კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თბილისის რომელ გამზირზე მდებარეობდა „დიდების ტაძარი“ და რა დანიშნულება ჰქონდა კინოთეატრ „რუსთაველის“ ადგილას მდგარ შენობას მეცხრამეტე საუკუნეში

თბილისის ცენტრალურ, შოთა რუსთაველის სახელობის გამზირზე, რომელსაც წარსულში „გოლოვინის პროსპექტად“ მოიხსენიებდნენ, რამდენიმე ათეული ისტორიული შენობაა, რომელთა ამოცნობა ძველ, მეცხრამეტე და მეოცე საუკუნის დასაწყისის ფოტოებზეა შესაძლებელი. ცისფერი გალერეა და რუსთაველის კინოთეატრის შენობა – „თბილისელების“ ამ ნომერში მკითხველს ვთავაზობთ ძველ თბილისურ ფოტოებს, რომლებზეც გამოსახულია ან უკვე დანგრეული ნაგებობები და მათ ადგილას აშენებული თანამედროვე შენობები.

ცისფერი გალერეა
ამჟამინდელ საქართველოს მხატვართა გალერეას, რომელსაც თბილისელები „ცისფერ გალერეას” უწოდებენ, წარსულში „დიდების ტაძარი” ერქვა და ის კავკასიაში რუსეთის არმიის წარმატებული საომარი ოპერაციების უკვდავსაყოფად იყო აგებული. სამხედრო ისტორიული მუზეუმი, რომლის პროექტის ავტორი არქიტექტორი ალბერტ ზალცმანი იყო, 1892 წელს აშენდა, თუმცა, გავრცელებული ვერსიის თანახმად, მუზეუმი 1880-1883 წლებში რომში აგებული საგამოფენო სახლის ასლია. ტიციან ტაბიძის მოგონებებიდან ცნობილია, რომ „დიდების ტაძარში” სხვადასხვა დროს გამოფენილი იყო: საქართველოს დახეული დროშები, შამილის გატეხილი ხმალი და ჰაჯი-მურატის ტანზე შეხსნილი მუზარადები, რომლებსაც გარს ერტყა რუსეთ-ცარიზმის ზარბაზნები და იმპერატორ ალექსანდრე პირველის მაცდური მანიფესტის თუჯის სიტყვები. „დიდების ტაძრის” საგამოფენო დარბაზის სიგრძე 58 მეტრი, სიგანე – 9,5 მეტრი  ფართობი კი 551 კვადრატული მეტრი იყო. ფანჯრების უქონლობის გამო, დღის სინათლის მისაღებად დარბაზი მინით გადახურეს. სახურავის ასეთი კონსტრუქცია ერთ-ერთი პირველი იყო თბილისში. მთავარი ფასადის ყრუ კედელს საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე მიკრული ჰქონდა ლითონის ათი დაფა, რომლებზეც აღნიშნული იყო კავკასიის ომში მნიშვნელოვან გამარჯვებათა თარიღები და ცნობები. ფასადის ნაპირებში ორივე მხარეს, მოწყობილია თაროები, რომლებიც, სავარაუდოდ, განკუთვნილი იყო ქანდაკებების დასადგმელად. მუზეუმს თავისებური გალავანი ჰქონდა – გადაჯვარედინებული ზარბაზნები და მათ შორის გაბმული ჯაჭვები. ძველი ცნობების თანახმად, ეს იყო თურქული ზარბაზნები. გალავანი მოაშორეს, ისევე, როგორც ფასადზე ჩამწკრივებული წარწერებიანი დაფები. გასაბჭოებამდე დარბაზში გამოფენილი იყო ცნობილი მხატვრების: რუბოს, აივაზოვსკისა და სხვათა ტილოები, რომლებზეც ასახული იყო ისტორიული ამბები კავკასიის ომებიდან, ასევე, სამხედრო პირები. ცნობილი ფაქტია, რომ 1914 წლის ნოემბერში თბილისში ვიზიტად მყოფი რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ მეორე „დიდების ტაძარს” ესტუმრა. იმპერატორს თავის დღიურში ასე აქვს აღწერილი ის დღე: „28 ნოემბერი, პარასკევი… დილის 10 საათზე ვეწვიე ალექსანდრე ნეველის სახელობის სამხედრო ტაძარს, საიდანაც შემდგომ გადავედი „დიდების ტაძარში”. იმპერატორ ნიკოლოზ მეორის „დიდების ტაძარში” სტუმრობის დამადასტურებელი რამდენიმე ფოტოა შემორჩენილი.  1917 წელს მეცენატმა და მხატვარმა დიმიტრი შევარდნაძემ „დიდების ტაძარში” მხატვართა გამოფენა მოაწყო. ეს შენობა რევოლუციის წლებში ქართველ ხელოვანთა საზოგადოებას გადაეცა, სადაც 1920 წელს საქართველოში სახვითი ხელოვნების პირველი მუზეუმი – „საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერეა” მოეწყო, რომლის პირველ ხელმძღვანელად დიმიტრი შევარდნაძე დაინიშნა. სწორედ ამ მუზეუმში გამოიფინა პირველად ლადო გუდიაშვილისა და დავით კაკაბაძის ნამუშევრები. გასაბჭოების შემდეგ გალერეაში პროპაგანდისტული გამოფენები იმართებოდა, ხოლო სტალინის გარდაცვალების შემდეგ მხატვართა გამოფენებსაც აუნთეს მწვანე შუქი. ამჟამად „ცისფერ გალერეაში” აქტიური საგამოფენო ცხოვრებაა.
დიმიტრი შევარდნაძე
ცალკე აღნიშვნის ღირსია დიმიტრი შევარდნაძის პიროვნება, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული სამუზეუმო სფეროს გავრცელებაში. შევარდნაძეს ევროპაში ჰქონდა მიღებული განათლება და საქართველოში ის 1916 წელს დაბრუნდა. 20-იან წლებში ის თბილისის რევკომის წარმომადგენელი იყო თბილისის მუზეუმების დაცვის საქმეში, მოგვიანებით კი კულტურის ძეგლთა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გახლდათ. შევარდნაძის ინიციატივით მოხერხდა მუზეუმების კოლექციების დაკომპლექტება, ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების შესწავლა და მათი სამუზეუმო ექსპონატებად ქცევა, გარდა ამისა, დიმიტრი შევარდნაძე 1917 წელს იყო ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით სამხრეთ საქართველოში განხორციელებული ექსპედიციის წევრი, ასევე იგი გახლდათ ქართული თეატრისა და კინოს მხატვრობის ერთ-ერთი პიონერი. დიმიტრი შევარდნაძე იყო პირველი ქართული მხატვრული ფილმის – „ქრისტინეს” (1916 წელი) დამდგმელი მხატვარი. სამწუხაროდ, დიმიტრი შევარდნაძე 1937 წლის საბჭოურ რეპრესიებს შეეწირა. სულ ახლახან „ცისფერი გალერეა“ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის გახდა.
კინოთეატრი „რუსთაველი”
1810 წელს, რუსთაველის გამზირზე მაშინ, როდესაც მას ჯერ კიდევ „რუსეთისკენ მიმავალ გზას” უწოდებდნენ, სამხედრო მოსამსახურეთა დაპატიმრებისთვის განკუთვნილი შენობა – ჰაუპტვახტი აშენდა. ეს შენობა ზუსტად იმ ადგილას მდებარეობდა, სადაც ახლა კინოთეატრი „რუსთაველი” დგას. ჰაუპტვახტის შენობა ორსართულიანი იყო, ამპირის სტილში. შემდგომ წლებში აქ კომენდანტის სამმართველო გადმოიტანეს. 1930 წელს ჰაუპტვახტის შენობა ქუჩის გაფართოების მიზნით დაანგრიეს და მის ადგილზე, 1939 წელს, არქიტექტორ ნიკოლოზ სევეროვის პროექტით კინოთეატრი აშენდა, რომელიც 1 200 მაყურებელზე იყო გათვლილი. კინოთეატრის ფასადს  დღემდე ამშვენებს მოქანდაკე თოფურიძის ოთხი ქანდაკება:  მუშა, კოლმეურნე და ფიზკულტურელი ქალ-ვაჟი რუსთაველის გამზირის მხრიდან, ფურცელაძის ქუჩიდან კი – მიქატაძის ალპინისტის ფიგურა.

მასალაში გამოყენებულია ფრაგმენტები წიგნებიდან:  გ. ბეჟანიშვილი „რუსთაველის პროსპექტი” (თბილისი, 1956 წელი); ვ. ბერიძე, „მოგონებები” (თბილისი, 1987 წელი).

скачать dle 11.3