კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2017 (162)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)

სად მიიყვანა ბედის ბორბალმა ანა სანაია და როგორ შეაგროვა მან წყნეთის ტყეში ექვსი ალქაჯი

ტელევიზიისგან შორს ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებისთვის გამოჩნდა დრო. უამრავი იდეა, სცენარი – დაწერილი თუ დასაწერი, ფილმები ანა სანაიას მონაწილეობით და მისი რეჟისურით გადაღებული, პროექტები რომლის განხორციელებასაც აუცილებლად გეგმავს. ანას მუშაობის სიყვარული, მისი ოპტიმიზმი იოლად გადამედო, მივხვდი „თავისუფალ დროს” საკუთარ თავზე მუშაობა საუკეთესო ინვესტიციაა.

ანა სანაია: ტელევიზიაში რომ არ ვჩანვარ, თუ ცუდ ტონად ჩამითვალეთ, მაპატიეთ, მაგრამ ეს პირიქით, ძალიან კარგ ამბად მიმაჩნია. ვმუშაობ საკუთარ თავზე და არ ველოდები, რომ ციდან რაღაც ჩამოვარდება.
– როგორც ეს ხდება ხოლმე, მსახიობების ცხოვრებაში, სულ ვიღაცას ელოდებიან.
– ვის უნდა ველოდო?! ალმოდოვარს ელოდებიან და არ ჩამოვა. პრინცს ელოდებიან და არც ის ჩანს, რომ გათხოვებით დაამთავრონ თავისი კარიერა... ჩემს ცხოვრებაში კი ხომ იცი, სულ სხვანაირად ხდება ხოლმე ყველაფერი. ყველა ჯულიეტას თავისი რომეო ჰყავს, თუ ჯულიეტა ცოტა ავხორცია – მერკუციო მაინც. მოკლედ, არ ველოდები არავის, ვცდილობ, ვაკეთო ის, რაც მომწონს. ვის რა იტაცებს და მე ძალიან მომწონს საკუთარ თავზე მუშაობა.
– გასცდი შენი პროფესიის საზღვრებს.
– ყველა პროფესიის საზღვრებს გავცდი. რა უნდა იყოს შემდეგი ეს, უკვე აღარ ვიცი, სამედიცინო სფეროს თუ მივმართავ. პლასტიკურ ქირურგიაში თუ ვიტყვი ახალ სიტყვას, არ ვიცი. ისე, ამასაც ექნება თავისი გარკვეული ხიბლი და აზარტი, მაგრამ, ალბათ, უფრო მომავლის საქმეა. ზოგი სკალპელით ქმნის ხელოვნებას, ზოგი ფუნჯით და ზოგიც დირიჟორის ჯოხით.
– სულ ცოტა ხნის წინ გადაგიღეს ინდურ ფილმში, რომლის სარეკლამო რგოლშიც საკმაოდ ეფექტურად და სექსუალურად ასრულებ ინდურ სიმღერას.
– კი, გადაღებები საქართველოში მიმდინარეობდა. „ბილა 2” ბოლივუდის პროექტია, სადაც მთავარ როლებს ბოლივუდის ვარსკვლავები თამაშობენ. ფილმის მთავარ საუნდთრეკს, მთავარ სიმღერას „ვასრულებ“. რეალურად სოფო ბედიას ხმაა და ამ მუსიკაზე ვცეკვავ. გრანდიოზული პრემიერა იგეგმება თბილისში, რომლის გამართვის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. მოკლედ, პრემიერას ველოდები.
– საკმაოდ ინტენსიურად წერდი სცენარებს და გადაღებასაც გეგმავდი.
– ახლაც არ შემიწყვეტია წერა და მუშაობა. უამრავი იდეა მიტრიალებს თავში, რომელთაგან ზოგი უკვე დაწერილია, ზოგიც დასაწერი და ზოგი ისეთიც, საერთოდ რომ არ დავწერ. მას შემდეგ, რაც ბევრი ვწერე, გადაღებაც გავრისკე და კინოს წესის ყველა დაცვით პატარა ფილმები გადავიღე – სულ რამდენიმეწუთიანი, მაგრამ მაინც ფილმი. სხვისთვის პატარა, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც გავაკეთე და ალბათ, ახლა მცირე პაუზას ავიღებ. შემდეგ ისევ მსახიობის ამბავში გავაკეთებ რაღაცას. თუმცა, ერთი მეორეს ხელს, რა თქმა უნდა, არ უშლის, პირიქით, შეავსებს. მხატვრობა, პროზა, პოეზია, ვგიჟდები ამ ყველაფერზე. პოეზია ყველაზე ნაკლებად და ეს შენ კარგად იცი. მაგრამ ბედის ბორბალმა ისე იტრიალა, რომ სწორედ პოეზიას დავუკავშირე... ჩემი იღბალი და ბედი კი არა, ექსპერიმენტი. ჩემი დამოკიდებულება პოეზიასთან და კერძოდ, ქართული პოეზიისადმი ცოტა გადასხვაფერდა ამ ამბების შემდეგ. რადგან მგონია, რომ ვისი ლექსებიც ფილმისთვის გამოვიყენე, ის კაცი უზომოდ ნიჭიერია და ეს ისედაც ყველამ იცის. 
– თან, ცოტა სასაცილო პერიოდი გვაქვს საქართველოში, როცა ყველა პოეტია და ყველა პოეზიაზეა შეყვარებული.
– „ყველა პოეტი პოეტია და ქართველი ორჯერ პოეტი”, – არ გაგიგია ტიციანის ეს სიტყვები?!
– ირონიული ნათქვამია.
– მაგას ვამბობ ზუსტად. ის, რომ ყოველ მეორე ქართველს რაღაცის დაწერა შეუძლია, არ ნიშნავს, რომ ეს პოეზიაა. იცი, რომ ამ სფეროს მეც ვაწვალებდი, მაგრამ რაღაც ასაკში მივხვდი, რომ ეს ტყუილი გარჯა იყო. იმ ასაკისთვის არცთუ ისეთი ცუდი პოეტესა ვიყავი, ბოლოს და ბოლოს ჩემს სიმღერებს ხალხი მღერის. არ ვხუმრობ, მართლა ასეა (გულისხმობს ჯგუფ „მგზავრების” სიმღერებისთვის დაწერილ ლექსებს – ავტორი). ჩემთვის შეიძლება, ახლა ეს სასაცილოა. ავცდი, გავიზარდე, სხვა ეტაპზე ავედი, მაგრამ ფაქტი ხომ სხვაა. ამას ჩემი გადმოსახედიდან, პოეზია არ ჰქვია, თუმცა მაინც ჩემია და შეურაცხყოფას არ ვაყენებ. ასეთ ლექსს დაგიწერ აი, ახლავე, ფიქრიც კი არ დამჭირდება (ვრცელი ლექსის მხოლოდ ბოლო სტროფს გთავაზობთ – ავტორი.) – „არ ვიცი, იქნებ სულაც წამართვა ეს „მაკდონალდსის” შენ „მილკშეიკი”... ქარი კი ისევ ბოდავს და მსერავს, ოცნებამ ისევ გამინაპირა და სიყვარულში ვარ ზღვის ნაპირას.” აი, რა უნდა ამის მოფიქრებას მითხარით?! თან, ახლა არ ვარ „ხოდზე”, თორემ ეგეთ რაღაცეებს, ლექსებს რომ ეძახიან ავტორები და საკუთარ თავს პოეტებს, მე ტუალეტში ვწერ, ჩემთვის მარტო. თვითონვე ვიცინი, თუ ვინმეს ესმის იუმორი, ვრეკავ და ვუკითხავ, ან ესემესით ვუგზავნი და მანდ მთავრდება.
– საიდან წამოვიდა გიორგი კეკელიძის ლექსების ფილმად გაკეთების იდეა?
– ერთ დილით, როგორც გაბერწებულმა ჭოტმა ისე გავიღვიძე. სწორედ გიორგი კეკელიძის ლექსშია ასეთი ტაეპი, სადაც გაბერწებულ ჭოტებს უძღვნის ის ოდებს და ელეგიებს. რატომღაც, მოულოდნელად, ჩემი ალტერ ეგო დავინახე ამ გაბერწებულ ჭოტში და ვთქვი, რატომაც არა, რატომ არ გავაკეთო ეს ლექსები ფილმად. ბევრი ვიფიქრე ფორმაზე, ფერზე და საბოლოოდ, გამომივიდა ის, რასაც ვხედავდი და რაც მინდოდა ყოფილიყო. დანარჩენი უკვე მაყურებელმა შეაფასოს.
– რამდენი გაბერწებული ჭოტია შენს ფილმში?
– ექვსი გაბერწებული ჭოტი – ანა ფარცვანია, ნათია კევლიშვილი, ანა რეხვიაშვილი, ვეკო ბუჩუკური, ანანო ჩარკვიანი, ანა სანაია და კიდევ ჩემი სამი პატარა მეგობარი. თუმცა, იქ ძნელი გასარკვევია, ვინ მსახიობი იყო, ვინ რეჟისორი და ვინ – მხატვარი. ხალხი დაგვაკლდა და რეჟისორი შევარდა – ითამაშა, მხატვარი შევაგდე – ვათამაშე, თან დეკორაციას აკეთებდა, თან თამაშობდა...
– ფოტოები რომ ვნახე, შამანიზმით დაკავებულ ალქაჯებს ჰგავხართ.
– აბა, წარმოიდგინე, გაბერწებული ჭოტი როგორ ჰგავს ალქაჯს. ეს ის იმპრესიაა, რომელიც პოეზიიდან წამოვიდა. ტექსტად ვიხმარეთ ლექსი. სულ ექვსი წუთია, ვიღაცას შეიძლება გაეცინოს კიდეც. მხატვარი ანა ფარცვანიაა, მეორე მხატვარი – ვახო კაკულია, მუსიკა ეკუთვნის ირაკლი შონიას. კომპანია, რომელსაც ჰქვია „დის ფიქჩერზი” და კონკრეტულად კი დათო იმედაშვილი ისე დამეხმარა, რომ ჩემს მადლიერებას მხოლოდ ერთი მადლობა ვერ დაიტევს. მეგობრობა მეგობრობაა, მაგრამ მისგან კიდევ სხვა თანადგომას და მხარდაჭერას ვგრძნობდი. უზომოდ მადლიერი ვარ ყველასი. ფილმს ჰქვია „ემბიენტი”, გაბერწებული ჭოტების ნაცვლად.
– აპირებთ, რომ ფილმი ფესტივალებზე გაიტანოთ.
– არ ვიცი ზუსტად, არის ასეთი გეგმაც და ვნახოთ. ბოლო აკორდი დარჩა ფილმის დასრულებამდე და შემდეგ, ალბათ, ჭოტებიც, მისი ავტორიცა და თანამზრახველებიც, კმაყოფილები დარჩებიან შედეგით.
– გაბერწებული ჭოტები ბედნიერებას პოულობენ?
– თქვენ წარმოიდგინეთ, კი. რთულად, მაგრამ მაინც... რაც მთავარია, ეძებენ ბედნიერებას და თუ იმ პრინციპს მივყვებით, რომ ვინც ეძებს, ის პოულობს, ალბათ, გაბერწებულ ჭოტებსაც აქვს ბედნიერების შანსი. ძალიან, ძალიან მინდა კიდევ რამდენიმე ფილმის გადაღება. ერთი კორტასარის მოთხრობის, ერთიც ჩემი სცენარის მიხედვით და ვნახოთ, რა გამოვა.
– სულ ეს იყო, რაც მაინტერესებდა...
– მოიცა, პირად ცხოვრებაზე არაფერს არ მეკითხები?!
– „ფეისბუქის” მიხედვით სისტემატურად იცვლი პარტნიორებს...
– როგორც ზემოთ აღვნიშნე, ყველა ჯულიეტას თავისი რომეო ჰყავს, მათ შორის მეც.

скачать dle 11.3