშინ სტაცა ვიღაცამ მაჯაზე ხელი და შიშისგან იკივლა.
– ჩუმად, რა გაყვირებს?
– გული გამიხეთქე. რა უნდა გელაპარაკო, აქ რა ჯანდაბას აკეთებ?
– შენ გელოდები, – მიხომ გაიცინა, – რატომ დაიპარები ფეხაკრეფით. ლელის გეშინია?
– არავისიც არ მეშინია. თავი დამანებე. – შეუტია ქეთიმ და ხმას ოდნავ აუწია.
მიხომ ირონიულად შეხედა და თავი გადააქნია.
– როგორ გამამაცდი? დიდ გულზე ხარ. თვალებშიც თამამად მიყურებ. პრინციპში, ეს ასეც უნდა იყოს, არ მიკვირს.
– მიხო, რა გინდა?
– „მიხო, რა გინდა”... – შენი ხმა ჩიტის ჭიკჭიკივით ჩამესმის. თუმცა, უწყინარ ჩიტუნიას აქამდე ჰგავდი. ახლა კლანჭებიც გამოაჩინე და ჩანისკარტებაც ისწავლე.
– არ ვაპირებ შენი სისულელეების მოსმენას. გამატარე, გზას ნუ მიღობავ.
– თორემ, რას იზამ? ბრჭყალებით დამკაწრავ, თუ ჩამინისკარტებ? დღეს ძალიან ლამაზი იყავი. კინაღამ ვერ გიცანი. ლამის დავიჯერე, რომ სიყვარული საოცრებებს ახდენს. თუმცა, მე ყოველთვის მომწონდი. არის შენში რაღაც ისეთი, რაც კაცს შენი ჩახუტების სურვილს უჩენს, – მიხომ ხელები გაშალა და გოგოსკენ გაიწია... თითქმის მაშინვე გაისმა საშინელი ლაწანი და მიხოს მომენტალურად გაუწითლდა ლოყა...
– გოგო! – შეჰყვირა აღშფოთებულმა.
– გოგო კი არა, ახლავე მომცილდი, თორემ, ისეთ საშინელ სკანდალს ავტეხ... ლელისაც არ მოეწონება და ახლავე გაგისტუმრებს აქედან.
მიხომ მექანიკურად გადადგა უკან ნაბიჯი და კედელს აეკრა. ერთიანად აკანკალებული ქეთი ოთახში შევარდა და კარი შიგნიდან ჩაკეტა. ნატრობდა, რომ გიოს არ გაეგონა ხმაური. კაბინეტი, სადაც ბიჭს ეძინა, იქვე იყო... მიხომ მოახერხა და მთელი სიხარული ჩააშხამა. ისიც დაანახვა, რომ ამ სახლში სრულიად დაუცველი იყო და გოგომ პირველად იფიქრა იმაზე, რომ, შესაძლოა, ასათიანი ის შანსი ყოფილიყო, რომელსაც მას ბედი უგზავნიდა. ამ ფიქრს მოებღაუჭა წყალწაღებულივით. ბალიში ორივე ხელით ჩაიხუტა და თვალები დახუჭა.
***
ცისიამ ქმარს სიძულვილით შეხედა და მუქარით დაუქნია თავი.
– ტყუილად იშლი ნერვებს და ტყუილად მიბღვერ. აი, მოვა დიმა და გაიგებ, რომ შენთვის არ მიღალატია.
– რას მეუბნები?! ხომ არ გგონია, ისეთი სულელი ვარ, ვერ ვხვდებოდე, რომ დიმა შენს დანაშაულს ხელს დააფარებს?! მიუხედავად იმისა, რომ შენთან შედარებით პატიოსანია, მაინც არ გაგწირავს და შენს დაცვას შეეცდება.
– ეგ რა შუაშია?! ხელს დამაფარებს  კი არა, სიმართლეს იტყვის.
– ყველას თავისი სიმართლე აქვს... მადლობა მითხარი, ოფისში რომ არ მივედი და ის ვიღაც ნინი კედელთან არ მივაყენე.
– ცისია, რას ლაპარაკობ, დაფიქრდი!
– გირჩევნია, გაჩუმდე, ასე ადვილად არ ჩაგივლის ეს ამბავი, – მშვიდად, მაგრამ მკაცრად თქვა ქალმა და ვახო მიხვდა, რომ ამჯერად მართლა სერიოზულად იყო საქმე. მაინც სცადა და უკანასკნელ შანსს მოებღაუჭა:
– გეფიცები, ამჯერად მართლა არაფერი ჩამიდენია ისეთი.
– „ისეთი” – აი, ეს სიტყვა მაგიჟებს! ორი ვარიანტი უნდა განვიხილო, ანუ, ორ ვარიანტად უნდა განვიხილოთ. პირველი...
– ცისია, რა არის, სასამართლოს მიწყობ?
– გაჩუმდი! პირველი – ანუ, აქამდე „ისეთებს” აკეთებდი და ეს იმათთან შედარებით არაფრად აღარ მიგაჩნია და, მეორე – გააჩნია, შენთვის „ისეთი” რა არის. კიდევ არის ერთი ფაქტორი: აღარ მაინტერესებს „ისეთის” ხარისხი. დავიღალე. და, აღარ მინდა, შენ გვერდით ვიცხოვრო. მუდმივად სტრესში ვიყო. ვიტირო და ვინერვიულო. არ ღირხარ ამად.
– ოჯახი? შვილები, არც ესენი ღირს ამად?
– არა, იმიტომ, რომ ცალმხრივად ოჯახს ვერ შევინარჩუნებ. ამაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.
ვახომ ხელი ჩაიქნია:
– შენი სიჯიუტე სისულელედ მიმაჩნია. ასე არ შეიძლება!
– ჰო?! ვნახოთ, დიმა რას იტყვის.
– დიმა სამართლიანი ადამიანია და, იმედი მაქვს, მისი საღი აზრი მაინც იქნება გათვალისწინებული. აი, მგონი, მოვიდა კიდეც.
– იჯექი მანდ, კარს მე გავაღებ, – ცისიამ ქმარს ავად შეხედა და კარის გასაღებად გაემართა.
ასათიანი ორივე ხელში პარკებით დახუნძლული შემოვიდა და ცისიას ლოყაზე აკოცა.
– ბავშვებს რაღაცეები მოვუტანე. ნათლია ვარ, ბოლოს და ბოლოს. აქ არიან? მომენატრნენ.
– არა, დედაჩემთან წაიყვანა მძღოლმა. არ მინდა, ჩვენს საუბარს ხელი შეუშალონ.
– ცისია, იცი, რატომ მოვედი? თქვენ შორის კონფლიქტი უნდა დავამთავრო. ორივე მიყვარხართ, ძალიან მაწუხებს თქვენი ამბავი და ამიტომაც მოვედი. ყველაფერი მივატოვე და აქეთ გამოვიქეცი. არადა, ვერ ვიტან ასეთ სიტუაციებს. მით უმეტეს, ცოლ-ქმრის კონფლიქტი მხოლოდ მათი მოსაგვარებელია.
– გეთანხმები, მაგრამ, მე როგორც პროფესიონალი, ისე მოგიწვიე, შენი დახმარება მჭირდება. ვეყრები ვახოს.
ასათიანი შეიჭმუხნა და ოთახში შევიდა. ვახომ ანიშნა, ცუდად არის საქმეო და ნაძალადევად გაუღიმა.
– მე ყავას მოვიტან, – თქვა ცისიამ, – რამე მაგარსაც ხომ არ დალევ?
– შენ რომ იცი, ის კოქტეილი მომიმზადე.
ცისიამ ეჭვით შეხედა:
– მარტო გინდა დარჩენა შენს ძმაკაცთან, რომ ერთად დაგეგმოთ, როგორ გამაცუროთ? იცოდე, არაფერი გამოგივათ, ჭკუა ვისწავლე.
– რას ამბობ, ცისია, შენი მოტყუება არც მიფიქრია. ხომ გითხარი, მშვიდობის დასამყარებლად ვარ მოსული-მეთქი. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენს ინტერესებს არ დავიცავ.
– კარგი, ვნახოთ, რა გამოგივა, „მშვიდობის მტრედო”. თუმცა, მე თითქმის მიღებული მაქვს გადაწყვეტილება. ამჯერად ვეღარ გამოძვრება შენი ძვირფასი მეგობარი.
ვახომ თავი გადააქნია:
– კიდევ დააშავე რამე? – ხმადაბლა ჰკითხა ასათიანმა, – იცოდე, თუ ცისიას კონკრეტულ ფაქტზე ჰყავხარ გამოჭერილი, მე ვერაფერს გიშველი.
– რა ფაქტზე, რას ამბობ? ის ერთი მესიჯი აქვს, სულ ეგ არის.
– ჰმ, სულ ეგ არის, არა?! იცი, პრობლემა რაშია? მანამდეც არ იქცეოდი წესიერად და ამოუვიდა ქალს ყელში.
ვახო უკმაყოფილოდ დაიჭყანა.
– შენ მართლა მაგის დასაცავად ხარ მოსული? ოჯახი მენგრევა, ტო...
– ოჯახი ენგრევა ბიჭს. მერე, ვისი ბრალია? ჭკუას მაინც ვერ სწავლობ. გამაგიჟე. თითქოს  მეტი საქმე არ მქონდეს. იცი, ამდენ ხანს რატომ არ მომყავდა ცოლი? – პასუხისმგებლობის გამო. საკუთარ თავში არ ვიყავი დარწმუნებული. მეშინოდა, რომ ცდუნებისგან თავს ვერ შევიკავებდი.
– კარგი, რა! ყველა კაცმა რომ ეგ იფიქროს, ცოლს აღარავინ მოიყვანს. – ხელი ჩაიქნია ვახომ და მეგობარს მუდარით შეხედა, – მიშველე, რა...
ოთახში ცისია შემოვიდა ლანგრით ხელში.
– ცოტა მეტი ალკოჰოლი ჩავასხი.
– ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ მძიმე საუბარი გვექნება? – გაუღიმა ასათიანმა.
– ეგ უკვე შენზეა დამოკიდებული. არ მინდა, სასამართლომდე მივიდეს საქმე. ოთხი შვილით რა უფლებები მაქვს, უნდა ვიცოდე და ამ ვაჟბატონმაც ხელი არ უნდა შემიშალოს. უთხარი, დამთანხმდეს განქორწინებაზე.
– არა, არა, ასე არაფერი გამოვა. ჯერ მე არ ვარ თანახმა. ვახოს შენთვის არ უღალატია. დარწმუნებული რომ არ ვიყო, თავს არ დავდებდი. ხომ მიცნობ და იცი, ტყუილად ხელს არ დავაფარებ.
– მერე, მე არც ვამტკიცებ, რომ მიღალატა. მაგისი პრობლემა ისაა, რომ, რეალურად, მაგის თავიც არა აქვს, მაგრამ, ეს აღარ მაინტერესებს. აღარ მინდა, ვიცხოვრო კაცთან, რომელსაც მუდმივად აქვს ჩემი ღალატის სურვილი.
– სურვილის არსებობა დანაშაულს არ ნიშნავს – გააპროტესტა ვახომ.
– ჩემთვის აქვს! – მოუჭრა ცოლმა, – შეხედე, კიდევ ხმას რომ იღებს?! უსინდისო!
– შენ მართლა გაჩუმდი! – ასათიანმა ვახოს შეუბღვირა, თან ანიშნა, ჯერ მე დამაცადეო.
– ცისია, მომისმინე. მე ვიცი, შენ რა გაწუხებს და მართალიც ხარ, მაგრამ, ხომ ხედავ, როგორ ინანიებს დანაშაულს? ერთი შანსი უნდა მისცე.
– მე მაგას მივეცი შანსი და არ გამოიყენა. სურვილები უფრო ძლიერი აქვს და რა ვქნა?!
– არ უღალატია-მეთქი.
– არ მაინტერესებს.
– ჩემი ხათრით და პასუხისმგებლობით ძალიან გთხოვ.
– არ შემიძლია, ჯერ მითხარი, ნინი ვინ არის?
– ჩემს ოფისში მარტო ერთი ნინია და უწყინარი, პატარა გოგოა. გამორიცხულია ამათ შორის ფლირტი მაინც ყოფილიყო.
– გინდა, ის მესიჯი წაგაკითხო?
ასათიანმა უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
– ვიცი, შინაარსი. მერე რა, ეგ არაფერს ნიშნავს. მთავარია, რომ შენ უყვარხარ, ბავშვებიც...
– რომ გავეყრები, უფრო შევუყვარდები, – ჯიუტად იდგა თავისაზე ქალი.
– ნუ ჩამაშხამებ ახლა ბედნიერებას – ბოლო „კოზირი” გამოიყენა ასათიანმა – შეიძლება მალე ცოლი შევირთო და ორივე მჭირდებით. გესმით? მინდა ორივე გვერდით მყავდეთ.

скачать dle 11.3