კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩაძინებული საქმე

გრეგმა გაიღვიძა და ბოროტად ჩაიცინა. მის ცოლს ისევ კოშმარი ესიზმრებოდა – ესე  იგი, ხვალ კარგი დღე იქნებოდა. სწორედ ამ კოშმარების გამო იტანდა ქალს, რომელმაც უკვე დიდი ხანია, თავი მოაბეზრა. „იტანდა“ რბილად იყო ნათქვამი, ერთი სული ჰქონდა, როდის მოიშორებდა თავიდან.
კერიმ ისტერიკულად წამოიკივლა... კოშმარი აშკარად საშინელი იყო. გრეგი შეიჭმუხნა: ახლა იძულებით უნდა მოჰფერებოდა და დაემშვიდებინა. სიხარული გაქრა... ეჰ, რა კარგი იქნებოდა, გრძელფეხება, ქერა ლამაზმანი ჰყოლოდა ცოლად... მაგრამ, ღმერთი ყველაფერს ერთად არ იძლევა.
კერიმ ისევ იყვირა გრეგმა ჩუმად შეიგინა. როგორ არ უნდოდა, ამ სულელი ქალისთვის თავზე ხელი გადაესვა, ენა მოეჩლიქა და დაემშვიდებინა.
– ო, არა! არა! ოღონდ ეს არა! – იკივლა კერიმ და თვალი გაახილა.
გრეგი დაიძაბა, მაგრამ საკუთარი თავი აიძულა, ცოლისთვის ხელი მოეხვია და ენა მოეჩლიქა. ძალიან ხელოვნურად გამოუვიდა, თუმცა კერის ეს არ შეუნიშნავს, ისე იყო დაზაფრული.
– ისევ საშინელი სიზმარი ნახე? – კაცი შეეცადა, ხმისთვის მზრუნველი ჟღერადობა მიეცა.
– ო, გრეგ! ეს ისეთი საშინელება იყო! მეტი აღარ შემიძლია... – ქალმა ხელები გაშალა და ამოიქვითინა, – ნუთუ ამას ბოლო აღარ ექნება?
– ექნება, საყვარელო, ექნება...
– ასეთი საშინელება...
– არა უშავს, ძვირფასო, სამაგიეროდ, ხვალ კარგი დღე გვექნება.
გრეგმა ხელები მოიფშვნიტა. საქმეს კარგი პირი უჩანდა, – იქნებ, ეს მართლა ბოლო ყოფილიყო... გააჩნია, სიზმარს რა ფასად გაყიდდა.
– აბა, კერი... საით წავიდეთ? – გრეგმა მანქანის ძრავა აამუშავა.
– გრეგ, იქნებ აღარ არის საჭირო...
– აბა, რას ამბობ... ჩვენ ხომ ამას მხოლოდ ფულისთვის აღარ ვაკეთებთ. შენ მაინც გადამრჩენი ხარ. რა პრობლემაა, თუკი ამაში ვინმე ფულს იხდის? შენ ხომ მათ სიცოცხლეს სჩუქნი.
– მე აღარ მინდა ეს, გრეგ, ფული უკვე გვაქვს... შენ მუშაობას დაიწყებ.
– ენა გააჩერე, კერი და დროზე მითხარი, საით უნდა წავიდე.
– მარცხნივ, – ჩაიჩურჩულა ქალმა.
გრეგს სახე გაუბრწყინდა და გაიფიქრა.
„შესანიშნავია!  ამ ფეშენებელურ რაიონში მხოლოდ ძალიან მდიდარი ოჯახები ცხოვრობდნენ“.
– კიდევ ბევრი უნდა ვიაროთ? – ჰკითხა ცოლს.
კერიმ მაგრად მოკუმა ტუჩები, თითქოს არც ერთი სიტყვის თქმას აღარ აპირებდა.
– კერი!
– მომდევნო კვარტალია, არ არის დიდი... საკუთარი სახლი ქანდაკებებით... გრეგ, ძალიან გთხოვ, ბევრი არ მოსთხოვო, ჩვენ ხომ გვაქვს ანგარიშზე რაღაც თანხა. ეს საშინელებაა...
– კერი, გეყოფა, პირველად ხომ არ ვაკეთებთ ამას? შენ ღმერთმა განსაკუთრებული ნიჭი მოგცა... ჩვენც ხომ ამან შეგვახვედრა ერთმანეთს – გახსოვს, როგორ მოხვედი და გამაფრთხილე? მაშინ მივხვდი, რომ ჩემთვის იყავი შექმნილი...
– მართლა? – გუნება ცოტათი გამოუკეთდა ქალს.
– რა თქმა უნდა... ახლა კი საქმეს მივხედოთ. მორჩი წუწუნს და მივიდეთ... შენ ბევრი არაფერი არ  უნდა გააკეთო, ამჯერადაც მე ვილაპარაკებ. ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება.
კარი ძვირფასად, მაგრამ სადად ჩაცმულმა ქალმა გააღო და სახეზე გაოცება გამოეხატა:
– ვინ ხართ და რა გნებავთ?
– დამშვიდდით, ქალბატონო... ჩვენ არც მათხოვრები ვართ და არც ბანდიტები. აქ თქვენს დასახმარებლად ვართ მოსული. თქვენს შვილზე, პოლიზე უნდა გელაპარაკოთ...
ქალი გაფითრდა:
– თქვენ ჩემი შვილი მოიტაცეთ და ახლა ფული გინდათ? სად არის ჩემი შვილი?
– წესით, სკოლაში უნდა იყოს. ნუ ნერვიულობთ... პოლის სიცოცხლეს საფრთხე მართლა ემუქრება, მაგრამ, არა ჩვენგან. პირიქით, ჩვენ შეგვიძლია, ის გადავარჩინოთ. შევიდეთ სახლში... ნუ გეშინიათ. ჩემი ცოლი იშვიათი ნიჭით არის დაჯილდოებული მას სრულიად უცხო ადამიანების მომავლის ხილვის უნარი აქვს და ამას სიზმარში ხედავს.
– გინდათ, თქვათ, რომ ამ ქალმა სიზმარში ნახა, რა მოელის ჩემს შვილს?! – შეშფოთებით ჩაილაპარაკა დიასახლისმა.
– რა თქმა უნდა, აბა, ჩვენ საიდან ვიცოდით თქვენი მისამართი, გვარი, ბავშვის სახელი და ასაკი?! პოლს მანქანა დაეჯახება... ამ უბედურების თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ გეცოდინებათ ამ უბედური შემთხვევის ადგილი და დრო...
– თქვენ ეს იცით? – ქალს თვალები გაუფართოვდა...
– რა თქმა უნდა...
– მეტყვით?
– დიახ. თხუთმეტი ათასი დოლარი და – უბედურება თავიდან იქნება აცილებული...
– თხუთმეტი ათასი დოლარი... ღმერთო... რატომ უნდა დაგიჯეროთ? საიდან უნდა ვიცოდე, რომ არ მატყუებთ?
გრეგმა ამოიოხრა:
– ესე იგი, თქვენი შვილის სიცოცხლე თხუთმეტი ათასი დოლარი არ გიღირთ... რატომ უნდა დაგვიჯეროთ?! კერი, უთხარი!
კერი შეყოყმანდა, მაგრამ, ქმრის მრისხანე მზერამ აიძულა, ლაპარაკი დაეწყო:
– მე ვხედავ ბავშვს თავის ოთახში ხალიჩაზე ზის. პატარა გოგონაა... იქვე თმის სარჭია... ბავშვი მას იღებს და, იქვე, შტეფსელში აერთებს...
დიასახლისმა იკივლა, სირბილით ავარდა მეორე სართულზე და ხელში აყვანილი ათი თვის გოგონათი დაბრუნდა. ბავშვს ხელში თმის სარჭი ეკავა...
– თქვენ... თქვენ... საიდან იცით?..
გრეგმა ხელები გაშალა:
– გითხარით და არ დამიჯერეთ... ახლა თქვენი გადასაწყვეტია... იფიქრეთ. ეს ჩვენი ტელეფონის ნომერია... თქვენი შვილის ბედი თქვენს ხელშია. ის არც ისე ძვირად შეგიფასეთ, ხომ მართალია?
გრეგმა საკეტს გასაღები მოარგო და გაიცინა:
– კარგია, ყოჩაღ. მაგარი ხილვა იყო... თხუთმეტი ათასი დოლარი შვებულებაში გასვლის საშუალებას მოგვცემს, – გრეგს აღარ უთქვამს, რომ ამ ფულით მის მიტოვებასა და ახალი ცხოვრების დაწყებას აპირებდა და, ამის გააზრებით, შინაგანად ზეიმობდა.
– გრეგ, რომ ვერ გადაიხადონ? იქნებ, არ აქვთ თხუთმეტი ათასი დოლარი, მაშინ, რა ვქნა? – იკითხა კერიმ.
– ეგ უკვე შენი პრობლემა აღარ არის, ძვირფასო, – მხრები აიჩეჩა გრეგმა. კერი გაჩუმდა.
სახლში დაბრუნებულმა გრეგმა ჭიქაში იაფფასიანი ვისკი დაისხა და გაიფიქრა, რომ ეს მის ცხოვრებაში ბოლო იაფფასიანი სასმელი იყო. კერი ოთახში არ ჩანდა. გრეგმა სმენა დაძაბა და უცებ წამოხტა... ქალმა ტელეფონის ყურმილის დადება ვერ მოასწრო. ქმარმა მისი ბოლო სიტყვები გაიგონა: „ოთხი საათი და თხუთმეტი წუთი... მთავარი ტრასა“.
– ძუკნა! მათთან დარეკე? მოგკლავ! – იყვირა გრეგმა.
– არა, გრეგ, შენ მე ვეღარ მცემ... – კერი წამოდგა, – მე შენთვისაც მაქვს წინასწარმეტყველება: ვხედავ, ღამეა, მიდიხარ ქუჩაში იმ კაცს დანა აქვს... გაფატრული მუცელი და ასფალტზე გადმოყრილი ნაწლავები... რატომ დაგავიწყდა, რომ მე აზრების წაკითხვაც შემიძლია? შეცდომა დაუშვი, გრეგ, ახლა ვერაფერი გიშველის...
– ძუკნა! მახინჯო ძუკნა! მითხარი, სად და როდის მოხდება ეს! ვინ მომკლავს და სად მემუქრება სიკვდილი?
– ო, გრეგ, ამის გაგება შენთვის ძვირად ღირებული ფუფუნება იქნება – ვერ გადამიხდი მაგდენს...
– ძუკნა! – მთელი ხმით იბღავლა კაცმა,  მერე უცებ მკერდზე ხელი მიიჭირა და დაბარბაცდა, ხუთი წუთის შემდეგ კი იატაკზე ეგდო მკვდარი, თვალებში ჩაყინული შიშით...
თარგმნა
ნინო წულუკიძემ

скачать dle 11.3