კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა თეატრალიზებული შოუ დადგეს პოლიციის ოპერმუშაკებმა ორი საშიში დამნაშავის დასაკავებლად


პოლიციური სპექტაკლი

თბილისელები, 30 წლის აკაკი ო-ია და 35 წლის მერაბ კ-ძე დასავლეთ საქართველოდან დედაქალაქში „ოპელის“ „ჯიპით“ მოემართებოდნენ და პოლიციის ოპერჯგუფმა იმ დროს აიყვანა, როდესაც ისინი ერთ-ერთ გზისპირა რესტორანში შეჩერდნენ სავახშმოდ. ზემოაღნიშნული პირების დაკავება ერთი გასროლის გარეშე, მაღალ პროფესიულ დონეზე მოხდა.

ოპერატიული მონაცემების თანახმად, ორივე მათგანი განსაკუთრებით საშიში იყო და კბილებამდე შეიარაღებულებს სასტიკი წინააღმდეგობის გაწევა შეეძლოთ პოლიციისთვის. მაგრამ, გზისპირა რესტორანში პოლიციის მიერ გათამაშებულმა სპექტაკლმა სისხლისღვრისგან იხსნა როგორც იქ შეკრებილი ადამიანები, ასევე პოლიციელები.

აკაკი ო-ია და მერაბ კ-ძე ორადგილიან მაგიდასთან, გასასვლელთან ახლოს ისხდნენ და ლიმონათს სვამდნენ, თან შეკვეთილ საჭმელს ელოდნენ, თან ისინი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიასა და გზატკეცილს უთვალთვალებდნენ და მზად იყვნენ, ნებისმიერი საშიშროების შემთხვევაში, ცეცხლსასროლი იარაღები და ფეთქებადი ნივთიერებები გამოეყენებინათ. ამ დროს რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანთა თორმეტკაციანი ჯგუფი გამოჩნდა, მათ შორის სამი ქალი იყო და წინ მეგაფონიანი ახალგაზრდა მამაკაცი მოუძღვოდა, რომელიც მთელი ხმით გაჰყვიროდა: „მიშა, გადადექი! მიშა, გადადექი!“ დანარჩენები კი მის სიტყვებს იმეორებდნენ და ბოლოს ყველამ ერთად დასჭექა: – „შე-მო-გვი-ერთ-დით!“ პროტესტანტთა ჯგუფმა რესტორანში შეუხვია. რამდენიმე საპროტესტო მოწოდების შემდეგ მათ ფურცლები და კალმები მოიმარჯვეს, მაგიდებს ჭიანჭველებივით შეესიენ და პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნის შესახებ რესტორნის კლიენტებს თავიანთი ხელმოწერების დაფიქსირებას სთხოვდნენ. ორი მათგანი მერაბ კ-იძისა და აკაკი ო-იას მაგიდასთანაც მივიდა და, სანამ ისინი აბეზარ პროტესტანტებს ხელმოწერაზე უარს ეტყოდნენ, „პროტესტანტებმა“ მათ ხელები გადაუგრიხეს, ხელბორკილები დაადეს და ჰაერში აყვანილები ისე სწრაფად გაიყვანეს შენობიდან, რომ რესტორნის კლიენტურა და მომსახურე პერსონალი პირდაღებული დატოვეს. ეგრეთ წოდებული „პროტესტანტები“ სინამდვილეში პოლიციის ოპერმუშაკები იყვნენ და მსგავსი თეატრალიზებული სპეცოპერაცია სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად ჩაატარეს...

სისხლიანი გაქცევა

დაკავებული აკაკი ო-ია და მერაბ კ-ძე სპეციალურ მიკროავტობუსში მოათავსეს და გაჩხრიკეს. აკაკი ო-იასგან ამოღებული იქნა 1 ცალი „ჩეზეს“ სისტემის პისტოლეტი, „უზის“ ავტომატი და 2 ცალი ხელყუმბარა. მერაბ კ-იძეს კი აღმოაჩნდა 1 ცალი „ბერეტა – R-93“, „აკაეს-უ-ს“ სისტემის ავტომატი, რომელიც მას ქურთუკის ქვეშ ჰქონდა დამალული და 3 ცალი ხელყუმბარა. გაიჩხრიკა დაკავებულების „ოპელის“ „ჯიპიც“, რომელიც აკაკი ო-იას ეკუთვნოდა და მოგვიანებით თბილისში იქნა გადაყვანილი. „ჯიპის“ საბარგულში პოლიციამ 2 ცალი „აკაემის“ სისტემის ავტომატი, 10 ცალი ხელყუმბარა, 19 ათასი ევრო, 5 700 დოლარი, 3 ათასი ლარი და 15 გრამი ჰეროინი აღმოაჩინა.

აკაკი ო-ია ერთ-ერთი კერძო ფირმის დაცვის სამსახურში იყო გაფორმებული და ნასამართლობა არ ჰქონია, მერაბ კ-ძე კი გასული საუკუნის 90-იან წლებში რუსეთში იხდიდა სასჯელს და ერთ-ერთი ცნობილი კრიმინალური დაჯგუფების წევრი იყო. თუმცა, კოლეგებთან უთანხმოების გამო ის რუსეთიდან საქართველოში გამოიქცა და თავის ძველ მეგობართან – აკაკი ო-იასთან აფარებდა თავს, რომელიც ცოლთან გაყრილი იყო და თბილისის ერთ-ერთ რაიონში მარტო ცხოვრობდა. ცოლთან გაყრილი იყო რუსეთიდან გამოქცეული მერაბ კ-ძეც, რომელმაც 25 წლის მეუღლე და 2 წლის შვილი მოსკოვში დატოვა.

1973 წელს დაბადებულ მერაბ კ-ძეს მდიდარი კრიმინალური წარსული აქვს: ის 11 წლის იყო, როდესაც თავისი მეზობლის ბინა გაქურდა. მაშინ, მერაბ კ-ძე მხოლოდ აღრიცხვაზე აიყვანეს ბავშვთა ოთახში. 12 წლის ასაკში მან უფრო სერიოზული დანაშაული ჩაიდინა: მასზე უფროს ორ მოზარდთან ერთად, მოქალაქე ანდრია გ-ძეს ბინაში შეუვარდა და თვითნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღების გამოყენებით მათ 6 ათას მანეთად ღირებული ოქროს სამკაულები გაიტაცეს. მაგრამ, უნიღბო მძარცველები მეორე დღესვე დააკავეს და 16 და 17 წლის დამნაშავეები ციხეში ჩასვეს, 12 წლის მერაბ კ-ძე კი ეგრეთ წოდებულ ძნელად აღსაზრდელ ბავშვთა სახლში გაამწესეს, რომელიც ქალაქ ცხინვალში მდებარეობდა. ცხინვალში მერაბ კ-ძემ 3 წელი გაატარა და, როგორც მის დოსიეში არსებული ჩანაწერები მოგვითხრობს, გამოირჩეოდა აგრესიულობით, დისციპლინის რეგულარული დარღვევით, ქურდული სამყაროსადმი პატივისცემითა და სწრაფვით და მცირეწლოვანთა კოლონიაში გადაყვანის რეალურ კანდიდატად ითვლებოდა. თუმცა, 1988 წლის 30 დეკემბერს, 15 წლის მერაბ კ-ძემ ცხინვალის ღია ტიპის ბავშვთა გამოსასწორებელი სახლიდან გაქცევა მოახერხა. მან ბავშვთა სახლის აღმზრდელისგან 32 წლის გალინა გ-ევასგან, რომელთანაც მას სქესობრივი ცხოვრება აკავშირებდა, შეიტყო, რომ ბავშვთა სახლის ადმინისტრაცია მის ავჭალის მცირეწლოვანთა კოლონიაში გადაყვანას გეგმავდა. მერაბ კ-ძემ გალინა გ-ევას გაქცევაში დახმარება სთხოვა და ამ მიზნით დიდი რკინის კარის გასაღების მოტანა დაავალა, რომლის გარეშეც ის ბავშვთა სახლიდან ვერ გაიქცეოდა. თუმცა, დაკარგვის შიშით, გალინა გ-ევამ 15 წლის საყვარელს უარი უთხრა და ადმინისტრაციასთან დაბეზღებით დაემუქრა. მაშინ მერაბ კ-ძემ გალინა გ-ევას თავში უთო ჩაარტყა და გონება დააკარგვინა. მაგრამ ქალს ისე მაგრად ჰქონდა ხელში ჩაბღუჯული რკინის კარის გასაღები, რომ მერაბ კ-ძემ ქალს თორმეტჯერ ჩაარტყა ხელის მტევანში დანა, ხელი გაახსნევინა და ამგვარად მოახერხა გასაღების ხელში ჩაგდება და გაქცევა. გალინა გ-ევამ თითქმის ორი ლიტრი სისხლი დაკარგა, თუმცა მისი გადარჩენა მოახერხეს და როცა ბავშვთა სახლის აღმზრდელი გამოჯანმრთელდა, სასამართლომ მას 3 წლით პირობითი სასჯელი მიუსაჯა არასრულწლოვანის გარყვნისთვის... ცხინვალიდან გაქცეულმა 15 წლის მერაბ კ-ძემ კი, რუსეთს შეაფარა თავი, კრიმინალურ საქმიანობაში ჩაება და, მიუხედავად იმისა, რომ ძებნილი იყო, მისთვის არავის ეცალა, რადგან, საბჭოთა კავშირი იშლებოდა და რამდენიმე წლის მერე ის აღარავის ახსოვს...

გაუთოებული ოჯახის თავი

აკაკი ო-იას და მერაბ კ-ძის დაკავება მხოლოდ მას შემდეგ დაიგეგმა, როდესაც პოლიციამ დასავლეთ საქართველოში მომხდარი ერთ-ერთი ყაჩაღობის შესახებ ოპერატიული ინფორმაცია შეიტყო.

გზისპირა რესტორანში დაკავების წინა დღეს, აკაკი ო-ია, მერაბ კ-ძე და უშანგი ყ-აია, ა-ძეების ოჯახში შეიჭრნენ. ყაჩაღებს ნიღბები ეკეთათ, პისტოლეტებით იყვნენ შეიარაღებულები და ოჯახის წევრები, 70 წლის ევგენი ა-ძე, მისი მეუღლე, ანა ა-ძე (66 წლის), რძალი ირინა კ-ძე და შვილი მალხაზ ა-ძე, ჯერ გაკოჭეს და ფული და ძვირფასეულობა მოსთხოვეს, მაგრამ, უარი რომ მიიღეს, 32 წლის აკაკი ო-იამ 70 წლის ევგენი ა-ძე წელს ზემოთ გააშიშვლა, ზურგზე გახურებული უთო დაადო და ამგვარად აიძულა მისი ახლობლები, რომ ფული გამოეჩინათ. ა-ძეების გაძარცვის შემდეგ, აკაკი ო-იამ და მერაბ კ-ძემ უშანგი ყ-აიას მისი კუთვნილი წილი 10 ათასი ევრო დაუტოვეს, გამოემშვიდობნენ და დაშორდნენ. უშანგი ყ-აია, რომელიც ყაჩაღობაში აღებული წილით ნარკოტიკების საყიდლად ნარკომოვაჭრესთან მივიდა, პოლიციამ ფაქტზე დააკავა და სწორედ უშანგი ყ-აიას გათქმითი ჩვენების შედეგად მოხერხდა აკაკი ო-იას და მერაბ კ-ძის კვალზე გასვლა.

უშანგი ყ-აიას ყაჩაღობის 179-ე, 260-ე ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის – 260-ე და ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო შეძენა-ტარების 236-ე მუხლებითაა ბრალდებული და თხუთმეტწლიანი პატიმრობა ემუქრება. აკაკი ო-ია და მერაბ კ-იძეც ანალოგიური მუხლებით არიან ბრალდებულნი, თუმცა მათ დამამძიმებელი გარემოებებიც ემატებათ და, გამორიცხული არაა, რომ უვადო პატიმრობა მიესაჯოთ.

როგორც კონფიდენციალურმა წყარომ „თბილისელებს“ აცნობა, ზემოაღნიშნულ საქმეში სხვა დანაშაულებრივი ეპიზოდებიც ფიგურირებს და კიდევ ორი ადამიანი იძებნება...


скачать dle 11.3