კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ვნანობ, რომ არაფერი
მაქვს გასახსენებელი
უკვე მოხუცი ვარ და, ალბათ, მალე წავალ იმქვეყნად. ჩემი ასაკიდან გამომდინარე, ალბათ, ყველას გაუკვირდება და გამამტყუნებს კიდეც, ასეთ წერილს რომ გიგზავნით, მაგრამ, ბევრი ყოყმანის შემდეგ გადავწყვიტე ამ წერილის მოწერა, რადგან, მინდა ზოგიერთ გოგონას ჩემი მაგალითით თვალი ავუხილო.
ძალიან ძნელია, მთელი ცხოვრება უსიყვარულოდ გაატაროს ადამიანმა. როგორი საქმეებიც არ უნდა აკეთო, თუ არასდროს არავინ გყვარებია და არასდროს არავის ჰყვარებიხარ (ნამდვილ სიყვარულს ვგულისხმობ), შენი ნამოღვაწარი არაფერს ნიშნავს; ყველაფრის მიუხედავად, მაინც არ ხარ სრულყოფილი ადამიანი, თუ შენზე არავის უოცნებია, არავის გასჩენია სურვილი, შენთვის რაღაც განსაკუთრებული ჩაედინა... თუ არავინ გყვარებია და, რაც მთავარია, არავის ჰყვარებიხარ, ესე იგი, ამქვყნად არ გიცხოვრია.
ჩემმა მშობლებმა ზედმეტად მკაცრად გამზარდეს. მატერიალურად არასდროს გვიჭირდა, მაგრამ, არასდროს მაცმევდნენ განსაკუთრებულად. არც არსად მიშვებდნენ თავისუფლად. მართალია, ჩემი ახალგაზრდობის პერიოდში ბევრი გასართობი არ იყო, მაგრამ, ჩემი ტოლი გოგონები კინოში დადიოდნენ, თეატრში, ერთმანეთთან, ან, უბრალოდ, სეირნობდნენ, მე კი ეს ყველაფერი აკრძალული მქონდა და, მიუხედავად იმისა, რომ სხვაზე ნაკლები გარეგნობის არ ვიყავი, ჩამოვყალიბდი საკუთარ თავში ჩაკეტილ, ზედმეტად სერიოზულ ახალგაზრდა ქალად, რომელსაც ოდნავი კეკლუცობაც კი არ შეეძლო. თუ ვინმე ბიჭი ოდნავ ინტერესით შემომხედავდა, ისე შევუბღვერდი და ისეთ ზღუდეს შემოვივლებდი გარშემო, მაშინვე შეშინებულები (და გაოცებულებიც) გამირბოდნენ. თავიდან თითქოს მომწონდა კიდეც, „უკარებას“ რომ მეძახდნენ, მაგრამ, ასაკი რომ მომემატა და ისევ მარტო ვიყავი, მივხვდი, რომ არასწორად ვიცხოვრე, თუმცა, ამ საქმეს უკვე აღარაფერი ეშველებოდა, რადგან უკვე მტკიცედ ჩამოყალიბებულ ხასიათს, სურვილის მიუხედავად, ვეღარ შევცვლიდი.
მე, რა თქმა უნდა, არ ვამბობ, რომ ახალგაზრდა ქალი სულ უნდა იცინოდეს, რომ ყველას უნდა ეპრანჭებოდეს და ეკეკლუცებოდეს ან თავაშვებულ ცხოვრებას ეწეოდეს, მაგრამ, ქალად რომ გაჩნდები, შენი თვისებებით, ურთიერთობებით, საქციელითა და ხასიათით თუ არ იქნები ნამდვილი ქალი (გარეგნობისა და სხვა კრიტერიუმების მიუხედავად), მამაკაცებისთვის კი არა, ქალებისთვისაც არაფერს წარმოადგენ, რადგან, „თავისიანად“ და, აქედან გამომდინარე, თავიანთ კონკურენტად ვერ აღგიქვამენ და, შესაბამისად, ყველა ერთგვარ რობოტად აღგიქვამს, რომელსაც არ გააჩნია გრძნობები და განცდები. და, კიდევ, ასეთი ცხოვრება იმით არის დაუშვებელი, რომ, ასაკში შესულს, არაფერი გაქვს გასახსენებელი – არც ერთი შემთხვევა (თუნდაც გულდასაწყვეტი), რაც სევდიან ღიმილს ან სინანულის ცრემლს გამოიწვევს: არც ერთი სიყვარულის ახსნა, არც ერთი განშორება და არც ერთი პაემანი. ეს კი, მერწმუნეთ, საშინლად მტკივნეულია, გაცილებით უფრო მტკივნეული, ვიდრე ყველაზე საყვარელი ადამიანის ღალატიც კი. თუ ადამიანს არაფერი აქვს გასახსენებელი თავისი საქმიანობის გარდა, იცოდეთ, რომ მას არ უცხოვრია. ყოველ შემთხვევაში, ასე ვარ მე და, ახლა, როცა ვუახლოვდები ამქვეყნისა და იმქვეყნის გზაგასაყარს, ძალიან ვნანობ, რომ ასე ფუჭად გავლიე ღვთის მიერ ბოძებული ამდენი წელიწადი.
ელენე, 76 წლის.

ცნობილი და მდიდარი
კაცი უნდა გავხდე
გოგოების ჯინაზე, ცნობილი და მდიდარი კაცი უნდა გავხდე. ყოველთვის ისეთ გოგოს ვუყვარდები, რომელიც მე არ მომწონს. ვარ 16 წლის. გაისად სკოლას ვამთავრებ, რა თქმა უნდა, თუ დამამთავრებინეს, რადგან, დიდად არ ვიკლავ თავს სწავლით, მაგრამ, სამაგიეროდ, მეგობრებს ვუყვარვარ ძალიან, რადგან, იციან, რომ მათთვის სიცოცხლის გაწირვაც შემიძლია. არც მთლად შეუხედავი ვარ, მაგრამ, რატომღაც, გოგოებს არ მოვწონვარ, უფრო სწორად, იმ გოგოებს არ მოვწონვარ, ვინც ძალიან პოპულარულია სკოლაში. ასეთები, ძირითადად, მედაქალებიან და, რა თქმა უნდა, უარს არ ვამბობ ასეთ ურთიერთობებზე, მაგრამ, ეტყობა, ამ საკითხში კარგი გემოვნება მაქვს და ყოველთვის ის მიყვარდება, რომელიც ყველას სჯობია გარეგნობით და ბიჭებს მასზე ლამის ხოცვა-ჟლეტა აქვთ ატეხილი. ჩემი გრძნობა, ცხადია, ყოველთვის უპასუხოდ რჩება, რადგან, ჯერ ერთი, ჩემ გამო გოგოები ვენებს ნამდვილად არ იჭრიან და, მეორეც, არასდროს არც ერთი გოგოსთვის არ გამიმხელია ჩემი სიყვარული. გამიმხელია კი არა, არც მიგრძნობინებია იმის შიშით, რომ ცინიკური უარი არ მივიღო და შეურაცხყოფილი არ დავრჩე. სამაგიეროდ, ყველაზე შეუხედავ და არაპოპულარულ გოგოებს მოვწონვარ და ხან ერთი მიხსნის სიყვარულს და ხან – მეორე. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, შეიძლება, ადამიანური თვისებებითა და ხასიათით ეს შეუხედავები ათასჯერ სჯობიან იმ ლამაზებს, მაგრამ, რა ვქნა, გულს ხომ ვერ ვუბრძანებ. არასდროს შემიყვარდება დაბალი, სქელი და გაღუნული ფეხების მქონე გოგო, მით უფრო, თუ წითელი ლოყები და კოტიტა ხელის თითები აქვს. არადა, ჩემს კლასში ორია ასეთი, ორივეს ვუყვარვარ და ორივე ცდილობს, თავისი ფრიადოსნობით მიიქციოს ჩემი ყურადღება – ხან რომელ საგანში მთავაზობენ დახმარებას და ხან – რომელში. ჩემთან დაახლოების მიზნით, ერთი რომ ერთი საგნის კონსპექტს მიწერს, მეორეს ჩემთვის გაკეთებული საშინაო დავალება მოაქვს სახლიდან. ისე იქცევიან, თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან, თან, ორივე თვალებში შემომციცინებს. ძალიან მეცოდებიან, მაგრამ, რა ვქნა, მათთან მეგობრობაც კი მიჭირს.
აი, ასეთ დღეში ვარ. ძალიან ბევრს ვფიქრობ ამაზე და ერთადერთი გამოსავალი მოვიფიქრე: უნდა გავხდე ძალიან ცნობილი ადამიანი, უნდა ვიშოვო ბევრი ფული და, მერე ვნახავ, ლამაზი გოგოები როგორ ამიბზუებენ ცხვირს.
ნიკო, 16 წლის.

скачать dle 11.3