კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გავლენა ჰქონდათ ქართველ კანონიერ ქურდებს ლეონიდ ბრეჟნევის ქალიშვილზე


განაჩენი

მოსკოვის ერთ-ერთ ქურდულ მალინაზე, რომელიც ვორსის შესახვევში მდებარეობდა და კანონიერი ქურდის, ვასილ ისაევის, მეტსახელად „სტილეტის“ ქვრივს, ანა ბასოვას ეკუთვნოდა, ქურდული შეკრება იმართებოდა. შვიდი ქურდი ჯერ კიდევ თავიანთი კოლეგის, ნუგზარ აბაშიძის, მეტსახელად „ჯოტოს“, საკითხს იხილავდა. „ჯოტოს“ ქურდები მილიციასთან თანამშრომლობაში სდებდნენ ბრალს და ერთი თვის წინ დაპატიმრებული ქურდების, ვართან პოღოსიანის, მეტსახელად „ვართოს“ და მიხეილ ქადაგიძის, მეტსახელად „ტახის“ ჩაშვებაში ადანაშაულებდნენ. „ვართომ“ და „ტახმა“ მილიციის მაიორი ლუდვიგ კასაბაევი და კაპიტანი რამაზან კაბაევი მოკლეს და იმალებოდნენ, საკავშირო ძებნაში იმყოფებოდნენ. მილიცია „ჯოტოს“ ბინაში მძინარეებს დაადგა თავს და აიყვანეს. „ვართომ“ და „ტახმა“ კი მილიციელები შურისძიების მიზნით დახოცეს, რადგან კასაბაევმა და კაბაევმა ერთ-ერთი დაკავების ოპერაციისას, საქვეყნოდ ცნობილი ქურდი, 70 წლის პავლე ვორონცოვი, მეტსახელად „მგელი“ პისტოლეტებით ჩაცხრილეს. „მგელი“ თავის ბინაში, ლენინგრადში იმყოფებოდა და მილიციელებისთვის არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწევია. მიუხედავად ამისა, „მგელს“ 12 ტყვია ჰქონდა სხეულში ჩარჩენილი, 4 კი – გამავალი, გამჭოლი ჭრილობა იყო. საერთო ჯამში ნატყვიართაგან 10 სასიკვდილო აღმოჩნდა...

– რით ახსნი, ჯოტო, რომ ვართო და ტახი შენს ბაითში აყარეს. მით უმეტეს, რომ ეს ამბავი თქვენ სამმა იცოდით, – უთხრა ნუგზარ აბაშიძეს კანონიერმა ქურდმა ლეონ პეტროსიანმა, მეტსახელად „ხარმა“, – ისინი საკუთარ თავს არ ჩაუშვებდნენ, რადგან იცოდნენ, რომ დახვრეტა არ ასცდებოდათ. ასე რომ, გამოდის, შენ ჩაუშვი. ძაღლებთან ხარ შეკრული. თანაც, შენ „სვაბოდაზე“ დარჩი. ან თავი იმართლე, ან უნდა მოკვდე!

– თავს ვერ ვიმართლებ, მაგრამ სიკვდილის ღირსი არ ვარ, რადგან მე არ ჩამიშვია ჩვენი ძმები და უდანაშაულო ვარ, – თქვა ჯოტომ, – ერთსაც დავამატებ, ან ყველაფერი შემთხვევით მოხდა, რაც არ მგონია, ან ჩვენ შორის მილიციის აგენტი მუშაობს და უნდა, ერთმანეთი გაგვანადგურებინოს.

ჯოტოს სიტყვებმა ქურდებზე არ იმოქმედა და მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. თუმცა, ჯოტომ წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მაგრამ ქურდებს ყველაფერი წინასწარ ჰქონდათ მომზადებული. ჯოტო გაკოჭეს, შემდეგ სარდაფში ჩაიყვანეს, ყელი გამოჭრეს და ფურგონიანი „მოსკვიჩით“ მდინარე იაუზაზე ჩაიყვანეს, ნაპირზე დააგდეს და წავიდ-წამოვიდნენ.

38 წლის ნუგზარ აბაშიძე თბილისში დიდი პატივით დაკრძალეს და მიუხედავად იმისა, რომ უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი, ამ პროცესიას არც ერთი კანონიერი ქურდი არ დასწრებია...

საიდუმლო შეხვედრა

ჯოტოს მკვლელობაში, „სხოდკაზე“ მყოფი შვიდივე ქურდი მონაწილეობდა და სისხლის სამართლის კოდექსით, ყველას დახვრეტა ეკუთვნოდა ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის. ეს ყველაფერი კარგად იცოდნენ ქურდებმა. ამიტომ მოილაპარაკეს, რომ არასოდეს არავისთან მოყვებოდნენ ამ ისტორიას. თუმცა, შავ სამყაროში ჯოტოზე ხმა გაავრცელეს, „ბოზი“ იყო და სწორედ ამიტომ არ მისულან ქურდები მის გასვენებაშიო.

ნუგზარ აბაშიძის მკვლელობიდან მერვე დღეს, ანუ ჯოტოს დაკრძალვიდან ორი დღის მერე, კანონიერი ქურდი ლეონ პეტროსიანი, იგივე ხარი, პარიკით შეინიღბა, მისთვის უჩვეულოდ ელეგანტურად შეიმოსა და მოსკოვის სამხრეთში მდებარე ხუთსართულიან სახლს ეწვია. ამ ძველებური შენობის ბოლო სართულზე, ¹20 ბინაში მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებროს („მური“) კონსპირაციული შტაბი იყო, სადაც, მილიციის პოლკოვნიკი არტემ ვართანოვი საიდუმლო შეხვედრებს მართავდა თავის აგენტებთან. ხარი, სწორედ ვართანოვთან შეხვედრაზე მივიდა და როგორც კი ¹20 ბინაში, ფეხი შედგა პოლკოვნიკმა ჰკითხა:

– კუდი ხომ არ აგკიდებია?

– კარგი, რა, სარქისოვიჩ, – მხრები აიჩეჩა ხარმა, – ჩემი გამოცდილების კაცისთვის ასეთი კითხვის დასმა შეურაცხმყოფელია.

– კარგი, კარგი, ნუ გწყინს, – უთხრა ხარს ვართანოვმა, – დეტალურად მოყევი ჯოტოს ამბავი.

– ექვსივე აი, აქ მყვანან, – ხარმა შეკუმშული მუშტი უჩვენა პოლკოვნიკს, – ჯოტოს დაბრედვაში ყველამ თანაბარი წვლილი შეიტანა და კარგად იციან, რომ საქმე საქმეზე რომ მიდგეს, დახვრეტა არც ერთს არ ასცდება.

– მათ შორის, არც შენ, – დაამატა პოლკოვნიკმა.

– სარქისოვიჩ, ნუ მთარსავ, – ნაძალადევი ხუმრობით თქვა ხარმა.

– სულაც არ გთარსავ. უბრალოდ, გაფრთხილებ! იცოდე, არაფერი დამიმალო! თქვენ შვიდში შენ გარდა კიდევ ორი აგენტი მყავს და რომ იცოდე, შენს მერე მათაც უნდა შევხვდე და ყველაფერი მოვაყოლო. ამიტომ გირჩევ, არასოდეს არაფერი მომატყუო და დაგიფასდება! – მუქარის ტონით უთხრა პოლკოვნიკმა ხარს. თუმცა მოატყუა. რადგან, ჯოტოს მკვლელ ქურდებს შორის მილიციის აგენტი მხოლოდ ხარი იყო, დანარჩენები კი ბრმა იარაღად გამოიყენეს აბაშიძის მოსაშორებლად.

„მურის“ პოლკოვნიკი არტემ სარქისის ძე ვართანოვი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლეონიდ ბრეჟნევის სიძის, იური ჩურბანოვის პირადი მითითებით მოქმედებდა. ჩურბანოვმა მას რამდენიმე კანონიერი ქურდის მოშორება და კრიმინალური სამყაროს გავლენიან ნაწილზე კონტროლის დაწესება დაავალა. საქმე ის იყო, რომ ჩურბანოვი ამით თავისი მეუღლის, გალინა ბრეჟნევას კრიმინალურ გარემოცვას ფარულად ანადგურებდა, რითაც სამაგიეროს უხდიდა თავის აღვირახსნილ ცოლს. გალინას კრიმინალური გარემოცვის უმრავლესობას კი ქართველები შეადგენდნენ და ჯოტო ამ დაპირისპირების პირველი მსხვერპლი გახლდათ. როგორც ჩურბანოვი, ასევე პოლკოვნიკი ვართანოვი, შინაგან საქმეთა მინისტრის და თავად გალინა ბრეჟნევას გვერდის ავლით, ფარულად მოქმედებდნენ. ეს მშვენივრად იცოდა პოლკოვნიკმა ვართანოვმა და ცდილობდა, მცირედი შეცდომაც არ დაეშვა.

ძმა – ძმისთვის

38 წლის ნუგზარ აბაშიძეს 25 წლის მეუღლე, ეკატერინე და 11 თვის ვაჟი მერაბი დარჩა. მისი სიკვდილიდან მეორმოცე დღეს ჯოტოს ქვრივი მეუღლის საფლავზე იყო ასული კუკიაზე და 2 საათის განმავლობაში მიწაზე დამხობილი მისტიროდა დაღუპულ ქმარს. უკვე ბინდდებოდა, როდესაც სახედასიებულმა, ნამტირალევმა ეკამ თავი ასწია და გვერდით მდგომ მამაკაცს შეხედა, ჯერ წამოიკივლა, შემდეგ კი გულწასული დავარდა მიწაზე... მამაკაცმა ქალი წამოაყენა, მუხლებზე გადაიწვინა და უთხრა:

– გონს მოდი, ეკა, ნუ გეშინია.

ქალმა თვალები გაახილა, ფეხზე წამოხტა. ჯერ მარცხნივ გაიხედა და საფლავის ქვაზე დახატული ქმრის სურათს დააკვირდა, შემდეგ მამაკაცს შეხედა, რომელიც სურათს გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა და უთხრა:

– ვინ ხარ?

– შენი ქმრის ტყუპისცალი ვარ და სინამდვილეში ნუგზარი მე მქვია, შენს ქმარს კი მშობლებმა აკაკი დაარქვეს. მოდი, ახლა სახლში დავბრუნდეთ და დანარჩენს იქ მოგიყვები, – უთხრა მოკლული ქურდის ტყუპისცალმა რძალს. შემდეგ წვერ-ულვაში აიკრა, თავზე ქუდი ჩამოიფხატა და ეკასთან ერთად ვერის უბნისკენ გაემართა, სადაც ჯოტოს ბინა მდებარეობდა.

სახლში რომ დაბრუნდნენ, ეკამ მეზობელთან დატოვებული ჩვილი შემოიყვანა, აჭამა და დააძინა. შემდეგ ჩაი დაალევინა მაზლს და უთხრა:

– საოცრად ჰგავხართ ნუგზარს.

– ეჰ, ჩემო დაიკო, – თვალებიდან ცრემლები ჩამოუგორდა ტყუპისცალს, – რომ არა მსგავსება, შენი ქმარი ახლა ცოცხალი იქნებოდა. მოკლედ, მისმინე. მე და კაკო რომ დავიბადეთ, ჩვენი მშობლები უკვე იყრებოდნენ. განა იმიტომ, რომ ერთმანეთი არ უყვარდათ, არა – მათ უერთმანეთოთ სიცოცხლე არ შეეძლოთ, მაგრამ მამაჩემის დედა დედაჩემს ვერ იტანდა და მან დააშორა ჩვენი მშობლები. შენი ქმარი, ჩემი ძმა კაკო კი თან წაიყვანა.

– ეგ როგორ?

– როგორ და დააშანტაჟა, რადგან თავადური წარმოშობის იყო, დაემუქრა, თუ ერთ შვილიშვილს არ გამატან, დაგაბეზღებო. ოცდაათიან წლებში კი ასეთი ბრალდება სიკვდილის ტოლფასი იყო. ამიტომ, დედამ ერთი შვილი დედამთილს გაატანა, რომ მეორე შვილი და სიცოცხლე შეენარჩუნებინა. გატანებული შვილი მე აღმოვჩნდი და იმის გამო, რომ მამაჩემი ომში დაიღუპა, ბებია მზრდიდა. თუმცა, ბებია ვერ მიმკლავდებოდა, გზას ავცდი და ბოროტმოქმედი გავხდი. ვქურდობდი, ვყაჩაღობდი და ერთ-ერთი ყაჩაღობისას დანით ადამიანი შემომაკვდა. გაქცევა კი მოვასწარი, მაგრამ ჩემი თითების ანაბეჭდებიანი დანა შემთხვევის ადგილზე დარჩა და მილიციამ ძებნა დამიწყო. საკმარისი იყო ჩემი თითების ანაბეჭდები აეღოთ, დანაზე აღბეჭდილი ნათითურებისთვის შეედარებინათ, რომ დამხვრეტდნენ, რადგან უკვე 19 წლის ვიყავი და კანონით სიკვდილი მეკუთვნოდა. სწორედ მაშინ მომიყვა ბებიამ ჩვენი ოჯახის ისტორია და მირჩია, ლენინგრადიდან თბილისში ჩამოვსულიყავი და ჩემი ტყუპისცალისთვის დახმარება მეთხოვა. ანუ, კაკო ლენინგრადის მილიციას უნდა ჩაბარებოდა და როდესაც მისი თითის ანაბეჭდები დანაზე აღმოჩენილ ნათითურებს არ დაემთხვეოდა, დახვრეტა ამცდებოდა. კაკო დამთანხმდა და ასე გადაიქცა ნუგზარად. ხოლო მე კი, მისი რჩევით, ციმბირის ერთ-ერთ მამათა მონასტერში მივედი და სასულიერო ცხოვრება დავიწყე. კაკო, რა თქმა უნდა, არ დაუხვრეტავთ, მაგრამ ჩემი სხვა დანაშაულებები გაიხსნა და 19 წლის ჩემი უპატიოსნესი ძმა 6 წლით ციხეში ჩასვეს. იქ კი კაკო აქტიურად ჩაება კრიმინალურ ცხოვრებაში და რომ გათავისუფლდა, ამ გზისთვის აღარ გადაუხვევია. შემდეგ მეორე სროკზე გაუშვეს და იქ უკვე კანონიერი ქურდი გახდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში კაკოსთან კავშირი არ გამიწყვიტავს და ციხეში ფულსაც ხშირად ვუგზავნიდი. ერთხელ კი, როცა ის გარეთ იყო, შევხვდით ერთმანეთს მე მას ქურდობაზე უარის თქმა და ჩემსავით მონასტერში აღკვეცა ვურჩიე. მან კი უარი თქვა და აი, ასე ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე. ყველაფერი ჩემი ბრალია. როცა ეს ამბავი შევიტყვე, ბერის სამოსი გავიხადე, წვერ-ულვაში მოვიპარსე და აქ ჩამოვედი, რომ ჩემი ძმის მკვლელები დავსაჯო.

შურისძიება

ეკამ რომ მაზლის მონათხრობი მოისმინა, მწარედ აქვითინდა. შემდეგ გაღვიძებულ ჩვილს ძუძუ მოაწოვა, დააძინა და ქმრის ძმას უთხრა:

– შენი ძმა ვართოს და ტახის გამო მოკლეს ქურდებმა. ამას წყალი არ გაუვა.

– დარწმუნებული ხარ?

– რა ბევრი ფიქრი ამას უნდა. „ვართო“ და „ტახი“ ამ სახლში აიყვანა მილიციამ. ისინი აქ იმალებოდნენ. მე და პატარა კი ამ დროს სოფელში, დედაჩემთან ვიყავით, სადაც ნუგზარმა სპეციალურად გაგვაგზავნა. შენი ძმა რომ დაიღუპა და ვასაფლავებდით, ერთი ქურდიც არ გამოჩენილა. თანაც, ბოზის სახელი გაუბაზრეს და აშკარაა, რომ ვართოს და ტახის ჩაშვებას აბრალებდნენ.

– ასე მარტივად არ უნდა იყოს საქმე, – თავი გააქნია ჯოტოს ტყუპისცალმა, – მართალია, მე მონასტერში ვცხოვრობდი, მაგრამ, როგორც უკვე გითხარი, ჩემი ძმის შესახებ საკმაო ინფორმაციას ვფლობდი და ვიცი, რომ ის გალინა ლეონიდოვნა ბრეჟნევასთან დაახლოებული პირი იყო. ამიტომ, მისი ასე ხელაღებით გაწირვა ქურდებს არ შეეძლოთ. ის ან თავად გალიამ მოაკვლევინა, ან სხვა რაღაც მოხდა.

– სხვათა შორის, – თქვა ეკამ, – დასაფლავების მერე ერთი უცნობი რუსი კაცი მოვიდა ჩემთან, 20 ათასი მანეთი მომცა კონვერტში ჩადებული და მითხრა, რომ გალინა ლეონიდოვნა ბოდიშს იხდის, რომ დასაფლავებას ვერ დაესწროო. მე მაშინ არც კი დავფიქრებულვარ, თუ ვისზე იყო ლაპარაკი. იმ კაცმა ტელეფონის ნომერიც დამიტოვა და მითხრა, რომ ნებისმიერი გასაჭირის შემთხვევაში ამ ნომერზე დამერეკა და დამეხმარებოდნენ. ყველაფერი ერთ კონვერტში იყო მოთავსებული.

– აბა, მანახე, – უთხრა რძალს ტყუპისცალმა.

ეკამ მოვარდისფრო, არასტანდარტული კონვერტი გადასცა მაზლს, რომელშიც იყო 200 ცალი ასმანეთიანი და თეთრ მუყაოზე დაბეჭდილი ტელეფონის ნომერი, წარწერით.

– აი, ესაა. ჯერჯერობით ფულისთვის ხელი არ მიხლია.

– მოსკოვის ნომერია. ვფიქრობ, გალინა ბრეჟნევას ტელეფონის ნომერი უნდა იყოს. ჩვენ კი ასე ვქნათ: შენ და შენი ჩვილი კვლავ დედასთან გაემგზავრებით სოფელში და ჩემსა და ყველაფერ დანარჩენზე სიტყვასაც არავისთან დაძრავ. მე კი ყველაფრის გარკვევას შევეცდები და მოგვიანებით დაგიკავშირდები. ეს ფული კი შეინახე და ნურავის ანახებ, – უთხრა ეკას ჯოტოს ტყუპისცალმა.

მეორე დღეს ეკა და პატარა მერაბი სოფელში გაემგზავრნენ. ჯოტოს ტყუპისცალი კი მოსკოვში გადაფრინდა, კონვერტში ნაპოვნ ტელეფონზე დარეკა, გალინა ბრეჟნევას ესაუბრა, შეხვედრაზე შეუთანხმდა და საღამოს 8 საათზე რესტორან „არაგვის“ ერთ-ერთ კუპეში შეხვდა. ჯოტოს ტყუპისცალი წვერ-ულვაშითა და მსუბუქი გრიმით იყო შენიღბული. გალინა რომ მარტო დაინახა, გრიმი მოიშორა და ქალმა შეჰყვირა:

– ღმერთო ჩემო, ნუგზარ, შენ ცოცხალი ხარ?

ტყუპისცალმა დაწვრილებით უამბო ყველაფერი გალინა ბრეჟნევას და ბოლოს უთხრა:

– მაპატიეთ, მაგრამ თქვენზეც მქონდა ეჭვი. მაგრამ, ახლა ვრწმუნდები, რომ თქვენ არაფერ შუაში ხართ.

– რას ბრძანებთ! მე და ნუგზარი უახლოესი მეგობრები ვიყავით. ეს ყველაფერი ჩემმა პედერასტმა ქმარმა მოაწყო, ერთი ნაბოზარი პოლკოვნიკის მეშვეობით და საიდუმლოდ გეტყვით, რომ სულ მალე შურს ვიძიებ.

– რას ბრძანებთ, ესე იგი, თქვენ ყველაფრის საქმის კურსში ხართ?

– ყველაფრის საქმის კურსში სულ მალე ვიქნები და თუ გნებავთ, წამომყევით, ერთად შევიტყოთ ცინცხალი ინფორმაციები.

ტყუპისცალი და გალინა სპორტული „მერსედესით“ მოსკოვის გარეუბანში მდებარე ერთ-ერთ აგარაკზე გაემგზავრნენ, სადაც გალიას მეგობარ მილიციელებს არტემ ვართანოვი ჰყავდათ დაკავებული და პოლკოვნიკმა ყველაფერი დაფქვა. თან, არც იმის თქმა დაავიწყდა, რომ ქართველი ქურდების განადგურება იური ჩურბანოვმა შეუკვეთა.

არტემ სარქისის ძე ვართანოვი მოსკოვის სამხრეთით მდებარე ტყეში იპოვეს მოკლული. ხოლო კანონიერი ქურდი ხარი და ჯოტოს მკვლელობაში მონაწილე დანარჩენი ექვსი ქურდი, ჯერ გაფართოებულ ქურდულ „სხოდკაზე“ გაამტყუნეს, შემდეგ კი ყველა მათგანი მოკლეს...

P. S. ჯოტოს ცოლ-შვილი, გალინა ბრეჟნევას დახმარებით, უცხოეთში გაემგზავრნენ და ავსტრალიაში დასახლდნენ. ხოლო დაუზუსტებელი ინფორმაციით, ჯოტოს ტყუპისცალი კვლავ ბერულ ცხოვრებას დაუბრუნდა, რუსეთში ცხოვრობს და ერთ-ერთ მონასტერში მოღვაწეობს.


скачать dle 11.3