კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ და რატომ დახოცა თბილისში ერთი კვირის განმავლობაში 9 ადამიანი

– ეს რა არის, კაცო? – ჩაილაპარაკა კარლომ, საფლავის ღობეს ჩაავლო ხელი, წამოჯდა და თვალები მოიფშვნიტა. შემდეგ გაირინდა და თვალი არ მოუცილებია ოთხი სილუეტისთვის, რომლებიც, როგორც ჩანდა, მძიმე ტომრებს მიათრევდნენ.
კარლო ბელქანია კუკიის სასაფლაოს თანამშრომელი იყო და სამუშაოს შემდეგ კოლეგებთან ერთად სვამდა ხოლმე. როცა საკმაოდ შექეიფიანდებოდა და სახლში წასვლის თავი აღარ ჰქონდა, იქვე, საფლავებს შორის იძინებდა. ბელქანია იმ საღამოსაც გვარიანად გამოთვრა და, ალბათ, დილამდე იძინებდა, რომ არა მთვარის შუქზე გამოჩენილი სილუეტები. კარლო ჯარისკაცივით ფრთხილად გახოხდა წინ და მაღლობიდან, ბალახებში ჩამალული ადევნებდა თვალყურს ოთხ მამაკაცს. მათ ოთხი ტომარა ოთხ გათხრილ საფლავში ჩაყარეს, შემდეგ მიწა მიაყარეს და წავიდნენ.
– ღმერთო ჩემო, – ჩაილაპარაკა ლოთმა მესაფლავემ, – აქ რაღაც დიდი უბედურებაა. მგონი, ადამიანები უნდა იყვნენ, უფრო სწორად, მოკლულები, თორემ, ასე მალულად, ღამით რატომ ჩაყრიდნენ მიწაში?
კარლო დაოთხილი მიიკვლევდა გზას ბალახებში. მას ძალიან აინტერესებდა, საით და რით წავიდოდნენ ის მამაკაცები, რომლებმაც ტომრები გათხრილ საფლავებში ჩაყარეს. უცნობები სასაფლაოს სათადარიგო გასასვლელიდან გავიდნენ, შემდეგ ფურგონიან „მოსკვიჩში“ ჩასხდნენ და წავიდნენ. კარლომ კარგად დაიმახსოვრა მანქანის ნომერი. შემდეგ ფრთხილად გაძვრა ღობეში და იქაურობას სასწრაფოდ გაეცალა.
ლოთი მესაფლავე მიდიოდა და ფიქრობდა, მისულიყო მილიციაში და ყველაფერი მოეყოლა თუ საიდუმლოდ შეენახა ნანახი. ერთი მხრივ, სინდისი ჰქენჯნიდა, მეორე მხრივ, კი – ეშინოდა. ბოლოს ჩაილაპარაკა: „მოდი, დავრეკავ და ყველაფერს მორიგეს მოვუყვები“.
ბელქანია ბნელი ქუჩის კუთხეში მდგარ სატელეფონო ჯიხურში შევიდა, მილიციის ნომერი აკრიფა და თქვა:
– ალო, მილიციაა?
– დიახ, მორიგე გისმენთ!
– მე ახლა კუკიის სასაფლაოზე ვიყავი და შემთხვევით შევესწარი, თუ როგორ ჩაყარა ოთხმა მამაკაცმა ოთხი ტომარა გათხრილ საფლავებში. შემდეგ ისინი ფურგონიანი „მოსკვიჩით“ წავიდნენ.
– მოქალაქე, – შეუღრინა ბელქანიას მილიციის მორიგემ, – ამ შუაღამისას რა დროს ხუმრობაა!
– რა ხუმრობა, უფროსო, მანქანის ნომერი ჩაიწერე! – უთხრა კარლომ და მორიგეს „მოსკვიჩის“ ნომერი უკარნახა.
– კუკია დიდია, სად ვეძებოთ გათხრილი საფლავები? – ჰკითხა მორიგემ.
– ადვილი მისაგნებია. ისინი ოლეგ სიდამონიძის ძეგლის გვერდითაა, – უპასუხა ბელქანიამ.
– თქვენი ვინაობა მითხარით, მოქალაქევ!
ამ სიტყვებზე ბელქანიას გააჟრჟოლა, შემდეგ ყურმილი დაკიდა, ჯიხურიდან გამოვიდა და შინისკენ მოკურცხლა.

წაშლილი კვალი
მილიციის მორიგეს ბელქანიას შეტყობინება ბოროტი ხუმრობა ეგონა, თუმცა, მაინც ჩაიწერა ყველაფერი და შემდეგ ქალაქის მილიციის სამმართველოს მორიგეს გადასცა ეს ინფორმაცია.
– გოგოლაძე! – გასძახა სამმართველოს მორიგემ კაპიტან თენგიზ გოგოლაძეს, რომელიც თავისი ჯგუფის წევრებთან ერთად გვერდით ოთახში იყო წამოწოლილი, – შეტყობინებაა და გადაამოწმე!
თენგიზი მილიციის სამმართველოს წამყვანი ოპერმუშაკი იყო, რომელსაც კოლეგები „დაუზარებელს“ ეძახდნენ. ის მარდად წამოხტა და ქალაქის მორიგისგან ბელქანიას შეტყობინება მიიღო, ყურადღებით გაეცნო და კოლეგებს უთხრა:
– აბა, ბიჭებო, წავედით, კუკიის სასაფლაოზე ინფორმაციაა გადასამოწმებელი!
გოგოლაძის კოლეგები უხალისოდ წამოდგნენ, მაგრამ თენგიზისთვის არაფერი უთქვამთ და მორჩილად გაჰყვნენ უკან.
მილიციელებმა ადვილად მიაგნეს სიდამონიძის ბიუსტს, რომელსაც ბელქანიამ ძეგლი უწოდა, შემდეგ ახალამოვსებული საფლავებიც იპოვეს და თხრას შეუდგნენ. უკვე მამლებმა იყივლეს,  როდესაც ოპერებმა საფლავებიდან ოთხი ტომარა ამოიღეს, რომლებშიც ოთხი მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს.
– ესეც ასე, – თავი გააქნია გოგოლაძემ, – როგორც ჩანს, წუხელ სადღაც დიდი უბედურება მოხდა. ჩქარა, სამმართველოში დარეკეთ და პათანატომები და კრიმინალისტები გამოიძახეთ!
ცხედრები პროზექტურაში წაიღეს და ყურადღებით დაათვალიერეს. შემდეგ გაკვეთეს და დაადგინეს, რომ ისინი 25-30 წლის მამაკაცები იყვნენ. ოთხივე „ტეტეს“ სისტემის ორი პისტოლეტიდან იყო მოკლული და თითოეულს 3-3 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული მუცელსა და თავში.
ეს საქმე თენგიზ გოგოლაძეს დააწერეს, რომელიც ჩვეული ენერგიულობით შეუდგა მოქმედებას.
– როგორც ეტყობა, – უთხრა გოგოლაძემ ხელქვეითებს, – მოკლულები შავი სამყაროს წევრები არიან, რაზეც მათ სხეულებზე არსებული სვირინგები მოწმობს. ჯერჯერობით მათი პიროვნებები ვერ დავადგინეთ, მაგრამ, ვფიქრობ, რომ, თუ გაუთვალისწინებელი რამე არ მოხდა, ამ საქმეს მალე გავხსნით. თანაც, „მოსკვიჩის“ ნომერი ვიცით, რომლითაც ცხედრები გადაიტანეს, ავტოინსპექციიდანაც წუთი-წუთზე მივიღებთ პასუხს.
სახელმწიფო ავტოინსპექციიდან („გაი“) სისხლის სამართლის სამძებროს შეატყობინეს, რომ „მოსკვიჩი“ მოქალაქე ლენგერ კონიაშვილს ეკუთვნოდა, რომელიც თბილისის ¹31 საავიაციო ქარხანაში მუშაობდა ექსპედიტორად. დადგინდა ისიც, რომ იმავე დღის 10 საათზე კონიაშვილი თავისი „მოსკვიჩით“ მტკვარში გადავარდა.
„მოსკვიჩი“ და მისი პატრონი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სოღანლუღის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სარკინიგზო ხიდის ქვეშ იპოვეს და ცხედარი პროზექტურაში გადაიტანეს გამოსაკვლევად.
– რამდენიმე საათის განმავლობაში ხუთი ცხედარი ბევრია. ვფიქრობ, კონიაშვილი მოიშორეს, როგორც მოწმე, – თქვა გოგოლაძემ.
გოგოლაძის ვარაუდი სწორი აღმოჩნდა. ექსპერტებმა კონიაშვილის სხეულში კალიუმციანიდის დოზა აღმოაჩინეს, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ ის მოწამლული იყო.
– ვიღაც კვალს შლის და ჯერჯერობით ამას კარგად აკეთებს, – თქვა გოგოლაძემ მორიგ თათბირზე, – თუმცა, ვფიქრობ, რომ უახლოეს დროში კიდევ ოთხი ცხედარი გამოჩნდება.
კაპიტანი გოგოლაძე მართალი აღმოჩნდა – სამი დღის შემდეგ, მტკვარში, ორთაჭალის ჰესთან, კიდევ ოთხი მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რომლებიც „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტიდან იყვნენ დახოცილები.

მივიწყებული საქმე
ცხრა მოკლული ერთი კვირის განმავლობაში იმდენად ანომალიური მოვლენა იყო მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლების საქართველოში, რომ მაშინდელმა „ცეკას“ მდივანმა ვასილ მჟავანაძემ შინაგან საქმეთა მინისტრს, ედუარდ შევარდნაძეს უსაყვედურა და საქმის სასწრაფოდ გახსნა მოსთხოვა. თავის მხრივ, გენერალმა შევარდნაძემ ხელქვეითებისგან მოითხოვა საქმის გახსნა და მათ მჟავანაძის ბრძანება გადასცა.
გოგოლაძე ისედაც ინტენსიურად მუშაობდა ამ საქმეზე და არ გასჭირვებია მესაფლავე ბელქანიას პოვნა, თუმცა, მისმა დაკითხვამ დიდი ვერაფერი შეჰმატა გამოძიებას. კაპიტანმა პირველი ოთხეულის ვინაობა დაადგინა. ისინი რუსეთიდან ჩამოსული საკმაოდ ცნობილი ბანდიტები აღმოჩნდნენ, რომელთა შორის იყო იური კორჟაკოვი, მეტსახელად „ბეშენი“. ის და მისი ბანდის წევრები რამდენიმე შეიარაღებული ძარცვის მონაწილეები იყვნენ და მათ მილიცია ეძებდა. სწორედ მათი ცხედრები აღმოაჩინეს  ტომრებში. ასევე, დადგინდა მოკლულთა მეორე ოთხეულის ვინაობაც, ანუ, იმათი, რომლებმაც დახოცილი ბანდიტები საფლავებში ჩაყარეს. ისინი თბილისის 31-ე საავიაციო ქარხნის მუშები იყვნენ. გოგოლაძე გაოცებული იყო ამ ფაქტით, რადგან, ვერ გაეგო, რა კავშირი ჰქონდათ ერთმანეთთან ცნობილ რეციდივისტებს, ქარხნის მუშებსა და ექსპედიტორს. აშკარა იყო, რომ ამ საქმეში სხვა პიროვნებაც ფიგურირებდა, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანდა, თუმცა, კაპიტანი ბალისტიკური ექსპერტიზის შედეგს ელოდა და მოლოდინმაც არ გააწბილა: მამაკაცები „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტიდან იყვნენ დახოცილი. მილიციის მასროთეკის ნიმუშებთან შედარებამ ცხადყო, რომ ერთ-ერთი „ტეტე“ ჯერ კიდევ ათი წლის წინანდელ დანაშაულში ფიგურირებდა და ვინმე ზაურ ბობოხიძეს ეკუთვნოდა. გოგოლაძე გულდასმით ჩაუჯდა ბობოხიძის საქმეს და აღმოაჩინა, რომ ზაურ ბობოხიძე, ბეშენი და დანარჩენი სამი მოკლული კრიმინალი ათი წლის წინ ერთ საქმეში ფიგურირებდნენ: მათ ქალაქ ლენინგრადში დიდი საიუველირო მაღაზია გაძარცვეს. შემდეგ მილიცია დაასხდათ „კუდზე“ და ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ალყაშიც მოაქციეს. თუმცა, ოპერმუშაკებმა მხოლოდ ბეშენი და სამი ბანდიტი აიყვანეს, ზაურ ბობოხიძე კი მათთან არ იყო.
გოგოლაძემ არქივში ამოიკითხა:
– თქვენი მეხუთე ძმაკაცი სად არის? – ჰკითხა ბეშენის გამომძიებელმა, – თან, არც ნაძარცვი ჩანს.
– ჩვენმა ძმაკაცმა ყველანი გადაგვაგდო. 170 ათასი მანეთის ოქრო-ბრილიანტი წაიღო და მოტყდა. მე მგონი, მან შეგატყობინათ ჩვენი ადგილსამყოფელი. მაგრამ, იცოდე, უფროსო, თუკი ოდესმე გავედი სვაბოდაზე, იმ გნიდა ქორს მოვძებნი და ჩავაძაღლებ, – მიუგო გამომძიებელს ბეშენიმ.
„ქორი“ ზაურ ბობოხიძის მეტსახელი იყო და მასზე საკავშირო ძებნა გამოაცხადეს. ბეშენი და მისი მეგობრები კი, 12-12 წლით ჩასვეს ციხეში.
– ნუთუ ქორი გამოჩნდა? – მხრები აიჩეჩა გოგოლაძემ, – მაგრამ, რისთვის? თუ მას ამდენი ოქრო და ბრილიანტი ჰქონდა გატაცებული, გადაგდებული პაძელნიკების ნახვა რაში სჭირდებოდა? აქ სხვა ამბავია. ქორი კი, მგონი, მართლაც გამოჩნდა.
თენგიზ გოგოლაძემ არქივიდან ზაურ ბობოხიძის სურათი ამოიღო; შემდეგ ის გადაამრავლა, თავის ხელქვეითებსა და სამძებროს სხვა თანამშრომლებს დაურიგა და უთხრა:
– იცოდეთ, ეს კაცი მაქსიმუმ ერთ კვირაში საღ-სალამათი აქ უნდა გვყავდეს. ასეთია ედუარდ ამბროსოვიჩის ბრძანება და იმოქმედეთ!
„ქორი“
გოგოლაძის ოპერჯგუფმა „ქორი“ ზუსტად ერთ კვირაში, კუკიაზე აიყვანეს, სადაც ის ვინმე ალა ივანოვასთან ცხოვრობდა. მათვე აღმოაჩნდათ „ტეტეს“ ორი პისტოლეტი, საიდანაც რვა ადამიანი იყო მოკლული. დაკავებულები შინაგან საქმეთა სამინისტროში მიიყვანეს და ჯვარედინი დაკითხვა მოუწყვეს, რომელსაც მინისტრი შევარდნაძეც ესწრებოდა. დაკითხვას კი კოტე შარტავა და თენგიზ გოგოლაძე ატარებდნენ.
– ბეშენი და შენი სხვა მეგობრები რატომ დახოცე, ბობოხიძე? – ჰკითხა ქორს შარტავამ.
– ისინი ჩემი მეგობრები არ ყოფილან, – მშვიდად მიუგო ქორმა.
– რატომ დახოცე?
– იმიტომ, რომ დამპლები იყვნენ.
– დანარჩენებს რაღას ერჩოდი? – უკვე გოგოლაძემ ჰკითხა ქორს.
– მუშებსა და ექსპედიტორს მე მოვუღე ბოლო, – უთხრა გოგოლაძეს ალა ივანოვამ, – ქორმა მხოლოდ ის გნიდები დახოცა.
დაკავებულების დაკითხვა ექვს საათს გაგრძელდა. გაირკვა, რომ ლენინგრადში საიუველირო მაღაზიის ძარცვის შემდეგ ბეშენი და ქორი მდინარე ნევის ნაპირზე განმარტოვდნენ და მომავალ გეგმებზე საუბრობდნენ. ამ დროს ბეშენიმ ქორს ორი ტყვია ესროლა და გაიქცა, დანარჩენი ბანდიტები კი დააჯერა, რომ თითქოს ქორმა ნაძარცვი ქონება გაიტაცა. სინამდვილეში კი ბეშენის წილის გაყოფა არ უნდოდა და ნივთები თვითონ დამალა, თუმცა, ის და მისი მეგობრები მილიციამ შეიპყრო.
– როგორ გადარჩი? – დაინტერესდა გოგოლაძე.
– მე გადავარჩინე, – საუბარში კვლავ ალა ჩაერთო, – მე ექთანი ვარ და სრულიად შემთხვევით შევესწარი ამ ინციდენტს ბეშენისა და ქორს შორის. მე მანქანით ვიყავი მისული ნევის ნაპირას. როდესაც ბეშენი წავიდა, ქორი წყლიდან ამოვიყვანე და ჩემს ცხონებულ ქირურგ ძმას მივუყვანე სახლში. ჩვენ ზაურს ოპერაცია გავუკეთეთ, მოვუარეთ და სიკვდილისგან ვიხსენით.
  – ბეშენი როგორღა მოიხელთე?
– მე და ალამ, – განაგრძო ქორმა, – მათ გაქცევა მოვუწყვეთ. ალა ზონაში ექთნად მოეწყო და ჩემს ყოფილ პაძელნიკებს დაუახლოვდა. თბილისში კი იმ საბაბით ჩამოვიტყუეთ, თითქოს თბილისის 31-ე ქარხნის სალარო უნდა გაეძარცვა.
– მუშები და ექსპედიტორიც პრისტუპნიკები იყვნენ და ამ საქმეზე მუშაობდნენ, – დაამატა ალამ.
– ძვირფასეულობა სადღაა? – საუბარში უკვე მინისტრი შევარდნაძე ჩაერთო.
– მაგის გარკვევა ვერ მოვასწარით, – თქვა ქორმა, – ბეშენი წამებისას მოკვდა.
ორი დღის შემდეგ, ალა ციხიდან გაიქცა – ის ბადრაგმა გაიყვანა გარეთ, ქორი კი გაასამართლეს და დახვრეტა მიუსაჯეს, თუმცა, შემდეგ ეს სასჯელი 15 წლის პატიმრობით შეუცვალეს და ნოვოჩერკასკის მკაცრი რეჟიმის ციხეში ჩასვეს, სადაც ის 5 წელი იჯდა, მერე კი გაიქცა...
ბობოხიძე და ივანოვა დღემდე ძებნილები არიან. სავარაუდოდ, ისინი ნაძარცვი ქონებით გაიქცნენ უცხოეთში და დღემდე იქ ცხოვრობენ სხვა გვარებით...

скачать dle 11.3