კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ნადირობდა დოდო გუგეშაშვილზე ომში და რას არ ავიწყებდნენ მამაკაცები მას

დოდო გუგეშაშვილის ცხოვრების ისტორია, ბევრი ქალის ისტორიას არ ჰგავს, თუმცა მის ირგვლივ  ყოველთვის იყო ისიც,  რაც ყველა ქალს აერთიანებს – პოლკოვნიკის სამხრეებისა და ხმაურიანი ისტორიების მიღმა, რაც მას არასდროს აკლდა, იყო ერთი ჩვეულებრივი ქალის ჩვეული ცხოვრება სიმღერით, სიყვარულის მძაფრი ემოციებით, სიყვარულის ისტორიებითა და მარტოხელა დედის მძიმე ტვირთით. ამ ყველაფერზე დღეს ის ჩვენთან გულწრფელად საუბრობს.

დოდო გუგეშაშვილი:  იმას, რომ ჩემი პიროვნებისა და ბიოგრაფიის  შესახებ აზრთა სხვადასხვაობა და მძაფრი ემოციები ყოველთვის იყო, შეჩვეული ვარ. ვიცი, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი გააღიზიანა ჩემმა  წარმოჩენამ სხვა ამპლუაში, ამას ველოდი კიდეც. ასეთი ხმაური ჩემს ცხოვრებას, როგორც ჩანს, დაებედა. მაშინ, როცა მოვლენების ეპიცენტრში ვიყავი, ძალიან ბევრს გავლენიანი ადამიანი  ვეგონე. მე კი გავლენა მქონდა ომში, ბრძოლის წინა ხაზზე, სადაც შტაბის უფროსი ვიყავი. სამოქალაქო ცხოვრებაში გავლენიანი არ ვყოფილვარ. სულ რაღაც სამი თვე ვიმუშავე ომის შემდგომ ჯაბა იოსელიანის მოადგილედ, როცა ის დეპუტატი და მაშველთა კორპუსის საპატიო თავმჯდომარე იყო და მალევე დამაპატიმრეს. იქამდეც, ეროვნულ მოძრაობაში ჩართული, ორჯერ ვიყავი დაპატიმრებული პოლიტიკური მუხლით.  გავლენიანი რომ ვყოფილიყავი, დღეს ჩემს შვილთან ერთად ნაქირავებ ბინაში არ ვიცხოვრებდი და არც საზოგადოებრივ საწყისებზე ვიმუშავებდი, ბიზნესი მაინც მექნებოდა. თუმცა, ამისი სურვილი არასდროს მქონია. დღეს მე თვითონაც ხშირად ვუსვამ ხოლმე საკუთარ თავს შეკითხვას, თუ რით ვცხოვრობ (იცინის).
– როგორ ფიქრობთ, რომ არა ომი, თქვენი ცხოვრება როგორ წარიმართებოდა?
– ალბათ, სხვაგვარად, მე რამდენიმე სპეციალობა მაქვს და ალბათ,  უფრო საფუძვლიანად  ვიმუშავებდი ჩემი რომელიმე სპეციალობით. აქტიური ხასიათი და ცხოვრების წესი ჩემთვის ჩვეულებრივი  იყო. პატარა რომ ვიყავი, გურიაში ბიჭებთან ერთად ფეხბურთს და  ომობანას ვთამაშობდი. თუმცა, არც სახლობანაზე ვამბობდი ხოლმე უარს. ყოველთვის მიყვარდა იარაღი, მაგრამ  ბოლო წლებში აღარ მაქვს, თუმცა მაქვს მისი ტარების უფლება.  ჩემს ცხოვრებაში  თითქოს ყველაფერი კანონზომიერად მოხდა. არავის  ვაბრალებ იმ ყველაფერს, რაც  იყო. ვიდრე ომში წავიდოდი და იარაღს ხელს მოვკიდებდი, საკუთარი ფსიქოლოგია და ფსიქიკა ძალიან კარგად მქონდა შესწავლილი. სხვა გადაწყვეტილებას ამიტომაც ვერ მივიღებდი. იმ რთული  ცხოვრების მიუხედავად, რაც გავიარე სამოქალაქო ცხოვრებაში, მე ვარ სრულიად ჩვეულებრივი  ქალი.  იქამდე, სანამ მშვიდი ცხოვრება მქონდა, წლების განმავლობაში ვმუშაობდი  მასწავლებლად, როგორც გურიაში, ასევე ტყიბულში. ვასწავლიდი ქართულ ენასა და ლიტერატურას, ასევე სიმღერასა და მუსიკას. ვიყავი ერთ-ერთი ცნობილი ქალთა სახალხო ანსამბლის, „აცაურას” სოლისტი და აკომპანიატორი. მუსიკის სიყვარული გენეტიკურად გამომყვა. გურიაში გავიზარდე, იქ ხომ  ყველა მღერის. თუმცა, მე ნახევრად რაჭველი ვარ, ნახევრად გურული.  მამა რაჭველი იყო და როცა დედა შეირთო ცოლად, გადაწყვიტეს, გურიაში ეცხოვრათ. დედა და მამა კარგად მღეროდნენ, მათაც გენეტიკურად ჰქონდათ ეს ნიჭი. ბებია მყავდა ზენაიშვილის ქალი, რომელიც „მრავალჟამიერის” ერთ-ერთ ცნობილ შემსრულებლად ითვლებოდა. ალბათ, ამანაც განაპირობა ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება მუსიკის მიმართ. თქვენ წარმოიდგინეთ, ომში, როცა ძალიან მიჭირდა, სიმღერას ვიწყებდი. დღესაც ასე ვარ –  მუსიკასაც ვწერ და ტექსტებსაც. ვერ გეტყვით, რომ კარგი კომპოზიტორი და პოეტი ვარ,  ვწერ იმას, რასაც განვიცდი, რასაც ვგრძნობ. შესაბამისად, ჩემი სიმღერა ხან „ფერადია,” ხან – ნაცრისფერი.  ისეთი, როგორიც იყო ჩემი გზა. ჩემი მხრებით ვატარე ის ტვირთი, რომელიც ჩემი საზიდი იყო. ეს იყო მძიმე, მაგრამ ქალისთვის ყველაზე საპატიო ტვირთი –  დედობა. დღეს  მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მყავს ღირსეული და საუკეთესო  ვაჟი. 
 – მარტოხელა დედის ტვირთი, ორმაგად რთული არ იყო ქალისთვის, რომელმაც შვილის გაჩენა საკმაოდ რთულ ვითარებაში შეძლო?
– როცა ჩემი შვილი გაჩნდა, ისეთ ასაკში ვიყავი, როცა ქალი აცნობიერებს, რა არის დედობა.   ის, ვის გამოც  შეიცვალა ჩემი ცხოვრება და მას  ყველაზე დიდი აზრი მიეცა, იყო ჩემი შვილი. მაშინ მე არ ვიყავი იმ ასაკში, როცა ქალი სიყვარულსა და მოწონებას ერთმანეთისგან ვერ არჩევს. იმის მიუხედავად, რომ მე და ჩემი შვილის მამამ ურთიერთობა ექსტრემალურ სიტუაციაში დავიწყეთ, ამას არ შეუშლია ხელი, ეს სიყვარულის ლამაზი ისტორია ყოფილიყო. მე მაშინ მასწავლებელი ვიყავი, ნოდარის მამა პატიმრობას იხდიდა ჩასახლების რეჟიმით, სოფელ ჯანდარაში. მე ჩავედი მეგობართან ერთად, რომელიც ქმრის მოსანახულებლად მიდიოდა ხოლმე. ჯანდარაში პატიმრებს ცხოვრების თავისუფალი რეჟიმი ჰქონდათ. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, რომელიც შესაძლოა, სხვანაირად გაგრძელებულიყო, მაგრამ ჩემი შვილის მამა, გარკვეული მიზეზების გამო, ძალიან მალე საპატიმროში დააბრუნეს. იქ მე მისი ნახვის უფლება აღარ მქონდა.  როდესაც ნოდარი იბადებოდა, მე უკვე ვიცოდი, რომ მარტოხელა დედის მძიმე ტვირთი უნდა მეტარებინა, შეგუებული ვიყავი ჩემს ბედს და მარტოობის განცდა არ მქონია.
– როგორი იყო საზოგადოების რეაქცია თქვენს ამ ნაბიჯზე. იმ პერიოდში პედაგოგისა და პატიმრის რომანი, ბევრი მითქმა-მოთქმის თემა იქნებოდა.
– ნამდვილად ასე იყო. ვიცოდი, რომ ჩემს ზურგს უკან ჭორაობდნენ და განმიკითხავდნენ:  როგორ გააკეთა ასეთი მშობლების შვილმა ეს, პატიმრის გარდა სხვა არჩევანი არ ჰქონდა?  ასეთ მდგომარეობაში მყოფს ძალიან დამეხმარა და გვერდში დამიდგა ჩემი ოჯახი.  ისინი ისხლეტდნენ იმ ხმებს, რაც ჩემს ზურგს უკან ტრიალებდა. მამა დიდი ხნის გარდაცვლილი იყო, დედა ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩემთვის ტვირთი შეემსუბუქებინა. მე იმ პერიოდში  ყველაზე მაგარი ვიყავი – მარტო ხომ არ ვიყავი, ჩემში ჩემი შვილი იყო. ამ დროს კი დედა ხომ ყველაზე ძლიერია. იმ პერიოდში არ იყო ისეთი გაჭირვება, რომ შვილის მარტო გაზრდა  რთული ყოფილიყო. მეხმარებოდა ჩემი ოჯახი, ძმა, ნათესავები. გვერდში მედგნენ  მეგობრებიც.  თუ  რომელიმე მათგანი  უცხოეთში მიდიოდა,  გამორიცხული იყო,  ჩემი ვაჟისთვის საჩუქრები არ ჩამოეტანათ. ჩემი მარტოობა ჩემს შვილზე არ აისახებოდა, მისთვის მამაზე აუგი არასდროს მითქვამს, არც მქონდა საამისო საბაბი. ყველაზე ძვირფას საჩუქარს, ვარქმევდი, რომ მისი მამის მოტანილი იყო. სულ ვეუბნებოდი, რომ მამამისი  ღირსეული ადამიანი იყო.             
– არ იყვნენ მას შემდეგ თქვენს ცხოვრებაში მამაკაცები, ვისაც პირად ცხოვრებას დაუკავშირებდით?
– იყვნენ, თუმცა ეს ურთიერთობები ბოლომდე არ მისულა და იმ დროს დამთავრდა, როცა უნდა დასრულებულიყო. ალბათ, ეს ჩემი ბედისწერა იყო. რადგან არ მქონდა ჩვეულებრივი სტანდარტული ოჯახი, ალბათ, ასე უნდა ყოფილიყო.  მე მჯერა ბედისწერის, მაგრამ მჯერა ისიც, რომ არსებობს შინაგანი სამყარო,  საითაც თავად ბედისწერასთან ერთად მიდიხარ. ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებულად მკაცრი ვიყავი მამაკაცებთან. მე მკაცრი და შეუვალი ვარ გადაწყვეტილებებში, თუნდაც ეს ეხებოდეს ჩემს პირად ცხოვრებას. როდესაც ვიცი, რომ რაღაც უნდა დამთავრდეს, ისე ვსვამ წერტილს, რომ იქით აღარ ვიხედები. მე არ მივეკუთვნები იმ ქალთა კატეგორიას, ვინც ყველა გზით ცდილობს, რაღაც დაიბრუნოს. სადაც არაა შენი ადგილი, იქ არ უნდა იყო.  როცა მე და  ნოდარის მამამ   ყველაფერი  გავარკვიეთ, მისკენ აღარ გამიხედავს, ჩვენი გზები აღარ გადაკვეთილა. ალბათ, ჩემი ხასიათის  დამსახურებაა,  რომ არასდროს  ვვარდები სასოწარკვეთაში, არ ვიცი, რა არის დეპრესია. მიკვირს იმ „რჩეული” ქალბატონების, რომელთაც ძალიან ხშირად სჭირდებათ ფსიქოთერაპევტები და ფსიქოლოგები, მე არ ვიცი, ეს რა არის? იმიტომ, რომ საკუთარ თავს თავად ვაიძულებდი ფეხზე ავმდგარიყავი. ცუდი პერიოდის მეტი რა მქონია, მაგრამ ჩემი ცრემლი არავის უნახავს. მიტირია ბევრი, მაგრამ მიტირია მარტოს, ღამით, ისე, რომ არავის დაენახა ჩემი ცრემლი და დილით ისევ იწყებოდა მზიანი დღე.
 – ომში, როცა როგორც ქალს ძალიან გიჭირდათ, გიყვარდათ ვინმე?
–  არა.  იმის მიუხედავად, რომ ჩემმა რამდენიმე მეგობარმა აფხაზეთიდან წამოიყვანა გოგონა. დღესაც ისინი მათი მეუღლეები არიან და არაჩვეულებრივი ოჯახები აქვთ. მე ეს არ  მქონია. არც ჩემამდე მოსულა ვინმეს სიყვარული, იმიტომ კი არა, რომ შტაბის უფროსი ვიყავი და ვინმე ვერ გამიბედავდა თავისი გრძნობის  გამოხატვას. იქ მე ყველასთვის ვიყავი „მაგნოლია”, ძმაკაცი და თანამებრძოლი. ჩემი თანამებრძოლები ძალიან მანებივრებდნენ, ხან ყვავილებს მომიტანდნენ ტყვიის „ცინკით“,  ხან ნუგბარს. მე არასდროს მავიწყდებოდა, რომ  ვიყავი ქალი, მაკიაჟსაც  ვიკეთებდი და პომადასაც ვისვამდი. ოღონდ მაშინ მთლად ასეთი მკვეთრი  ფერის არ იყო ჩემი პომადა. მაშინაც კი, როცა პარტიზანულ ცხოვრებას ვეწეოდი, კარავშიც კი არ მეძინა და  ხის ქვეშ ვათენებდი ღამეს, დილით ყოველთვის ვცდილობდი, ვყოფილიყავი მოწესრიგებული, როგორც ეს ქალს შეჰფერის.
– ამბობენ, რომ მოწინააღმდეგე თქვენზე  ძალიან „ნადირობდა” ომის დროს...
– მე ვიყავი შტაბის უფროსი, შესაბამისად  ვფლობდი ძალიან ბევრ ინფორმაციას, იარაღის, ცოცხალი ძალის, ტექნიკის რაოდენობის შესახებ.  მტერმა იცოდა, რომ იყო „მაგნოლია“ და იყო ცენტრალური  რაცია ¹20, რომლითაც  ფრონტის ხაზი იმართებოდა ძლიერი შეტევების დროს. რაცია ¹20-ზე, ანუ ჩემზე  ნამდვილად მიდიოდა  „ნადირობა”, საკმაოდ კარგი გასამრჯელოც  იყო  დაწესებული, მაგრამ საბედნიეროდ, მე ყოველთვის მიმართლებდა. ყველაზე მეტად ტყვედ ჩავარდნის მეშინოდა. ქალისთვის ეს ძალიან რთულია, ამიტომაც  ყოველთვის მქონდა შემონახული ის ერთი ტყვია, რომლითაც საკუთარი სიცოცხლე უნდა მომესწრაფა.          
– თქვენს ცხოვრებაში ყოველთვის არსებობდა ომთან დაკავშირებული ხმაურიანი ისტორიები, ამ თემებზე შვილთან გისაუბრიათ?  მას თუ ჰქონია კითხვები თქვენთან?
– ჩემთვის მთავარი ისაა, რომ ჩემი შვილი, მე ძალიან კარგად მიცნობს და ჩემი სჯერა. ის გაიზარდა დიდი სიყვარულით  და არც არასდროს ჰქონია შეკითხვები  ჩემთან. ყოველთვის ვცდილობდი, კარგი დედა ვყოფილიყავი, მგონი, ეს ცუდად არ გამომდიოდა. არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიმიღია მის გარეშე. ჩვენ კარგად ვიცით ერთმანეთის ცხოვრება.  არის თემები, რაზედაც ვსაუბრობთ, თემები – რაზედაც ვნანობ კიდეც   და ვფიქრობ,   რომ ის ჯობდა, სხვაგვარად ყოფილიყო. მაგრამ, ადამიანები შეუცდომლები არ ვართ. როცა სამსჯავროზე წარვდგებით, იქ გადაწყდება იმ ყველაფრისთვის, რაც გავიარეთ, სად და როგორ მიგვიჩენენ  ადგილს.

скачать dle 11.3