კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სასწაულები აღესრულება სულთმოფენობის დღესასწაულზე და აქვს თუ არა ამ დღეს ეკლესიიდან წამოღებულ ყვავილებს განკურნების უნარი

სულიწმიდის მოფენა, ანუ სულთმოფენობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული დღესასწაულია. ის აღინიშნება აღდგომის ორმოცდამეათე (მეერგასე) დღეს და ისევე როგორც აღდგომა, შეენაცვლა ებრაული პასექის დღესასწაულს. სულთმოფენობის ზეიმიც პირველი ნაყოფების შეგროვებისა და შეწირვის დღეს აღინიშნება, როგორც სულიერი ნაყოფის შეკრების დღე. ასე შეიცვალა ძველი აღთქმის წესი ახალი აღთქმის წესით. ამ საკითხების შესახებ გვესაუბრება, ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი).

– სულიწმიდის მოფენის დღესასწაული დადგენილია 395 წელს ელვირას საეკლესიო კრებაზე და საყოველთაოდ აღიარებული იყო მეოთხე საუკუნეში. მას საფუძვლად უდევს „საქმე” – ის მეორე თავში მოთხრობილი ამბავი, რომელიც ქრისტეს აღდგომის და მეთორმეტე მოციქულის არჩევის მერე ხდება: კარჩაკეტილ სახლში მოციქულებს მოესმათ ძლიერი ქარის მსგავსი ხმაური და იხილეს შუქი, რომელიც ვითარცა ცეცხლოვანი ენები, აკიაფდა ყოველი მათგანის თავზე. მათ სასწაულებრივად მოემადლათ ნიჭი მრავალ ენაზე ქადაგებისა, რამაც განაცვიფრა სახლის გარშემო შეკრებილი სხვადასხვა ერისა და ტომის ადამიანები, რომელთაც მოციქულთა ქადაგება თავთავის ენაზე ესმოდათ. გაოცებულ ხალხს წმიდა პეტრემ განუმარტა მომხდარის აზრი: „ამგვარად მომაღლდა იგი ღმერთის მარჯვენით, მამისგან მიიღო სულიწმიდის აღქმა და გადმოაფრქვია ის, რასაც თქვენ ხედავთ და ისმენთ. მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს, ვინაიდან თქვენ გეკუთვნით აღქმა და თქვენს შვილებს და ყველა შორეულს, ვისაც კი მოუხმობს უფალი ღმერთი ჩვენი”. სულიწმიდის მოფენა ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში იყო ნაწინასწარმეტყველები, ამასვე მოასწავებდა იოანე ნათლისმცემელიც. სულთმოფენობა ეს არის ქრისტეს მიწიერი მისიის დაგვირგვინება, მისი განკაცებით აღთქმის აღსრულება. ეს არის უმთავრესი მოვლენა, ქრისტიანული რწმენის დაარსებაში, ღმერთთან გაწყვეტილი კავშირის აღდგენაში, კაცთა მოდგმის ხსნის განგებულების საქმეში, რომელსაც მოჰყვა საუკუნო მეუფება უფლისა. მართლაც, სულთმოფენობა ერთი მხრივ, აგვირგვინებს და ასრულებს ქრისტეს მიწიერ მოღვაწეობას, მეორე მხრივ კი, იწყებს ახალ ეპოქას მსოფლიოს ხალხების ქრისტიანულ ეკლესიაში გაერთიანებისა, რაც განკითხვის დღით ბოლოვდება. სულთმოფენის გამოსახულების უამრავი ნიმუში არსებობს როგორც მონუმენტურ, ასევე მინიატურულ მხატვრობაში, ხატწერასა და ჭედურობაში. ზოგადად, კომპოზიციის ბირთვია ნახევარწრიული მოხაზულობის მერხზე (ხშირად მაღალი ზურგით) მჯდომი თორმეტი მოციქულის ფიგურა. შარავანდედით მოსილნი, წიგნებითა და გრაგნილებით ხელში, ისინი საზეიმოდ და წარმოსადეგად სხედან, კურთხევის ან მოწმობის ჟესტით ცენტრისკენ მიმართული ხელებით. თუ საუფლო ან სხვა დღესასწაულთა სცენაში მოციქულები ხშირად შარავანდედის გარეშე გამოისახებიან, ამ შემთხვევაში ეს აუცილებელია, რათა თვალნათლივ გამოჩნდეს მათზე სულიწმიდის გარდამოსვლა. ამასვე აღნიშნავს ცეცხლოვანი ენები ყველას თავზე. ეს სულიწმიდის ნიჭის ვიზუალური გამოსახულებაა და თანაც, მოციქულთა მაღალი მისიის აღმნიშვნელი - თავზე ანთებული ალით ისინი რწმენისთვის დანთებულ სანთლებს მოგვაგონებენ.
– მამაო, როგორც ცნობილია, სწორედ ამ დღესასწაულზე დაარსდა დედაეკლესია და მოციქულები სხვადასხვა ენაზე ალაპარაკდნენ.
– ამ დღეს სიონის მთაზე იყო შეკრებილი 120 ადამიანი, იქ იყო ღვთისმშობელიც და ისინი ელოდებოდნენ აღთქმულს, ანუ, მათ იცოდნენ, რომ უნდა დაარსებულიყო დედაეკლესია და სულიწმიდა გადმოსულიყო იქ შეკრებილ საზოგადოებაზე. მართლაც, როცა ისინი ერთად ლოცულობდნენ, გადმოვიდა სულიწმიდა ცეცხლოვანი ენის სახით და „დაადგრა მოციქულთა ზედა“. ამ მოვლენას ძალიან ბევრი ადამიანი დაესწრო და მოისმინეს, თუ როგორ ამეტყველდნენ მოციქულები სხვადასხვა ენაზე. ამ დროს მოციქულებს მიეცათ მადლი ღვთის სიტყვის ქადაგებისა, რათა მათ სხვადასხვა ქვეყანაში ექადაგათ უფლის სარწმუნოება. რადგან ისინი უბრალო მეთევზეები, მებადურები იყვნენ და წერა-კითხვა არ იცოდნენ, უცებ ვერ ისწავლიდნენ სხვადასხვა ენას, ამიტომ ისინი სულიწმიდის მადლით ამეტყველდნენ იმ ენაზე, რომელ ენაზეც ამა თუ იმ ქვეყანაში უნდა ექადაგათ ჭეშმარიტი სარწმუნოება. ასეთი გადმოცემაც არსებობს: რადგან საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, ამიტომ ის ამეტყველდა ქართულად, რათა ქართულად ექადაგა ჭეშმარიტი სარწმუნოება. თუმცა მისი კურთხევითვე, ეს ყოველივე აღასრულეს მოციქულებმა – ანდრიამ და სვიმონ კანანელმა. როდესაც ერთ ენაზე მეტყველებდა ერი, ქვეყანა, ერთი ერი და ეროვნება იყო. ისინი გაერთიანდნენ იმისთვის, რომ აეშენებინათ გოდოლი, რომელსაც შემდეგ ბაბილონის გოდოლი ეწოდა, რათა მისულიყვნენ ღმერთთან და თავიანთი პრეტენზიები წაეყენებინათ. უფალმა დაინახა, რომ ეს ხალხი ერთიანდებოდა არა უფლისთვის, არამედ გარკვეული პროტესტი ჰქონდათ და მათი ერთობა არ იყო საღმრთო. ამიტომ, მან ენები აღურია მათ და ამის შემდეგ მოხდა სხვადასხვა ეროვნების დაბადება. მათ ვეღარ გაუგეს ერთმანეთს და მიიღეს კურთხევა, რომ დასახლებულიყვნენ მთელ მსოფლიოში. ასე რომ, დედამიწის სხვადასხვა ადგილას ესა თუ ის ეროვნება გამრავლდა, დადგინდა, გავრცელდა უფლის კურთხევით. ასევე, უფლის კურთხევით, სულიწმიდის გარდამოსვლით მოხდა სამოციქულო ეკლესიის ამა თუ იმ ენაზე ალაპარაკება, რომ ყველა ეროვნებას თავის ენაზე ექადაგა ღვთის სიტყვა. ეს დღემდე ასე გრძელდება და გაგრძელდება მანამ, სანამ მაცხოვარი მეორედ მოვა ჩვენს სამხილებლად და სანამ ყველა ენაზე არ მოხდება სახარების ქადაგება. დღეს თითქმის ყველა ენაზეა დაწერილი ახალი აღთქმა, ბიბლია და ყველა ეროვნებას აქვს ღვთის სიტყვის ქადაგება ბიბლიის სახით. თუ სულთმოფენობამდე მოწაფეები ურიათა შიშის გამო იყვნენ დამალულები, სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ, ისინი თამამად გადიან და იწყებენ ღვთის სიტყვის ქადაგებას და მოწმობენ, რომ იესო ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთია, რომ ის აღდგა მკვდრეთით და რომ მათზე სულიწმიდაა გარდამოსული.
– ამ დღეს ეკლესია ირთვება ყვავილებით, რომელიც მორწმუნეებს, როგორც ბზობას ნაკურთხი ბზა, ისე მიაქვთ სახლში და მომავალ სულთმოფენობამდე ინახავენ. ბევრი მას სამკურნალოდაც იყენებს. საიდან მოდის ეს ტრადიცია?
– სულიწმიდის გარდამოსვლის დღესასწაულამდე, შაბათს, ეკლესიაში იხდიან დიდ პანაშვიდს მიცვალებულების სულის საოხებლად. სულის შაბათი, ანუ სულთაობა – ასე უწოდებენ ამ დღეს და ადამიანები საკუთარი გარდაცვლილების მოსახსენებლად, მათი სულის საოხებლად ეკლესიაში მოდიან, ესწრებიან საყოველთაო პანაშვიდს. მეორე დღეს კი, ანუ სულიწმიდის მოფენის დღეს, საზეიმო წირვისას ეკლესია ხის მწვანე რტოებით, ბალახებითა და ყვავილებით ირთვება, რაც იმ წმიდა და განმაცხოვებელ მადლს მოგვაგონებს, სულიწმიდის მოფენის შემდეგ რომ ვიღებთ. ყვავილები და სიმწვანე, სიმბოლურად, სიცოცხლის მანიშნებელია. ამ დღეს ეკლესიაში იკითხება ხანგრძლივი მუხლმოდრეკის ლოცვა. წირვის შემდეგ წინამძღვარი აღსავლის კართან მოიყრის მუხლს, მრევლიც იყრის მუხლს და ამ დროს იკითხება სულიწმიდის მოწვევის ლოცვები. ეს არის ძალიან ლამაზი, ბედნიერი, მისტიკური დღე. რაც შეეხება ყვავილების სახლში წაბრძანებას, ბზა ხომ მიგვაქვს შინ, ნიშნად მარადიული სიყვარულისა, სარწმუნოებისა, სიხარულისა და ამით უფალს ვიწვევთ სახლში. ასე ხდება სულთმოფენობის დღეს, ეკლესიიდან სახლში ყვავილების წაბრძანებისას. რუსული ტრადიციით, როცა ადამიანებს სახლში მიაქვთ ყვავილები, იმით პატარა ბალიშებს კერავენ და, თავქვეშ იდებენ, ავადმყოფებსაც უდებენ. ამაში ცუდი არაფერია. ეს არის ტრადიცია, საეკლესიო გარდამოცემა, რასაც ქართველი ქრისტიანები სიამოვნებით აღვასრულებთ. ასევე, ამ დღეს ეკლესიაში სულიწმიდის გარდამოსვლა აღესრულება მირონის ცხებით. ადრე, როდესაც მოციქულები ნათლავდნენ ადამიანებს, მათი ხელდასხმით გადმოდიოდა ადამიანებზე სულიწმიდა. რადგან ნათლისღების მსურველთა რაოდენობა ბევრი აღმოჩნდა, ამიტომ ეკლესიაში დადგინდნენ მოციქულების მიერ ნაკურთხი ხუცესები, იგივე მღვდელმსახურები, რომელთაც კეთილსურნელების სახით მირონი გადაეცათ.

скачать dle 11.3