კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ წვავდა ლადო გუდიაშვილი ბუხარში თავის ნახატებს და რატომ მოითხოვდა მთვრალი ოფიცერი ხმლის ქნევით მაღაზიის ვიტრინიდან მისი ნახატის ჩამოხსნას

„ვლადიმერ დავითის ძე გუდიაშვილს გავაგებინე, რომ გადაწყვეტილი მქონდა, მასზე წიგნი დამეწერა. მან მიპასუხა „ჩემთვის მთავარი სათავეებია, რაც მთელ ცხოვრებას გასდევს, იმას, რაც ჩემში ამჟამად ცოცხლობს, დასაწყისი აქვს...“ შემდეგ იგი ამბობს, რომ პარიზის ინვალიდთა სახლში ინახება ნაპოლეონ ბონაპარტეს მოწაფეობისდროინდელი ტაბელი. შიგ მასწავლებლის ხელით ჩაწერილი დახასიათებაა: „ეს ბიჭი შორს წავა, თუ გარემოებამ შეუწყო ხელი“. არაჩვეულებრივად გადმოსცემს მხატვრის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდებს თავის წიგნში „ლადო გუდიაშვილი“ იური მოსეშვილი, რომლის წაკითხვაც, დარწმუნებული ვარ, ერთგვარ სიამოვნებას მოგგვრით.
„მხატვარი ოჯახში უფროსი ძმა ვახტანგი იყო, განაგრძობს იგი. ლადო მხოლოდ გულმოდგინედ აწყობდა მის ნახატებს და ზედ მარტივ, გალექსილ სტრიქონებს აწერდა. როცა უფროსი ძმა საექიმოზე სასწავლებლად გაამწესეს, დედას ისევ მოჰქონდა სახლში ილუსტრირებული „ნივა“ და ლადოც მორჩილად მისდევდა „ტრადიციას“ – პორტრეტებს იხატავდა იქიდან... დედის დაჟინებამ მიიყვანა თოთხმეტი წლის ლადო გოლოვინის პროსპექტისა და ბესიკის ქუჩის კუთხეში, იქ, სადაც ნატიფ ხელოვნებათა წამახალისებელი საზოგადოების მიერ ნაქირავები ორი ოთახი ეჭირა სამხატვრო სტუდიას. მის ბაზაზე შეიქმნა ამიერკავკასიაში პირველი ფერწერისა და ძერწვის პროფესიული სკოლა... გუდიაშვილი ოსკარ შმერლინგთან მეცადინეობდა. ოთხი წლის შემდეგ მოეწყო გამოშვება. გუდიაშვილს გადასცეს წარჩინების დიპლომი, რაც ხატვის სწავლების უფლებას აძლევდა მას. ამ უფლებით სარგებლობდა ის 1914-დან 1919 წლამდე ქალაქის მეორე გიმნაზიაში... გიმნაზიის სამმაგი წყობის კედლებს მიღმა გუგუნებდა ატმოსფერო აურაცხელი მოვლენებისგან: გაიხსნა კავკასიის ფრონტი... ლადო ცხრამეტი წლისაა. არეულ დროს არ ედარდება, თუ როგორ უნდა მოიქცეს ასეთ შემთხვევაში ხატვის მასწავლებელი. „რაღაცნაირი გაგულისება ვიგრძენი, რაც მუშაობის ტემპს დაეტყო. ერთ წელიწადში ორმოცი ტილო შევქმენი.. არც ერთი ნამუშევარი არ შემომრჩენია. “... ჟამთა სიავითა და დიდი ხნის კუჭის წყლულით ისედაც გაღიზიანებული გიმნაზიის ზედამხედველი დაესწრო „მეამბოხე ფერმწერის“ გაკვეთილს და ამით დასრულდა ხატვის მასწავლებლის ბიოგრაფია. შემოსავალი არსაიდან იყო. სახელი თავისებური ფორმით მოვიდა... 1917 წლის 20 დეკემბერს სააქციო საზოგადოება „კავკაზსკოე სლოვოს“ გაზეთმა გამოაქვეყნა – „წერილი რედაქციას“: „მოწყალეო ბატონებო, ბატონო რედაქტორო, უარი არ მითხრათ, თქვენს პატივცემულ გაზეთში გამოვაქვეყნო ქვემორე მოყვანილი. მაღაზია „blau et noir-ში“ გასაყიდად იყო გამოფენილი ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის ჩემ მიერ დაწერილი პორტრეტი. ეს პორტრეტი გამოფენილი იყო ზემოთ ნახსენები მაღაზიის ვიტრინაში. 16 დეკემბერს მაღაზიაში შევიდა ქართული პოლკის ოფიცერი და მუქარით მოითხოვა სურათის მოხსნა. თუ არაო, განაცხადა, ცუდად წავა საქმეო. მაღაზიის პატრონი იძულებული შეიქნა, შეესრულებინა ეს ულტიმატუმად წამოყენებული მოთხოვნა. არ დავიწყებ ოფიცრის საქციელის კრიტიკას მის მიერ ხელოვნების გაგების თვალსაზრისით, მაგრამ პროტესტს ვაცხადებ მისგან ჩემი მატერიალური მდგომარეობის  ხელყოფის გამო, რადგან ჩემი სურათების გაყიდვა მხოლოდ იმ შემთხვევაში შემიძლია, თუ მათ მაღაზიებში გამოვფენ. ეს შემთხვევა გამომაქვს ამხანაგ მხატვრებისა და მკითხველთა სამსჯავროზე.
მხატ. ვლ. გუდიაშვილი.“
გაზეთმა დეტალები გამოტოვა – ოფიცერი მთვრალი იყო, ხმალს იქნევდა და ვიტრინის დალეწვით იმუქრებოდა... „ამხანაგი მხატვრები“, რომელთა „სამსჯავროსაც“ იმედით მიმართავდა ავტორი, წუხდნენ, მაგრამ ხმას არ იღებდნენ. გაზეთი კი კვლავ დაუბრუნდა ამ ისტორიას ჭკუის სასწავლებელი სტატიით – „ტრადიციულ სახეთა დასაცავად“...
გუდიაშვილის სახელოსნოში შუქგამტარი ქაღალდის ქვეშ ინახება მოდილიანის მიერ ფანქრით შესრულებული ორი ჩანახატი... ძნელია, კაცმა უარი თქვა ცდუნებაზე, რაც შეიძლება მეტი ბრწყინვალებით შემოსილი მიაწოდო ადამიანებს ასეთი განსაკუთრებული ფაქტი: დიდი მოდილიანი თავის ნამუშევრებს სჩუქნის ქართველ ძმადნაფიცს... ამადეომ ნახატები დაჭმუჭნა. ლადომ გულმოდგინედ გაასწორა ისინი და ალბომში ჩააწყო. ორი მხატვარი ერთმანეთს შეიძლებოდა შეხვედროდა მხოლოდ ოცდახუთდღიანი პერიოდის განმავლობაში: ლადო პარიზში 1920 წლის 1 იანვარს ჩავიდა, ამადეომ იმავე წლის 25 იანვარს დატოვა წუთისოფელი. ამასთან დაკავშირებით, დღეს დანამდვილებით მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება: ლადომ მაშინვე განჭვრიტა იმ ხელოვანის მომავალი, ვინც მსოფლიომ მხოლოდ ათი წლის შემდეგ აღიარა... დაბოლოს, პიკასო, ყველაზე შესანიშნავი ფიგურა მონპარნასზე... მისი ურთიერთსაპირისპირო ძიებანი თავგზას დაუბნევდა ვისაც გინდა, თვითონ მის გარდა. ყველაზე ერთგული მიმდევრებიც კი ვერ უწყობდნენ ფეხს მისი ინტერესების თავბრუდამხვევ ცვლას... დაუოკებელი ცნობისწადილით შეპყრობილი, ის თვითონ ამყარებდა კონტაქტებს, როგორც ეს ლადოს შემთხვევაში მოხდა. შეამჩნია თუ არა „როტონდაში“ უცნობი სახე, მაგიდას მიუჯდა და დიდხანს ეკითხებოდა ლადოს, რა ქარმა გადმოგაგდო და საიდანო, თან, თვალებით ბურღავდა. ის იცნობდა საქართველოს, ადრე შეხვედრილი პოეტის, პაოლო იაშვილის მონაყოლით. არ დააყოვნა და რამდენიმე რჩევაც მისცა ლადოს, როგორ უნდა მოქცეულიყო მხატვარი პარიზში, რომ საკუთარი სახე არ დაეკარგა... კოლექციონერს ამერიკის შეერთებული შტატებიდან,  ჯეიმს როზენბერგს ჩვეულებად ჰქონდა, მარტო მას შემდეგ შეეძინა სურათები, როცა პარიზული საზოგადოება აშკარად მოიწონებდა მათ ვერნისაჟებზე... როზენბერგის „ახალი გალერეა“ გამოსაცდელი პოლიგონი იყო შტატებში „გაშვების“ წინ. ასე მოხვდა ნიუ-იორკში გუდიაშვილის რვა ფერწერული და ექვსი გრაფიკული ნამუშევარი (ძირითადად, ძველი ტფილისის მოტივები), რომლებიც ჯერ უჩვენეს და შემდეგ დატოვეს კიდეც იქ დერენის, დიუფის, მატისის, მოდილიანის, სინიაკის, ვლამინკის ტილოებთან ერთად. 1923 წელს როზენბერგმა განაახლა თავისი ნიუ-იორკის ექსპოზიცია კანდინსკითა და შუახევით (რომელიც მალე საქართველოში მოხვდა და სამუდამოდ აქ დასახლდა). ამერიკისათვის გუდიაშვილი აღმოჩენა არ ყოფილა. ჯერ კიდევ 1920 წელს, გაზეთი „ნიუ-იორკ ჰერალდი“ წერდა თავის ამერიკულ და ევროპულ გამოშვებებში: „მისტერ გუდიაშვილს ჯორჯიიდან გასაოცარი ტალანტი აქვს... პაოლო იაშვილს, ალბათ, საფუძველი ჰქონდა ეთქვა: „მეგობრის ბედი ნინოსთვის მიმინდვიაო...“ ნინო გუდიაშვილმა ერთად ცხოვრების პირველივე წლებში შეიგრძნო ეს, როცა ქმრის სურათებს ცეცხლს სტაცებდა. ლადო ბუხარში წვავდა თავის ტილოებს, ცეცხლს აძლევდა მრავალი წლის შრომას... ამ ცეცხლის ანარეკლი ჩანს 1932 წელს დახატულ ნინოს პორტრეტზე...“
ჩემი თბილისი და ფიროსმანი
ლადო გუდიაშვილის მოგონებებიდან: „ფიროსმანს რამდენჯერმე პირადად ვარ შენახვედრი. მაღალი კაცი იყო, შეჭაღარავებული, უკან გადავარცხნილი თმით, გრძელი ულვაშით, მშვიდი, კეთილშობილური და ინტელიგენტური იერით. როცა გავიცანი, ნაცრისფერი პიჯაკი, სქელი, საღებავებით დასვრილი შარვალი ეცვა. ერთხელ მხატვართა საზოგადოების კრებაზე მივიყვანეთ. მკერდზე გულხელდაკრეფილი იჯდა. ასე იჯდა მთელი სხდომის განმავლობაში და ხმა არ ამოუღია. დაუწყეს გამოკითხვა. პასუხს მოკლედ იძლეოდა, ლაპარაკობდა ცოტას. „... ჰოდა, რა გვინდა, ძმებო, იცით? – თქვა მან, – უსათუოდ საჭიროა, ავაშენოთ დიდი ხის სახლი, სადმე, ქალაქის შუაგულში, რომ ყველასთვის იყოს ახლოს. ვიყიდოთ დიდი სტოლი და სამოვარი, ვსვათ ჩაი, ბევრი ვსვათ და ვილაპარაკოთ მხატვრობაზე. თქვენ კი ეს არ გინდათ, თქვენ სულ სხვას ლაპარაკობთ. შემდეგ სხდომაზე ფიროსმანაშვილი არ გამოცხადებულა. ცხოვრობდა, როგორც გაგვეგო, სადღაც დიდუბეში, მაგრამ ვერავინ იპოვა. გაიარა წელიწადმა. მხატვართა საზოგადოების ერთ-ერთ კრებაზე გამოტანილი იქნა დადგენილება – აღმოეჩინათ ხელვიწრო წევრებისთვის მატერიალური დახმარება: გადაწყდა, ნიკო ფიროსმანაშვილისთვის მიეცათ დახმარება 200 მანეთის ოდენობით. ფულის გადაცემა მე მომანდეს. ეს იყო ფიროსმანის ცხოვრების უკანასკნელი წლები. მივიღე ფული და დავიწყე ფიროსმანაშვილის ძებნა. დაახლოებით ვიცოდი, სად ცხოვრობდა. ბევრი ვიარე, ბევრ ეზოში შევყავი თავი და გამოვკითხე, მაგრამ ამაოდ. დაღონებული ვბრუნდებოდი, რომ ეზოდან მომესმა საშინელი ყვირილი, ბავშვების ჟივილ-ხივილი. დაინტერესებული გადავედი მეორე მხარეს და მივადექი იმ ალაყაფის კარს, საიდანაც ხმაური მომესმა. ეზოს ბავშვები ქვებს უშენდნენ ერთი ოთახის კარს, სადაც ცხოვრობდა აბუჩად აგდებული კაცი. ეს კაცი საშინლად გაჯავრებული გამოხტა ოთახიდან, გამოუდგა ბავშვებს, სწრაფადვე გაბრუნდა და ჩაკეტა კარი. დაფიქრებულმა ამ ამბით გადავწყვიტე, რომ ეს ნიკო უნდა ყოფილიყო... დავაკაკუნე, გამოჩნდა ნიკო. ვინ გნებავთ? ბატონი ფიროსმანაშვილი. მე ვარ, გთხოვთ. გააღო კარი. შევედი. უეცრად შემაჩერა და მკითხა: როგორ მოხვედით, როგორც მტერი თუ როგორც მოყვარე?! ხომ არ გაგიჟდა, – გავიფიქრე გუნებაში. ხმამაღლა კი ვუთხარი – არა, თქვენც მხატვარი ხართ და მეც, რა მტერი უნდა ვიყო მე თქვენი? მე გუდიაშვილი ვარ, არ გახსოვართ? დიახ, დიახ, გთხოვთ დაბრძანდით, გთხოვთ, ლადო, არა? დიახ, ლადო. დაბრძანდით, ძმობილო! აი, ეს არის ჩემი ოთახი, როგორც ხედავთ. შეიძლება, წყალი დავლიო? – დაასხა ჭიქაში და მომიტანა. ბოდიშს ვიხდი, რომ ლიმონათი არ მაქვს... თქვენ იცნობთ ძმებს ზდანევიჩებს? – მკითხა მან. მათ ბევრი სურათი აქვთ ჩემი. მე ბევრს ვმუშაობდი, თბილისის სარდაფები ჩემი მოხატულია. ამით ვცხოვრობ... მიირთვით რამე. იქნებ პური.. აი, გთხოვთ, – და გამოიღო „შკაფიდან“ ხმელი პურის ნატეხი. მე მადლობა ვუთხარი... ახლა რაზედ მუშაობთ? – ვკითხე. არაფერს არ ვაკეთებ. ვასრულებ მხოლოდ შენაკვეთს, რესტორანში. სიღარიბეში ვცხოვრობ. ხშირად მატყუებენ და არ მაძლევენ ფულს. ამოვიღე ფული და გადავეცი. ისიც ვუთხარი, ვისგან იყო, შეჩერდა და გაოცებული გაქვავდა, ხმა აღარ დაძრა. არ იცოდა, როგორ გადაეხადა მადლობა. ცოტა არის, – ვუთხარი, – მაგრამ ამ ფულით პატარა ხანს შეიძლება ცხოვრება. იყიდეთ საღებავები. ავდექი და მოვემზადე წამოსასვლელად... მერე ნიკომ მაჩვენა სურათები: „ლომი“ და „თამარ დედოფალი“. აქ ბავშვები მიშლიან ხელს, ყვირიან და ქვებს ისვრიან ფანჯრებში, მაწვალებენ უღმერთოდ. მაშასადამე თქვენ მიდიხართ? წავიდეთ... იცით, რა? – თქვა მან წყნარად, – წავიდეთ, სარდაფში დავლიოთ. მე ვუთხარი, რომ ღვინოს არ ვსვამდი. არა უშავს, ლიმონათს მაინც დალევთ. კიდევ უარით ვუპასუხე. სახეზე წყენა შევნიშნე, სახლში რომ დავბრუნდი, მეტად შემაღონა ჩემმა საქციელმა, მაგრამ რაღა გაეწყობოდა... გავიდა ამ შეხვედრის შემდეგ თითქმის წელიწადი, ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ დასდო დახმარება ღარიბ მხატვართა სასარგებლოდ. ფიროსმანაშვილისთვის გადმომცეს დაახლოებით 300 მანეთი. გავემართე ისევ მისკენ, მაგრამ თავისი ოთახიდან გადასულიყო. რამდენიმე ბავშვმა იკისრა ფიროსმანაშვილის მოძებნა. გავყევი მათ, შემოვიარეთ დიდუბე. დიდი ხანია, არ დაგვინახავსო, – გვპასუხობდნენ. მას შემდეგ ფიროსმანაშვილი სამუდამოდ დაიკარგა...“

скачать dle 11.3