კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ თამაშობს ამერიკა წაუგებელ თამაშს საქართველოს ფიზიკურად ყოფნა-არყოფნის ხარჯზე

რუსი პოლიტოლოგ-ექსპერტები ახლა უკვე მიკიბვ-მოკიბვის გარეშეც აცხადებენ, რომ, თუკი ნატოს საქართველოში შემოსვლა გარდაუვალი გახდება, რუსეთი დიდ ომს სწორედ საქართველოს ტერიტორიასა და საქართველოს ხარჯზე გააჩაღებს, რასაც, ყველაზე ცუდ სცენარში, საქართველოს ტერიტორიის რეგიონულ მეზობლებს შორის დანაწილება მოჰყვება. მეორე მხრივ, რაკი ბაიდენის ვიზიტის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ანტირუსული რიტორიკა გაამძაფრა, სავარაუდოა, რომ სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებით ჩვენი ოკეანისგაღმელი პარტნიორიცაა დაინტერესებული (საგულისხმოა, რომ რუსულ პოლიტლექსიკონში ბრიუსელი და ვაშინგტონი უკვე ერთ, დასავლურ კონტექსტში მოიხსენიება). რაკი ძალიან ცოტა პოლიტიკოსი თუ გარისკავდა, რომ თავისი ქვეყანა ორი ბირთვული სახელმწიფოს ძალების მოსასინჯ ასპარეზად ექცია, ჩნდება ეჭვი, რომ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მიხეილ სააკაშვილი შეუცვლელი კანდიდატია. როგორი იქნება რუსეთ-ამერიკის დაპირისპირების მეორე რაუნდი (რომელსაც ოფიციალურად, რუსულ-ქართული ომი ჰქვია) და რა დარჩება ამის შემდეგ საქართველოსგან, ამის გარკვევას პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ერთად შევეცდებით.

– საკითხების იმ კასკადს, რაზეც თქვენ ისაუბრეთ, საფუძვლად უდევს მთავარი საკითხი: რა პოლიტიკა შეიძლება, ჰქონდეს დასავლეთს, როგორც მთელს და რა როლი გვექნება ამ პოლიტიკაში ჩვენ, როდესაც შემდეგი რაუნდი იქნება. პოლიტიკოსებმა შეიძლება, ერთი რამ თქვან, მეორე კი იფიქრონ, ასე რომ, ლოგიკით მივადევნოთ თვალი პროცესებს. დასავლეთს უნდა, რომ უსაფრთხო იყოს მისი ენერგომომარაგება; ამერიკას უნდა, რომ გავლენა შეინარჩუნოს, რათა არ გააგდონ ევროპის კონტინენტიდან. არადა, ამერიკამ შეამჩნია, რომ, როგორც კი რუსეთის საფრთხე ჩაქრა და დაიწყო ლაპარაკი რუსეთის დემოკრატიული ოჯახის წევრად გახდომაზე, გერმანიამ და საფრანგეთმა ცოტათი ზურგი შეაქციეს ამერიკას და იფიქრეს, რომ ახლა უკვე შეიძლება ამერიკული გავლენიდან გამოსვლა. ასე რომ, რუსეთის საფრთხის წინ წამოწევა ძალაუნებურად ამ ევროპულ ქვეყნებს ამერიკაზე დამოკიდებულს ხდის და ეს ხელს აძლევს ამერიკას.
– ესე იგი, რუსეთი აუცილებლად ვიღაცის ხარჯზე უნდა გახდეს სახიფათო და ეს „ვიღაც“ ვართ ჩვენ?
– მაქეთკენ მივდივარ. მეორე მხრივ, თვითონ რუსეთსაც აძლევს ხელს, რომ სახიფათო იყოს, რადგან საბჭოთა ნოსტალგია გაუჩნდა: როდესაც მისი ეშინოდათ, ანგარიშს უწევდნენ, როდესაც მისი აღარ ეშინიათ, ანგარიშსაც არ უწევენ და ამიტომ გადაწყვიტა, გახდეს სახიფათო. ესე იგი, მოხდა ლოგიკური დამთხვევა და, შესაძლოა, სრულიად შემთხვევითაც. რუსეთის სახიფათოობა ყველაზე მკაფიოდ გამოჩნდა საქართველოსთან მიმართებაში ერთი წლის წინათ. სწორედ ამიტომაც აჩერებდა ბუში სარკოზის: მას სჭირდებოდა, რომ რუსული დათვი მთელი სიგრძე-სიგანით დაენახა ყველას და შემდეგ ამერიკისთვის ეთხოვათ, გვიშველეო. მეორე მხრივ, ვნახეთ ისიც, თუ რა თავგანწირვით იბრძოდნენ ევროპული ქვეყნები, რომ დათვი არ დამდგარიყო ტორებზე, რადგან მაშინ ევროპა ხვდება ორ ცეცხლს შუა და უნდა აირჩიოს, შეწვა ურჩევნია თუ მოხარშვა. ამდენად, აგვისტოს ომმა ამერიკული და რუსული ინტერესების წისქვილზე ერთდროულად დაასხა წყალი.
– საქართველო წინასწარ მზადდებოდა იმ არენად, სადაც რუსეთის სახიფათოობა უნდა გამოჩენილიყო?
– ქვეყანას არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ ისე დალაგდა ჩვენი ისტორია, რომ დამოუკიდებლობის პირველი დღეებიდანვე ანტირუსული ორიენტაცია ავიღეთ. ზვიადთან ეს გამოიხატა კავკასიური სახლის იდეის შექმნასა და დუდაევთან დაახლოებაში და შედეგად მეტად მცირე ინტერვალით, ორივე დაიღუპა. შემდეგ შევარდნაძემ დაიწყო იმ ქვეყნების შემოვლა, რომლებსაც ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ რუსეთთან. ცხადი გახდა, რომ ისიც აპირებდა საქართველოს რუსული სივრციდან გაყვანას და შედეგად მივიღეთ აფხაზეთის ომი. მიშა სააკაშვილზე აღარაფერს ვიტყვი, რადგან ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ ხდება. ისე რომ, რუსეთისგან გაქცევის მისწრაფებით საქართველო თვალშისაცემი ქვეყანაა, თუნდაც, ყაზახეთისგან განსხვავებით, რომელიც რუსეთს ისე სპობს თავის შიგნით, რომ ერთ ზედმეტ მოძრაობას არ აკეთებს. ჩვენ ეს ყველაფერი გავაკეთეთ ხმაურით. რადგან ეს მკაფიო და ხმაურიანია, რა თქმა უნდა, ყველაზე გამოსადეგი ვარიანტიც არის. ამას გარდა, ჩვენს ხმაურს აქვს ლოგიკაც: წართმეული აფხაზეთი და ცხინვალი. მეორე მხრივ, დასავლეთს ჰქონდა ორი თემა: ნავთობსადენები და ნატო. სწორედ ნატოს თემა გაიხადა რუსეთმა დასაპირისპირებლად და არა იმიტომ, რომ ნატო რუსეთს საფრთხეს უქმნის, არამედ იმიტომ, რომ ის არის მიზეზი, რომელზეც რუსეთს შეუძლია, აჩვენოს თავისი ძალა.
– არც თქვენ გამორიცხავთ მეორე რაუნდს, რომელიც საბედისწერო შეიძლება, აღმოჩნდეს ჩვენთვის?
– რაც შეეხება მეორე რაუნდს, დავარქვათ მას „ობამას რაუნდი“. ბაიდენის საქართველოში ვიზიტს ისეთი ინტონაცია და ტონალობა ჰქონდა, რომ ის არ იყო რუსეთთან ურთიერთობის დარბილებაზე ორიენტირებული. ბაიდენი რუსეთზე ლაპარაკობდა, როგორც მასწავლებელი ცუდ მოსწავლეზე და გამორიცხულია, ამაზე რეაქცია არ ჰქონოდა რუსეთს, ისევე, როგორც გამორიცხულია, რომ ეს არ სცოდნოდა ამერიკას.
– ანუ ამერიკას აძლევს ხელს რუსეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო გამწვავება?
– ვერ ვიტყოდი, ეს ამერიკის პოზიციაა თუ სწორედ ბაიდენისა და მისი ჯგუფისა.
– მაგრამ ბაიდენმა თქვა, ჩემი ბაგეებით ობამა ლაპარაკობსო. ხომ არ მოგვატყუებდა ეს მეფისტოლა კაცი?
– მგონია, რომ ჯერ ობამასაც არ აქვს ჩამოყალიბებული მკაფიოდ თავისი პოლიტიკა ამ მიმართულებით და უფრო მოსინჯვები მიდის. ამ ეტაპზე ბაიდენის ვიზიტი ბუშის სტრატეგიის გაგრძელებაა: დაპირისპირება ხდება საჯაროდ და არა კულუარებში. ხოლო, როდესაც ტრიბუნიდან მიდის ზეწოლა, ამან, შეიძლება, კონფლიქტის პროვოცირება გამოიწვიოს.
– და რას მიიღებს, ამერიკა ამ კონფლიქტით?
– რუსეთის დისკრედიტაციას.
– მაგრამ რუსეთს ხომ ვხედავთ, რომ არ აინტერესებს ეს დისკრედიტაცია?
– მაგრამ თვითონ ამერიკას აინტერესებს, რომ რუსეთი აღარ იყოს ანგელოზი ევროპელების თვალში. ამერიკასაც აძლევს ხელს, რომ ევროპელებს ეშინოდეთ რუსეთის და ამიტომ უყვარდეთ ამერიკა. ამ ლოგიკით, რაც უფრო საშიში იქნება რუსეთი, მით უკეთესია ეს ამერიკისთვის. ესე იგი, მეორე რაუნდი იქნება პირველის განმტკიცება.
– და პირველზე უარესი?
– უარესი თავისი პოლიტიკური შედეგით, მაგრამ, სამხედრო თვალსაზრისით, შეიძლება, არც იყოს უარესი. ეჭვი მაქვს, რომ რუს პოლიტიკოსებს აქვთ სურვილი, იმოქმედონ ისევე, როგორც ამერიკელებმა იმოქმედეს ერაყში. ეს იმას ჰგავს, როდესაც პატარა ბიჭი სიგარეტს ეწევა, რომ დაემსგავსოს დიდ „ძველ ბიჭს“. ადრე ეშინოდათ ატომური ომის, მაგრამ დღეს ატომური ომი ნაკლებად ლოგიკურია და ამიტომ რუსეთმა ლოკალური ომების ინიციატორად დაანახვა თავი ევროპას.
– თუ მეორე რაუნდი პოლიტიკურად წამგებიანი იქნება, ესე იგი ამერიკას საქართველოს გავლენის სფეროდ ქცევის განზრახვა არ ჰქონია. თუ მისთვის მთავარია, რომ ევროპას შეეშინდეს რუსეთის ჩვენი დარბევის ხარჯზე?
– ამერიკა დღეს რუსეთს ედავება უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, საქართველოს ოკუპაციას და ორი რეგიონის აღიარებას. წარმოიდგინეთ, რამდენი სადავო ექნება რუსეთთან, თუკი განმეორდება კონფლიქტი?!
– თუ პოლიტიკური შედეგი უარესი იქნება, ესე იგი, ამერიკა წირავს სააკაშვილს?
 – არ მგონია, რომ სააკაშვილის ფიგურა ამ კონტექსტში გადამწყვეტი იყოს, ის, უბრალოდ, ხელსაყრელია.
 – თვითონ სააკაშვილი ვერ ხვდება, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება, გაიწიროს? ფიზიკურადაც კი?
– აქვს სხვა სვლა?!
– პოლიტიკიდან წასვლა არ არის სვლა? ფიზიკურად მაინც გადარჩება და, შეიძლება, ქვეყანაც გადარჩეს ფიზიკურად?
– ვინც მოვა, ისიც იმავე პოლიტიკას განაგრძობს, რადგან ეს უკვე აღარც სააკაშვილის პოლიტიკაა. საქართველოს პოლიტიკა იმიტომ არის ანტირუსული, რომ ხალხი მოითხოვს ანტირუსულ პოლიტიკას. ასე რომ, ძალაუნებურად ეს პოლიტიკა გაგრძელდება, რადგან აფხაზეთი და ცხინვალი აღარ არის.
– გასაგებია, რომ ხალხი რადიკალურია და აქვს საამისოდ მიზეზები, მაგრამ პოლიტიკოსმა ხომ უნდა აუხსნას თავის ხალხს, თუ ასე გავაგრძელეთ, ჩვენგან სველ ადგილს არ დატოვებენ და მოვიქცეთ, როგორც ყაზახეთი?
– არის ერი, რომელსაც ურჩევნია, გმირულად მოკვდეს, „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსაო“.
– და თქვენ ფიქრობთ, დღევანდელი ქართველები სწორედ ასეთ გმირულად სიკვდილზე ვოცნებობთ?!
– ჩვენ გვირჩევნია, რომ სხვები იხოცებოდნენ გმირულად და ამიტომაც ვარადიკალურებთ ჩვენს პოლიტიკოსებს. ბაიდენმაც თავისი გამოსვლით უზრუნველყო ეს ჩვენი რადიკალიზმი და გვითხრა: იყავით რადიკალურები და მე თქვენ გვერდით ვიქნებიო, თუმცა არ დაუზუსტებია, რით გამოიხატება მისი გვერდით ყოფნა.
– ესე იგი, ჩვენ და ჩვენი ქვეყანა უნდა შევაკვდეთ რუსეთის ბუობის წარმოჩინებას?
– ერთი რამ გავაცნობიეროთ და ამას ვამბობ განსაკუთრებით რუსული ორიენტაციის მომხრეთა საყურადღებოდ: ეს ქვეყანა რომ არ შეაკვდეს რუსეთს და თქვას, რუსეთის გარდა არავინ მინდაო, რუსული პოლიტიკა მაინც არ შეიცვლება! აჩემებული გვაქვს, რუსეთს აფხაზეთი და ოსეთი უნდა, ხელისუფლების ჩამოშლა უნდაო, მაგრამ, რეალურად, რუსეთს ეს ქვეყანა არ სჭირდება და რომ არ სჭირდება, ეს კარგად ჩანს ბელორუსიის მაგალითზე. ამხელა ბელორუსია ეხვეწებოდა, შენი ჭირიმე, შენი ნაწილი გამხადეო და რუსეთმა ხან რა მოიგონა, ხან – რა, რომ ბულორუსია-რუსეთის კავშირი არ შემდგარიყო.
– და ლუკაშენკოს დააბრალა ყველაფერი.
– რა თქმა უნდა, ისე გადაათამაშა, რომ ლუკაშენკოა დამნაშავე. რუსეთის ეკონომიკასა და პოლიტიკას დამატებითი ნაწილები არ სჭირდება, ძლივს უვლის თავისას. ასე რომ, არ აქვს ინტერესი, დაიიღლიავოს საქართველო, ამიტომაც არ ჩქარობდა აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებას. რუსეთი ცდილობს, მოიპოვოს თავისი გავლენის სივრცე, მაგრამ პასუხისმგებლობის ტვირთის აღება არ უნდა, ამდენად, არც ჩვენი სახელმწიფო აინტერესები და არც ჩვენთან მეგობრობა, რადგან, თუ იტყვის, მეგობარი ვარო, მან რაღაც პასუხისმგებლობა შენზე ხომ უნდა აიღოს?! არადა, თუ ვიტყვით, რომ რუსეთის მეგობრები ვართ, დასავლეთი ხომ აღარ გამოგვიგზავნის იმ ოთხ მილიარდს?! მაშინ რა უნდა ჭამო?!
– რუსეთი ბაზარს თუ გაგიხსნის, შენ თვითონ შეჭამ. არის ამაში ლოგიკა?
– ან გაგიხსნის, ან – არა. აბა, ჰკითხეთ, სომხებს გახსნილი აქვთ ბაზარი?!
– სომხეთს გზა ჩვენზე უდევს.
– მაგრამ მილიარდიან ტრანშებს არ უგზავნის სომხეთს რუსეთი. ასე რომ, რუსეთი არც სამეგობროდაა სასურველი პარტნიორი და არც სამტროდ, მით უმეტეს, როდესაც მას სჭირდება სიტუაცია, რომლიდანაც ვინმეს შეაშინებს და აი, ამ სიტუაციაში ამოგვირჩია ჩვენ.
– ნატოს თემას რუსეთი იყენებს იმისთვის, რომ შეაშინოს დასავლეთი. ამერიკა რატომღა იყენებს ნატოს თემას, რომ უფრო გაახელოს რუსეთი და ჩვენც აზარტში შეგვიტყუოს?
– უფრო დაძაბულობის სტიმულატორია. იმიტომაც უნდათ ნატო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, რომ არსებობს მეხუთე მუხლი.
– მუშკეტერების მუხლი: „ერთი ყველასთვის და ყველა – ერთისთვის!“
– მაგრამ სამი მუშკეტერის ეს ფორმულა არ ამოქმედებულა და სრულიად ბუნდოვანია, როგორ ამოქმედდება, საქმე-საქმეზე რომ მიდგეს. ამას გარდა, ვნახეთ ისიც, რომ ნატოს წევრ ქვეყნებში ნატომ დიდად ვერ შეუწყო ხელი კონფლიქტების მოგვარებას. ასე რომ, ამ მხრივ რაიმე განსაკუთრებული მექანიზმი ნატოს არ აქვს. ამდენად, ნატოს წევრ ქვეყნებსაც ეშინიათ რუსეთის. მართალია, სამხედრო მსხვილმასშატაბიანი კონფრონტაცია შეუძლებელია, მაგრამ, სამაგიეროდ, ნატოს შევიწროება-გაფართოების ფაზები რუსეთის საფრთხობელად გამოჩენის საშუალებას იძლევა და ამერიკის აუცილებლობას უსვამს ხაზს. ამის სიმბოლო ნამდვილად არის ნატო.
– ცოტა პოლიტიკოსი თუ გარისკავს, ასე აშკარად შეალეწოს თავისი ქვეყანა ორი ქვეყნის ინტერესებს, მაშინაც კი, თუ სხვა სვლა არ აქვს. ესე იგი, სააკაშვილი შეუცვლელია და იმიტომაც გაძლებს მეორე ვადის ბოლომდეც? ანუ ეს არის მისი პოლიტიკური დღეგრძელობის საფუძველი?
– სანამ მას სჩვევია ასეთი რადიკალური სტილი, ეს რადიკალიზმი კი ხელს აძლევს დიდ მოთამაშეებს, ალბათ, მისი ფიგურაც სასურველი იქნება კარგა ხანს. რაც შეეხება სააკაშვილის შიდა მდგომარეობას: მე მის პიროვნებას არ ვეხები, რადგან ეს არის პიროვნება, რომელსაც შეუძლია, თქვას, გადავდგებიო. მაგრამ სააკაშვილის გარშემო არის უზარმაზარი სისტემა, რომელიც დამოკიდებულია სააკაშვილზე და ოპოზიციამ ეს სისტემა ვერ დაარწმუნა, რომ იგი იარსებებს სხვა ხელისუფლის პირობებშიც, ამიტომ სისტემა სააკაშვილს კიდევ უფრო მიეწება. ოპოზიციის შეცდომა იყო მუქარა, ყველას ჩამოვკიდებთო, რადგან ამან, ფაქტობრივად, უბიძგა მთელ ამ სისტემას, რომ სააკაშვილის გარშემო დამდგარიყვნენ.
– ამას გარდა, ოპოზიცია ვერავითარ შემთხვევაში ვერ შესთავაზებდა დასავლეთს იმაზე მეტს, ვიდრე სთავაზობს სააკაშვილი და მისი სისტემა?
– არ ვიცი, აქვს თუ არა ეს პოლიტიკა სააკაშვილს დაგეგმილი, რადგან ხანდახან აღმოჩნდება ხოლმე, რომ ასეთ იმპულსურ ნაბიჯებშიც კი არის თავისებური ლოგიკა. სანამ გზის ბოლომდე არ გახვალ, ვერ იტყვი, როგორი იყო გზა. სააკაშვილის მოდელი ასეთია: ავტეხოთ რაც შეიძლება დიდი ხმაური, დავკარგოთ ტერიტორიის ნაწილი, ოღონდ კიდევ უფრო გავზარდოთ დაპირისპირება დასავლეთსა და მსოფლიოს შორის და ამ დაპირისპირებაში მოიგებს საქართველო. არც ეს არის გამორიცხული, მაგრამ ეს ისევ რადიკალური გზაა: ან ყველაფერი, ან არაფერი. ეს პრინციპი, შესაძლოა, ამართლებდეს პიროვნებასთან მიმართებაში, მაგრამ ერის პრინციპად ამის ქცევა ძალიან სახიფათოა, თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ შედეგიანი აღმოჩნდეს. კონფრონტაციის ამ პრინციპით ყველა სხვადასხვა ხეირს ნახულობს: ამერიკა იმას, რომ მასზეა ორიენტირებული ევროპა; რუსეთი იმას, რომ მისადმი უფრო დამთმობი ხდება დასავლეთი; საქართველო კი იმას, რომ მიაწვებიან რუსეთს და ამით თვითონ მოიგებს რაღაცას, ან უფრო დამთმობი გახდებიან რუსეთის მიმართ და რუსეთს საქართველოს წვალება აღარ დასჭირდება.
– მარტივ მაგალითს მოვიყვან: თუ იცი, რომ საქმე, რომელსაც აკეთებ, ერთი პროცენტით მაინც საფრთხეს უქმნის შენი შვილის სიცოცხლეს, იმ საქმეს თავი არ უნდა დაანებო?
– მაგრამ პოლიტიკაში მოსულა ასეთი რამ. გავიხსენოთ იოსებ ბესარიონოვიჩი, მან თავისი შვილი გაწირა, იმიტომ, რომ პოლიტიკოსებისთვის ადამიანის სიცოცხლე უფრო დიდი თამაშის საშუალებაა. ერთი რამეცაა: სააკაშვილზე, არ მგონია, ტერიტორიების დაკარგვის გამო იყვნენ აღშფოთებული, რადგან შევარდნაძემ გაცილებით მეტი ტერიტორიები დაკარგა და მსხვერპლიც უფრო დიდი იყო, მაგრამ ასეთი აღშფოთება არ ყოფილა, იმიტომ, რომ მათ ერთი წლის განმავლობაში იბრძოლეს, ზოგიერთი ბრძოლა მოიგეს და სახელმწიფოს მეთაური ბომბის ქვეშ იდგა, შარშან კი არც ერთი არ ყოფილა. დიდი აღშფოთების საფუძველი ის არის, რომ სააკაშვილი ორ დღეში სამარცხვინოდ დამარცხდა. ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ დამარცხდები.
– რა თქმა უნდა. პეტრე ბაგრატიონმა წააგო აუსტერლიცის ბრძოლა, მაგრამ ის იმ წაგებული ომის გმირია.
– ასე რომ, საქმე წაგება-მოგებაში არ არის, საქმე ისაა, როგორ წააგებ.
–  რა გამოდის, რომ ჩვენ, შეუძლებელია, გვქონდეს დამოუკიდებელი პოლიტიკა და ყოველთვის უნდა გავიჭყლიტოთ სხვების ბრძოლაში, იმ იმედით, რომ იქნებ თითო-ოროლა გადავრჩეთ?
– გავიხსენოთ საქართველოს ისტორია: ჩვენ ასეთი ბედის ქვეყანა ვართ. ამდენი საუკუნის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ თუ სამჯერ გვქონდა პერიოდი, როდესაც დამოუკიდებლად ვაკეთებდით რაღაცას, სხვა შემთხვევებში, ჩვენი მეფე სხვას სთხოვდა მეფობის უფლებას. აი, ასეთია პატარა ქვეყნის ბედი. მთელი უბედურება თუ ბედნიერება ის არის, რომ, ძველი დროისგან განსხვავებით, დღეს ჩვენი მნიშვნელობა გაიზარდა. ამ ენერგომატარებლების თემის ფონზე კავკასია და საქართველო გაცილებით საკვანძო ადგილი გახდა. თუ პატარა ბავშვს ოქროს დიდ ჯაჭვს ჩამოჰკიდებ, დიდხანს ექნება ის ჯაჭვი ყელზე?! ხომ მოვლენ დიდი ბიჭები და თავში წამოარტყამენ?! ამიტომ იმ პატარა ბიჭს დიდი ბიჭიც უნდა გააყოლო და იმ დიდ ბიჭს რაღაცაც უნდა მისცე, ხინკლის ფული. მილსადენებმა ყურადღების ცენტრში მოგვაქცია, მაგრამ უნდა შევძლოთ დიდ თამაშებში გააზრებულად ჩართვა. უნდა ვიცოდეთ, ვის რა უნდა ჩვენგან. არაერთგზის თქმულა და გავიმეორებ: პოლიტიკაში არ არსებობენ მეგობრები, პოლიტიკაში არსებობს ინტერესები. თუ დასავლეთთან ალიანსი გამოვა, საქართველო გახდება მთავარი ქვეყანა კომუნიკაციებისთვის, თუკი ეს არ გამოვა, ევროპა კიდევ უფრო მიეწებება ამერიკას. ასე რომ, ამერიკა, ნებისმიერ შემთხვევაში, მოგებულ თამაშს თამაშობს საქართველოსთან მიმართებაში.

ნინო ხაჩიძე


скачать dle 11.3